გოგი ლორთქიფანიძე – „პოლიტიკურად აქტიურმა საზოგადოებამ თვითორგანიზება უნდა მოახერხოს“

  • NEWS.GE  21 თებერვალი
  • „სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქართველოში არაერთგვაროვანი პოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი.

„მიუხედავად შედარებითი პროგრესისა, „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე ვერ შეძლო წინა ხელისუფლების მიერ დანატოვარი მანკიერი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი; მთავარ ოპოზიციურ ძალად მონათლული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწინდებური ცინიზმითა და აგრესიით განაგრძო ქმედებას ძალაუფლების დასაბრუნებლად, ხოლო სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩარევას და მათზე გავლენის მოხდენას, რასაც მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ხელისუფლებაც. ამის ნათელი დადასტურებაა ის არაჯანსაღი პროცესი, რაც თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების განხილვას ახლდა თან“, – განაცხადა გოგი ლორთქიფანიძემ.

იგი მიიჩნევს, რომ სიტუაციის ძირეული, სისტემური ცვლილების მისაღწევად, პოლიტიკურად აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოახერხოს თვითორგანიზება და ამ არჩევნებისთვის ისეთი პოლიტიკური ერთობის შექმნა, რომლის წევრებსაც ექნებათ საერთო ხედვა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ.

„ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, ამომრჩევლებმა არჩევანი გააკეთონ არა კონკრეტული პიროვნებების მხარდასაჭერად ან წინააღმდეგ, არამედ, ჩამოყალიბებული პოლიტიკურ ხედვისა და პასუხიმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალებს შორის.

სახალხო პარტია მზად არის ცვლილებებისთვის და იმედოვნებს, რომ საკითხისადმი ასეთ მიდგომას მრავალი მომხრე გამოუჩნდება საზოგადოებაში, მათი აქტიურობა კი შესაძლებელს გახდის ისეთი პოლიტიკური გუნდის შექმნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში და, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზული შედეგის ჩვენებას მოხერხებს“, – აღნიშნა გოგი ლორთქიფანიძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress