NEWS.GE 04.03.2014
„სახალხო პარტიას“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლობითობაში ეჭვი ეპარება და კომისიის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს განცხადებით მიმართავს.
„თქვენი თავმჯდომარეობით, გაიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა. პრესრელიზში აღნიშნული კომისიის შემადგენლობის საკმაოდ წონიანი ჩამონათვალის მიუხედავად, უფლებას ვიტოვებთ, ეჭვი შევიტანოთ ამ უმნიშვნელოვანესი კომისიის საყოველთაო წარმომადგენლობითობასა და იმაშიც რომ, მის მუშაობაში საზოგადოების ყველა ჯგუფია ჩართული.
ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკას და ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროს, მხოლოდ მისთვის სასურველ, ან მისგან მართულ პოლიტიკურ ოპონენტებთან გამართული დებატებით ქმნის ფონს, ნაცვლად იმისა, საკითხის გადაწყვეტაში ყველა მხარე ჩაერთოს.
რისი დადასტურებაც არის ამ პროცესებში მხოლოდ ეგრეთ წოდებული კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების მიწვევა, რომელთაც ეს ტიტული სააკაშვილის გაყალბებული არჩევნების შედეგად აქვთ მოპოვებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კომისიის შემქმნელებს არ გამორჩებოდათ ისეთი ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიწვევა სამუშაო ჯგუფებში, რომელთაც ქმედითი მონაწილეობა აქვთ მიღებული, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს კანონშემოქმედებით მუშაობაში, ასევე ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაში.
ბევრი მათგანი, დღესაც აგრძელებს ამ კუთხით აქტიურ მუშაობას „საკონსტიტუციო კონგრესის“ ფორმატში, სადაც გაერთიანებულები არიან: ნოდარ ნათაძე („სახალხო ფრონტი“), მამუკა გიორგაძე („სახალხო პარტია“), თენგიზ დიხამინჯია ( საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი), თემურ მჟავია (აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი); პაატა კოღუაშვილი (სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი); მიხეილ ჯიბუტი (ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი); ავთანდილ იმნაძე (საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი); ტარიელ ფუტკარაძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი) და სხვა“, – აღნიშნავენ პარტიაში.
პარტიის წევრები იმედს იტოვებენ, რომ კონსტიტუცია საყოველთაო განხილვის საგანი გახდება.
„იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი სიტყვები იმის შესახებ: „ რომ ეს კონსტიტუცია უნდა მივიღოთ კონსენსუსის საფუძველზე, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს გახდის საყოველთაოს, სახალხოს. ახლა ამ კონსტიტუციას არ მიიღებს ერთი გვარი და სახელი, მიიღებს ბევრი პარტია ერთად და გამოიწვევს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: კონსტიტუცია გახდება ჭეშმარიტად სახალხო,“ – არ იქნება ლიტონად ნათქვამი და საკონსტიტუციო პროცესი ნამდვილად გახდება საყოველთაო განხილვის საგანი“, – აღნიშნულია „სახალხო პარტიის“ განცხადებაში.