საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსისა და საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობისაგან 20.01.2009

1. საქართველოს ხელისუფლება მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ღიად აცხადებს მზაობას, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი – ენგურჰესი  (სიმძლავრით საქართველოს ჰესების 50%-ზე მეტი) _ გადასცეს რუსეთს, რომელიც ამჟამად საქართველოსთან შეტევითი დამპყრობლური ომის მდგომარეობაშია, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის წართმევას ცდილობს და, ყველა ნიშნის მიხედვით, გეგმავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დაშლას, მისი ეკონომიკის დანგრევას და მის შეძლებისდაგვარად შორსმიმავალ დეპოპულაციას. ეს ხდება იმ ვითარებაში, როცა საქართველოს დანარჩენი ჰესების სიმძლავრის 80% გადასულია რუსეთის საკუთრებაში. პრინციპულად საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან საქმიანი ურთიერთობის აღიარება მის მიერ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფის  პირობებში, ანუ კაპიტულაცია, აგრეთვე აფხაზეთის უკანონო სეპარატისტული ხელისუფლებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების განკარგვაში მხარის სტატუსის აღიარება, რაც ისევ და ისევ კაპიტულაციაა. პრაქტიკულად ეს ქმედება არის რუსეთისათვის საბაბის მიცემა, რათა თავისი შეიარაღებული ძალებით დაიკავოს ენგურჰესის ნაგებობები, მათ შორის კაშხალი (270 მ. სიმაღლისა), რის უფლებაზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს თავისი სახელმწიფო უშიშროების აგრესიული დოქტრინის მიხედვით, და ნებისმიერ დროს მოახდინოს როგორც საქართველოს ენერგეტიკული პარალიზება, ისე კაშხალთან დაკავშირებული ხელოვნური კატასტროფა.  რუსეთის ეს სავსებით ცნობიერი აგრესიული იმპერიული პოლიტიკა მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ თანამედროვე დემოკრატიული ცივილიზაციის წინააღმდეგაც საერთოდ, რამდენადაც მისი ერთერთი აგრესიული მიზანი, სხვა ანალოგიურ მიზანთა შორის, მდგომარეობს იმაში, რომ  გადაუკეტოს დასავლურ დემოკრატიას გზა ამიერკავკასიის ყელით აზიის ცენტრალური ნაწილისკენ და აღმოსავლეთს – შავი ზღვისა და ცენტრალური ევროპისკენ.

ამგვარად, საქართველოს ხელისუფლების ზემოხსენებული განაზრახი არის დღესდღეობით საქართველოზე შემომტევი ყველაზე აქტიური მტრული ძალის სამსახური საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების საზიანოდ.

2. მიგვაჩნია, რომ საქართველოში მომწიფებულია ერისა და საზოგადოების მიერ იმის კონსტატაციის სამწუხარო აუცილებლობა, რომ მ. სააკაშვილი და მისი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობის ჩათვლით, არიან არა ქართული, არამედ რუსული ადმინისტრაცია საქართველოში, კრემლის მიერ ცალსახად მართული. საქართველოს ხელისუფლების მოქმედება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, აგრეთვე მის წინა თვეებსა და წლებში ამას ცალსახად მეტყველებს. სახელდობრ:

_ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ისევე, როგორც შევარდნაძის ხელისუფლებამ, არ განაცხადა ოფიციალურად, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული ბრძოლა არის არა ეთნიკური კონფლიქტი, არამედ რუსეთის გამოუცხადებელი დაპყრობითი ომი საქართველოს წინააღმდეგ; რომ იგი ინსპირირებულია, ორგანიზებულია, მართულია რუსეთის მიერ და მასში ერთი მხარე შეიარაღებულია, აღჭურვილია, სადაზვერვო  მონაცემებით და საპროპაგანდო მხარდაჭერით უზრუნველყოფილია რუსეთის მიერ.  სააკაშვილის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ გამოიყენა ქვეყნის დაცვაში ის არგუმენტი, რომ რუსეთი პირდაპირ მონაწილეობს ხსენებულ ომში თავისი `მოხალისეების~, `დაქირავებულების~ (სინამდვილეში კი ბრძანებით მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების) სახით და რეგულარული ჯარების სახითაც კი. შესაბამისად, სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუფერხებლად დაუშვა რუსეთის ფუნქციონირება, როგორც  `ფაცილიტატორისა~ ხსენებულ კონფლიქტთა `მოგვარების~ საკითხებში და როგორც  გაეროს გენერალური მდივნის `მგობარი~ ქვეყნისა ამ ამოცანასთან დაკავშირებით.

_ მან არ გააუქმა რუსების `სამშვიდობო~ მანდატი ამ კონფლიქტებში, რუსეთისათვის მიცემული შევარდნაძის მიერ

_ მან არ გააუქმა საქართველოს მყოფობა `დსთ~-ში, რომლის წევრის სტატუსითაც რუსეთი სარგებლობდა გაეროს `სამშვიდობო~ მანდატით

_ მან გამოთქვა მზაობა საქართველოში `სამხრეთ ოსეთის~ შესაქმნელად, რითაც, ყოველგვარი იურიდიული, დემოგრაფიული, ისტორიული და მორალური საფუძლის გარეშე, მსოფლიოს წინაშე შესაძლებელი გახადა ორი `ოსეთის~ – ერთი ნამდვილისა და მოერე ყალბის – `გაერთიანების~ ამოცანის დაყენება.

_ მ. სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის `რწმუნებულად~ რუსებისა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ  ტერიტორიებზე შიდა ქართლში დანიშნა კრიმინალი სანაკოევი, თუმცა ეს უკანასკნელი ღიად მიდიოდა და მიდის საქართველოს კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში არანაირი `ოსეთის~ არსებობას არ ცნობს.

- მან ხსენებული კრიმინალის, სანაკოევის მართვას დაუქვემდებარა არა მხოლოდ რუსებისა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიები, არამედ ახალგორის რაიონიც, სადაც არავითარი კონფლიქტი ქართველ და ოს მოსახლეობას შორის არ მომხდარა და სადაც არც ერთი `მემშვიდობე~ რუსი, ისევე როგორც არც ერთი შეიარაღებული სეპარატისტი, შესული არ იყო.

- მან წაახალისა დანარჩენი საქართველოსაგან აფხაზეთის მცოცავი სეცესიის გეგმა, რომელიც ნაკარნახევი და დაფინანსებული იყო უცხოეთიდან, მის პროექტზე ხელმომწერი ავტორების არაპირდაპირი დაჯილდოების სახით: არაფრით არ გამოჩენილი და არანაირი დამსახურების არმქონე კუბლაშვილი დანიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და ასევე არაფრით არ გამორჩეული ბაქრაძე ფაქტიურად აურჩევლად დააწინაურა პარლამენტის თავმჯდომარედ.

სახელმწიფო ღალატის ამ უდავო ფაქტების ფონზე  ჩვენ ვფიქრობთ, რომ აგვისტოს ომში სააკაშვილის, როგორც მთავარსარდლის, მოქმედება მთლიანად რუსეთის მიერ იყო მართული და მთლიანად წარმოადგენდა სახელმწიფო ღალატს: მან ცეცხლი გახსნა მაშინ, როცა რუსებმა უბრძანეს, და იხმარა ის  იარაღი, რომელიც რუსებმა უბრძანეს. წინასწარ ოფიციალურად განუცხადებელი შეიარაღებული პასუხით რუსებისა და ოსების მიერ ქართული სოფლებისათვის მრავალკვირიანი ცეცხლის წარმოებაზე და ამ პასუხამდე რუსების სამშვიდობო მანდატის არგაუქმებით სააკაშვილმა წინასწარგანზრახულად მისცა რუსეთს ფორმალური საშუალება საქართველოსათვის ორი  ყალბი ბრალდების წაყენებისა, რომლებიც რუსეთმა გამოიყენა საქართველოს  წინააღმდეგ შეტევის ორადორ საბაბად: რომ ქართველებმა მემშივიდობეებს ცეცხლი გაუხსნეს ( რაც სინამდვილეში არ მომხდარა) და რომ ქართველებმა ოსებს `გენოციდი~ მოუნდომეს (რაც აგრეთვე არ მომხდარა).

_ მან გააუქმა კოდორის ხეობისა და მისი მოსახლეობის ერთადერთი რეალური დამცველი ფორმირება – მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი `მონადირე~ _ და  2009 წლის აგვისტოში წინააღმდეგობის გარეშე დაუთმო მტერს ხსენებული ხეობა.

ჩამოთვლილ ქმედებებს სხვა კვალიფიკაცია და სხვა ახსნა ვერ მიეცემა, თუ არ როგორც შეგნებული სახელმწიფო ღალატისა, რომლის მიზეზი და საფუძველია მტრის (რუსეთის) შეგნებული და მიზანმიმართული აგენტურული სამსახური.

გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოწყობილი ბარბაროსული დარბევა სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა გამოყენებული იქნა მხუთავი (და არა ცრემლმდენი) გაზი და რეზინის ტყვიები, მოწყობილი იყო იმ მიზნით, რომ იმ ევროპულ სახელმწიფოებს, რომელთაც არ ჰსურდათ და არ ჰსურთ საქართველოს მიღება ნატოში, საშუალება მისცემოდათ საქართველოს კანდიდატურის უარყოფისა ამ სახელმწიფოს არასაკმარისი დემოკრატიულობის მოტივით

შენიშვნა: ზემოხენებულ ქმედებათა პარალელურად სააკაშვილისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს ღალატი რუსეთის სასარგებლოდ ხორციელდება, ჩვენის აზრით, იმითაც, რომ

- ხდება საქართველოს კეთილდღეობისა და ქართველი საზოგადოების განვითარების მიზანმიმართული საბოტირება საშუალო კლასის ჩამოყალიბების არდაშვების, მრეწველობისა და, საერთოდ, წარმოების საგადასახადო `ხრჩობის~, ემიგრაციისა და იმიგრაციის სტიმულირების, განათლებისა და მეცნიერების ნგრევის და სხვა ანალოგიური დივერსიული ნაბიჯების სახით  (რაც `დასავლური ღირებულებების~ რეალიზაციის ყალბი მოტივით ინიღბება, ამ ღირებულებათა დისკრედიტაციის მიზნით, და რაც შეესაბამება რუსეთის ზემოხსენებული სტრატეგიით განპირობებულ გეგმას, რომ საქართველო ვერშემდგარ სახელმწიფოდ აქციოს), და

_ ხდება საქართველოს საკვანძო ეკონომიკური სიმძლავრეების მიზანმიმართული გადაცემა რუსეთისა და რუსული ფირმების (მათ შორის – რუსული სახელმწიფო ფირმების) ხელში. ენგურჰესის გადაცემა რუსებისათვის ამ მიზანმიმართული პროცესის მხოლოდ ერთერთი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია.

3. საქართველოში სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლება – მის ხელში საკანომდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ყველა ბერკეტების თავმოყრა, აგრეთვე მისი უკანონო ბატონობა მეოთხე ხელისუფლებაშიც (მედიაში)  არალეგიტიმურია, სახელდობრ, იგი ხელისუფლებაში იმყოფება არჩევნების ტოტალური გაყალბების, ხოლო შემდეგ, სახელმწიფო ხელისუფლების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენებით, ახალ-ახალ უფლებათა  უზურპაციის გზით.

4. თქმულიდან _ სახელდობრ, სახელმწიფოსა და ერისადმი სააკაშვილისა და მისი გუნდის ორგულობიდან და მათი ხელისუფლების დღესდღეობით არალეგიტიმურობიდან _ გამომდინარე, ვიცით რა, რომ ჩვენი აზრი, სულისკვეთება და პოზიცია ემთხვევა და ასახავს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისას, ჩვენს უფლებად და მოვალეობად ვრაცხთ, განვაცხადოთ შემდეგი:

ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქენი, აგრეთვე როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრნი ან მხარდამჭერნი, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და პოლიტიკურ საქმიანობაშიც ვიცავთ სამოქალაქო წესრიგის ყველა წესს და არსებული კანონის ყველა მოთხოვნას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება ქაოსი. ამავე დროს ჩვენ იურიდიულად არ ვცნობთ საქართველოს ხელისუფლებად პირადად სააკაშვილს და მისი პოლიტიკის გამტარებელ გუნდს მათი სახელმწიფოსადმი ორგულობისა და მათი არალეგიტიმურობის გამო, სახელდობრ, არ ვცნობთ ამ ხელისუფლების უფლებამოსილებას, რომ განსაზღვრავდეს საქართველოს დღევანდელსა და მომავალ ბედს, განკარგავდეს მის ეროვნულ სიმდიდრეს, მის სათავდაცვოდ, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად სტრატეგიულ ობიექტებს, წყვეტდეს მისი ომისა და მშვიდობის საკითხებს და, შესაბამისად, დებდეს ისეთ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს (მით უმეტეს, კაპიტულაციური მომენტების შემცველს), რომელთაც პრინციპულად შეუქცევადი ან ძნელად შესაქცევი შედეგები მოჰყვებათ. წინამდებარე განცხადებით ჩვენ წინასწარ ვატყობინებთ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე სახელმწიფოებს, აგრეთვე საქართველოსთან და მასში არსებულ იურიდიულსა და ფიზიკურ პირებთან საქმიანი ურთიერთობის მქონე იურიდიულსა და ფიზიკურ პირებს, რომ საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური და ორგული ხელისუფლების მიერ განხორციელებული იურიდიული აქტები ტერიტორიის, მის რომელსამე წერტილში ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების თაობაზე და საკუთრების (პირველ ყოვლისა – უძრავი საკუთრების) თაობაზე ექვემდებარება გაბათილებას მომავალი დემოკრატიულად არჩეული, მაშასადამე, ლეგიტიმური ხელისუფლების (ხელისუფლებების) მხრიდან იმ შემთხვევებში, თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რისი ფაქტიც ყველა ცალკეულ შემთხვევებში ექვემდებარება დადგენას სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსისა და

საქართველოს ეროვნული

წინააღმდეგობის მოძრაობის სახელით  _  აფციაური ლ.

ბახტაძე დ.

ბერიანიძე ტ.

გიორგაძე მ.

დუნდუა რ.

ზარდალიშვილი ო.

კაკულია ა.

კოღუაშვილი პ.

ნათაძე ნ.

სიჭინავა ა.

სორდია გ.

ჩხაიძე შ.

20.01.2009

დაიბეჭდა  ‘რეზონანსი”    23.01

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress