NEWS.GE 06.03.2014
სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ რეგიონებში, მერობის კანდიდატისთვის საკრებულოს წევრად კენჭისყრის აკრძალვის ნორმის შეტანა საარჩევნო კოდექსში, იურიდიულად კარგად შეფუთული პოლიტიკური უმსგავსობაა, რომელიც მიმართულია კოჰაბიტაციად მონათლული ,,პინგ–პონგის” გასაგრძელებლად.
„მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის, საკუთარი კანდიდატის მერის პოსტზე წარდგინებაზე უარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ თქვა უარი, ოდნავ მაინც კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს.
ერთი მხრივ, აბსოლიტური უმრავლესობა საარჩევნო კომისიაში, 40–50-მილიონიანი საარჩევნო რესურსი, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის ჩამოცილება საარჩევნო პროცესიდან, ბიზნესის მკაცრი გაფრთხილება, რომ არც კი გაიფიქროს ოპოზიციის დაფინანსება – ეს არის მმართველი კოალიცია.
მეორე მხრივ კი, “ნაციონალური მოძრაობა”, ასევე დიდი ფინანსურ-ადმინისტრაციული რესურსით და რევანშს მოწყურებული ყოფილი ფუნქციონერები, ამ ორი ძალის საპირწონედ კი გახუნებული, არაორგანიზებული და უსახსრო პოლიტიკური პარტიები – სამწუხაროდ, ეს არის ის მოცემულობა, რითაც ვაპირებთ ევროპის გაკვირვებას და რუსი ოკუპანტისგან მოსალოდნელ საფრთხეებთან გამკლავებას“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, სახალხო პარტია „არ აპირებს, გულზე ხელის დაკრეფას და მაქსიმალურად ვეცდებით, მინიმუმ, დისკომფორტი მაინც შევუქმნათ მმართველი კოალიციისა და ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის სიამტკბილობას.
ჩვენ გვჯერა, რომ პოლიტიკურად აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს თვითორგანიზებას და ამ არჩევნებისთვის ისეთი პოლიტიკური ერთობის შექმნას, რომლის წევრებსაც ექნებათ საერთო ხედვა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ და ეს ერთობა, თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზული შედეგის ჩვენებას მოხერხებს“, – აღნიშნა გოგი ლორთქიფანიძემ.