საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსის პოზიცია 2009 წლის 9 აპრილს დაგეგმილ პოლიტიკურ აქციასთან დაკავშირებით

1. მ. სააკაშვილის ხელისუფლება ჩვენ მიგვაჩნია რუსულ ადმინისტრაციად საქართველოში. იგი მართულია რუსეთის მიერ საქართველოს ყველაზე  მნიშვნელოვან სასიცოცხლო ინტერესთა საწინააღმდეგოდ. ეს ადმინისტრაცია არის არალეგიტიმური, რადგან იგი დღეს ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად. ამავე დროს მას ახასიათებს ანტიხალხური სისხლიანი და კორუმპირებული ტირანიის ნიშანთა ფართო სპექტრი. მის მიერ საქართველოს მართვის ყოველი დღე ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის ახალი კატასტროფების  მომტანია. ამიტომ ამ პოლიტიკური ჯგუფის – მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის _ უვნებელყოფა, როგორც სახელმწიფოს მიზანმიმართული ნგრევის განმახორციელებლებისა უცხო დავალებით, სახელდობრ, მათი მოცილება საქართველოს ხელისუფლებიდან, ჩვენის აზრით, გადაუდებელი ამოცანაა. მიგვაჩნია,  რომ ქართველი ხალხის სრული და ერთობლივი ძალისხმევით ეს ამოცანა მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს.

2. გადაუდებელ ნაბიჯად საქართველოში დღეს არსებული ანტიქართული და არალეგიტიმური ხელისუფლების ახალი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების უვნებელყოფისათვის ჩვენ მიგვაჩნია პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ზოგადად საზოგადოებრიობის მიერ იმის გაცხადება, რომ ჩვენ, საქართველოს ხალხი და მისი პოლიტიკური ორგანიზაციები, ვცნობთ რა საზოგადოებრივი წესრიგის აუცილებლობას და არსებული მმართველი სისტემისადმი მორჩილების საჭიროებას დე ფაქტო, ამავე დროს არ ვცნობთ არც დღევანდელ პრეზიდენტს, არც პარლამენტს, არც მთავრობას დე იურე, მაშასადამე, არ ვცნობთ მათს უფლებამოსილებას ისეთი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად, რომლებითაც ზარალდება (იკვეცება) საქართველოს ტერიტორია ან იურისდიქციის ხარისხი ამ ტერიტორიის რომელსამე წერტილში, აგრეთვე ნასყიდობებისა და სხვა ისეთი იურიდიული აქტების განსახორციელებლად, რომლითაც საქართველოს მთლიანად ან ნაწილობრივ ეკარგება სათავდაცვოდ, ეკონომიკურად ან სხვაგვარად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე  ობიექტები (რაც ჩვენ განცხადებული გვაქვს გაზ. `რეზონანსში~ გამოქვეყნებული განცხადებით). საქართველო თავისი პოლიტიკური ძალებისა და მთლიანად საზოგადოების სახელით დაუყოვნებლივ უნდა გაემიჯნოს არსებულ ხელისუფლებას, რათა ამით აღკვეთოს ქვეყნის მომავალი პასუხიმგებლობა თავისი დღევანდელი უპასუხისმგებლო და არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, კორუფციაზე აგებულ კაბალურ ხელშეკრულებებზე და ვალებზე. ამ ნაბიჯის გადადგმა საზოგადოებრიობისა და მისი პოლიტიკური ძალების მიერ აუცილებელია ყველა შემთხვევაში.

3. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა განისაზღვროს და საქართველოს საზოგადოებრიობის სახელით მ. სააკაშვილსა და მის გუნდს წარედგინოს ხელისუფლებიდან მისი წასვლის ყველაზე უმტკივნეულო და ქვეყნის სტაბილურობასთან შეთავსებადი გზა. სახელდობრ:

_ ან  საქართველოს ხელისუფლებამ დე ფაქტო პრეზიდენტის, პარლამენტის და   მთავრობის სახით დაუყოვნებლივ უნდა მიჰმართოს გაეროს თხოვნით, რათა გამოიყენოს მის ხელთ არსებული უფლება და ამ უფლების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება, რათა საქართველოში დაუყოვნებლივ ჩაატაროს ხელისუფლების უზენაესი ორგანოების არჩევნები,

_ ან დაუყოვნებლივ მიიღოს დემოკრატიული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობა (ასეთი პროექტები ხელთ გვაქვს), რომელიც იძლევა იმის გარანტიას ან შესაძლებლობას მაინც, რომ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმები აისახოს არჩევნების ოფიციალურ შედეგებში (რადგან დღევანდელი კანონმდებლობა იძლევა ხელისუფლების მიერ არჩევნების ტოტალური გაყალბების სრულ თავისუფლებას)

დაუყოვნებლივ დაინიშნოს პირველ ყოვლისა საპრალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან მ. სააკაშვილის წასვლის ზემოხსენებული პროცედურა ჩვენ ოპტიმალურად მიგვაჩნია. თუ მ. სააკაშვილი ამ პროცედურის გვერდის ავლით გადადგება, მაშინ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზემოაღწერილი ნაბიჯები _ გაეროსადმი მიმართვა არჩევნების ჩატარების თაობაზე ან ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიღება, ამავე დროს არჩევნების დაუყოვნებლივ დნიშვნა – პარლამენტის მიერ უნდა გადაიდგას.

4. ვიცნობთ რა რუსეთის სახელმწიფოს ტრადიციულ პრაქტიკას და მისი დღევანდელი ხელისუფლების აგრესიულ მიმართულებას, მოველით მისი სპეცსამსახურებისა და მის მიერ დაფინანსებული შესაძლო მოღალატური ქართული პარტიებისა და ჯგუფების მიერ 9 აპრილს შეიარაღებული შეტაკების ორგანიზების და სისხლისღვრის მცდელობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას როგორც მომიტინგეების სახით, ისე ფართო საზოგადოების სახით აბსოლუტური სიმყარისაკენ საქართველოს ამ უბოროტესი და დღესდღეობით ყველაზე აქტიური მტრის წინაშე. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს და უახლოეს განჭვრეტად მომავალში ჩვენ პირდაპირი ან არაპირდაპირი რუსული ცეცხლის ქვეშ ვართ, რადგან რუსეთი იბრძვის საქართველოს, როგორც ქვეყნისა და ერის, განადგურებისათვის, რათა საქართველო იყოს გაუვალი ტერიტორია, რომელიც ვერ დააკავშირებს ერთმანეთთან ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიას. საქართველოში ორგანიზებული კიდევ ერთი სამოქალაქო ომი იქნებოდა დიდი ნაბიჯი საქართველოს ასეთ გაუვალ ქაოსის ზონად ქცევის მიმართულებით.

ამავე დროს, ვიცით რა მ. სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის უპასუხისმგებლო დიქტატორული ბუნება და რუსეთისადმი მისი მორჩილების ხარისხი, მოველით მათი მხრიდან იერიშის მოტანას მშვიდობიან დემონსტრაციაზე და რუსეთის ზემოხსენებული ზრახვის განხორციელებაში მათი მონაწილეობის სხვა შესაძლო ფორმებს. ამიტომ მანიფესტაციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისაკენ, ხოლო შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნენ ხსენებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, შევახსენებთ, რომ დანაშაულებრივი ბრძანების შესრულება დანაშაულად ითვლება და ყოველ პიროვნებას მათი პირადი შემადგენლობიდან გარდუვალად მოეთხოვება პასუხი თავის მოქმედებაზე.

5. საქართველოში პოლიტიკურ პროცესთა დღევანდელ განვითარებაში, რომლებიც სხვა არა არის რა თუ არ სააკაშვილისა და მისი ფარულად პრორუსული ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებათა შედეგი და საზოგადოების ბუნებრივი რეაგირება ამ ქმედებებზე, ჩვენ ვხედავთ, დადებითთან ერთად (ანუ მ. სააკაშვილის ნებაყოფლობითი გადადგომის და საქართველოს სწრაფი დემოკრატიზაციის შესაძლებლობასთან ერთად) ორი მძიმე შედეგის შესაძლებლობასაც. პ ი რ ვ ე ლ ი ისაა, რომ მოხდება მოქალაქეთა შორის  სისხლისღვრა და საქართველოს განვითარება შეფერხდება მრავალი წლით, რის ფონზეც უკიდურესად დამძიმდება განჭვრეტად მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრესპექტივა. მ ე ო რ ე ისაა, რომ, თუმცა  მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების ხელშეწყობით აცილებული იქნება სისხლისღვრა, დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედი ერთი პოლიტიკური გუნდი საქართველოს ხელისუფლებაში შეიცვალოს მეორე ამდენადვე ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი გუნდით, როგორც ეს მოხდა 2003 წელს ე. წ. `ვარდების რევოლუციის~ ფორმით (რაც ვერ მოხდებოდა, 2003 წელს რომ სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის ჯგუფს `დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატი პოლიტიკოსების~ ყალბი შარავანდი არ ჰქონოდათ). ჩვენ ორივე აღნიშნული პრესპექტივა _ რუსეთის შეუნიღბავი მცდელობაც, რომ სამოქალაქო ურთიერთდაპირისპირების სისხლიან ფონზე საქართველოს სათავეში ამჯერად       ღ ი ა დ პრორუსული ჯგუფი მოიყვანოს, და მისივე შენიღბული მცდელობაც, რომ საქართველოს სათავეში გარეგნულად პროდასავლური, მაგრამ რეალურად რუსული ინტერესების გამტარებელი ჯგუფი მოიყვანოს _ დაუშვებლად მიგვაჩნია. (ამ მეორე პრესპექტივას დღეს ასახიერებენ პირველ ყოვლისა (მაგრამ არა მხოლოდ) ბურჯანაძის და ნოღაიდელის პარტიები, რომელთა პოლიტიკური ბიოგრაფიები ძირითადად შევარდნაძისა და სააკაშვილის ანტიქართულ პოლიტიკაში მონაწილეობისაგან შედგება, და რესპუბლიკური პარტია, რომელსაც, შევარდნაძესთან და რუსეთთან ღია კავშირის გარეშე, ყველა მნიშვნელოვან პარამეტრში არსებითად იგივე მიმართულება აქვს)

ჩვენი პოლიტიკური პოზიცია (რომლის უკანასკნელი პუბლიკაცია მოთავსებულია გაზ. `რეზონანსში) შემდეგია:

_ საქართველო, როგორც დედამიწის ერთერთი ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთერთ ნაწილს.

_ საქართველო არის დემოკრატიული, კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობაზე აგებული სახელმწიფო. აფხაზეთის ავტონომიური სტატუსის იდეალურად სამართლიან განსაზღვრაში (რომლის პროექტიც ხელთ გვაქვს) შედის როგორც თბილისისა და სოხუმის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, ისე სოხუმისა და აფხაზეთის რეგიონების უფლებამოსილებათა განსაზღვრა.

_ ერისა და სახელმწიფო მიზანთა შორის ერთერთი არის ობიექტური პირობების შექმნა საქართველოს მარადიულყოფისათვის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი. გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში მყოფი სახელმწიფოსი, სახელის `საქართველო~ მატარებელი სახელმწიფოსი და ქართული, ანუ თავის მოქალაქესთან ქართულ ენაზე მოლაპარაკე სახელმწიფოსი.

_ ჩვენს დამოკიდებულებას საქართველოში მოქმედი სხვა პოლიტიკური სუბიექტებისადმი ჩვენ განვსაზღვრავთ იმის მიხედვით, თუ როგორ ეკიდებიან ისინი ამ პრინციპებს.

განზრახული გვაქვს 9 აპრილს მიტინგზე მისვლა, რათა მის ლიდერთა და მონაწილეთა მიმართ შექმნილი ყველა ხიფათი გავიზიაროთ.

 

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსის სახელით:

აფციაური ლ.
ბარბაქაძე ზ.
ბახტაძე დ.
ბერიანიძე ტ.
გიორგაძე მ.
გოთუა მ.
გუჯაბიძე დ.
დუნდუა რ.
ზარდალიშვილი ო.
იმნაძე ა.
კაკულია ა.
კახაძე კ.
კოღუაშვილი პ.
კუპრეიშვილი დ.
მგალობლიშვილი ზ.
ნათაძე ნ.
სიჭინავა ა.
სორდია გ.
ქორიძე თ.
შავთვალაძე თ.
ხომასურიძე დ.
ჯორჯიკია ვ.

28. 03. 2009 წ.

6.04.2009  რეზონანსი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress