ახალი თაობა #305 25-26 დეკემბერი 2010
რატომ მოათავსეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები უშიშროების იზოლატორში
თეა მარხვაიძე
22 დეკემბერს თბილისის ომიდან 19 წელი გავიდა. ეს თემა დღემდე მტკივნეული და აქტუალურია. ამ საკითხზე საუბარი არავის არ ეზარება. ამის მიუხედავად სათქმელი ჯერ ბილომდე არ არის ნათქვამი და არც საბოლოო შეფასებაა გაკეთებული.
თბილისი ომის დაწყების მომენტში მამუკა გიორგაძე ედეპეს სხვა წევრებთან ერთად უშიშროების იზოლატორში იჯდა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მიიჩნევს, რომ ისინი სწორედ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ომის დაწყებისთვის ემზადებოდნენ. ედეპე კი ის ერთადერთი ძალა იყო, რომელსაც ამ ომის შეჩერება შეეძლო.
გიორგაძე კატეგორიულად არ ეთანხმება შეფასებას სამოქალაქო ომი. მისი აზრით, რაც მაშინ თბილისში მოხდა, ეს იყო სისხლიანი სპექტაკლი, რომლის მონაწილეებიც რუსეთიდან იმართებოდნენ.
რატომ აღმოჩნდნენ ედეპეს ლიდერები უშიშროების იზოლატორში, რატომ მოუმზადა გამსახურდიას სპეცნაზი რუსეთმა, რატომ აფინანსებდა მოსკოვი “დამოუკიდებელ საქართველოს” ძალოვან სტრუქტურებს, რამ მიგვიყვანა თბილისის ომამდე, ამ საკითხებთან დაკავშირებით მამუკა გიორგაძე ახალ თაობას ესაუბრება
მამუკა გიორგაძე:
_სამოქალაქო დაპირისპირებამდე ერთმა სერიოზულმა ფაქტორმა მიგვიყვანა. იმ პერიოდისთვის ქართული პოლიტიკური ძალების დიდი ნაწილი რუსეთიდან იყო მართული. პრაქტიკულად ის, რაც ხდებოდა თბილისში, იმართებოდა მოსკოვიდან. საქართველოში, რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი ძალებიც, რომლებიც არავის მიერ არ იმართებოდნენ. სამწუხაროდ, დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ვერ მოახერხეს ვითარების შეცვლა. ინიციატივა რუსეთიდან მართულმა ძალებმა აიღეს ხელში. ისინი აკეთებდნენ იმას, რაც რუსეთს სურდა. ის სისხლიანი დაპირისპირებაც რუსეთის ინტერესებში იყო და რაკი ორივე მხარეს მდგარი პოლიტიკური ძალები რუსეთიდან იმართებოდნენ, მათ შეასრულეს რუსეთის დაკვეთა და თბილისში დაიწყო სისხლიანი დაპირისპირება.
_ვის მიერ იმართებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლი წევრი თქვენ იყავით. მაშინდელი ხელისუფლება ეროვნულ-დემოკრატებს მიიჩნევდა პრორუსულ ძალად და ამის გამო ციხეშიც ჩაგსვეს.
_მე თავის მართლებას არ ვაპირებ. იმიტომ, რომ თავის გასასამართლებელი არაფერი არა გვაქვს. მე ვისაუბრებ მხოლოდ ფაქტებით. ისე დაბრალება ყველაფრის შეიძლება, ენას ძვალი არა აქვს, ადამიანების გარკვეულ კატეგორიას კი სირცხვილ-ნამუსი. თაც შეეხება ფაქტებს, ის სულ სხვა რამეზე ღაღადებს. დღეს უკვე გარკვეულია და დადასტურებულია თუ ვინ თანამშრომლობდა მაშინ მოსკოვთან. დადასტურებულია ისიც, თუ ვინ იღებდა მოსკოვიდან დაფინანსებას და შეიარაღებას. ვინ თანამშრომლობდა გეკაჩეპესთან. ეს ყველაფერი დღეს ცნობილია. სამაგიეროდ, ვერავინ დადო ფაქტები, რომ ან მე, ანდა გიორგი ჭანტურია რაიმე ფორმით ვთანამშრომლობდით რუსეთთან.
_რაკი თქვენს დაპატიმრებაზე ვსაუბრობთ, რატომ მოხდა თქვენი დაპატიმრება?
_ეს გახლავთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი. მე ჩვენს დაპატიმრებას მხოლოდ ამ ფაქტით ვხსნი. ჩვენ დაგვაპატიმრეს იმიტომ, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება უნდა გათამაშებულიყო. ეროვნულ_დემოკრატიული პარტია იმდროინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იყო. ჩვენ ვაკეთებდით მწვავე განცხადებებს, ვაწყობდით აქციებს. ამასთან ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით შეიარაღებულ დაპირისპირებას. ჩვენნაირად კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ძალა ფიქრობდა. ამ ძალებს მიგვაჩნდა, რომ საქართველოს საშინაო საკითხები მხოლოდ საქართველოში და ქართველი ხალხის მიერ უნდა გადაწყვეტილიყო და რაკი ჩვენ შეიარაღებულ დაპირისპირებას ვეწინააღმდეგებოდით, ადგნენ და მიტომ დაგვიჭირეს. სხვა შემთხვევაში ჩვენი დაპატიმრება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
_მაინც ცოტა უცნაურია, რატომ უნდა მომხდარიყო თქვენი დაპატიმრება. თქვენ ხომ გამსახურდიას მოწინააღმდეგე იყავით და გინდოდათ თუ არა, ქვეყანაში დაძაბულობის ფონს ქმნიდით.
_ჩვენ გამსახურდიას ხელისუფლებასთან სერიოზულად ვიყავით დაპირისპირებული. დაძაბულობა, რა თქმა უნდა, იყო. ამავე დროს ედეპე ვიყავით ის ძალა, რომელიც ოპოზიციას რუსეთთან ურთიერთობის დამყარების უფლებას არ აძლევდა. ფაქტია, რომ ჩემი დაპატიმრების შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაამყარა კონტაქტი რუსულ ძალებთან.
_ რომელ ძალებთან?
_ იმ ძალებთან, რომლებიც საქართველოს საშინაო საქმეებში ხელებს აფათურებდნენ. როცა დამაპატიმრეს, გაოგნებული და სასოწარკვეთილი დავრჩი და არა იმიტომ, რომ დამაპატიმრეს. სასოწარკვეთილი დავრჩი იმიტომ, რომ მივხვდი, საქართველოში შეიარაღებული დაპირისპირება გარდაუალი იყო. ედეპეს დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკურ მოედანზე მნიშვნელოვანი ძალები აღარ დარჩნენ, რომლებიც ამ დაპირისპირებას შეაჩერებდნენ. დანარჩენები კი რუსეთის თამაშს თამაშობდნენ.
_რომელი ძალები არ თამაშობდნენ რუსეთის თამაშს?
_ასეთი რამდენიმე პარტია იყო. სახალხო ფრონტთან ჩვენ ვიყავით დაპირისპირებული, ამასთან ღრმად ვიყავით დრწმუნებული, რომ ნოდარ ნათაძე არასდროს, არავითარ შემთხევვაში არ გაურიგდებიდა რუსეთს. ჩვენ არ გვქონდა კარგი ურთიერთობა ჭავჭავაძის საზოგადოებასთან, ამასთან ღრმად გვჯეროდა, რომ თამრიკო ჩხეიძე გარიგებაზე არ წავიდოდა. იგივე შეიძლება ითქვას ირაკლი წერეთელზეც, თუმცა მას იმ პერიოდში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული და არაფერში არ ერეოდა. ამ ძალებს კი ნამდვილად არ შეეძლოთ რუსეთის კარნახით მოთამაშე ძალების შეჩერება. ამის გაკეთება შეეძლო ეროვნულ_დემოკრატიულ პარტიას, რომლის ლიდერებიც ციხეში ჩაგვსვეს.
_თქვენ ჩაგსვეს უშიშროების იზოლატორში. ჩვეულებრივ ციხეში არ შეიძლებოდა თქვენი მოთავსება?
_როგორ არ შეიძლებოდა. უშიშროების იზოლატორში იმიტომ ჩაგვსვეს, რომ ორთაჭალის ციხეში ჩვენი ყოფნა ძალიან საშიში იყო მათთვის.
_რატომ იყო საშიში?
_იმიტომ, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო ბუნტი. ბუნტის მცდელობას ისედაც ჰქონდა ადგილი.
_ეს როდის მოხდა?
_როცა გია ჭანტურია დააპატიმრეს. ის ჩემზე ადრე დაიჭირეს. თავიდან გია ორთაჭალის ციხეში მოათავსეს და საკანში ისეთ ცნობილ კრიმინალთან ჩასვეს, როგორიც იური ლაკობა იყო. ჩვენს დაპატიმრებას მაშინ დიდი ამბები მოჰყვა. გარეთ მიმდინარეობდა აქციები. მაშინდელი ხელისუფლება მიხვდა, რომ ჩვენ შეიძლებოდა აგვეყოლიებინა ორთაჭალის ციხე. ამიტომაც ყველანი გადაგვიყვანეს უშიშროების იზოლატორში, სადაც უფრო ნაკლები შესაძლებლობა იყო ბუნტის მოწყობისა. ანდა ვინ უნდა აგვეყოლიებინა, როცა იქ მარტო ჩვენ ვიყავით.
_იქ ერთ საკანში ისხედით რამდენიმე პიროვნება თუ ცალ-ცალკე?
_ცალ-ცალკე ვისხედით. ამის მიუხედავად ერთმანეთთან მაინც ვსაუბრობდით.
_როგორ ახერხებდით?
_როდესაც კრიტიკული ვითარება იყო ხმამაღლა ვსაუბრობდით. რაც უშიშროების იზოლატორში დაუშვებელია.
_პერსონალი ამის უფლებას გაძლევდათ?
_მექანიზმები არ ჰქონდათ. საბედნიეროდ ეს არ იყო 30-იანი წლები, სარდაფში რომ ჩავეყვანეთ და დავეხვრიტეთ.
_თუმცა კინაღამ ცოცხლად დაიწვით იზოლატორში.
_იქიდან მართლა ძლივს გამოვასწარით. ჩვენ იქიდან თბილისის ომის დროს გამოგვიყვანეს. იზოლატორს ეკიდა ცეცხლი. გამოვედით თუ არა, იქაურობა ჩამოინგრა. ჩვენ პატიმრობიდან სასამართლოს არ გავუნთავისუფლებივართ. იურიდიულად დღემდე ძებნილად ვითვლები, როგორც ციხიდან გაქცეული. სხვათა შორის ერთი პერიოდი ამის გამო პრობლემებიც შემექმნა.
_რა პრობლემები?
_პასპორტს არ მაძლევდნენ. უშიშროების იზოლატორიდან გამოსულებს, გარეთ ძალიან ცუდი ამბები დაგვხვდა. ჩვენ ორი ერთმანეთის უარესი გარემოს წინაშე აღმოვჩნდით. პირველი, ეს იყო ომი. ქართველები იარაღს ერთმანეთს ესროდნენ და ფიზიკურად ანადგურებდნენ. მეორე იყო პოლიტიკური ტრაგედია. როდესაც ფილარმონიას გამოვცდით, ვნახეთ, რომ აქეთა მხარეს არაფერი არ ხდებიდა. ვერც კი იფიქრებდი, რომ რამდენიმე ასეულ მეტრში მიმდინარეობდა ომი. აქეთა მხარეს ხალხი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს ჩვენთვის მეორე შოკი იყო, თავად ომი კი მართული პროცესი. კარგი იქნება თუ ჩვენი ისტორიკოსები და ანალიტიკოსები შეფასებების გაეკთებისას დაფიქრდებიან. მათ ამ პროცესებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უწოდონ სამოქალაქო ომი.
_რატომ არ უნდა ეწოდოს ამ პროცესს სამოქალაქო ომი?
_იმიტომ, რომ სამოქალაქო ომი სულ სხვა პროცესია. ეს იყო სისხლიანი სპექტაკლი. მაშინ საქართველოში ტრაგიკული დრამა გათამაშდა, რომლის შედეგების მოშუშება ასე იოლი არ იქნება. ამ დრამის ბევრი მონაწილე გულწრფელად იყო ჩართული ამ პროცესში.
_აბა, მართული პროცესი იყოო?
_მართული პროცესი იყო. იმართებოდნენ ძირითადად ლიდერები, დანარჩენები კი გურლწფელად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ამ ადამიანებს სჯეროდათ, რომ სწორად იქცეოდენ. Lიდერები კი მოსკოვის მითითებით იქცეოდნენ.
_თქვენ ციხიდან ომის მიმდინარეობისას გამოხვედით. არ სცადეთ ამ პროცესის შეჩერება?
