ტელესტუდია “კავკასიაში” მომხდარის გამო – 10.05. 2010

ქართველი ინტელიგენცია (და არა კომუნისტური ფორმაციის ფსევდოინტელიგენცია), ქართული გონებისა და სულის ელიტა (და არა კომუნისტური და, სამწუხაროდ, პოსტკომუნისტური დროის კორუმპირებული ფსევდოელიტა) და ქართველი საზოგადოება მთლიანად იწუნებს ხელისუფლების პოლიტიკის ამ მიმართულებას საერთოდ და მის ლაშქრობას ქართული ტრადიციული ღირებულების წინააღმდეგ კერძოდ. ქართველ საზოგადოებას აქვს იმის ამომწურავი არგუმენტაცია, რომ ლაშქრობა საქართველოს ტრადიციული ეროვნული ჰუმანური ღირებულების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლურს ემთხვევა, ყალბია (აბერაციებზე, ულოგიკობაზე და მიზანმიმართულ ფალსიფიკაციებზე დამყარებულია) შინაარსობრივად და უპერსპექტივოა, ანუ კაცობრიობის, როგორც მთელის, ინტელექტუალური, სოციალური და მორალური განვითარების მოსალოდნელ ხაზთან შეუთავსებელია პრაქტიკულად. ეს არგუმენტაცია ცნობილია და საქართველოში დღეს მიმდინარე ანტიეროვნული პროპაგანდის მეთაურებს არა აქვთ მასთან კამათის უნარი. მათი აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს მოწინააღმდეგისგან თავისუფალ სივრცეში, რადგან ტელეეკრანი მთლიანად, ხოლო რადიოეთერი თითქმის მთლიანად მონოპოლიზებულია ხელისუფლებისთვის მისაღები სუბიექტების მიერ.
ანტიეროვნული ლაშქრობის მიმართულება და მისი ამოსავალი პოზიციები მანკიერია (დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებადია და ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში უსამართლოა) შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ეს ლაშქრობა არ არის პიროვნების, მისი აზრისა და თავისუფალი სიტყვის დაცვა (რასაც არავინ ემუქრება), არამედ ეს არის შეტევა ქართველი საზოგადოების საცხოვრებელ სივრცეზე და ამ უკანასკნელის, საზოგადოების დაუკითხავად, რადიკალური გარდაქმნის მცდელობა. მაგალითად: არავინ ითხოვს ლესბოსური პრაქტიკის მატარებელთა შეზღუდვას პირად ცხოვრებაში, მაგრამ საზოგადოებას დაუშვებლად მიაჩნია მისი გამოფენა, თუნდაც დემონსტრაციის სახით, ქუჩაში, რადგან ქუჩა ამ საზოგადოების მოზარდ თაობათა გაზრდის პედაგოგიური სივრცეა.
2. ტელეეკრანის მონოპოლიის პირობებში მწერლობის პრეტენზიის მქონე პირს ეძლევა საშუალება, შეურაცხყოს მასის სიწმინდეები, მაგრამ ამ მასას და მასში შემავალ პირს არა აქვს საშუალება, ამხილონ ეს მწერალი ნიჭის დეფიციტში, “კომპლექსების” მატარებლობაში, მარგინალური ცნობიერების ქონაში და ასე შემდეგ, ანუ შეტევას ქართული ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ უთანასწორო და, ამდენად, უპატიოსნო სახე აქვს.
3. ანტიეროვნული კამპანია მასმედიაში პრონციპულად ყალბია შინაარსობრივად. სახელდობრ, ხდება მაყურებლის დეზინფორმირება, თითქოს ადამიანის თავისუფლება მდგომარეობს მის მიერ საკუთარი ორგანიზმის განკარგვის შეუზღუდველობაში და თავისი იდეების მომხრეების მოპოვებაში, საზოგადოების ინტერესთა საწინააღმდეგოდ, მათი ფულადი დაინტერესების გზით. სინამდვილეში თავისუფლების ყველაზე არსებითი მახასიათებელია ის, რომ ადამიანი, როგორც გონიერი არსება, თავის გარესამყაროს (პირველყოვლისა – თავის სოციუმს) აძლევს იმ სახეს, რომელიც საუკეთესოდ მიაჩნია (ამიტომაც არის იგი შექმნილი “სახედ და ხატად ღმრთისა”), და ის, რომ იგი თავისი ნებით ემორჩილება თავისივე გონებით შემუშავებულ მორალურ კანონს, რომელიც მას შესაბამისად მიაჩნია იმ დანიშნულებისათვის, რომ იყოს კაცობრიობისათვის საყოველთაოდ სახელმძღვანელო პრინციპი. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ხსენებული ანტიეროვნული პროპაგანდა ადამიანს მიჰმართავს და განიხილავს მხოლოდ როგორც მომხმარებელს, მაგრამ უგულებელყოფს მას, როგორც შემოქმედს, როგორც მოქალაქეს და, საერთოდ, როგორც მაღალ ღირებულებათა მატარებელს.
აღნიშნული ანტიდემოკრატიული მონოპოლია აზრის და ნების გაცხადებისა ქმნის გაღიზიანების უმძიმეს ფონს ცხოვრების მრავალ სფეროში, მათ შორის – ანტიეკლესიურ (ანტიქრისტიანულ) პროპაგანდაში, რომლის შეპასუხების საშუალებასაც მედია მორწმუნეებს არ აძლევს. ვშიშობთ, რომ უპასუხისმგებლოდ გამოქვეყნებული პრიმიტიული ანტიქრისტიანული ლიტერატურის, მისი პროვოკაციული აფიშირების და პრიმიტიული დონის ასევე ანტისაზოგადოებრივი ტელეშოუების ნაკადი, რომელსაც ვხედავთ, ემსახურება საქართველოში რელიგიური გაღიზიანებისა და აქედან გამომდინარე ექსცესების პროვოცირებას, უფრო ზუსტად – ამგვარი ექსცესების სიმულირებას, რაც რუსეთის დღევანდელი აგრესიული პოლიტიკის ელემენტია.
ვაფრთხილებთ საზოგადოებას: ვიყოთ ფხიზლად!
ვაფრთხილებთ ხელისუფლებას: იცოდეთ თქვენი პასუხისმგებლობა! ნუ დაგავიწყდებათ, რომ მატჩის მოწყობისათვის (ამ შემთხვევაში – სამოქალაქო ურთიერთცემა-ტყეპის მოწყობისათვის) საჭიროა ორი გუნდი, ერთი გუნდით მატჩის მოწყობა შეუძლებელია! ვაფრთხილებთ მედიას: არ დაგავიწყდეთ, რომ თავისუფალი სიტყვის მონოპოლია საზოგადოების უბოროტესი მტერია.

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსის სახელით:
მ. გიორგაძე, პ. კოღუაშვილი, ნ. ნათაძე, თ. ჩხეიძე 10.05. 2010

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress