ახალი თაობა №129 01.06-01. 2012
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
- ბატონო მამუკა, პრეზიდენტი და დავით ბაქრაძე მუდმივად აფიქსირებენ პარლამენტის ქუთაისში გადატანის კომენტირებისას საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში – ჩვენ როგორც ახლად შექმნილი სახელმწიფო და ა.შ. რა მიზანმიმართული პოლიტიკა ხორციელდება მმართველი პარტიის მხრიდან და საით მიჰყავს სააკაშვილს ამ განცხდაბებით ქვეყანა?
- ხელისუფლების თითოეულ ქმედებაში ისახება მისი რეალური ბუნება. დღეს დამკვიდრებულია ასეთი ტაქტიკა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გარკვეული კეთილშობილური საფარველის ქვეშ წარუდგინოს საზოგადოებას; რომ გარკვეული ნაწილი ადამიანებისა მაინც შეიყვანოს შეცდომაში. ვინ შეძლებს წინააღმდეგი იყოს ქუთაისსა და ქუთაისელებზე ზრუნვის? არავინ არ იტყვის, ქუთაისელებზე არ ვიზრუნოთო, მაგრამ ამ დეკლარირებული ზრუნვის მიღმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს აქვს ადგილი. საკითხი ეხება იმას, რომ პრაქტიკულად ხდება ქართული ერთიანი ეროვნული ცნობიერების და ერთიანი სახელმწიფოს მოაზრების დაშლა-მოშლა. აქ არ არის უბრალოდ საუბარი იმაზე, რაც ხშირად ისმის, რომ სააკაშვილი თბილისს ვერ იტანს; რომ პარლამენტი იმიტომ გადააქვს ქუთაისში, რომ თბილისში აქციები არ ჩატარდეს და ა.შ. არა. ეს ძალიან სერიოზული და შორსმიმავალი გეგმებია, რომელიც მიზნად ისახავს სწორედ ერთიანი პოლიტიკური ცენტრის ცნების მოშლას. თბილისი არა მარტო დიდი ქალაქია, ის არის პოლიტიკური ცენტრი, აზროვნების და ახალი იდეების ცენტრია. ყველა სახელმწიფოში დედაქალაქი წარმართავს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას. სააკაშვილს ჩაფიქრებული აქვს, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხაროს. ამას სააკაშვილი შეგნებულად აკეთებს. ის არ არის მოხალისე ავანტიურისტი. ის გეგმაზომიერად ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას და უმტკიცებს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ძალებს, რომ მათი ყველაზე უკეთესი პარტნიორი სააკაშვილი იქნება ქვეყნის ნგრევის საქმეში. ამიტომ დღევანდელ დღეს, როცა მას გართულებული აქვს ძალაუფლების საკითხი, პრაქტიკულად ეს არის შეტყობინება, ჩემზე უკეთეს პარტნიორს საქართველოს ნგრევაში, თქვენ ვერ იპოვით, ხომ ხედავთ, დედაქალაქის სტატუსიც კი მოვშალე. ეს ის დედაქალაქია, რომელიც რეგიონისთვისაც პრაქტიკულად დედაქალაქია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს გზავნილი ადრესატამდე მივიდეს. ისევე როგორც ლაზიკის თემა, რომელიც ძალიან ბევრი ღიმილით ეკიდება. არადა, სასაცილოდ სულაც არ არის საქმე. საუბარია იმაზე, რომ საჭიროა მინიმუმ 10 მლრდ დოლარი და ნახევარი მლნ ადამიანი ქალაქის ასაშენებლად. მინიმუმ მოიძებნება 4 სუბიექტი, დავუშვათ, როგორიცაა: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი ან თუნდაც ისლამური სამყარო, რომლისთვისა 10 მლრდ და ნახევარი მილიონი კაცი, არანაირი პრობლემა არ არის. ამით შექმნის ის თავის დასაყრდენს შავი ზღვის აკვატორიაში. ეს ის შავი ზღვაა, რომელიც ორ-სამ წელიწადში პრაქტიკულად ცივილიზაციათა საზღვარი ხდება. შემთხვევითი არ იყო ნატოს ჩიკაგოს სამიტზე შავი ზღვის რეგიონის მოხსენიება. სწორედ ამიტომაც პრაქტიკულად ეს არის მოპატიჟება: მობრძანდით, ვისაც გაინტერესებთ აქ თქვენი საყრდენი წეტილების შექმნა, მზად ვართ. ცოტას ამ ფულს მე მოვციცქნი, ცოტა თქვენ მოციცქნეთ და საქართველოს ტერიტორია გამოიყენეთ თქვენი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
- ანუ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი უკვე ღიად ვაჭრობს საქართველოს ტერიტორიით ზღვისპირა რეგიონში? პავლე კუბლაშვილი ამტკიცებს, რომ ლაზიკა არის ჩვენი მომავალი. ეს არის ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები.
- პრაქტიკულად ღიად ვაჭრობს. იგივე ლაზიკა, როგორც გითხარით, ეს არის ღია მოპატიჟება. თორემ ხანდახან აბსურდამდე დადის, ერთ-ერთ არგუმენტად ამას წინათ დაასახელა, რომ ბათუმის და ფოთის პორტები უცხოელების ხელშია და ერთი ქართული პორტი ხომ გვინდაო. თუ ქართული პორტი გინდოდა, რატომ გაყიდე?! იგივე ხდება დღეს აჭარასთან მიმართებაში.
- იქნებ დააკონკრეტოთ, რა პოლიტიკას ატარებს პრეზიდენტი აჭარის რეგიონში და არის თუ არა ეს ქვეყნის ერთიანობისთვის საშიში ტენდენცია?
- მიზანმიმართულად ხდება აჭარის დექართველიზაცია. ხდება ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლა რელიგიური კუთხით. სამწუხაროდ, როცა ეს პროცესი დაიწყო, ქართველმა საზოგადოებამ ამას შესაბამისი შფასება ვერ მისცა. დავუშვათ, იგივე მემედ აბაშიძის ძეგლის გადატანა შეაფასა მარტივად – სააკაშვილის ანგარიშსწორებად ასლან აბაშიძეზე. მაგრამ საქმე უფრო ღრმად იყო. ასლან აბაშიძისთვის ანგარიშსწორება რომ სდომებოდა, ამისთვის სხვა მექანიზმები არსებობდა. სააკაშვილმა თვით მემედ აბაშიძეზე იყარა ჯავრი. იყარა ჯავრი ქართველზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კუთხე შემოერთებოდა საქართველოს და დაამტკიცა, რომ აღმსარებლობის განსხვავების მიუხედავად, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერება არსებობს; ერთიანი ქართული ამოცანის მოაზრება არსებობს. აი, ამ ადამიანის ძეგლი გადაიტანა სააკაშვილმა და ამით ფსიქოლოგიურად გახსნა გზა იქითკენ, რომ დაეწყო საქართველოს დაშლა; ქართული ცნობიერების დაშლა რელიგიური თუ სხვა მოტივებით. შესაბამისად, დაიწყო ე.წ. ვითომ ინვესტიციების ჩადება აჭარაში. ინვესტიციების კვალდაკვალ ვითომ კეთილშობილური მიზნებისთვის გამართლდა ამდენი ნაგებობის და საცხოვრებლის აშენება. იმის მიუხედავად, რომ ყველამ კარგად იცოდა, ბათუმში არ ცხოვრობს იმდენი ადამიანი, რომ ათვისებულ იქნეს ეს ფართი. არც იმდენი მყიდველუნარიანი ადამიანი ცხოვრობს მთელ საქართველოში, რომ ამდენი ფართი აითვისოს. თავიდანვე იყო ჩადებული, რომ ეს შენობები არაქართული მოსახლეობისთვის შენდება. დღეს ფაქტის წინაშე ვდგავართ და ვხედავთ, რაც ხდება ბათუმში. ამის გვირგვინი იყო აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა; ის რომ ქართველი მებრძოლების აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენისათვის თავდადებული მებრძოლების საფლავის წართმევა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. ეს ყოველივე გეგმაზომიერად ხორციელდება. ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგებით თითოეული ჩვენგანი.
ავტორი: შორენა კოწოწაშვილი