- ეს იყო კასტინგი იმ ძალებისა, რომლებსაც სურვილი აქვთ, ხვალ რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენი ქვეყნის ბედი გადაწყდება, ამ ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ მოქმედი სუბიექტის როლი შეასრულოს. ისე, როგორც თავის დროზე, 2003 წელს, მოგვიყვანეს და დაგვისვეს სააკაშვილი, ახლა ელოდებიან, როდის დაიწყება ახალი სპექტაკლი, რომ ამ ახალ სპექტაკლში მათ ისეთივე წარმატებული როლი აიღონ თავის თავზე, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა, – ასეთ შეფასებას აკეთებს სახალხო კრების შემდეგ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე და სახალხო კრების ორგანიზატორებს ხალხის მოტყუებასა და ბრძოლის იმიტაციაში ადანაშაულებს.
სახალხო პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ის, რაც 25 ნოემბერს პარლამენტის წინ მოხდა, ქვეყნის გარეთ დაწერილ სცენარში ზის.
იყო თუ არა 25 ნოემბრის შეკრება სააკაშვილის თამაშის თამაში, რატომ ვერ მიიღო კრებამ ის განვითარება, რასაც ხალხი ელოდა და ჩანდა თუ არა, რომ ორგანიზებულობა აკლდა კრებას? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან.
- ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით პარლამენტის წინ გამართულ სახალხო კრებას და კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს? საზოგადოება ელოდა თუ არა იმ შედეგს, რითაც კრება დასრულდა?
- რასაც ჩვენ ველოდით, ის რეალობა შედგა. სხვა მხრივ, შეფასება რომ მივცეთ, ეს იყო, ერთი მხრივ, კლასიკური ნიმუში, როგორ არ გავაკეთოთ საქმე, მეორე მხრივ, როგორ მოვაწონოთ სხვას თავი. ხელისუფლებაც კმაყოფილია, კრების მესვეურებიც, ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რომელიც ამ თავის მოწონებაში მონაწილეობს. უკმაყოფილი დარჩა ქართველი საზოგადოება და ქართველი ხალხი. პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ მოტყუებული აღმოჩნდა ქართველი საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ 25 ნოემბერი რაღაც ახლის დასაწყისი იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში.
- სიახლე არ არის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კრებამ მიიღო და რომელთა აღსრულებისთვისაც მუხლჩაუხრელ შრომასა და ბრძოლას გვპირდებიან? კრებამ უნდობლობა გამოუცხადა პრეზიდენტსა და ახალ კონსტიტუციას და ა.შ.
- შარშან ერთი წელიწადი უნდობლობას არ უცხადებდნენ ხალხთან ერთად იგივე ადამიანები, ოღონდ სხვა კონფიგურაციით? პრაქტიკულად, ყველა ეს ადამიანი იდგა რამდენიმე თვის განმავლობაში მაშინ რუსთაველზე და უნდობლობას უცხადებდა სააკაშვილს, ანუ ისევ არის რადიკალური განცხადებები და უნიათო ქმედებები. ახალი ამ მხრივ არაფერი შექმნილა. უბრალოდ, რაღაც ხომ უნდა თქვან და სხვანაირი დოკუმენტი წარმოადგინონ. სხვათა შორის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დოკუმენტი მათი შექმნილი არ არის. მას საფუძვლად დაედო თავის დროზე, როდესაც გარკვეული პიროვნებები, მათ შორის ჩვენც ვიყავით, ვიკრიბებოდით იმპიჩმენტისა და უნდობლობის თემატიკაზე. სწორედ ის მასალები დაედო საფუძვლად გუშინდელ განცხადებებს. პრაქტიკულად, ახალი არაფერი მომხდარა და ყველა ძალიან კმაყოფილია. ძალიან კმაყოფილია ხელისუფლებაც, რომელმაც კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის დემოკრატიული ხელისუფლებაა და ხალხის აქტივობას არანაირად ზღუდავს და ხალხს აქვს საშუალება, გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც რადიკალური. კიდევ უფრო მეტი: არათუ არ ზღუდავს, არამედ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეწყო ასეთი შეკრებისთვის. სხვანაირად ვერ აიხსნება აქციის წინა დღეს წყლის გაძვირების გამოცხადება. ვერ აიხსნება მზაობა ტრანსპორტით სარგებლობის გაძვირებასთან დაკავშირებით. ვერ ავხსნით ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებული იყო თუნდაცმე-12 კლასელების აქციასთან, ასევე ქმედებას, რომელიც დევნილების აქციის წინააღმდეგ იყო მიმართული. პრაქტიკულად, ხელისუფლება ორი-სამი თვის განმავლობაში ხელს უწყობდა, რომ რაც შეიძლება მეტი გაბრაზებული, მეტი საპროტესტო ელექტორატი გასჩენოდა ეროვნულ კრებას. ყველანაირად ხელს უწყობდა, რომ მომხდარიყო ასეთი ქმედებები. მეტი რა უნდა გაუკეთოს ხელისუფლებამ ოპოზიციას?! მეტი დახმარება რა უნდა გაუწიოს?
- რატომ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია კმაყოფილია და ოპოზიციის რომელი ნაწილია კმაყოფილი?
- კმაყოფილია ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობს. მათ საქართველოს ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით და ყველამ ვიცით, რომ 2 დეკემბერს ასტანაში იქნება სამიტი ამ მიმართულებით, დაანახვეს, რომ ჩვენ ოპოზიცია ვართ და, ხვალ რომ გადაწყვეტთ საქართველოში რაღაც პროცესების განვითარებას, არ დაგავიწყდეთ, მთავარი და წარმმართველი ჩვენ ვართ და იქნებ როგორმე შესაბამისი როლი მოგვცეთო.
- ხალხი რატომ არის უკმაყოფილო. რას ელოდა ხალხი ეროვნული კრების ორგანიზატორებისგან?
- ხალხი ელოდა იმას, რასაც ეუბნებოდნენ ამ აქციის ორგანიზატორები. ისინი ხალხს ეუბნებოდნენ: აღარ გავიმეორებთ 2009 წლის სისულელეებს; რომ ხალხს აღარ დავშლით; რომ რეალურად დავიწყებთ ამ ხელისუფლების დემონტაჟს; რომ ჩვენ ის ხალხი არა ვართ, როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, ადრე რომ იყვნენ, მხოლოდ საუბრობდნენ და ქმედებას არ ახორციელებდნენ.
- თქვენი აზრით, პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი რევოლუციას ელოდა და ამისთვის იყო მზად?
- ხალხი ელოდა ქმედებას. ხალხი ელოდა ბრძოლასა და თავდადებას, ელოდა თავგანწირვას. ხალხი ელოდა იმას, რასაც აქციის ხელმძღვანელები ამბობდნენ. მათ ეს ყველაფერი, უბრალოდ, ერთჯერადი აქციისთვის სჭირდებოდათ და შეგნებულად მოატყუეს ქართველი საზოგადოება.
- კრებაზე ეროვნული ფორუმის ლიდერმა მიუთითა, რომ ქმედების განსახორციელებლად პარლამენტის წინ ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო.
- პირველი: ეს დემოგოგია უკვე მარაზმში გადადის. სამწუხაროდ, ოპოზიციას ამაზე პასუხს არავინ სთხოვს. გვითხრან, რა კრიტიკულ მასას ელოდებიან. რა არის ის ციფრი, რომელიც მათთვის იქნება გარანტი იმისა, რომ ისინი ქმედებებს დაიწყებენ. მეორე: შენ თუ არ შეგიძლია ამ კრიტიკული მასის ორგანიზება, ამას ვის აბრალებ? მაშინ, კეთილი ინებე და თქვი, რომ არა ხარ ქმედუნარიანი პოლიტიკური ძალა, რომ არ გაქვს უნარი; მესამე: სხვის იმედზე რატომ გამოდიხარ? თვითონ ის ფაქტი, რომ ესენი გამოდიან სააკაშვილზე გამწარებული ხალხის იმედით, უკვე არასწორია. შექმან პარტიული სტრუქტურები. თუ ასეთი გააჩნიათ, მაშინ კეთილი ინებონ და თავიანთი პარტიული სტრუქტურებით იბრძოლონ. ამ პარტიულმა სტრუქტურებმა უზრუნველყონ მომხრეების მოყვანა. ის, რომ მათ მომხრეები არ ჰყავთ, უკვე ამ პარტიების დანაშაულია. სააკაშვილი ხელს უწყობს მათ, რომ მომხრეები გაუჩნდეთ; ყველაფერს უკეთებს. მეტი რა უნდა გაუკეთოს სააკაშვილმა? მათ ვერ მოახერხეს ამ საპროტესტო მასის მათ მხარეზე გადმოყვანა ობოექტური მიზეზების გამო.
- მაინც, რატომ ვერ მოახერხეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება?
- იმიტომ, რომ ხალხმა იცის, ესენი თამაშობენ, ამ ოპოზიციის ნახევარი გაყიდულია, ზოგი – მოსკოვზე და ზოგი – მიშაზე. პრინციპში, ეს ერთი და იგივეა, სიმართლე რომ ვთქვათ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ხალხი დისკომფორტის შემქმნელები, ლიდერები მყავს მხედველობაში, არ არიან. ძალიან კარგად იციან, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ხალხს მიატოვებენ. ძალიან კარგად იციან, რომ არც ერთ მათგანს ხელი არ გაუნძრევია, როდესაც აქციაზე გამოსული ადამიანები თავის დროზე პოლიციამ დააპატიმრა. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ხალხი ამათ არ ენდობა. მთავარი რაც არის, საკითხი: საკუთარი მხარდამჭერები თუ გყავს, გამოიყვანე. რატომ არის გათვლა გაკეთებული სააკაშვილის მოწინააღმდეგეებზე და კიდევ, რატომ გვამადლიან საკუთარ თავს? ეს არარაობები რატომ გვამადლიან საკუთარ თავს. როცა გვეუბნებიან, რომ თქვენ არა ხართ მზად? თურმე ჩვენ, ქართველი ხალხი, არა ვართ ჯერ იმ დონეზე აღმატებული, რომ გავიგოთ ამათი ზრახვები. კეთილი ინებონ და გააკეთონ ამის ორგანიზება, თუ არადა, დაანებონ თავი და ნუ უკეთებენ მიშა სააკაშვილს საქმეს. ეს მიშას საქმეა.
- რაც მოხდა, ფიქრობთ, რომ ამით ეროვნულმა კრებამ სააკაშვილის საქმე გააკეთა?
- ამით სახალხო კრების ორგანიზატორებმა მთელ მსოფლიოს დაანახვეს, რა უუნარო ოპოზიცია ჰყავს სააკაშვილს. ამით სააკაშვილმა მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ ის ერთადერთი რეალური ძალაა ქვეყანაში და სწორედ ამან განაპირობა ის გარემოება, რაც ლისაბონში მოხდა. ობამა, რომლიც სააკაშვილს არ ხვდებოდა, ისევე, როგორც ბევრი პოლიტიკური ლიდერი არ კადრულობდა მასთან დაჯდომას, მათ დაინახეს, რომ საქართველოში ერთადერთი რეალური ძალა გახლავთ სწორედ ხელისუფლება. კიდევ უფრო მეტი: შე კაი დედმამიშვილო, რევოლუციის წლისთავიდან ორი დღის შემდეგ რომ აწყობ კრებას, თუ ბრძოლა გინდა, რევოლუციის წლისთავამდე ორი დღით ადრე დანიშნე სახალხო კრება. ხალხმა ძალიან კარგად იცოდა, რომ რა კრიტიკული მასაც არ უნდა მისულიყო, ეს ადამიანები ქმედების განმახორციელებლები არ იყვნენ. ესენი ეძებენ მიზეზს იმისათვის, რომ ქმედება არ განახორციელონ, იმიტომ რომ უმეტესი მათგანის პატრონები ჯერ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. მათაც ეს აწყობთ. რუსეთს ასეთი სიტუაცია აწყობს. ერთი მხრივ, მართავს სააკაშვილს, როგორც მას უნდა, მეორე მხრივ – მართავს ოპოზიციას, როგორც მას სურს და სჭირდება, ხოლო გაბითურებული გამოდის ქართველი ხალხი. სწორედ ამიტომაც ჩემთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც სახალხო კრებაშიც არიან და ყველა პოლიტიკურ ჯგუფშიც, უნდა ამაზე დაფიქრდნენ. მოდით, ვისაც ბრძოლა გვინდა, ერთად ვიბრძოლოთ, ნურავის ხელზე მოსამსახურე და სურვილების შემსრულებელი ნუ ვიქნებით.
- სახალხო კრებამდე მსგავსი განცხადება თქვენ გააკეთეთ კალათბურთის სასახლეში გამართულ შეკრებაზე და მიუთითეთ, ყველამ ჩვენი ბრძოლის გეგმა წარმოვადგინოთ, შევაჯეროთ და ისე დავიწყოთ ბრძოლაო. ვინმე გამოეხმაურა და წარმოადგინა სამოქმედო გეგმა ან თუნდაც მონახაზი 25 ნოემბრის ქმედებებისთვის?
- პრაქტიკულად, გასაგები იყო, რასაც გააკეთებდნენ ესენი 25 ნოემბერს, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არც გეგმა და, რაც მთავარია, არც სურვილი აქვთ რეალური ბრძოლისა. ისინი ბრძოლის იმიტაციას ახორციელებენ.
ოპოზიციამ ხალხი კიდევ ერთხელ გადააგდო – “ახალი თაობა” 29. 11. 2010
March 2nd, 2014 shalva chkhaidze