სიტყვებს მნიშვნელობები აქვთ

მოსაზრება
(15.02.2014)
ნოდარ ნათაძე
სიტყვა “ოკუპაცია” ლათინურად ნიშნავს “დაკავებას”. როგორც პოლიტიკური ტერმინი, იგი დღეს აღნიშნავს ამა თუ იმ შეიარაღებული ძალის დაუფარავად დგომას უცხო ტერიტორიაზე და იქ თავისი ნების განხორციელებას ძალის გამოყენებით.
ოკუპაციის მდგომარეობა იმით განსხვავდება მხოლოდ სხვის ტრიტორიაზე დგომის და მისი შეიარაღებული კონტროლის ფაქტისაგან, რომ ოკუპაცია (როგორც იტყვიან, “სტრიქონებს შორის”, ანუ არა სავსებით ოფიციალურად) იმასაც ნიშნავს, რომ ოკუპანტი უნდა იზღუდებოდეს გარკვეული ნორმებით დაკავებული ტერიტორიის მოსახლეობასთან მიმართებაში: იგი მოსახლეობის მდგომარობაზე პასუხისმგებელია: არ უნდა დაუშვას ყაჩაღობა, ეპიდემიების გავრცელება, ხანძარი და ასე შემდეგ.
ამერიკული დიპლომატიის იმდროინდელმა ლიდერმა ჰილარი კლინტონმა ეს სიტყვა – “ოკუპაცია” – შემოიღო რუსეთის 2008 წლის აგრესიის შედეგთა დახასიათებისათვის იმის ხაზგასმისა თუ შეხსენების მიზნით, რომ ესაა მიწაწყალი, რომელზედაც აქ მდგომ უცხო ძალას ხსენებული მხრივ პასუხისმგებლობა აწევს.
ამ ტერმინის სემანტიკაში (მნიშვნელობაში) ზოგადადაც და დღესაც განუყოფელ ელემენტად შედის ის, რომ იგი დაუშვებელი მდგომარეობაა: ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულია, ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში დეზოკუპირებულ უნდა იქნას, ანუ ოკუპანტი ამ ტერიტორიიდან უნდა წავიდეს. ოკუპაცია არის მიმდინარე ძალადობა და ოკუპაციის გაგრძელება ამ მიმდინარე ძალადობის გაგრძელებაა, რის გამოც ოკუპანტის იძულება დეზოკუპაციის მოსახდენად, ლოგიკურად, მსოფლიო საზოგადოებრიობის ერთ-ერთ საზრუნავად (მეტიც: მოვალეობად) არის მიჩნეული.
ტერიტორიებოკუპირებული სახელმწიფოს მოქალაქე და ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის შვილი მოვალეა, ამ ტერიტორიის მთლიანი და უპირობო დეზოკუპაცია ეწადოს და შინაგანად მზად იყოს ამ ამოცანის მიზნის მისაღწევად სისხლის დაღვრისათვის, როცა სახელმწიფო (სამშობლო) მოსთხოვს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია თავის ცოცხალ თაობათა წინაშეც, მკვდართა წინაშეც და მომავალთა წინაშეც, რომ დეზოკუპაცია მოახდინოს დღეს ან მისი სახვალიო და საზეგაო ოპერაცია დაგეგმოს ყველაზე რეალისტური ვარიანტით. თუ მოქალაქეს ან სახელმწიფოს მმართველს ეს არ სწადს, მას ამისი ღია მოტივაცია და დასაბუთება უნდა შეეძლოს (მაგალითად, იმით, რომ ჯობს, ეს ამოცანა დღეიდან სახვალიოდ გადაიდოს, რადგან ამით მსხვერპლი შეგვიმცირდება და ა.შ. თუ საპატიო მოტივაცია არ გააჩნია, მაშინ იგი ეჭვმიტანილია (და ეჭვმისატანია) მოქალაქეობრივი მოვალეობისაგან გაქცევაში, სიმხდალეში, მტრის მომხრეობაში, სახელმწიფო ღალატში საერთოდ და სხვა ზნეობრივ ცდომილებათა ალბათ ძალიან გრძელ რიგში.
პოლიტიკოსი ან “პოლიტიკოსი”, რომელიც ცდილობს ოკუპაციის ფაქტთან აბსოლუტური შეურიგებლობის პოზიციიდან უკანდახევას, ამით ასუსტებს სახელმწიფოს პოზიციას მსოფლიო არენაზე და გაცხადებულ სახელმწიფო ღალატს სჩადის.
სიტყვა “მშვიდობა” აღნიშნავს ისეთ ვითარებას, როცა არც თოფი ვარდება, არც ხანჯლები ტრიალებს. მაგრამ არა მხოლოდ მას. ერთია მშვიდობა, ანუ უომარი მდგომარეობა, მაშინ, როცა არც ძალადობა (ყოველ შემთხვევაში, ახლოს თვალსაწიერში მაინც), არც ერთთა მიერ მეორეთა ნელი კვლა და არც იმგვარი შეურაცხყოფა ერთთა მიერ მეორეებისა, რომელსაც ადამიანის ბუნება – ვერც მსხვერპლისა და ვერც მაცქერალისა – ვერ იტანს. ეს მიუღებელი მშვიდობაა.
მეორეა მშვიდობა, როცა არავინ არავის ერჩის, დროებით მაინც. გვყოფნის, კაცობრიობას, ეს ერთი სახელი – “მშვიდობა” – ამ ორივე ვითარების დასახასიათებლად? ცხადია, არ გვყოფნის. ჩვენ ამიტომ ვასხვავებთ “მისაღებ” მშვიდობას, ანუ ადამიანის სოცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან და ღირსებასთან შეთავსებად მშვიდობას, ერთის მხრივ, და “მიუღებელ”, ადამიანისათვის ვერმოსათმენ მშვიდობას მეორეს მხრივ.
ყოველი ჩვენგანის შეუვალი უფლებაა, აირჩიოს ერთი ორთაგანი – ან მიუღებელი მშვიდობა, ან სიკვდილი – თავისთვის. მაგრამ არა აქვს უფლება, ეს მოახდინოს სხვებისათვის, მით უმეტეს, იმათთვის, ვისზედაც პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ხელისუფალსა და მეთაურს. მით უმეტეს, არა აქვს უფლება, მათ პირველი, უღირსი “მშვიდობის” არჩევა სიცრუის გამოყენებით შესთავაზოს და შეატყუოს.
მაგალითად, გაყიდულ-გამოყიდული მედიით თვალი დაუბრმავოს და დაარწმუნოს: “ეს ჩვენი მტერი და მოძალადე, რომელსაც ჩოქბჯენში ვყავართ, ჯერაც იგივე ბაყბაყდევია, თქვენ რომ ბავშვობაში გასწავლიდნენ, მაგის შიშით ფრინველი ვერ დაფრინავს და ზღვაში ვეშაპი თრთისო”, თუმცა სინამდვილეში იგი აღარც ბაყბაყდევია, აღარც ბელტიყლაპია, იგი თავისივე ბრალით კბილებდაძრობილი კაციჭამიაა, რომლის მოგერიებაც, თუ ვვარგივართ, იმდენად მაინც ძალგვიძს, რომ ჩვენს მიწაწყალს მოვაშოროთ.
გაყიდულ-გამოყიდული ხელისუფლისა და მისი არაფრის მაქნისი გუნდის ასეთი ყალბი ქმედება არის არა მხოლოდ სახელმწიფო ღალატი, როგორც სახელმწიფოებრივი მიზანმიმართულად არასწორი აქტი, არამედ ადამიანთა მიზანმიმართული მასობრივი დეზინფორმაციაც მათი ასევე მიზანმიმართული გენოციდის მოტივით.
მომავალი ბრალმდებელი ამგვარი გუნდის რომელსამე წევრს ეტყვის: “თქვენ რომ თქვენს ოფიციალურ მეუღლეს მეზობელს უთმობდით გასართობად (რადგან ის მეზობელი ძლიერი იყო და მასთან საკონფლიქტოდ მაინცდამაინც გული არ გიწევდათ), ეს თქვენი პირადი უფლება იყო. მაგრამ რა უფლებით შეგყავდათ დეზინფორმაციისმიერ შეცდომაში ეს მასა, როცა საქმის ვითარება, რომელიც იმ წლების მსოფლიო პრესიდან აშკარად ჩანს, თქვენთვისაც ხილული იყო და თქვენც, როგორც სახელმწიფოზე თანამდებობით პასუხისმგებელი პირი, ვალდებული იყავით, თქვენი თქვენგანვე დაბეჩავებული ქვეშევრდომები დეზინფორმაციისაგან დაგეცვათ”.
სიტყვას “მონა” ძალიან მკაფიოდ მოხაზული მნიშვნელობა აქვს: იგი ნიშნავს ორფეხა ძუძუმწოვარს, რომელიც ყველა ადამიანური ნიშნის მატარებელია, მაგრამ სხვა თავის მსგავსს ეკუთვნის – მისი ქონებაა (საკუთრებაა) და, შესაბამისად, თავის მოქმედებას თავისი ამ პატრონის ნებით წარმართავს და არა თავისით (ანუ ნების ქონა აკრძალული აქვს).
ფეოდალიზმის ეპოქაში ეს სიტყვა განსხვავებული აზრითაც იხმარებოდა – იგი აღნიშნავს ფეოდალური იერარქიის კიბეზე უშუალოდ მომდევნო ქვედა საფეხურზე მდგომს (“იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა”). სინამდვილეში შერმადინი მონა არ არის. იგი ავთანდილის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი ვასალია. ყველა ადამიანის ნებაა, აირჩიოს თუ არა თავისთვის მონის ბედი. თუ ეს ბედი არ უნდა, იგი ბრძოლაში სიკვდილს არჩევს და თავის შთამომავლების მონობაში გაჩენა აღარ მოუწევს.
