პასუხად “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” მემკვიდრეებს 19.12.2010

giorgadze-1

`ღმერთო მომეცი მე სიბრძნე და თავშეკავება, ოღონდ ახლა არა.
ნეტარი ავგუსტინე

 გრძელდება ორგანიზებული და მართვადი დიდი გეგმის განხორციელება, რომელსაც საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ჰქვია. სწორედ ამ დიდი კამპანიის ერთ-ერთ ეპიზოდთან გვქონდა საქმე, როცა I არხის ეთერიდან (პროგრამა `დიალოგი) საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას ჰქონდა ადგილი, ინსტრუმენტად კი ამ საქმეში ნაცადი სახეები _ დავით პაიჭაძე (წამყვანი), ბექა მინდიაშვილი და გიგა ზედანია მოგვევლინნენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის მიღმა არსებობს ფართო საზოგადოებისთვის დაფარული ძალები, რომლებიც ქმნიან სტრატეგიას, რომლის ერთ-ერთ ტაქტიკურ სვლასაც ამ ტიპის პროცესების წარმართვა წარმოადგენს. რისთვისაც, ცხადია მათ ადგილობრივი კადრები სჭირდებათ და როგორც სჩანს ახერხებენ კიდეც მათ მობილიზებას. სწორედ ამგვარ კადრებს წარმოადგენდნენ ის სახეები, რომლებიც ამ გადაცემაში წარმოსდგნენ.
საინტერესოა, თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი: 14 დეკემბერს, სოციალურ ქსელ `ფეისბუქში~ გავრცელდა ანონიმი ავტორის წერილი, რომელშიც თითქოსდა ეკლესიაში არსებულ პრობლემაზე იყო ლაპარაკი, რასაც მყისიერად, 14 დეკემბერსვე მოჰყვა ბექა მინდიაშვილისაგან მისი ტირაჟირება და 16 დეკემბერს (წმ ბარბარეს, რომელსაც უდიდეს პატივს მიაგებს მართლმადიდებელი მრევლი, ხსენების წინა დღეს) კი უკვე აღნიშნულ გადაცემაში ამ საკითხზე მსჯელობა. ცხადია, წინაპირობის შექმნას და მერე გადაცემის ორგანიზებას ერთი ხელწერა აქვს. საგულისხმოა, რომ ამგვარი მეთოდი 20_30 იანი წლების ბოლშევიკური მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი (70-იანი წლების ბოლშევიკები კი უკვე `ანონიმკებზე~ აღარ რეაგირებდნენ).
გულისამაჩუყებელია I არხის გადაცემის მოტივი _ “საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი აზრი და აუცილებლად მასზე უნდა ვიმსჯელოთო”. პირველ რიგში, აქ ერთ გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: გადაცემის ავტორი აპელირებს, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი აზრიო. თუმცა, `ფეისბუქში~ გავრცელებული ანონიმური წერილის (რომელიც დიდი ეჭვია მათივე გავრცელებულია) გარდა არაფერი არსებობს და ვინ მოიკვლია, რა სოციალური გამოკითხვების საფუძველზე გვეუბნებიან, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი აზრი, გაუგებარია. თუმცა, ცხადია, რომ სხვა რამესთან გვაქვს საქმე: საქმე ისაა, რომ ერთის მხრივ, თუ ზოგადად წარმოვიდგენთ ამ ტერმინს – `საზოგადოება~ ან `საზოგადოების ნაწილი,” ცხადია, ადამიანთა რაღაც ერთობა, რაოდენობრივად როგორი მცირეც უნდა იყოს, თუნდაც ერთი ადამიანიც კი, საზოგადოების ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ამ მოვლენის არსში კარგად ჩავიხედავთ და მას თავის ნამდვილ, კონკრეტულ სახელს დავარქმევთ, მაშინ უფრო გაგვიადვილდება დაფარული მხარის გარკვევა და იმასაც შევამჩნევთ, რომ ტერმინი – “საზოგადოება~ (აღარ არის ლაპარაკი უფრო მოკრძალებულ ტერმინზე _ `საზოგადოების ნაწილი~ ან “კერძო აზრი”) გადაცემის ორგანიზატორებისთვის მათ მიერვე წამოჭრილი თემისთვის განსაკუთრებული წონის მისაცემად არის გამოყენებული. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანთა მცირე, გარკვეულ კატეგორიასთან, რომელთათვისაც დამახასიათებელია იმ ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა და დისკრედიტაცია, რაც არა მარტო ეროვნული თვალსაზრისით არის ჩვენთვის ძვირფასი და რაზეც საუკუნეებია დგას ჩვენი ერი, როგორც თვითმყოფადი სახისა და ხასიათის მქონე, არამედ ზოგადადამიანური თვალსაზრისითაც.
ამ კატეგორიის ადამიანებს თუ ჯგუფებს ასევე პრეტენზია აქვთ დიდ დემოკრატიულობასა და სიტყვის თავისუფლების მებაირახტრეობაზე. გამომდინარე აქედან, ვიმედოვნებთ, ასევე გაუკეთებთ ტირაჟირებას ამ წერილს. მით უმეტეს, თუ ანონიმურ წერილებზე ასე ოპერატიულად რეაგირებთ, ხელმოწერილმა უფრო უნდა დაგაინტერესოთ. გარწმუნებთ, მის პათოსს მრავალი ადამიანი იზიარებს (შეგიძლიათ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც ჩაატაროთ). თუმცა, თქვენ საჭირბოროტო თემებზე ჯანსაღი და ობიექტური დისკუსია კი არ გაინტერესებთ, არამედ ეკლესიის და სასულიერო პირების ცილისწამება და შეურაცხყოფა.
“გავაცნოთ ხალხს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები და პიროვნებები~ _ მოგვიწოდებს I არხი. ჩვენც ვუერთდებით ამ მოწოდებას და გვაქვს სურვილი მართლაც დაიწყოს ობიექტური სურათის მიწოდება საზოგადოებისთვის. ვილაპარაკოთ თუნდაც თქვენგან მიზანში ამოღებულ მიტროპოლიტ დიმიტრიზე, რომელიც ეკლესიაში და საზოგადოებაში პატრიარქის ძმისშვილობით კი არ არის ცნობილი, როგორც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ, არამედ საკუთარი ბიოგრაფიით _ ეკლესიისა და ქვეყნისათვის ღვაწლით, მას ნათესაობით კი არ მიუღწევია სინოდის წევრობისათვის, როგორც თქვენ გინდათ დაამკვიდროთ, არამედ თავისი რწმენით, ცნობიერებით და მრავალწლიანი მოღვაწეობით. ამბობთ, გავაცნოთ მეუფე დიმიტრის მოღვაწეობაო. კი, ბატონო, გავაცნოთ! დაწყებული რელიგიური და ეროვნული საქმიანობით, შედეგით, რაც მის მოღვაწეობას მოყვა როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ, ასევე თბილისში, მცხეთაში, კახეთში, ხევში და რაც მთავარია, ერთ-ერთ რთულ რეგიონში – აჭარაში. ვაუწყოთ საზოგადოებას ის რთული ურთიერთობები, რომელიც მას აჭარის ძველ ხელისუფლებასთან ჰქონდა. ვაუწყოთ საზოგადოებას იმ მოვლენაზე, როცა ახალი ხელისუფლების პირობებში, 30-იანი წლების შემდეგ პირველად, ღია იერიში მიიტანეს ეკლესიაზე, ფერიის მთაზე ტაძრის დანგრევა, სწორედ მის ეპარქიაში და მისი საპასუხო მოქმედებები. მისი მზრუნველობა ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარზე. მისი შრომა ეპარქიაში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებასა და სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაზე. მიუძღვენით ერთი გადაცემა და კი ბატონო, მოვუთხროთ სინამდვილე საზოგადოებას, თუ სიმართლისთვის ხართ მოწოდებული და არა სხვა რამისთვის.
კომიკურია ის შესაშური უვიცობა (როდესაც სხვას აბრალებენ სახარება წაკითხული არ აქვთო), რასაც ამჟღავნებენ თქვენი ეგრეთწოდებული თეოლოგები, მეუფე დიმიტრის კომპრომეტაციის მიზნით, მისი ნათქვამი გამოყენებული იქნა მეუფე დიმიტრის აგრესიული და ექსტრემისტული შეხედულებების დასადასტურებლად, არადა ეს ფრაზა სახარებიდან მოტანილი ციტატაა _ (`ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწინეს, შენობის ქვაკუთხედად იქცა…) “და ვისაც იგი დაეცემა, გასრესს და ვინც მასზე დაეცემა დაიმსხვრევა~.
ასეთი ცილისმწამელური კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არც თუ სიახლეა მისთვის, ვინაიდან, დიდი გამოცდილება აქვს მიღებული, სულისკვეთებით თქვენს მსგავს კომკავშირულ აქტივთან და კაგებეს პროვოკატორებთან ბრძოლისა, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო.
მეუფე დიმიტრი ჯერ კიდევ მაშინ ებრძოდა საბჭოთა სისტემას (უფრო სწორედ სისტემა ებრძოდა მას), როცა დღევანდელი ფსევდო-ლიბერალები, მაშინდელ დანაშაულებრივ სისტემას ემსახურებოდნენ. (მაგალითად, გია ნოდია, ფილოსოფიის ინსტიტუტში საქმიანობას კარგად უთავსებდა კაგებეს ინფორმატორობას, ისე რომ თანამშრომლები მის გამოჩენაზე საუბრებს წყვეტდნენ და სასწრაფოდ ტოვებდნენ იმ ადგილს. ხოლო, მის უახლეს კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურის ტომები საუბრობს). ჯერ კიდევ მაშინ, როცა თქვენი წინამორბედი კომკავშირული აქტივი, პარტიის დავალებით, წირვა-ლოცვის პროვოკაციულად ჩაშლის მცდელობებით იყო დაკავებული და ამგვარი პროვოკაციების აღკვეთის საპასუხოდ ხელჩართულ ჩხუბსაც არ ერიდებოდნენ სპეციალურად მომზადებული ჯანიანი კომკავშირლები; ჯერ კიდევ მაშინ, როცა აღდგომის ღამეს სიონში “ვზრივპაკეტების” შემოგდება, საპატრიარქოზე თავდასხმა, მისი გადაწვა და მსგავსი პროვოკაციები რომ ხდებოდა. იქიდანვე უწევდა მეუფეს დაპირისპირებაში მონაწილეობა და არასდროს უკან არ დაუხევია. ასევე დიდი ბრძოლები აქვს გამოვლილი საბჭოთა ხელისუფლებასთან, დღევანდელი სასულიერო პირების ნაწილსაც.
თქვენს მიერ წამოწეულ საკითხთან დაკავშირებით, რაც პატრიარქის ნათესაობის საკითხს უკავშირდება, რა თქმა უნდა, უარყოფით კონტექსტში _ბექა მინდიაშვილი რომელმაც არ იცის ღირსეული ნათესაობის და ოჯახის ფასი, ვერ გაიგებს, რომ ნათესაობა ზოგისთვის პრივილეგიაა, ზოგისთვის პასუხისმგებლობა. შეიძლება ერთი ფაქტის მოტანა, რაც ბევრ რამეს ცხადყოფს ამ მხრივ: გოგი შიოლაშვილმა, პატრიარქის ძმისშვილმა და მეუფე დიმიტრის ძმამ(ღმერთმა აცხონოს ამ დიდი მამულიშვილის ნათელი სული), მაშინ, როდესაც სასულიერო სემინარია დახურვის საფრთხის წინაშე დადგა სტუდენტთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, მაშინ, როდესაც სრულებით არ აპირებდა სასულიერო პირის ცხოვრებით ცხოვრებას, შევიდა სასულიერო სემინარიაში და რამდენიმე წელი სწავლობდა, ვიდრე ახალმა ნაკადმა არ შეავსო საჭირო რაოდენობა და შემდეგ, თავიდან ჩააბარა უნივერსიტეტში. ამ ქმედებით, მაშინ მან გადაარჩინა სასულიერო სემინარია დახურვას. დღეს მის მამა-პაპისეულ სახლში მონასტერი ფუნქციონირებს. რამდენი ასეთი ფაქტის გახსენება შეიძლება.
და, რა თქმა უნდა, გააღიზიანებს ამ ხელისუფლებას ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტის ღვაწლი, რაც პირდაპირ აისახება ეკლესია-მონასტრების და მასში მოღვაწე სასულიერო პირების რაოდენობის ზრდაზე, მრევლის სულიერი ცხოვრების ამაღლებაზე, ქართული ეროვნული ცნობიერების განმტკიცებაზე, საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრებაში მაღალ ზნეობრივ სტანდარტების დამკვიდრებაზე და მრავალი კიდევ სხვა. აღიზიანებს აგრეთვე, რომ მეუფე დიმიტრის ძალისხმევით, ფერიის მთაზე მაინც გაგრძელდა ეკლესიის მშენებლობა და ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია. ასევე აღიზიანებს იქაური მრევლის აქტიურობა, როცა მიმდინარე წლის აგვისტოში ე.წ. გეიპარადების ბათუმში ჩატარების მცდელობას წინ აღუდგნენ. ასევე, ქობულეთში მოთხრილი ჯვარი რომ ხელახლა აღმართეს. აღიზიანებს ფერიის მთაზე ბანას მსგავსი ტაძრის აშენების განზრახვაზე ხელი რომ ვერ ააღებინეს, ეპარქიის მმართველს, სადაც ხელისუფლებას მორიგი გასართობი პარკის მოწყობა უნდათ და მრავალი სხვა. საერთოდაც აღიზიანებთ ბოლშევიკების პირდაპირ შთამომავლებს ქართული სულის და ქრისტიანობის აღმავლობა ამ რეგიონში, მათმა წინაპრებმა აჭარის ავტონომია ხომ რელიგიური მოტივით შექმნეს, რაც ათეისტური სახელმწიფოსაგან სრული ნონსენსია და დღესაც კიდევ უფრო ართულებენ ვითარებას, საპატრიარქოს პოზიციის იგნორირებით აპირებენ ამ რეგიონში ორი დიდი მეჩეთის აშენებას, ვითომცდა ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, როგორც პრობლემა იქნა წამოწეული ამ გადაცემაში, იყო ის საკითხი, თუ რატომ იზრდება ეპარქიების რაოდენობა. როგორც ეშმაკი ცოფდება ჯვრის დანახვაზე, ასევე იმოქმედა ჩვენს ამ ნეობოლშევიკებზე ეპარქიების რაოდენობის გაზრდამ. რატომ შეგაშფოთათ ეკლესიის სტრუქტურულმა გამრავლება-გაძლიერებამ?? რატომ მისტირიხართ ბოლევიკების პერიოდს, როცა სულ 5-6 მოქმედი საეპისკოპოსო კათედრა, 70-მდე მღვდელი და რამოდენიმე ასეული მორწმუნე მრევლი არსებობდა? არ გინდათ აღიაროთ, რომ ეს გაყოფა კი არ განერვიულებთ, არამედ თქვენს გაღიზიანებას სიკეთის გამრავლება იწვევს. თქვენეული ცინიკური უტრირება _ ყველა კუთხეს და ყველა სოფელს თავისი ეპისკოპოსი ეყოლებაო, რას უნდა მივაწეროთ? როცა საქართველოს ისტორიიდან ჩვენ უფრო მეტი ეპისკოპოსი და ეპარქიაც გვახსოვს.
სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსებაზე რომ საუბრობთ, გადამხდელების ფული იხარჯებაო, არადა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სახელმწიფოსგან ეკლესიისთვის გამოყოფილი სახსრები საგანმანათლებლო და სარესტავრაციო საქმიანობაზე იხარჯება და არა ეპისკოპოსების პირად ფუფუნებისა და საჭიროებისთვის. ეს რომ ასე იყოს ამის დამადასტურებელი მასალების ფრიალს თქვენ ვინ დაგასწრებდათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოყოფილი სახსრები, რომელიც ამ საქმეს ხმარდება, ისედაც ქართული სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა იყოს და რას ამადლით ეკლესიას გაუგებარია. თუ მართლა გულშემატკივრები ხართ, უმჯობესი იქნებოდა უარი გეთქვათ იმ სახსრებზე (სხვათაშორის, სახელმწიფოდან გამოყოფილ, ასევე გადამხდელთა ფულით), რომელიც გამოყოფილია ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიებისთვის. თქვით უარი თქვენს წილ 30 ვერცხლზე და ზოგიერთი სასულიერო პირის გადაბირების მცდელობის თანხებზეც, რომლებიც ბევრჯერ აჭარბებს ეკლესიისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სახსრებს.
რაც შეეხება იმას, თითქოსდა როგორ გულისტკივილით ზრუნავთ ასაკოვანი ეპისკოპოსების შემდგომ ბედზე, ისიც მეტყველებს, როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებთ ყველაზე ღვაწლმოსილი და ავტორიტეტული მღვდელმთავრის, საქართველოს პატრიარქის მიმართ.
აღმაშფოთებელი ისაა, რომ იმდენად აიშვით თავი, რომ წმინდანთა კანონიზაციის საკითხებსაც კი არ უთმობთ ეკლესიას და საკუთარი კრიტერიუმებით წყვეტთ _ რა როგორ და ვინ როდის.
რასაც თავად ხართ მიჩვეული, იგივე გელანდებათ ეკლესიაშიც _ ინტრიგა, ერთმანეთის დაუნდობლობა და ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ვერ წარმოგიდგენიათ ადამიანმა უანგაროდ ემსახუროს სარწმუნოებასა და სამშობლოს.
ეპისკოპოს წამალაიძის დედა-ეკლესიის წიაღში კვლავ დაბრუნება, როგორც არ უნდა აფასებდნენ მის საქმიანობას, ყველას უნდა უხაროდეს, მაგრამ თქვენ ამ ფაქტსაც კი უკუღმართულ სარჩულს უდებთ და ეს წარმოჩნდა კიდეც ამ გადაცემაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი ნდობა და ავტორიტეტი, ეკლესიის გაძლიერება, მრევლის ზრდა და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი კუთვნილი ადგილის დაკავების პერსპექტივა, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული ჯგუფებისათვის შეშფოთების სერიოზულ მიზეზად რჩება, ამიტომაც საჭირო ხდება მდაბალი ინსტინქტებითა და ქვენა გრძნობების მიკერებით ახსნან ესა თუ ის გადაწყვეტილება თუ ქმედება.
აი, სწორედ აქ აკეთებთ ეშმაკის საქმეს _ დაყავი და იბატონე! დემაგოგიურად აცხადებთ ამასთან დაკავშირებით _ `ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი აერთიანებს~! ჯერ ის, რომ წარმოდგენა არ გაქვთ რა გამონათქვამი რას შეუსაბამოთ (ან გაქვთ და მიზანდასახულ დემაგოგიასთან გვაქვს საქმე) და მეორეც, როცა ეპარქიების გამრავლებაზე ლაპარაკობთ და რასაც მეტი სიმძაფრის მისაცემად დაყოფას უწოდებთ., ცდილობთ ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევას, თავად ეკლესიის შიგნით ურთიერთდაეჭვების სინდრომის დათესვას, სინოდის ერთიანობაში ბზარის შეტანას და სინოდის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას (ამას ადასტურებს სწორედ სხდომის წინ ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა).
პროდასავლური და პრორუსული ორიენტაციასთან დაკავშირებით, როცა ლაპარაკობთ, უნდა ითქვას, რომ დასავლური ღირებულებები, გამიზნულად თუ სისულელით, თავად შეაძულეთ ხალხს, ამასთან, დასავლური ფასეულობებიდან იმას კი არ იღებთ, რაც ჭეშმარიტი ღირებულებებია და ამავდროულად ქართული ღირებულებების იდენტური, არამედ ისეთს, რაც არც დასავლური პროგრესული მსოფლმხედველობისთვისაა მისაღები და ჩვენთვის ხომ საერთოდ დამანგრეველია.
სხვათაშორის, კარგად ესადაგება დღევანდელი ჩვენი ვითომ ლიბერალების მოღვაწეობას წმინდა გაბრიელ ქიქოძის ერთი ნათქვამი: “როდესაც უცხო ქვეყნებში წავლენ, იმას კი არ გადმოიღებენ იქიდან, რაც არის ღირსი ქებისა და ბაძვისა, არამედ გაისვრებიან იქაურსა “ნეხვსა” შინა და აქაც იგივეს ჩამოგვიტანენ, თითქოს ეს მასალა ჩვენში ნაკლებად იყოს”.
გვაჩვენეთ თუნდაც ერთი ცენტრალური არხი ამერიკაში ან ევროპაში, სადაც დაშვებულია, უხამსობის, ძალადობის და ა. შ. სტიმულირება და პროპაგანდა, როგორც ეს ხდება თქვენს მიერვე კონტროლირებულ ქართულ არხებზე.
აღნიშნული გადაცემა და მისი მიზანი, ერთ პატარა ეპიზოდს წარმოადგენს დიდი მზაკვრობისა და სიცრუისა. თუმცა ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მსგავსი რამ I არხის ეთერით, ანუ საზოგადოებრივი ტელევიზიით, გადაიცა, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლების კონტროლქვეშაა და სახელად არის მხოლოდ საზოგადოებრივი. აქვე უნდა გავიხსენოთ ამ გადაცემის წამყვანის, დავით პაიჭაძის როლი, როცა იგი ანტიდემოკრატიული არჩევნების ცრუ შედეგებს ატენიდა საქართველოს მოსახლეობას ტელეეკრანიდან.
აცხადებთ _ `ჭირი თავს არ მალავს~ თქვენზეა ზედგამოჭრილი. საქართველოს ჭირი თქვენ ხართ და თავსაც ვერ მალავთ (ამაში გვარიან გასამრჯელოსაც გიხდიან). რა შთამბეჭდავია, როცა რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ დასმული და დღესაც მხარდაჭერილი ხელისუფლება გიდგას უკან, I არხის ეთერიდან მშვიდი და ინტელექტუალური საუბრები გააჩაღო საქართველოს ეკლესიის წევრთა ანტიდასავლურობაზე.
თქვენ გინდათ ჩაითრიოთ ეკლესია თქვენს მიერ დაგეგმილ საყოველთაო ეგზალტაციისა და ანტირუსული ისტერიის სპექტაკლში, რომლის მიზანი, ერთი მხრივ ამაღლებული და ჯანსაღი ნაციონალიზმის ნაცვლად, ქართველი ერისთვის უცხო, მდაბალი, შოვინისტური განწყობის დანერგვაა და მეორე მხრივ, რუსეთისთვის პირდაპირი საბაბის მიცემა, რათა მას გაუადვილდეს ანტიქართული ქმედებების განხორციელება ისე, რომ ცივილიზებულ სამყაროს მოესპოს მასზე რეაგირების საშუალება.
თუკი ის იცი, რომ რუსეთის ეკლესია მისი ხელისუფლებისგან მართვადია, რატომ გინდა მისცე საბაბი, რათა მას საეკლესიო საზღვრების გადახედვის შესაძლებლობა მიეცეს? როგორც ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო რუსეთი საბაბით_ ცხინვალზე შეტევის იმიტაციით_ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობის” ცნობაზე.(ლომაის ცნობილი ფრაზა _ `ცხინვალი აღგვილია მიწისაგან პირისა~ – თუმცა, როგორც შემდგომ ვნახეთ, მხოლოდ ქართველებმა გაიღეს დიდი მსხვერპლი).
ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკლესია უდიდესი პასუხიმგებლობის გრძობითაა აღჭურვილი და ვერ მისცემს თავს უფლებას, მონაწილე გახდეს ისტერიული, ქართველისათვის უცხო და მიუღებელი თვისებების დანერგვის პროცესისა და ვერც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ხელშეწყობაში ჩაერთვება.
უნდა შევახსენოთ გადაცემის მონაწილეებს და მათ მსგავსებთ, თუ ვინ გააკეთა საქართველოს, კონკრეტულად აფხაზეთისა და ცხინვალის, ინტერესების დასაცავად იმდენი, რამდენიც პატრიარქმა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებში ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით პირდაპირ ვიტყოდი, რომ ისინი და ამ მავნე პროცესების წარმმართველები, ერთი იდეოლოგიური ფესვიდან არიან ნაკვებნი. შეიძლება ითქვას, რომ ისინი იდეური მოკავშირეები და თანამზრახველები არიან, მათი მსოფლმხედველობა ძირითადში ერთი და იგივეა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეექმნათ ამ ძალებს განსაკუთრებული სასათბურე პირობები, მიეცათ ყოველმხრივი საშუალება ფართოდ გაეშალათ თავიანთი მოღვაწეობა. ისინი გადანაწილდნენ ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორში, უპირველეს ყოვლისა განათლების სისტემასა და მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებში. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს `იდეოლოგიურ მეხუთე კოლონასთან” და მის მოკავშირე-მფარველ ხელისუფლებასთან, რომელიც პრაქტიკულად აკონტროლებს დღეს მედია-სივრცეს.
ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს კიდევ ერთი აზრი, რასაც ავითარებდნენ იმ ანონიმური წერილით ისაა, რომ _ ეკლესია, რომელიც თავისი მნიშვნელობით პრაქტიკულად მთელ ქართულ საზოგადოებას ნიშნავს, ჩვენს თვალწინ სცილდება მის დანიშნულებას და ცალკე კასტურ-ქურუმულ ორდენად ყალიბდებაო. ჯერ ის ვთქვათ, რომ თქვენივე განსაზღვრებით, ეკლესია პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოებაა და მაშინ, თუკი ამას ხვდებით, რატომ განდგომილხართ და ამხედრებულხართ პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ? და რატომ ცდილობთ, `პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოებიდან~ გამოყოფილი უმცირესობა, მთელ ქართულ საზოგადოებაზე ასე აგრესიული, ბოლშევიკური მეთოდებით ზემოქმედების მოხდენას, ფსიქოლოგიურ ძალადობას? თქვენვე აღიარებთ, რომ საზოგადოების უმცირესობა ხართ, მაგრამ გინდათ მართოთ უმრავლესობა. სწორედ უმცირესობა რომ ხართ, მიტომ იყენებთ ასეთ მეთოდებს. ეს არის დემოკრატიის თქვენეული `პროდასავლური~ გაგება.
სინამდვილეში კი, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც არსებობის მთელ მანძილზე ადამიანთა გამოფხიზლების და გადარჩენის უცვლელი მისია აკისრია, უმთავრესი წინააღმდეგობაა ბოროტის მიზნების განხორციელების გზაზე და აქედან გამომდინარეა სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ თქვენი ბრძოლაც და “თავისუფლების ინსტიტუტის” ანტიქართული და უზნეო პრინციპები გინდათ დაამკვიდროთ საზოგადოებაში. ეკლესია ჩვენ წმიდა ილია მართლის ეროვნული და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებისკენ მოგვიწოდებს, თქვენ კი ბოკერიას, რამიშვილის, თევზაძის, პაიჭაძის, ზედანიას და მსგავსთა მათთა…ფსევდოლიბერალიზმის დამკვიდრებისკენ. ეკლესია ჩვენ იაკობ გოგებაშვილის საგანმანათლებლო სისტემით შვილების აღზრდას გვასწავლის, თქვენ კი ლომაიას, თუთბერიძის, ნოდიას, გვარამიას შაშკინის და ფლეტჩერის სისტემის თავსმოხვევა გინდათ. თქვენ ბოროტად სარგებლობთ ეკლესიის მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მომთმენი და მიმტევებელი ბუნებით და ამასთან მრევლის წაყრუებით. რის გამოც ჩამოყალიბდით როგორც გასული საუკუნის 20-30-აიანი წლების `მებრძოლ უღმერთოთა კავშირის~ მსგავს კრებულად. დიახ, ჩვენმა პასიურობამ და არაორგანიზებულობამ მოგცათ იმედი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში წარმატებისა, რასაც, რა თქმა უნდა, უანგაროდ არ აწარმოებთ.
სხვათაშორის, ერთი რამ არის აქ დასაზუსტებელი: რას ვგულისხმობთ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში? ეკლესია, თავისი არსით, მისტიკური ორგანიზმია, იგია ქრისტეს სხეული, რომლის თავიც თავად მაცხოვარია და `ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.” მაგრამ ამ ბრძოლაში ადამიანების მისგან, ცხოვრების და სიკეთის წყაროსგან, მოწყვეტის მცდელობები იგულისხმება. ჩვენ ხშირად არასწორად ვხმარობთ ტერმინებს, მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ `ეკლესიას ვიცავთ!” ეკლესიას კი არ ვიცავთ, ეკლესია თავად არის ჩვენი დამცველი, არამედ ვიცავთ ჩვენს თავს და სხვა ადამიანებს, ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ცნობიერებას და მსოფლმხედველობას, რომ არ მოვსწყდეთ ეკლესიას და არ ავღმოჩნდეთ მსახური ბოროტებისა.
ახლა რაც შეეხება კიდევ ერთ ფორმულირებას _ `პრობლემები ეკლესიაში,” ესეც არასწორია, ვინაიდან ეკლესიის პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს მოციქულთა ტრადიციებიდან გადახვევა, სწავლების დამახინჯება, მწვალებლობაში ჩავარდნა და სქიზმა. საქართველოს სამოციქულო ავტეკეფალურ ეკლესიას რომ ეს პრობლემები არ აქვს, ეს ცხადია და ამდენად, საკითხის ასე დასმაც მიზანშეუწონელია. თუმცა, უნდა ითქვას რომ ეკლესია თავის წიაღში ცოცხალ ადამიანებსაც მოიცავს, რომელთა შორის სასულიერო პირებიც იგულისხმება და საერო პირებიც. ამდენად, მათი მხრიდან გარკვეულ ინდივიდუალურ გადაცდომებს, გნებავთ შეცოდებებს თუ სხვა სახის კანონიკურ-სამართლებრივ დარღვევებს შეიძლება მართლაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ამას უკვე საეკლესიო სამართალი არეგულირებს. არის საკითხები მხოლოდ სინოდის გასარკვევი, არის საკითხები, რომლებსაც ეპარქიის მღვდელმთავრის კომპეტენციაა და არის საკითხები, რომლებიც სამრევლო ტაძრის წინამძღვრის კომპეტენციის ფარგლებში წყდება.
`გარედან ჩარევა”, თუ მასში იგულისხმება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომ საზოგადოება, ან მისი ნაწილი გარკვეულ საეკლესიო ცხოვრების საკითხებში, მათი აზრის გათვალისწინებას და გადაწყეტილებებში მონაწილეობის მიღებას ითხოვს, ამასთან დაკავშირებით, კანონიკურ სამართალზე დაყრდნობით, ერისკაცის მონაწილეობას საეკლესიო საკითხებში თავისი წესი და რიგი აქვს. მართლმადიდებელი ეკლესიის დემოკრატიული მმართველობის ფორმა განსხვავდება დასავლეთის ეკლესიის ერთმმართველური ფორმისგან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პატრიარქი და იერარქები, რომლებიც სინოდს შეადგენენ და ამგვარად ეკლესიის ნებას გამოხატავენ, ამა სოფლიდან იძენენ ხელისუფლებას, _ ვინაიდან მათი ხელისუფლება რომელიმე სახელმწიფო თუ საერო მმართველობიდან არ გამომდინარეობს, არამედ თვით ღმერთისგან, რომელიც არის თავი ეკლესიისა.
“გარედან ჩარევა”, რასაც თქვენ ესწრაფვით, ანუ შიდა ეკლესიური საკითხების საჯარო განხილვის მცდელობა არაეკლესიური ან ნაკლებად ეკლესიური ადამიანების მხრიდან დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ გარედან ჩარევა ხდება მიზანმიმართულად საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის და ფუნქციონირების ხელისშეშლის მიზნით მიზნით. საქართველოს ხელისუფლებას თავად ევალება ეკლესიის ხელშეწყობა და გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო სურათი _ ხელისუფლება დღეს არის ეკლესიის მთავარი მტერი. სწორედ იქ იგეგმება ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
სამწუხაროდ, ჩვენ თავად ვერ ვუწევთ დედა ეკლესიას ღირსეულ შვილობას, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ამდენს ვერ გაბედავდით. ეს არის დღევანდელი ყველაზე მტკივნეული მთავარი პრობლემა და ამაში დამნაშავე ჩვენც ვართ. მარტო თქვენ რას გერჩით. ნათქვამია, ეშმაკი იმდენად მოგერევა, რამდენადაც ამის საშუალებას თავად აძლევო. იმის საღად გააზრება, რაც ამ მხრივ ჩვენთან ხდება, უნდა დაგვეხმაროს გამოფხიზლებაში და სწორი ორიენტირების შერჩევაში. მტერს უნდა გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ მას იმის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება.

მამუკა გიორგაძე
19. 12. 2010
პ.ს. პასუხად სილიბისტრო თორდიას იდეურ მემკვიდრეებს _ ნეობოლშევიკებს თავისუფლების ინსტიტუტიდან
ბოლშევიკურ საქართველოში `მებრძოლ უღმერთოთა კავშირის~ და გაზეთ `მებრძოლი უღმერთოს~ ხელმძღვანელი გახლდათ სილიბისტრო თორდია . მისი მთავარი `სლოგანი~ იყო _ გარითმული ფრაზა
`მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას,
თუკი მიბრძანებს პარტია ამას~
რისთვისაც მთაწმინდაზეც კი დაასაფლავეს, მაგრამ ქართველმა ერმა, როცა ამის შესაძლებლობა მიეცა შეაჩვენა და საფლავიდან ამოთხარა. დაფიქრდით ამაზე!

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress