დღვევანდელ დღეს, როცა ადამიანებს ჩვენს აზრებსა და შეგრძნებებში დაკარგული გვაქვს სულიერ სამყაროსთან კავშირი, ჩვენთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს ჩავწვდეთ თუ რა არის ადამიანის არსება, რა დანიშნულება აქვს ამ არსებას დაბადებიდან გარდაცვალებამდე და რა ელის მას გარდაცვალების შემდეგ.
საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს მისწრაფება გაიბას ძაფები, აღდგეს კავშირი ღმერთთან და ამ გზით შესაძლებელი გახდეს დედამიწაზე სწორი ურთიერთობა. სწორედ ჯანმრთელი იმპულსი მისწრაფებისა მოუწოდებს მეცნიერებსა და ადამიანებს კვლევისაკენ, მსჯელობისაკენ სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ოჯახის საკითხი,
აღზრდისა და სკოლის, სოციალური საკითხი, სამართალი, ჯანმრთელობა და ა.შ.
ბევრი სხვადასხვა მოსაზრებაა შემოთავაზებული ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რეალურად კი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისათვის შესაფერი, ჯანმრთელი დასაყრდენი ვერ მოიძებნა. კამათი და მსჯელობა გრძელდება და ტკივილის მეტს ვერაფერს ვიღებთ.
ჩვენც ეს ტკივილი მიგვაპყრობინებს ყურადღებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხისაკენ _ დღევანდელი სკოლებისაკენ, სადაც ადამიანის მომავალ ცხოვრებას საფუძველი უნდა ჩაიყაროს.
გავეცანით წმ. ილია მართლის ნაწერებს პედაგოგიკის საფუძვლების თაობაზე და თუ შევადარებთ დღევანდელი სკოლების მუშაობის შედეგებს მაშინდელს, დაკვირვებული ადამიანი შენიშნავს, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა და რომ თითქმის ერთნაირი სამწუხარო სურათი წარმოუდგება თვალწინ ყველას, ვისაც არ ეშინია პირდაპირ შეხედოს მართალს და თვალი თავლში გაუყაროს. თითო-ოროლა მაგალითის გარდა, “ეხლანდელი ყმაწვილი-კაცი ჯანით მეტად უძლურია, საშინლად ძარღვ-მოშლილი და მოდუნებული, თითქოს სნეულიაო. უღონობისაგან ხელებჩამოყრილია მცირე დაბრკოლების წინაშე. გულს უხეთქავს, ხალისს უკლავს ყოველი საქმე, რომელიც-კი ცოტად თუ ბევრად მხნედ, მედგრად ხელის მოკიდებას თხოულობს, ხანგრძილვს, დაჟინებულს, გულგაუტეხელს ბეჯითობას და გარჯას. არ არის იგი ჩვეული თავით თვისით ისაზროს, იფიქროს და ამის გამო, ადვილად ეძლევა უარყოფას ძველისას და სრულადაც არა ჰნაღვლობს უარყოფილის სანაცვლოდ ახალი რომ ჩააყენოს. ყოველივე ამის გამო, ეხლანდელი ახალგაზრდა დიდად უბედურია და იშვიათად შემძლებელია, რომ გონიერად ჭკვა დასმით და სასარგებლოდ თავით თვისით გააკეთოს რამ და იღვაწოს. იგი უღონოა თვითმოქმედებისა და მოღვაწეობისათვის, თუმცაღა ამის მოთხოვნილებას იგი გრძნობს. ზოგი ამათგანი _ და ეს ზოგნი საკმაოდ ბლომად არიან _ ისინი, ვინც ცოტაოდენ შეძლებული ოჯახიდან არიან, მთელ თავის სიცოცხლეს იმას ანდომებენ, რომ პროტექციით ლუკმა პური იშოვნონ და ყოველდღიურად თავი გაიტანონ. თვითონაც არ იციან რისთვის არიან და სად მიდიან. სჭამენ, სვამენ, თამაშობენ, ცეკვავენ, არშიყობენ, მსახურობენ იმდენად, რომ ჯამაგირები აიღონ. ასეთ ახალგაზრდას მკვდარი აქვს ყოველივე ფანტაზია, ყოველივე აზრი, გრძნობა, ნაძირალ გრძნობის გარდა. ცოდნა სკოლაში მიღებული, ზოგჯერ საკმაოდ ბევრიც, იმათთვის ზედმეტი ბარგია, გამოუსადეგარია.
არიან ისეთებიც, უფრო ნიჭიერნი, რომლებიც ჯერ სკოლაშივე გამოარკვევენ ხოლმე _ რა საქონელსა აქვს გასავალი საზოგადოების ბაზარში ამა-და-ამ-დროს. ამათი ფანტაზია, აღფრთოვანებული ადვილად გამდიდრების ცოცხალი მაგალითებით, წინ გადაუფენს სარჩოიან გზას, ვექილისას, მკურნალისას, ინჟინერისას, არქიტექტორისას, მზითვიან ცოლის, თუ შემძლებელ ქმრის შერთვისას _ ერთი სიტყვით, უხატავს იმ გამორკვეულს იდეალს ხერხიან კაცისას, რომელსაც საგნად აქვს ადვილად გამდიდრება და მერე მაძღარი განცხრომა გაურჯველად და უშრომელად. ამ ჯურის ხალხი ყველაზე უარესნი, ყველაზე მავნებელნი მუქთამჭამელნი არიან და მეტის-მეტად საშიშნი თავის ქვეყნისათვის, რადგან ყოველ წუთს მზად არიან მიჰყიდონ იმისი სვე-ბედი იმას, ვინც მეტს მისცემს.
ბევრმა არ იცის რა გზას დაადგეს და საით წავიდეს. ამის გამო, ყმაწვილი სასოწარკვეთილებას ეძლევა, გული უტყდება, აღარაფრისათვის ერჩის. ასეთი სასოწარკვეთილება და გულის გატეხა ჭკვას უშრობს გრძნობას უხშობს, უკლავს ყოველ ხალისს მოქმედებისას, რომელსაც მისგან მოელის იმისი სამშობლო და რომლისთვისაც ამ სამშობლოს გაუწევია ღვაწლი და იმედით შეჰყურებს.
ასეთი სამწუხარო შედეგი ბევრისთვის შეუმჩნეველია, ბევრი ამჩნევს, მაგრამ ვერ ეხმარება, არ იცის როგორ და მარტო ჰკიცხავენ, უთითებენ, ჰკილავენ, აბეზღებენ საზოგადოების წინაშე, სდევნიან და სახელს უტეხენ. ასეთ დროს ახალგაზრდა დამცირებული, შეურაცხყოფილია და ამის გამო საცოდავი ხდება. თუ კი გამოვიჩენთ გულისხმიერებას და ვიქნებით კეთილის მოსურნენი, აუცილებლობა გაჩნდება კითხვის დასმისა _ რა არის ამის მოზეზი? სად არის შეცდომები დაშვებული ამ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც ესთები კი არ იბადებიან, არამედ მერე და მერე ხდებიან ესეთები. მეცნიერები და ჩვენც დავეთანხმებით მათ, რომელთაც მართალი გულის ტკივილით მიუქცევიათ ყურადღება ამ უნუგეშო სურათისათვის, მიზეზს იმ საზოგადო წრის უფერულობასა და უვარგისობაში ჰხედავენ, სადაც ნორჩი სული ბავშვისა პირველად იღვიძებს და შემდეგ ზრდაში შედის. იმ წრეს, სადაც ბავშვი დაბადებიდან ტრიალებს დიდ გავლენას ახდენს მის შემდგომ ცხოვრებაზე. ბავშვის ნორჩი სული და გული ხომ მეტად მგრძნობიარეა. ადვილად დამჩნევია ავისა და კარგისა და ამიტომაც, წრე, სადაც ბავშვი და მოზარდი სულს იბრუნებს, ავი და კარგი აღიბეჭდება. შემდგომი ეტაპი, რომელსაც უფრო მეტი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს მოზარდის ბუნებაზე, მის ავ-კარგიან ადამიანად ჩამოყალიბებაზე, არის სკოლა. ჯერ პირველად საჭიროა ვიცოდეთ _ რა უნდა მოეთხოვებოდეს სკოლას. ამის პასუხად ბევრს გამოუთქვამს აზრი და ყველა ეს აზრი, სხვადასხვაფერად გამოთქმული, ერთს საფუძველზეა აგებული, ერთის სათავიდან მომდინარეობს. ეს საფუძველი, ეს სათავე ის არის, რომ სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწვრთნიდეს კიდეც ბავშვს და ასწავლიდეს კიდეც. წვეთნა და სწავლა ხელიხელს გადაბმული უნდა ვიდოდეს სკოლაში.
წვრთნა სხვაა და სწავლა სხვა. ერთს ერთი საგანი აქვს და მეორეს _ სხვა. წვრთნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზე და სწავლა კი _ გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე. საკმაო არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, დიდი სწავლა მიეღოს, ბევრი ცოდნა შეეძინოს. ამასთანავე, იგი კაი კაციც უნდა იყოს. ეს კაი-კაცობა და კაი-კაცობის შემძლებლობა მარტო ზნე-ხასიათისაგან ეძლევა ადამიანს. ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმდენად უფრო ძლიერ საშიშარია, უფრო დიდად მავნებელია.
სრულყოფილება ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულობას შეწონილი ჰქონდეს აღმატებულობა ზნე-ხასიათისაც. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებით, ნამუსიანობით, კაცთმოყვარეობით და სამართლიანობის გრძნობით. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფაქცევა ერთმანეთს გადაუდგება, არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფა ქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას ათქმევინებს. Uზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.
ჭეშმარიტი განათლება განვითარებული გონების და გაწვრთნილი ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე იგი განათლებული არ არის და ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწვრთნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონება განვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი. ზნე-ხასიათის წვრთნა დამოკიდებულია სწავლასა და ცოდნაზე და ამიტომაც სკოლამ თავის დანიშნულებად იმაზე ზრუნვა უნდა მიიჩნიოს, თუ როგორ შეარჩიოს ისეთი თვისებით სწავლა ცოდნა, რომ შედეგად გონებაგახსნილი და ზნე-ხასიათ გაწვრთნილი ახალგაზრდა წამოდგეს.
ზნე-ხასიათის წარსამატებლად სკოლაში წვრთნას თავის საკუთარი გზაც აქვს, თავის საკუთარი სახსარიც. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მთელს გამგეობას სკოლისას საერთოდ, მასწავლებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სკოლაში მსახურობს. ამ შემთხვევაში მთავარი და აუცილებელი პირობაა, მასწავლებელი თავად იყოს მოხერხებული, კარგი ზნე-ჩვეულებების მქონე, მაგ: ფრთხილი, წინდახედული, გულისხმიერი და რაც მთავარია, მასწავლებელი სიყვარულის და ბავშვებისადმი მზრუნველობის განცდით უნდა იყოს სავასე, ბავშვები ამას და მხოლოდ და მხოლოდ ამის მსგავს პატიოსან თვისებებს გრძნობენ, ითვისებენ, ძლიერდებიან და უჩნდებათ ნდობა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოება, რომლის გარეშე ვერც ვერაფერს შეიმეცნებ და ვერც გულისყურს დაუდებ.”
ვახსენებთ ზნე-ხასიათსა და მის წვრთნას, ხოლო რა არის ეს ზნე-ხასიათის წვრთნა, ამის ახსნა-გამოძიებაზე ცალკე ვისაუბროთ. ამჟამად კი საკმარისი იქნება ვთქვათ, რომ ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა, რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისის სულიერი ბუნებაა. იყო მოკრძალებული, თავმდაბალი, გულისხმიერი, ერთგული, არაზარმაცი, მოწიწებული და ა.შ. ეს არის ადამიანის ნამდვილი ადამიანური ბუნება. Aმიტომაც, ზნე-ხასიათის წვრთნა ერთი უდიდესი, უმთავრესი რამაა. “კაცს თუ ღონე აქვს გამოირკვიოს პატიოსანი საგანი ცხოვრებისა და ვითარცა გამორკვეულის საგნის კაცი, ქვეყანაში იყოს ერთი რამ კეთილი თავით თვისით, მისი სულიერი ვინაობა სასურველად დადგენილია და გამართული. აი სწორედ ეს ღონე და ხერხი გამორკვევისა, პატიოსანი წყურვილი და ხერხი ქვეყანაში ერთ რამედ ყოფნისა უნდა კაცს შესძინოს სკოლამ. ამისათვის უნდა იწვრთნებოდეს კაცი სკოლაში. უამისოდ იგი არაფრის მაქნისია, ბევრი რამის ცოდნა მისთვის მოუნელებელი დაჩება და შეაწუხებს.” A
ამიტომაც თვითონ სწავლა და ცოდნა, რომელსაც სკოლა იძლევა, ისე უნდა იყოს გაანგარიშებული და შერჩეული, რამ ზნე-ხასიათის წვრთნას, ამ ერთა-ერთს საგანს თვისას გაუძღვეს და ემსახურებოდეს. მთავარია ახალგაზრდას დასაზეპირებლად კი არ მივცეთ ესა თუ ის ამბავი, არამედ მასში ისე ჩავღვაროთ მონათხრობი, რომ მასში ის ცოცხალ განცდათ გადაიქცეს და არ დარჩეს მკვდარ ცნებად, რადგანაც იმას, რაც ადამიანში თავისთავად არსებობს, როგორც ცოცხალი, აქვს ტენდენცია რომ ცხოვრების მანძილზე ნამდვილად ცოცხლად გარდაიქმნას და ამას ხელი არ უნდა შეეშალოს. მაგალითისათვის: თუ კარგი მასწავლებელი, რომელიც ნამდვილად ხელოვანი უნდა იყოს, თუ ისე გააკეთებს, რომ ბავშვს ჰქონდეს პატივისცემის, თაყვანისცემის ცოცხალი ცნებები, ყოველივე იმის ცნებები, რასაც ფართო გაგებით ლოცვის განწყობილება შეიძლება ვუწოდოთ, ესეთი ცოცხალი განცდა ბავშვს გვიან ასაკამდე გაჰყვება და ხანდაზმულობისას შეძლებს ე.ი. უდიდესი ძალით დალოცოს სხვა. აქ ცოტათი შევეხეთ თუ სხვადასხვა საგანი რისთვის და როგორ მივაწოდოთ ახალგაზრდას. ეს ცალკე სასაუბრო და საკეთებელია და ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
ასეთი ცოცხალი ცნებებით აღჭურვილი ახალგაზრდა ეგრე მოწყურებული, გაღონიერებული და ხერხიანი კაცი არავითარ სიძნელეს საქმისას არ შეუშინდება, არ შეუდრკება და ზნე-ხასიათობაც ეს არის.
ამბობს ერთი მეცნიერი: _ “თუ ამ გზით არა ჰშველის სკოლა შეგირდსო _ მაშინ აღარც იდეალია, აღარც ღონეა თავდამჭერი ავში და წამახალისებელი კარგში და საკუთრივ ამაებისაგან კი დაიწვნის ხოლმე უკეთესნი თვისებანი ადამიანის ზნე-ხასიათისანი, სახელდობრ, კაცთმოყვარეობა და სამართლიანობაო.”
მართალიც არის, თუ სამართლიანი და კაცთმოყვარეა ადამიანი, მას ეს გრძნობა უქმად ყოფნის ნებას არ მისცემს და კეთილის მომქმედიც იქნება, რადგან ავკაცობის ნებას არ მისცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა.
“შეძლებისდაგვარად იღვაწე და იმოქმედე კეთილი, სახვა ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილს და სკოლის ვალიც ეს უნდა იყოს, რომ ამისათვის გაუხსნას გონება, ამისათვის გაუღოს გული ახალგაზრდას, ვინაიდან ტვინი კი არ ითვისებს ცოდნას, არამედ მხნე ხასიათი ითვისებს ცოდნას. ასეთად აღზრდილი ახალგაზრდა ცხოვრებაში ბევრის შემმეცნებელი და შემგრძნობელიც არის.” ეხლანდელი სკოლა კი სულ სხვა საგანს მისდევს. იგი მარტო იმის ცდაშია, რომ პატარა ბავშვის თავში, რაც შესაძლოა ბევრი ცოდნა დასტიოს, თუმცა ბევრ შემთხვევაში საქმე ისე მიემართება, რომ ამ მიზანსაც ვერ აღწევს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ზნე-ხასიათის ჩამოყალიბება და გაწვრთნა საერთოდ არ არის მიზნად დასახული (თითქოს ეს თავისთავად მოხდება). დღევანდელ დღეს ხშირად შევხვდებით (შეიძლება საკუთარ თავსაც დაუკვირდეთ), რომ კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი სრულებით სხვა. ეს იმიტომაც ხდება, რომ დედა-აზრი სკოლაში სწავლა-ცოდნით გამოეკვეული, მარტო ფორმალურად არის მიღებული და არა მათი შინაგანი აზრით, არა მათი ბუნებრივი შინაარსით.
ეს მტკივნეული პროცესი შენიშნეს მეცნიერებმა და კაცთმოყვარეობით გამსჭვალულმა ადამიანებმა და ამ შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ საუკუნეების მანძილზე. იგივე აზრი და განცდა გვაქვს ჩვენც, რომ არასწორად ხდება რაც უმთავრესია, რაც ადამიანს ეხება. ვეთანხმებით, რომ დედააზრი, ახლანდელი პედაგოგიური მიმართულების ის უნდა იყოს, რომ ადამიანი სკოლაში იწვრთნებოდეს ყოველ მხრივ: გონებით, ზნე-ხასიათით, სულით და ხორცით და არც ერთი ამათგანი არ უნდა შეეწიროს მეორეს და ჩვენი ძალისხმევა გვსურს რომ ამ მიმართულებით მივმართოთ.
როგორც ავღნიშნეთ, ჯერ ძველ დროშივე სცოდნიათ, რომ სწავლა ცოდნა სკოლაში ზნე-ხასიათის საწვრთნელ ღონედ უნდა იხმარებოდეს. Eეს აზრი კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა შუა საუკუნეებში, როცა ე.წ. სკოლასტიკას საძირკველი შეერყა და მოძღვერება “ჰუმანურობისა” წამოდგა ფეხზე. დავუკვირდეთ _ ჰუმანურობა _ . . . ჰუმანურობა კი რაში მდგომარეობს _ რომ ადამიანი შეჰხაროდეს ცხოვრებას, ელინებრ სიხარულის თვალით უყურებდეს _ იმაში მდგომარეობს, რომ კაცის ადამიანური ღირსება ღრმად პატივცემული იყოს და არა ნაკლებ ღრმადვე ჩანერგული რწმენა გვქონდეს, რომ ყოველი ღონე და ნიჭი ადამიანის ბუნებისა აუცილებლად საჭიროა განვითარებულ და წარმატებულ იქმნას ერთიანად და გამოუკილებლივ.
აი რას უბრძანებს ღმერთი პირველ კაცს, ადამს (იტალიელი ჰუმანისტ პიკოდელა მირანდოლას სიტყვით): “მე შენთვის, ადამო, არავითარი სამუდამო ბინა და სადგური არ მომიცია, არავითარი სამუდამო და უცვალებელი საქმე არ ამიჩენია. ეს იმისთვის, რომ საცა შენ გიამოს იქ იცხოვრო რაც გინდოდეს, ის საქმე აიჩინო. მე შენ არც სასიკვდილოდ გამიჩენიხარ, არც უკვდავად დამინიშვნიხარ. ეს იმისთვის, რომ შენ თვითონ იყო შენის თავის მკეთებელი და ისეთი სახე მიიღო, როგორიც შენ თითონაც გსურს: შენ შეგიძლია პირუტყვამდინაც ძირს ჩამოხვიდე და ანგელოზამდინაც ზე ახვიდე”. ძალზედ მარტივად და ნათლად ჩანს თუ რაა ადამიანის არსებობის საგანი და ადამიანის ღირსება.
შემოკლებული სახით გაგაცნობთ (იტალია) ამ ჰუმანურ მოძღვრების მიხედვით აგებული სკოლების შესახებ. ამისი პირველი მესვეური იყო პადუელი, ჰუმანისტი ვიტტორინო დე-ფელტრე, რომელიც ახალი პედაგოგიის მამად ითვლება დღესაც. ვიტტორინოს სკოლის მისაღწევი საგანი ზნე-ხასიათის გაწვრთნა, დამთავრება და დადგენა იყო. სკოლაში სწავლება და გარეთ ჰაერზე ვარჯიშობა ერთი-ერთმანეთს რიგ-რიგად მოსდევდა, ყოველ დღე, დანიშნულ საათს ამინდის მიუხედავად, ზაფხულობით ოსტატების თანხლებით ყმაწვილებს სამგზავროდ ისტუმრებდა კარგა შორს, აკითხებდა კლასიკას, რომელთაც შეეძლოთ ემოქმედათ ყმაწვილების ხასიათის გაწვრთნასა და გამართვაზე. ასწავლიდნენ მათემატიკას გონების სავარჯიშოდ. ვიტტორინო უძღვებოდა თავის შეგირდების წვრთნას მაგალითით და ჩაგონებით. მეორე მამა ვერჟერიო თავის თხზულებებში სკოლის საფუძვლად დებდა ოთხ დედა-აზრს:
ა) საგანი აღზრდის ის არის, რომ თავის რიგსა და წესზედ წარმატებული იქმნას ყოველნი ძალნი და ნიჭნი ადამიანისა, როგორც გონებითნი, ისე ზნეობითნი, როგორც სულიერნი, ისე ხორციელნი.
ბ) სწავლებაში უნდა სახეში მიღებული იქმნას არა მარტო ასაკი და წლოვანება მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი.
გ) რადგანაც ბავშვის ცოცხალისა, მკვირცხლს და ადვილად აღმბეჭდავ ბუნებაზედ ცოცხალი მაგალითი უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე მკვდარი წესი და დარიგება. ამიტომაც, ყველაზედ უკეთესი ღონე ის არის, რომ მოწაფეს წინ გადაუშალოს ოსტატმა ცხოვრება დიდ-ბუნებოვანთა კაცთა, რომელნის ასე ბევრნი მოიპოვებიან ძველ დროში.
დ) სწავლა-ცოდნა და ერთობ განათლება უნდა დაფუძნებული იყოს Yთავისუფალთა მეცნიერებათა შესწავლაზე. ამ მეცნიერებათა სათავეში სდგას ფილოსოფია, რომელიც ადამიანს გონებითად თავისუფალს ჰხდის. მას მოსდევს მეცნიერება მჭერმეტყველებისა, რომელიც ასწავლის კაცს აზრის ნათლად და ლამაზად გამოთქმას. მერე მოდის ბუნების მეტყველება, რომელიც გვაგებინებს ჰარმონიას ყოველ მისას, რაც არსებობს და ბოლოს, ისტორია, რომელიც მოგვითხრობს სვლას და განვითარებას მეცნიერებისას და მრავალს სასარგებლო მაგალითს თვალ-წინ გვიყენებს.
ვერჟერიო გვაწოდებს ბევრ კარგ აზრს და ჭეშმარიტებას. მაგ.: მოწაფის გონებით უფრო წარმატებაში შესაყვანად იგი ურჩევს, რომ მოსწავლემ რომელიმე ერთი თხზულება საფუძვლიანად ისწავლოს და არა მრავალით შეიწუხოს გონება, გადაიტვირთოს, დასუსტდეს. დისციპლინა სკოლაში არც ძალიან მკაცრად წესიერი უნდა იყოს და არც უწესური.
უფრო მეტი საბუთიანობით და სისტემით გამოჩენილია მეცნიერი ვეჯიო. იგი მთელი თავის ძალღონით ეწინააღმდეგება იმ ჩვეულებას, რომ შვილი ძიძამ გაზარდოს და მნიშვნელოვნად თვლის დედამ თვითონ აწოვოს ძუძუ.
ვეჯიოს აზრით, მნიშვნელოვანია აღზრდისას მხედველობაში მივიღოთ არამც თუ ასაკი მოწაფისა, არამედ მისი განსაკუთრებული ზნენი და თვისებანი. სხვადასხვაობას უნდა შეეფეროს სხვადასხვა ღონისძიებაც აღზრდისო. მკვირცხლს და თამამ ბავშვს სხვა გვარად უნდა მოვექცეთ ვიდრე კდემარეს, მორცხვსა და აზიზს.
დეზიდერი ერაზმი როტტერდამელი, (1467-1536) ერთი იმათგანია რომელთაც, ბოლოსდაბოლოს სრულად დაარღვიეს ძველი სქოლასტიკური სისტემა სკოლისა და ახალი საფუძველი დაუდეს ჰუმანურობის მოძღვრებაზე აგებული. აზრი ერაზმისა იმით არის განსაკუთრებით სესანიშნავი, რომ იგი დიდი სასოებით თაყვანს სცემს ბავშვს და სასოებისაგან შეპყრობილი იძლევა სარჩიელს ბავშვის წვრთნასა და აღზრდას. ბავშვიო, ამბობს იგი, წმინდა ტაძარია სულის-წმინდისა და სიფრთხილითა და სიყვარულით უნდა მოექცნენო.
მისი აზრით: ჯერ პირველად ყმაწვილს ნორჩ და მალე შემთვისებელ გულში უნდა ჩანერგილ იქნას ფესვი სათნოებისა, სიყვარული შემოქმედისა და რწმენა მისი, რომ ღვთისათვის საცნაურია არამც-თუ საქმენი ადამიანისა, არამედ გულის ზრახვანიცა. როცა ამ გზით სული და გული მოწაფისა საკმაოდ მომზადებული იქნება, მაშინ მეცნიერების სწავლასაც უნდა შეუდგნენ და ბოლოს ხომ უნდა განუვითარონ მოვალეობისა და ასწავლონ როგორ უნდა მოქცეს და მოეპყრას თავის მსგავს ადამიანსო. ერაზმის აზრით, ბავშვმა სწავლა უნდა დაიწყოს შვიდ-რვა წლის ასაკში, იმის და მიხედვით თუ სულით და ხორცით რა ღონისაა ყმაწვილი. რადგანაც ამ ხალში ბავშვს გართობა და თამაშობა უყვარს და მას სწავლა არ უნდა შესძულდეს. ხშირად უნდა იცვლებოდეს ბავშვის საშრომელი: სწავლა, შესვენება, სეირნობა და გართობა.
საფრანგეთში გზა გაიკვალა ახალმა საპედაგოგო თეორიამ ფრანსუა რაბლეს (1483-1558) მეოხებით. რაბლეს თავის თავზე ქონდა გამოცდილი მთელი სიმძიმე სქოლისტიკური სწავლებისა, რომელიც უფრო წვალება და წამება იყო ბავშვისა, ვიდრე წვრთნა და ზრდა, რომელსაც მხოლოდ აზრად ჰქონდა მხოლოდ წიგნის დაზეპირება და არა გაგება საგნისა და ქვეყნიერებისა.
რაბლეს მოძღვრება იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი რაც შეიძლება ნაკლებ იყოს მომწყვდეული ოთხ კედელს შუა, რადგან დახშული და დაბუღებული ჰაერი ოთახისა და უმოძრაობა სჩაგრავს ყმაწვილს. იგი დღეში უფრო ბევრი წილი გარეთ უნდა იყოს ჰაერზე. არც ერთმა საათმა უქმად არ უნდა ჩაუაროს ბავშვს. წიგნის კითხვა, სადილი მოზომილად. სხვა დრო კი შიგადაშიგ და რიგ-რიგად უნდა მოხმარდეს იმას, რომ შეგირდს გაეხსნას ნიჭი დაკვირვებისა, გამორკვევისა და ამიტომაც, საჭიროა ბავშვმა თავის საკუთრის დანახვითა, საკუთარის მოაზრებით და განსჯით იცოდინოს ბუნება და ცხოვრება. სეირნობს თუ თამაშობს, თუ ვარჯიშობს, ჭამს თუ სვამს, მასწავლებელმა ბავშვის თვალი და გონება უნდა მიახედოს ყველაფერზე, რაც კი საცოდნელად და საწვრთნელად გამოსადეგია. დიდ ადგილს უთმობს ტანის და აგებულების ვარჯიშობას.
რაბლეს აზრით, მოზარდმა თავის თვალით უნდა გაიცნოს ცხოვრება და ავკარგიანობა, თავის ყურით გაიგონოს. ამიტომ, უნდა ატარებდეს ყმაწვილს ფაბრიკებში, სამსჯავროში, სახელოსნოებში და ეკლესიებში, რაც საჭიროა და შესამჩნევია, შეამჩნევინოს და გააგებინოს.
ჩვენი მხრიდან ერთს მინიშნებას გავაკეთებთ, თუ რა ევალება აღმზრდელს. ბავშვის გვერდით მყოფმა ადამიანმა უნდა იზრუნოს მოზარდის სულის გამოღვიძებაზე, რიმელიც მას თან ახლავს დაბადებიდან და მძინარე მდგომარეობაში იმყოფება. მხოლოდ მის გამოღვიძებას უნდა შევუწყოთ ხელი და ეს უხეში ჩარევით არ უნდა მოხდეს. სწორედ ზნე-ჩვეულების და ნების აღზრდით მივაღწევთ მისი სულის გამოღვიძებას. თუ როგორაა ეს შესაძლებელი, შემდგომ აღვწერთ.
შალვა ჩხაიძე 2007 წ