ვის აქვს უფლება, მონობა განუსაზღვროს სხვებს, რომლებზედაც მეთაურობა (მთავრობად ყოფნა), ამა და ამ რთულმა და არანორმალურმა ისტორიულმა პირობებმა მოუპოვა? ლოგიკურია, რომ არავის. როცა მოქალაქეს ეუბნებიან “ვიცით, რომ არ გინდა, შენი მიწაწყალი სხვის მიერ ოკუპირებული იყოს, მაგრამ მე, ხელისუფალს გადაწყვეტილი მაქვს: ამ პირობებშივე, რომელშიც ვიმყოფებით, ამ ოკუპაციის მდგომარეობაშივე “დავალაგო” მტერთან ურთიერთობა, ანუ დემონსტრატიულად შევურიგდე მის დგომას ჩემს ტერიტორიაზე”, ეს არის მოსახლეობის, როგორც ასეთის, პირობათა ბოროტად გამოყენებით იძულება იმის საქმნელად, რაზეც მისი თანხმობა ვერ გექნებათ.
სიტყვა “დალაგება” იურიდიული და პოლიტიკური ტერმინი არ გახლავთ, მაგრამ მას თავისი კონკრეტული მნიშვნელობა მაინც აქვს. ამ შემთხვევაში, რომელიც მხედველობაში მაქვს, მას ხელისუფალნი უაზროდ ხმარობენ: დალაგება შეიძლება იმისა, რაც არეულია, ქაოტურ მდგომარეობაშია. ამ განსახილველ შემთხვევაში ქაოტურად არაფერი არ არის: ყოველივე დალაგებულია მყარად იმ მდგომარეობაში, როცა მტერი მაღლაა და ქვეყანა ქვეშ ჰყავს მოქცეული, ანუ: ხელისუფალნი საზოგადოებას ამ მდგომარეობის მარადიულყოფისაკენ და მონის მდგომარეობასა და როლში გაშეშებისაკენ მოუწოდებენ. თუ არა, მაშინ უნდა იხმარონ სიტყვა “გადავალაგებთ”, ანუ “სურათში როლებს შევცვლით, ამ მათს განლაგებაში კორექტივს შევიტანთ”.
მაგრამ “გადაალაგებთ” რა მიმართულებით? ამას ვერ გვეუბნებით, რადგან იმ ბატონისაგან და პატრონისაგან არანაირი შეპირება არა გაქვთ და არც მოელით. ამჯერად თქვენ ქვეყანას არა მხოლოდ ჰღალატობთ: მას კიდეც აბითურებთ.
ამ მარადიული ლაფით მოთხვრილი სახეებით პოლიტიკაში სიარული არ შეიძლება. ვერც ვინმე ივლის დიდხანს. ვერ მოგახსენებთ, მსოფლიოში ბევრია თუ ცოტაა ქვეყანა, რომელშიც სწორედ ასეთი სახეები ბატონობენ. მაგრამ ვიცით (ყველამ), რომ გაეროს წევრ ქვეყნებს შორის ამგვარი ერთი მაინც არის! მაგრამ ამ ქვეყანას, დიდი წარსულისას და, ეჭვი არ მეპარება, დიდი მომავლისას (თუ ამჯერად ვივარგეთ), საერთოდ არატიპური ბიოგრაფია აქვს.
თუ პოეტურად ვიტყვით, შეგვიძლია ამოოხვრით აღვნიშნოთ, რომ ბედმა-მდევარმა მის ისტორიიას მოღალატეთა არატიპობრივად მაღალი პროცენტი და ფართო ასორტიმენტი გამოაყოლა. თუ მეცნიერულად ვიმსჯელეთ, მაშინ შეგვიძლია ისევე ზუსტად და ამომწურავად ჩამოვთვალოთ თითებზე ამ სავალალო მოვლენის ობიექტური ფაქტორები, როგორც მეტეოროლოგიური ფაქტორები წვიმისა ან მოწმენდილი ამინდისა.
დავუბრინდეთ საქართველოს კონკრეტული დღევანდელობის თემასაც. მისი ცხოვრების კლასიკური ისტორიული პრინციპი:
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი
დღევანდელი დღისთვის ცოტა სხვაგვარად ფორმულდება. დღეს ამ ქვეყანას არჩევანი აქვს არა სასახელო სიკვდილსა და ნაძრახ სიცოცხლეს შორის, არამედ, პირიქით – ნაძრახზე ნაძრახ სიკვდილსა და სახელოვან სიცოცხლეს შორის. ნუ მოვტყუვდებით ნაფტალინიდან ამოღებული იაფფასიანი რუსული დემაგოგიით “ქართველი” პოლიტიკოსების პირიდან.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress