იმ პირობებში, როცა აშშ და ევროპის ქვეყნები ყოველ ღონეს ხმარობენ მსოფლიო ბაზარზე რუსეთის ენერგეტიკული მონოპოლიზმის აღსაკვეთად, საქართველოს პრორუსულმა, მარიონეტულმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკური ბერკეტები მთლიანად რუსეთის იმპერიას ჩაუგდო ხელში. განა ცინიზმისა და თავხედობის უმაღლესი გამოვლინება არ არის საქართველოს რუსული ადმინისტრაციის ქმედება, როდესაც ერთი მხრივ, დასავლეთის სახელმწიფოებს ერთგულებას ეფიცებიან, საქართველოს სახელმწიფო ტელეარხებით ყოველდღე აჩვენებენ, თუ რა მხეცობებს სჩადიან რუსი ოკუპანტები გალისა და ცხინვალის რეგიონებში, როგორ ძარცვავენ და ანადგურებენ ოკუპირებული ტერიტორიების ქართველ მოსახლეობას აფხაზი და ოსი ექსტრემისტები და რუსი ოკუპანტები, მეორე მხრივ კი, ოკუპანტებს ხელში ჩაუგდეს მთელს წინა აზიაში უდიდესი ენერგოობიექტი _ ენგურჰესი, და ამ ქმედებას ამართლებს იმით, რომ თითქოს რუსების ხელში ენგურჰესი უფრო დაცული იქნებაო. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რუსული ადმინისტრაცია აპირებს ენგურის კაშხალზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჩაყენებას თითქოსდა მისი დაცვის მიზნით. რუსეთის КГБ-ეს ამ გონებადაბნელებულმა აგენტებმა ისიც კი არ იციან, რომ ენგურის კაშხალზე რუსი ოკუპანტების მიმოსვლის შედეგად ტერორისა და აწიოკების რეალური საფრთხე ემუქრება წალენჯიხის რაიონის სოფლებისა და დაბა ჯვარის 50 000- მდე მცხოვრებს, მათ შორის აფხაზეთიდან უამრავ დევნილს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დამშეული და გაბატონებული რუსი ოკუპანტი რა რეალურ საფრთხესაც წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, აფხაზეთის 15 წლიანი ოკუპაციისა და გასული წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითებიდანაც ჩანს.
როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ენგურჰესის გასხვისების გამო საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იმით პასუხობენ, რომ თითქოსდა ენგურჰესისი გასხვისება კი არ მომხდარა, არამედ იგი 10 წლით მართვის უფლებით გადაეცა რუსეთს. სერგო ორჯონოკიძის იდეური მემკვიდრის ე. შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირიდან გაზრდილი დღევანდელი ხელისუფლებაც ზუსტად იმავე სქემით ჩუქნის რუსეთს საქართველოს სამრეწველო ობიექტებს, როგორც ამას ე. შევარდნაძე და მისი ხელისუფლება, ანუ იგივე დღევანდელი ვაიხელისუფლება სჩადიოდა. რომელი ერთი გავიხსენოთ: მადნეული, ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის ფერო, თბილწყალკანალი, რუსთავის `აზოტი~. ამ უკანასკნელის გაყიდვას კატასტროფული შედეგი მოჰყვა საქართველოს სოფლის მეურნეობისათვეს. თუკი რუსებისთვის `აზოტის~ მიყიდვამდე ერთი ტომარა გვარჯილა 8 ლარი ღირდა, დღეს უკვე 40 ლარი ღირს, ანუ რუსების ხელში გვარჯილის ფასმა 500%-ით მოიმატა, რამაც გამოიწვია ის, რომ ქართველი გლეხი ვეღარ ყიდულობს სასუქს და მიატოვა მიწის დამუშავება, სამაგიეროდ სასუქი საკმაოდ სარფიანად საღდება მეზობელ ქვეყნებში და ჩვენი დაუძინებელი მტერი, ოკუპანტი რუსეთი ასეულ მილიონობით მოგებას იჯიბავს. ენგურჰესის გასხვისებაც იმავე მეთოდით მოხდება: რუსები ჯერ გაკოტრების პირას მიიყვანენ ენგურჰესს, შემდეგ კი მუქთად ჩაიგდებენ ხელში.
საქართველოს რუსული ადმინისტრაცია თავის მოღალატურ ქმედებას ბიუჯეტის 40 მილიონი ლარით შევსებით ამართლებს. ამ 40 მილიონიდან 15 მილიონი აფხაზების მიერ მოხმარებული და აუნაზღაურებელი ელექტროენერგიაა, ხოლო 25 მილიონი ლარი თითქოსდა რუსეთისაგან შემოვა ჩვენს მიერ მიყიდული ზედმეტი ელექტროენერგიის საფასურად. ჯერ ერთი, ენგურჰესში რუსების შემოსვლით საბოლოოდ ვკარგავთ ქართველებისა და აფხაზების ერთადერთ ერთობლივ საწარმოსა და ამით ერთმანეთს კიდევ უფრო დავშორდებით, მეორე, აფხაზების დახარჯული ელექტროენერგიის რუსების მიერ ანაზღაურებით რუსებს კიდევ უფრო მეტი საფუძველი ეძლევათ ამტკიცონ, რომ აფხაზეთი მათი სამხრეთი გუბერნიაა, და მესამე, სოჭის ოლიმპიადისათვეს რუსეთს ჰაერივით სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია, რადგან საკუთარი არ ჰყოფნის და სწორედ ამიტომაც არ უნდა მივყიდოთ რუსეთს არც ერთი კილოვატი ელექტროენერგია. ჩვენმა მოძმე ბალტიისპირელებმა უფლება არ მისცეს რუსებს ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის _ `ჩრდილოეთის ნაკადის~ მშენებლობაზე, რითაც ფაქტობრივად ჩაშალეს რუსების მონოპოლისტური ენერგეტიკული ამბიციები. განა ეს კარგი მაგალითი არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის? მაგრამ რუსების ყურმოჭრილი მონა _ მ. სააკაშვილი და მისი ლაქიები ამას არასოდეს იზამენ.
და, ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხ. `ი~ პუნქტის შესაბამისად `მხოლოს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი~. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალ. ხეთაგურის მიერ 2008 წ. 28 დეკემბერს ყველასგან მალულად რუსებთან მემორანდუმის ხელმოწერა უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხ. `ი~ პუნქტისა და ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ფეხქვეშ გათელვაა და სხვა არაფერი.
ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაუქმებულ იქნას 2008 წ. 28 დეკემბრის მემორანდუმი ენგურჰესის ერთობლივი მართვის თაობაზე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შეუსაბამო, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს რუსული ადმინისტრაციის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ქმედებები საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ერისგან.
მამუკა გიორგაძე
დავით კუპრეიშვილი
ნოდარ ნათაძე
დაიბეჭდა ‘რეზონანსი” 19.01. 09