გიორგაძე: „ქართული ოცნების“ მთავრი სლოგანი ამ არჩევნებში იქნება – „დავასაქმებთ მხოლოდ ჩვენიანებს!

  • NEWS.GE 21 თებერვალი 14:08

 

  • „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს მიაჩნია, რომ მიუხედავად ზოგიერთი მიმართულებით პროგრესისა, მმართველმა კოალიციამ უმეტესწილად ვერ გაამართლა ამომრჩეველთა მოლოდინები, ვერ შეძლო წინა ხელისუფლების მიერ დანატოვარი პოლიტიკური და სისტემური კრიზისის დაძლევა და არათუ ვერ შეძლო ძველი სისტემის მანკიერი ზნე-ჩვეულებებისგან გათავისუფლება, არამედ, ზოგი მიმართულებით გადააჭარბა კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ამის ნათელი გამოხატულებაა ქვეყნის ვიცეპრემიერისა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის კახი კალაძის განცხადება, სადაც ის მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, სანაცვლოდ კი ჰპირდება, რომ „ყველა ის პიროვნება, ვინც ღირსეულად იბრძოდა და იდგა ჩვენ გვერდით, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს. სამომავლოდ კი ის ნიჰილიზმი, რომელიც იყო ჩვენს მხარდამჭერებში დასაქმების მიმართულებით, ყველანაირი პრობლემა იქნება გადაწყვეტილი“. სამართლებრივ ენაზე, ბატონი ვიცეპრემიერის ეს განცხადება, სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩეველთა მოსყიდვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მცდელობა, ხოლო პოლიტიკის ენაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრი სლოგანი ამ არჩევნებში იქნება – „დავასაქმებთ მხოლოდ ჩვენიანებს!“

კეთილგანწყობით მინდა შევახსენო ბატონ კახის, რომ წინა რეჟიმმა, რომელსაც ერთად ვებრძოდით, სწორედ ასეთი არაკეთილსინდისიერი ნაბიჯებით დაგვამახსოვრა თავი და სწორედ მსგავსი ბრალდებით გასამართლდა ახლახან ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი. ამიტომ, მოვუწოდებ მას და ,,ქართული ოცნების” სხვა მესვეურთ, რომ თავი დაანებონ მსგავს განცხადებებს და თავიანთი ძალისხმევა მიმართონ კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შესაქმელად, რაც ზოგადად მათთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც”, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress