ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევას კრახი ელის
ღრმა ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რაც თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე ნაწილის იდეოლოგია და მორალი: თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, შემბრალებლობაზე, შემწყნარებლობაზე და სხვაზე. ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ეს ქართველი ერის მიერ საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი ძალით საკუთარ ქვეყანაში შემუშავებულ ღირებულებათა სისტემის ელემენტებია.
ამავე დროს საქართველო არის ტრადიციულად დემოკრატიული ქვეყანა. საქართველოსა და ქართველ ერში არსებობს, მიუხედავად რუსეთის ორსაუკუნოვანი იმპერიული ბატონობისა, ღირსეულ რიგით ადამიანად ყოფნის და ამით ამაყობის კულტურა და საზოგადოების ყველა წევრისათვის პირადი თავისუფლების მიუცილებლობის ცნობიერება, რაც სამოქალაქო საზოგადოებისათვის მკვიდრი მორალური საფუძველია.
ქართველ ერში ტრადიციულად და დღესაც ეროვნული სულისკვეთება და დემოკრატიული სულისკვეთება ერთია და მას, სხვა მრავალ ცოცხალ წყაროსთან ერთად და პირველ ყოვლისა, მისი მშობლიური სარწმუნოება ასაზრდოებს. ქართველ ერს უფლება აქვს, დაიცვას თავისი სარწმუნოება, თავისი ეკლესია – საქართველოს სამოციქულო ეკლესია და, ამავე დროს თავისი ყველა მოქალაქის უფლება– სვინდისის თავისუფლებისა.
დღეს ჩვენს ქვეყანას არაკვალიფიციური პირები `ურჩევენ~ ხელი აიღოს მაღალ მოთხოვნილებებზე (მაგალითად, მოწინავე განათლებასა და მეცნიერების ქონაზე) და დასჯერდეს მომსახურე ერის ფუნქციას, ამასთან ერთად თავისი ქალაქების ქუჩებში განუკითხავი ბატონობა დაუთმოს ყველანაირი `გადახვევების~ მქადაგებლებს და ბნელ სექტებს (მათი სახელი ლეგეონია), რომელნიც სულებს ფულით ყიდულობენ და თავის პროპაგანდის შინაარსით სახელმწიფოს საფუძველბს არყევენ საქართველოსათვის ამ ყალბი გზის შემოთავაზებაში, ანუ მისთვის ე.წ. `მარგინალური ცივილიზაციის~ სამარცხვინო და უპერსპექტივო როლის შემოთავაზებაში განსაკუთრებით აქტიურნი არიან სოროსის ფონდი, `თავისუფლების ინსტიტუტი~ და ილიას `უნივერსიტეტი~.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მმართველი ხელისუფლების გარკვეული ძალები ატარებს საქართველოს მიზანმიმართულ ნგრევის, ამ რიცხვში – აგრეთვე ფსიქოლოგიური ნგრევის პოლიტიკას რუსეთის დავალებით, მაგრამ `დასავლური ღირებულებების~ სახელით. ამ პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მითის გავრცელება, თითქოს:
ა) ქართული შეგნებული სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი წინააღმდეგობაშია თანამედროვე დემოკრატიის პრინციპებთან.
ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლი თავის მოქმედებაში ღალატობს რელიგიური შემწყნარებლობის (ტოლერანტობის) პრინციპებს.
აღნიშნულის კონტექსტში, ჩვენ გვინდა ტელეარხი `კავკასიის~ წინ მომხდარი სამწუხარო ინციდენტის შესახებ განვაცხადოთ შემდეგი.
1. რამდენადაც ჩვენ ვიცით, `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის~ მოთხოვნა ტელეარხ `კავკასიის~ მიმართ იყო თავისუფალი ეთერის მიცემა და არა უხამსი შოუს შეწყვეტა.
2. რამდენადაც ვიცით, რელიგიური რწმენის ობიექტის მიზანმიმართული შეურაცხყოფა უცენზური სიტყვების გამოყენებით დასჯადია ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობით. ამავე კანონმდებლობით, მასობრივი ინფორმაციის ორგანო ვალდებულია შეურაცხყოფილ სუბიექტს დაუთმოს ტოლი ადგილი პასუხისათვის თავის საინფორმაციო სივრცეში (რის გამოც `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის~ მოთხოვნა ეთერის მიცემისა სამართლიანია).
3. ისეთ პირობებშიც კი, როდესაც კანონი არ კრძალავს რელიგიური კრებულის სიწმინდეთა შეურაცხყოფას საჯაროდ. მასობრივი ტირაჟით და უცენზური სიტყვების გამოყენებით, დემოკრატიის ანბანურ წესებს ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოების აღმსარებელთ არა აქვთ საშუალება შეურაცმხყოფელთ პასუხი გასცენ მასობრივი ინფორმაციის ამავე საშუალებებით ამ უკანასკნელთა მონოპოლიზაციის გამო, ხოლო სახელმწიფო დაწესებულება – ილიას `უნივერსიტეტი~ – აწყობს დისკუსიას უწმაწური სახელწოდების მატარებელ ანტიქრისტიანულ წიგნზე ისე, რომ აზრად არ მოსდის დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება მისცეს ერთ კომპეტენტურ პირს მაინც, რომელიც წარმოადგენს ადექვატურ შეფასებას: რომ წიგნი დამყარებულია უმეცრებაზე, ლიტერატურული ნიჭის არარსებობაზე და, ეკეთეს შემთხვევაში, ჰეროსტრატეს კომპლექსზე, ანუ გამორჩეული საჯარო ყურადღების მოპოვების სურვილზე გამორჩეული პოზიტიური პირადი მახასიათებლების უქონლობის პირობებში.
4. ვითხოვთ საქართველოს ყველა იმ ტელეარხისაგან, რომელმაც `კავკასიასთან~ მომხდარი ინციდენტი გააშუქა, ღია დისკუსიის მოწყობას თემაზე `საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიის სფეროში~, რომელშიც ჩვენ მოგვეცემა შესაბამისი საეთერო დრო. კამათში ვიწვევთ საპარლამენტო უმრავლესობას, `თავისუფლების ინსტიტუტს~, ილიას `უნივერსიტეტს~, `მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს~, სოროსის ფონდს `ღია საზოგადოებას~ და ყველა სხვა პირს და დაწესებულებას, ვინც მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.
ჩვენი თეზისებია
1. დღეს მიმდინარე ლაშქრობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და ქართველი ერის ტრადიციული და თანამედროვე ღირებულებების წინააღმდეგ თავისი სულისკვეთებით, პრინციპებით, იდეოლოგიითა და ზოგადი მიზნებით ეწინააღმდეგება ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ჭეშმარიტ სიღრმისეულ ბუნებას.
2. იგი ამავე პარამეტრებში, აგრეთვე თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
3. იგი თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებრივ ადამიანურ უფლებათა იმ ნაწილს, რომელიც უკვე კოდიფიცირებულია ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილსა და საერთაშორისოდ აღიარებულ დოკუმენტებში.
მ. გიორგაძე, ა. იმნაძე, კ. კახაძე, პ. კოღუაშვილი, ზ. მგალობლიშვილი,ნ. ნათაძე, გ.სორდია, თ. შავთვალაძე, შ. ჩხაიძე, თ. ჩხეიძე
26.07. 2010