მამუკა გიორგაძე: “რუსეთი სააკაშვილს ეხმარება”
`ახალი თაობა~ 30. 04. 2012
შორენა კოწოწოაშვილი
რუსეთ-საქართველოს პირველ პირებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ჩრდილოელი მეზობლის ხელმძღვანელობა თვლის, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ცარიელი ადგილია და რომ მის შემცვლელთან რუსეთი თანამშრომლობას შეძლებს.
_ მიხეილ სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია, რომელიც ადრე თუ გვიან პოლიტიკური ცხოვრებიდან წავა და საქართველოს ხელისუფლებაში ახალი ლიდერი მოვა, რომელთანაც რუსეთი თანამშრომლობას შეძლებს, _ დიმიტრი მედვედევის ეს სიტყვები ორ ქვეყნას შორის დაძაბულობის ახალი კერის საფრთხედ ენიშნა, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს პრეზიდენტის პასუხმა რუსეთის ლიდერისადმი, რომელიც რუსთავში ახალი ავტოდრომის დათვალიერებისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ხალხი უყვარს, ამ ტყუილის კბილი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია მოიცვალა. თუმცა ამ ფონზე სააკაშვილი მაინც აფიქსირებს: `მზად ვარ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის და ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლება დავთმო~.
_ თუ ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დაუბრუნონ თავის ტერიტორიებზე კონტროლი და აქედან თავისი ჯარი გაიყვანონ, დღესვე, იქნება ეს მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი, მზად ვარ სადაც უნდათ ჩავფრინდე და მოვაწერო ხელშეკრულებას, რომ მვცლი ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიების დაბრუბევაზე. თუ მათ უნდათ მთლიან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, ამაზე დღესვე ვაწერთ ხელს. ასევე მზად ვარ, დამატებით მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც მათ არაერთხელ გამოხატეს ინტერესი, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უკვე არაერთხელ გაამახვილა თავისი სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც აგვისტოს ომის დროს პუტინმა აითვალწინა და სააკაშვილს სწორედ იმ ნაწილით ჩამოკიდებით დაემუქრა.
რამდენად ნორმალურია სააკაშვილის მხრიდან რუსეთიხ ხელისფლებისთვის საკუთარი სხეულის იმ ნაწილების გაგზავნაზე აქცენტი, რომლის მიმართაც სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა ინტერესი არაერხელ გამოხატა და საერთოდ, საიდ მიდის რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, ბოლო დროს არაერთი განცხადება გაკეთდა რუსეთიდან მოსალოდნელ ახალ საფრთხეზე. რუსეთი ახალ აგრესიაზე დღესაც წამსვლელია?
_ როდესაც ესა თუ ის ფაქტი ერთხელ ან ორჯერ მოხდება, ბუნებრივია, ლოგიკური დასკვნის გაკეთება რთულდება. მაგრამ როდესაც უკვე პერმანენტულად ხდება დროის გარკვეულ მონაკვეთში მუდმივად რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილისთვის ხავსის მიწოდება, როგორც წყალწაღებულისათვის, უკვე აშკარა ჩანს რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთმა ხომ ძალიან კარგად იცის, თან არა მგონია, მედვედევი ან პუტინი გონებაშეზღუდულობის დიდი დოზით გამოირჩეოდნენ და ვერ მიხვდნენ იმას, რომ ნებისმიერი შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთება, სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი განცხადება; ნებისმიერი განცხადება, სადაც ნაგულისხმევია ან პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სააკაშვილის რეჟიმი უნდა შეიცვალოს _ ეს სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. მსგავსი გამონათქვამები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, სააკაშვილის ინტერესებშია. როცა ის ეტაპი დადგება, სააკაშვილს სალაპარაკო რომ აღარ აქვს, მაშინ ხდება ხოლმე რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება. როდესაც ელემენტარულად ძალიან მძიმე ჩიხში შევა სააკაშვილი, მაშინ გაკეთდება განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე არაფერ შუაში არ არის სააკაშვილის შეჭრა ცხინვალში და ნატოს გამო დაგვბომბა რუსეთმა. მაშინ გაახსენდება რუსეთს გარკვეული პროცესები, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში თუ მთლიანად კავკასიის რეგიონში. რადგან ეს პერმანენტულ ხასიათს ატარებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის გეგმაზომიერი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ხელშეწყობა სააკაშვილის რეჟიმისა. სხვანაირი ლოგიკური შეფასება მიმდინარე ფაქტების რაოდენობიდან გამომდინარე შეუძლებელია, რომ მოხდეს. თუ სააკაშვილის ჩამოგდება უნდა, რუსეთის მხრიდან ყვირილი საჭირო არ არის. ელემენტარულად დაგვანებონ თავი და ქართველი ხალხი თავად მივხედავთ სააკაშვილს და თუ მაინცდამაინც დახმარება უნდათ, ისე მიეხმარონ ოპოზიციას, რომ სააკაშვილს კოზირები არ მისცენ. მერამდენედ უნდა გაგვაბითუროს რუსეთმა ამ თავისი პოლიტიკით. ასეთი განცხადებების შემდგომ პრაქტიკულად მედვედევის მხრიდან ხდება მუდმივად სააკაშვილის ინტერესების ლობირება საქართველოში. ერთის მხრივ, დეკლარირებულად სააკაშვილი, პუტინი და მედვედევი ერთმანეთს ლანძღავენ, მეორეს მხრივ, რეალურ ქმედებაში პრაქტიკულად საქართველო მიდის იმ მიმართულებით, როგორც უნდა რუსეთს. ეს იქნება პოლიტიკური ცხოვრება, ეკონომიკური ცხოვრება თუ საერთაშორისო ურთიერთობებში. მედვედევის ეს ბოლო განცხადებაც ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა. როდესაც სამთავრობო პრესას და ტელევიზიას სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, იმდენად თვალშისაცემია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, როგორიც არის თუნდაც რეზერვისტებად წოდებული ჯფუფები, იმდენად თავლშისაცემია მათი დანაშაულებრივი ქმედებები, რომ რომ ამ სიტუაციიდან გამოსაყვანად სააკაშვილს დასჭირდა ცალკე განცხადება გაეკეთებინა აფხაზეთის ხელისუფლებას და დაედანაშაულებინა ევროკავშირის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთის და საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
_ დაშვებული ფორმაა პრეზიდენტის მხრიდან განცხადების ასეთი ფორმულირება _ სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია?..
_ ჩვენ უფრო მეტი ვიცით, ნული სააკაშვილი მაშინ იყო, როცა რუსებმა ხელი შეიწყვეს ხელისუფლებაში მოსაყვანად. ეს რეჟიმი ჩანასახშივე არარაობა იყო. რაში გვჭირდება რუსეთისგან ამის შეხსენება. მაგრამ რუსეთისგან ამ ფორმით ნათქვამი, მე შეურაცხყოფას მაყენებს; ხელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას და სააკაშვილს ეხმარება. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული.
_ ფიქრობთ, რომ შეიძლება შეთანხმებულიც კი იყო მედვედევის მხრიდან მსგავსი განცხადების გაჟღერება ქართულ მხარესთან?
_ არათუ შეიძლება, არამედ ასპროცენტიანი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის გამიზნული და წინასწარ განსაზღვრული. იმიტომ, რომ არ შეიძლება ამდენჯერ, ასეთი ინტენსივობით და იმ მომენტში, როდესაც სააკაშვილს არგუმენტი არ გააჩნია, თემაც კი არ გააჩნია ტელევიზორში რომ გამოჩნდეს, სწორედ ამ დროს იგეგმება ასეთი განცხადებების გაკეთება. შემდგომ პოზიტივის ფონზე, აღშენებლობის იმიჯით ხან ველოტრეკზე, ან ისტორიული შენობების გახსნაზე ხდება სააკაშვილის მხრიდან ამ თემით მანიპულირება. ჟანრის კანონია _ ლექსიკა უნდა იყოს უცენზურო, სკანდალური, შეურაცხმყოფელი და ყურადღების მიმქცევი. ღმერთმა სააკაშვილი და მისი სხეულის ნაწილები მშვიდობაში მოახმაროს რუსეთს; როგორც მოიყვანა, წაიყვანოს და თავი დაგვანებოს. მაგრამ არა. ყველანაირაც ხდება ხელშეწყობა იმისათვის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ქართველ ხალხზე ძალადობა გააგრძელოს.
_ სააკაშვილის ქმედებებს და განცხადებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მეტ-ნაკლებად განსხვავებულად აფასებენ. რამდენად მართებულია, როცა პრეზიდენტი ამ ტერმინოლოგიით საუბრობს?_ მზად ვარ, მოვიჭრა და გავუგზავნო ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც მათ არაერთხელ გამოხატეს ინტერესი.
_ არ არის მართებული. არ შეიძლება პრეზიდენტმა, პოლიტიკოსმა საჯაროდ ამ ლექსიკით ილაპარაკოს. ეს არის მდარე გემოვნების ჩვენება. მთელი უბედურება ის არის, რომ რადგან სააკაშვილს პოლიტიკური თემები არ აქვს სალაპარაკო, ამით ხდება მისი მხრიდან ყურადღების მიქცევა. მას აქვს წინასწარ მომზადებული ფრაზა, რომელიც უნდა წავიდეს ყველა საინფორმაციოში. შესაბამისად, სწორედ ამ ლოკალურ ფრაზას ამბობს და მერე ხდება ამის ტირაჟირება. ყველა ფრაზა წინასწარ მომზადებულია და არა ექსპრომტად ნათქვამი, რომ გაუთვლელი იყოს სად დგას სააკაშვილი, სად სცემს პასუხს. ყოველთვის ისე წარმოჩინდება, რომ პოზიტივის ფონზე _ სტუდენტებთან შეხვედრის დროს და ა. შ., სცემს სააკაშვილი პასუხს რუსეთის ხელისუფალს. ეს იმიტომ კეთდება, რომ მერე ადამიანებმა სახლში, ქუჩაში ამაზე ილაპარაკონ. რუსეთი სააკაშვილს საშუალებას აძლევს, რომ იტიპოს. ნახე, რა ტიპია სააკაშვილი, როგორ გასცა პასუხი რუსეთის პრეზიდენტს?! რუსეთის პრეზიდენტი თავის ქვეყანაში ტიპობს და თავის ხალხს აჩვენებს, რა მაგარია, დასავლეთს საქართველო აახია. ნახე რა გააკეთა, ისე წაუტყლაშუნა ამერიკას საქართველოს დაბომბვით რომ ამერიკამ ხმაც ვერ ამოიღო. მედვედები იქ ტიპობს, სააკაშვილი _ აქ. ეს მართვის ერთნაირი, ბოლშევიკური სტილია.
_ დაბოლოს, ბატომო მამუკა, წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებით, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეს მაღალი პოლიტიკური თანმამდებობის დაკავების უფლებას აძლევს, არა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესები კმაყოფილდება. მინდია გულუაც ალაპარაკდა თავის პოლიტიკურ ამბიციებზე და მერაბიშვილმაც არ დააყოვნა ფრაზა, ფულს სუნი არ აქვსო. რა კურსზე მიანიშნებს მმართველი ელიტის ეს გათვლა?
_ პირველი, თუ ფულს სუნი არ აქვს, მაშინ `გაზპრომის~ ფულებს რატომ ასდის სუნი, როგორც თვითონ აცხადებენ. ეს მომენტი ერთმანეთს ეწინააღმდგება. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო მერაბიშვილის გამოსვლაში ის თემა, რომ პოლიციის რეიტინგი უფრო მაღალია და გაცილებით მაღალი, ვიდრე ნაცმოძრაობის. საინტერესო იყო ის დეტალიც, რომ ლამის თავის მართლება მოუწია მერაბიშვილს პუტინისგან ირიბად შექების გამო. ეს ისე, საინტერესო თემებია. რაც შეეხება უშუალოდ ამ კანონს. თავისთავად, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნისთვის მოერგოს ერთ კაცს კონსტიტუცია, ეს ქვეყნისთვის უკვე სერიოზული პრობლემაა. ეს უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური პრობლემაა. იმიტომ, რომ თუ კი ერთხელ მოირგე ან მოარგე რომელიმე ადამიანს კონსტიტუცია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მეორეთაც შეგიძლია ისარგებლო კონსტიტუციის ერთ პიროვნებაზე მორგებით. საქართველო ასეთმა ერთჯერადმა ცვლილებებმა კონსტიტუციაში, თუნდაც კეთილშობილური მიზნებით მძიმე დღეში ჩააგდო. ეს ცვლილებები გაპიარდა, როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის მომზადებული ცვლილება, მაგრამ ხელისუფლებას კიდევ სხვა ქვეტექსტები აქვს. თეორიულად ხომ შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს პარლამენტში საქართველოს არცერთი მოქალაქე არ მოხვდეს. რატომ არ შეიძლება მოიძებნოს, საქართველოს არამოქალქე, რომელიც იყრის კენჭრს, გაიმარჯვებს და დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას. თავისთავად პარადოქსამდე მივდივართ. თუ პრაქტიკაზე გადავალთ, ხომ შესაძლებელია, რომ საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდეს ძალიან დიდი რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით რეგულაციებს და ვალდებულებებს. თავისუფლად შეუძლია ადამიანს იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე ჩვენს პარლამენტში და ისარგებლოს ამ ქვეყნის დაცულობით. შემდგომ თუ დანაშაულს ჩაიდენს, დადგეს მისი ექსტრადაციის საკითხი, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქისა. აღარაფერს ვამბობ უსაფრთხოების მექანიზმებზე. კაცმა არ იცის, რომელი სპეცსამსახური გამოიყენებს შემდგომ ასეთ მოქალაქეებს თავისი ინტერესების რეალიზებაში. და კიდევ ერთი მომენტი: თავისუფლად შესაძლებელია კანონი იქნეს მიღებული ვითომცდა ივანიშვილის გამო და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდეს, რომ ან 10 წელი არ უცხოვრია ივანიშვილს საქართველოში, ან რაღაც სხვა საბუთი არ აქვს წესრიგში, და სხვა მიზეზით ივანიშვილს არ მიეცეს ამის შესაძლებლობა და მიეცეს ყველა სხვა დანარჩენს. ამიტომ ამ პრეცედენტის დაშვება პოლიტიკურად იქნება ქვეყნისთვის ძალიან არასასურველი. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად ივანიშვილზე და მთელ ქართულ საზოგადოებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში ოფიციალურად ჩართვის სხვა მექანიზმები შეიძლება იქნეს ამუშავებული და არა ეს, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს და რომელსაც შორსმიმავალი მიზნები გააჩნია. ჯობია, ის მექანიზმები ავამუშავოთ სუყველამ ერთად.
რუსეთი სააკაშვილს ეხმარება – 2012
March 6th, 2014 shalva chkhaidze