სახალხო პარტიის განცხადება
სააკაშვილის რეზერვი – შეიარაღებული ფორმირებები ახალი შეფუთვით და ძველი, საშიში და დანაშაულებრივი ფუნქციებით
სააკაშვილის მიერ ახალი შეიარაღებული ფორმირებების (ე. წ. რეზერვისტები) შექმნის პროცესი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს.
ნათელია, რომ ამ გასამხედროებული ფორმირებებით ვერანაირი სამხედრო ამოცანები ვერ გადაწყდება.
ასევე, არაა დასაბუთებული მათი სახელმწიფოებრივი დანიშნულებაც.
მაშ, რისთვის შეიძლება გამოიყენოს სააკაშვილმა ზონდერ-ბრიგადები, რომელთაც რეზერვისტები დაარქვა?
ამ კითხვაზე იოლად გაეცემა პასუხი თუ უახლოესი წარსულის მწარე გაკვეთილებს გავიხსენებთ.
სახალხო პარტია ამჯერადაც ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებების შედეგად წარმოქმნილ საშიშროებათა შესახებ.
I. მოცემულ შემთხვევაში სააკაშვილი ახდენს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ხელისუფლების უბრძოლველად დათმობას არ აპირებს და საჭიროების შემთხვევაში არც სისხლისღვრას მოერიდება.
ცხადია აქ სააკაშვილის ბედი ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ქვეყანას რა დღეში ჩააგდებს მსგავსი ავანტიურა, არც თუ ძნელი წარმოსადგენია.
II. წლობით ნაშენებ ძარცვის სისტემას ჩაბღაუჭებული მისი კრიმინალური გუნდი აშკარა დაპირისპირებასაც აღარ ერიდება ცივილიზებულ სამყაროსთან და მიანიშნებს – მე ვქმნი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. თქვენ ან უნდა მამხილოთ და კავშირი გაწყვიტოთ ჩემთან, ან თვალი დახუჭოთ ჩემს უმსგავსოებებზე.
პრაქტიკულად, სააკაშვილი მიდის პროვოცირებაზე და შანტაჟზე, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაწყვეტა, ქვეყანასთან ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს, რასაც თავის მხრივ, უამრავი თანამდევი პრობლემა მოჰყვება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზეც (მით უმეტეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი დღეს მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაა).
III. იგი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ ძალაუფლების შესანარჩუნებისათვის მოსკოვიდან მწვანე შუქს აუნთებენ, იგი უგულვებელყოფს საერთაშორისო აზრს და ქვეყანას მორიგ უმძიმეს პროვოკაციაში გაახვევს.
მოკლედ გავავლოთ პარალელები უახლოეს წარსულთან:
შევარდნაძისა და სააკაშვილის “მოქალაქეთა კავშირს” და “ნაცმოძრაობას” მსგავსი შეარაღებული ფორმირებები ყოველთვის გამოყენებული ჰყავდათ ძალადობრივი გზით ძალაუფლების განმტკიცებისთვის, რასაც კრიმინალური ავტორიტეტების მომსახურებაც ერთვოდა თან.
არჩევნებში ასეთი ზონდერ-ბრიგადების გამოყენების უამრავი ფაქტი არსებობს.
როცა სააკაშვილის მასწავლებლის, შევარდნაძის ხელისუფლებას საფრთხე შეექმნა, 1992 წელს, აფხაზეთში პროვოცირებული ომი გაჩაღდა. ძირითადი ყურადღება პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ და საკუთარი ძალაუფლების გამყარებისკენ იყო მიმართული და არა აფხაზეთის დაცვაზე. სოხუმის გადარჩენის გამო დსთ-ში შესვლას არ დათანხმდა, მაგრამ საკუთარი სკამის გადასარჩენად ქვეყანა პარლამენტზე ძალადობრივი, უკანონო ზემოქმედებით შეათრია იქ.
1995 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლებიდანვე წარმოჩინებული გასამხედროებული შენაერთებით (ზოგჯერ მათ წინააღმდეგაც) მოწყობილი სისხლიანი დრამები კანონიერების და დემოკრატიის დამკვიდრების საბაბით.
1998 წელს გალში გამართული პიარაქციები და მარულა, რასაც მოჰყვა დიდი მსხვერპლი და მრავალი ათასი ქართველის მიერ აფხაზეთის დატოვება.
1999 წლის არჩევნების დროს განხორციელებული მრავალი კრიმინალური დანაშაული.
რიხით შესვლა ცხინვალში 2004 – ში და შედეგი, დაჩოქებული ქართველი ჯარისკაცები და შერცხვენილი ქართული საზოგადოება.
კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, ადგილობრივი მოსახლეობის განაიარაღება, ჯარის შეყვანა და 2008-ში რუსეთისთვის უმტკივნეულოდ ჩაბარება.
2008 წლის აგვისტოს ომამდე, სახალხო პარტია აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვება ავტომაურად გამოიწვევდა მისი მხრიდან მოვლენების საშიშ განვითარებას. სამწუხაროდ, ეს პროგნოზი ასევე გამართლდა.
ამდენად, ლოგიკასა და ფაქტებს იქეთკენ მივყავართ, რომ ყველა შემთხვევაში რეჟიმის მიერ ფსევდოპატრიოტული პათოსით შექმნილი ამგვარი გასამხედროებული ჯგუფების გამოყენებას საქართველო ნუდამ დამარცხებისკენ მიყავდა. ომში დამარცხებულ ხელისუფალს კი (გინდ შევარდნაძეს, გინდ სააკაშვილს) ექმნებოდა ხელისუფლების განმტკიცების უკეთესი შესაძლებლობა და ყველა ეს მოვლენა დროში ემთხვეოდა ან უკავშირდებოდა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საარჩევნო პერიოდს. ხელისუფლებამ საქართველოს სახელით წამოწყებული ყველა ბრძოლა წააგო, მაგრამ ამავდროულად ყველა ბრძოლა მოუგო ქართველ ხალხს.
და რადგან სააკაშვილი მზად არის ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით კვლავაც გაიმეოროს მსგავსი ქმედებები, ამ საფრთხეს მარტო შეშფოთებით და განცხადებებით ვერ ვუშველით. უფრო სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, თუ რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ მოვლენებს, რას უქადის მმართველი რეჟიმის დღევანდელი გადაწყვეტილებები საქართველოს და ყველა ღონე ვიხმაროთ ამ სახიფათო ავანტიურის აღსაკვეთად.