_სისხლი დაიღვარა და ამ პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ეს პროცესი შეუჩერებელი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ჩვენ დაგვაპატიმრეს. ორივე მხარეს პრორუსული ძალები იყვნენ. ჩვენი დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური ბრძოლის მოედანზე დარჩა ისეთი ჯგუფები, რომლებიც ვეღარ ახდენდნენ მოვლენებზე ზემოქმედებას. როდესაც გარეთ გამოვედით ამ პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელი გახდა. ტყვია გასროლილი იყო. ადამიანები დაღუპული იყვნენ. ამ პროცესში ჩართული ადამიანები უკვე ეგზალტირებული იყვენ. როდეასც საზოგადოება გაიყოფა, ჩვენ და ისინი, მაშინ მათ შორის, პოეტის ფრაზით რომ ვთქვათ, მოციქული ტყვიაა მხოლოდ. იმ პროცესებზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა უკვე შეუძლებელი იყო. ეს ვერც ჩვენ გავაკეთეთ. დღეს ამ თემებზე ბევრის საუბრობს. კეთდება შეფასებები, თუმცა არავინ ამბობს იმას, გვარდიის ორივე მხარეს რუსეთი აიარაღებდა. რაც შეეხებდა მხედრიონს, ამ პროცესში მხედრიონი არ მონაწილეობდა. ომი რომ დაიწყო, მხედრიონი ციხეში იყო. მათ ომის დაწყებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვით. ისინი რომ ციხიდან გამოვიდნენ ომი უკვე მიმდინარეობდა.
_მართალია მხედრიონს ომის დაწყებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ომის ბედი ხომ მათ გადაწყვიტეს.
_მხედრიონი ამ დაპირისპირებაში ჩაერთო, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ომის ბედი მათ გადაწყვიტეს. ბრძოლის ბედი მოსკოვში იყო გადაწყვეტილი. მხედრიონი არაფერ შუაშია. იქ მიდიოდა პოლიტიკური ვაჭრობა. გაიმარჯვებდა ის, ვის გამარჯვებასაც რუსეთი გადაწყვეტდა. ეს რუსეთი კი გამსახურდიას მომხრეებსა და კიტოვანის ხალხსაც ერთნაირად აიარაღებდა. პირობითად ვთქვათ, გამსახურდიას თუ მისცემდა ტანკებს, კიტოვანს მისცემდა ზარბაზნებს. იმათ ხელყუმბარებს გამოუგზავნიდ, ამათ ავტომატებს გამოუგზავნიდა. თავად ის ფაქტი, რომ ამ შეიარაღებაში რუსეთი მონაწილეობდა, ეს ძალიან ბევრის მთქმელია. რუსეთი ამ პროცესებში მარტო არაოფიციალურად არ მონაწილეობდა. ის ოფიციალურად იყო ჩართული. გამსახურდიას მომხრეები დღეს აქტიურად საუბრობენ, კიტოვანი იყო პრორუსულიო.
_კიტოვანი იყო კიდევაც პრორუსული.
_იყო კი ბატონო, მაგრამ იმას რატომ არ ამბობდნენ ქობალია ვინ იყო. ცხოვრებამ ხომ დაადასტურა ვინ ვინ იყო. ყველამ კარგად ვიცით რას აკეთებდნენ გამსახურდიას მინისტრები და თანამდებობის პირები. შემდეგში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან კარგად დაადასტურა, რომ ისინი რუსეთის მითითებით მოქმედებდნენ. მერე რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ გამსახურდიას ხელისუფლების დიდი ნაწილი შევარდნაძის ხელისუფლებაში აღმოჩნდა. ეს მგონი ბევრ რამეზე მიუთითებს. აქედან კარგად ჩანდა ვინ თამაშობდა და ვინ არა. ჩანდა ისიც თუ ვინ როგორ თამაშობდა. ჩვენ იმ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ვიყავით. ამის მიუხედავად ღირსეულად ვიქცეოდით. ჩვენ არც რუსეთის თამაშში არ გვითამაშია და მათგან დაფინანსება არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ მიგვიღია.
_თქვენ უკვე მეორედ ამბობთ, რომ ოფიციალურად იღებდნენ დაფინანსებას რუსეთიდანო. ვინ იღებდა ამ დავინანსებას?
_საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება. დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად რუსეთისგან იღებდა დაფინანსებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სპეცდანიშნულების რაზმი გამსახურდიას რუსეთმა შეუქმნა. გავიხსენით ისიც, ვისი დახმარებით ჩაატარა გამსახურდიამ სპეცოპერაცია მხედრიონის წინააღმდეგ. შავნაბადაზე მხედრიონს გამსახურდია რუსული სპეცრაზმით დაესხა თავს. ასეთი მაგალითების მოყვანა ბლომად შეიძლება. სამწუხაროდ მაშინ ორივე მხარემ რუსეთის თამაში ითამაშა და საქართველოში სისხლიანი სპექტაკლი დაიდგა.