გოგი ლორთქიფანიძე-თვითმმართველობის არჩევნები ინტერესთა კონფლიქტის გამო უპრეცედენტო იქნება

NEWS.GE 04.03.2014

სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ანალოგიური პროცესების პროვოცირების მცდელობა საქართველოშიც იქნება.

“მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ევროპის მიერ მკაფიოდ დაფიქსირდა პოზიცია, იმის თაობაზე, რომ რუსული ვექტორის გააქტიურების შემთხვევაში, ისინი ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ჯანსაღი და დემოკრატიული მდგრადი განვითარებაა.

ამ მხრივ კი, განსაკუთრებულად აქტუალურია მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წარმატებულად ჩატარება. ეს არჩევნები თავისი მასშტაბით, პოლიტიკური დაძაბულობისა და ინტერესთა კონფლიქტის გამო უპრეცედენტო იქნება საქართველოს ისტორიაში. სწორედ აქ უნდა მოახერხოს ხელისუფლებამ, ქართულმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო საზოგადოებამ მაქსიმალური მობილიზაცია, რათა ამ არჩევნებიდან ქართული სახელმწიფო უფრო მეტად გაძლიერებული და ორგანიზებული გამოვიდეს.

ყოველივე ამის მისაღწევად, აუცილებელი პირობების შექმნა კი ხელისუფლების უპირველესი ვალია. მანვე უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ პირობების შესაქმნელად და დარჩენილ დროში მოახერხოს საარჩევნო კოდექსის იმ ფორმით მიღება, რომელიც რეკომენდებული იყო ვენეციის კომისიის მიერ. მაქსიმალურად უნდა გათავისუფლდეს მონოპოლიზებული საარჩევნო სივრცე, არ მოხდეს პარტიების დაფინანსების სავარაუდო წყაროების ხელოვნური ბლოკირება, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უფასო საეთერო დრო და ა.შ.

დღეს ხელისუფლების მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შესაქმელად, რაც უზრუნველყოფს წარმატებული და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თავის მხრივ კი, წარმატებულად ჩატარებული არჩევნებიდან კონსოლიდირებულად გამოსული ქართული საზოგადოება გარანტია იქნება იმისა, რომ ქვეყანა შეძლებს წინ აღუდგეს მოსალოდნელ საფრთხეებს,” – ამბობს ლორთქიფანიძე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress