ნაცმოძრაობა და “ოცნება” შეხმატკბილებულად ჭუკჭუკობს

მამუკა გიორგაძე:    ”ახალი თაობა” 26.12. 2013

შორენა კოწოწაშვილი
ქვეყნის მთავარი პროკურორის ირგვლივ ატეხილი სკანდალი არ ცხრება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათი თანამოაზრეები ფარცხალაძის გადაყენებას მოითხოვენ, ხელისუფლება კი მათვარი პროკურორის გერმანიის ინციდენტში ვერაფერს ხედავს ისეთს, რომელიც მის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლად ღირდეს.
აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძე ძალოვან უწყებაში სწორედ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს მოვიდა ანუ ის, მაშინდელი სახელისუფლო გუნდისთვის მისაღები ფიგურა იყო. დღეს კი, რადგან ოპოზიციაში გადასულ ნაცელიტას ასე აწყობს, ფარცხალაძე დამნაშავეა და მას მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება.
ნაციონალების პოზიციის გაზიარება ძნელია, თუმცა, ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილი ფოქრობს, რომ ფარცხალაძე თავის დროზე არ უნდა დაენიშნათ მთავარ პროკურორად, რადგან ერთის მხრივ, ის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი იყო, მეორეს მხრივ, კი მისი ნასამართლეობის საკითხი დაფარული არ იქნებოდა.
ეროვნული მოძრაობის წევრი და სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ `იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს საქართველოში პიროვნებებს, რომლებიც ორჯერ იყვნენ ნასამართლევი მკვლელობაზე და ყაჩაღობაზე, მინისტრის თანამდებობებზე, იმ ადამიანებმა რომ დღეს სხვაზე ილაპარაკონ, ეს ამორალურია~.
რატომ დუმს სააკაშვილი უგულავა-მერაბიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და სად არის აქ ნაციონალების და `ოცნების~ ინტერესების თანხვედრა? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ნაცმოძრაობის ელიტის ბოლო დღეების განცხადებებს და იმ ყველაფერს, რაც მერაბიშვილ-უგულავას სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდება? ვანო მერაბიშვილი ირწმენება, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორს შეახვედრეს…
_ თავიდანვე უნდა აღვნიშნით, რომ კიდევ უფრო უმტკიცდება საზოგადოებას, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განცდა იმისა, რომ ოცნების და ნაცმოძრაობის დაპირისპირება, ერთგვარ დრამატულ სპექტაკლებს ემსგავსება, ისეთივეს, რომელიც თავის დროზე სააკაშვილსა და მის ოპოზიციას შორის მიმდინარეობდა. პრაქტიკულად, სანახევრო ღონისძიებებით ხდება ისე, რომ არგუმენტები ეძლევა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს და იქმნება სიტუაცია, როდესაც დღეს ეს ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს აცოცხლებენ; ქმნიან გარემოს, სადაც ჯანსაღი, საღი აზრისთვის ადგილი აღარ რჩება. ელემენტარულ საკითხებზე გვიწევს ჩვენ საუბარი. ერთის მხრივ, პრაქტიკულად ის, რომ გიგი უგულავა თუ ნაცმოძრაობა მთელი ამ 10 წლის განმავლობაში, ჩადიოდა დანაშაულს, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მეორეს მხრივ, ხელისუფლების სანახევრო და არცთუ ისე სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილებები აძლევს იმავე საზოგადოებას იმის განცდას, რომ კი, ბატონო, დღეს ეს ადამიანები არიან ოპოზიციაში და მათ ბრალს სათანადოდ ვერ უმტკიცებენ. ხელისუფლებაში დაშვებული ორი ჯგუფი ცდილობს, ერთის მხრივ, შექმნას განცდა, ვითომ ძალიან დრამატული მოვლენები ხდება, სინამდვილეში პრაქტიკულად ნაციონალებს აძლევენ საბაბს, რომ ადგილი დაიმკვიდრონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
_ ერთის მხრივ, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიდან ისე ჩანს, თითქოს საპარლამენტო უმცირესობის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი. მეორეს მხრივ, კი აშკარაა, ყოფილი პრემიერი და დღეს განსასჯელის სკამზე მჯდომი ვანო მერაბიშვილი სასამართლი დარბაზს პლიტიკურ ტრიბუნად იყენებს, ამაში კი მას სასამართლოც ეხმარება.
_ რაც ზემოთ აღვნიშნე, ამის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა სწორედ ვანო მერაბიშვილის საქმე. მარტივი საკითხია, რომ გაჩნდა ეჭვი მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს არ შეიმჩნიოს და ამას მერაბიშვილის დაინტერესებულობას აბრალებს. მარტივი საკითხია _ ნეიტრალურ ხალხს აჩვენე თუ არსებობს ვიდეოთვალის ჩანაწერები და გამოჩნდება, მერაბიშვილი თაღლითია თუ არა. რადგან ამას არ აკეთებ, ე.ი. მერაბიშვილს აძლევ ლაპარაკის საფუძველს. ხოლო საზოგადოებამ არაპოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებებით, არამედ სუფთა ადამიანური შეფასებებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვიღაცას აქვს `ოცნების~ იმედი და აპრიორი დგება `ოცნების~ მხარეს; ვიღაცას არ მოსწონს `ოცნება~ და აპრიორი დგება ნაცმოძრაობის მხარეს. ვიღაცას აქვს ძველი წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რა დანაშაულობებს სჩადიოდა ნაცმოძრაობა და ყველანაირი ხერხით ამართლებს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებს; ვიღაცას აქვს განცდა იმისა, რომ დღეს `ოცნება~ თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და ისინი ყველანაირი მოტივაციით ამართლებენ ნაცმოძრაობის ამ გამოხდომებს. პრაქტიკულად, ის ფორმულა, რაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ღიად შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში _ შუა უნდა გაიკრიფოს, ეს პროცესი დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. შუა უნდა გაიკრიფოს და ორი, ერთიდაიგივე საწყისიდან წამოსული ძალა ურთიერთდაპირისპირების ფონზე ინაწილებს ქვეყანაში პოლიტიკურ ძალაუფლებას. ნაცმოძრაობა კმაყოფილი და ბედნიერია იმით, რაც ხდება იმიტომ, რომ ეს მათ აცოცხლებს. ბუნებრივია, კმაყოფილია `ოცნება~ იმით, რაც ქვეყანაში ხდება იმიტომ, რომ ეს მას საბაბს აძლევს თქვას, რომ ნაცმოძრაობაზე უკეთესია. მაგრამ ნაცნოძრაობაზე უკეთესი რომ ხარ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ კარგი ხარ. ეს ერთი; და მეორე: იმიტომ, რომ ხელისუფლება გიჭერს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ შენ ხარ ოპოზიცია. აი, მთავარი პრობლემა ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედ ეს გახლავთ. მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების პოლიტიკურ-სამართლებრივი ქმედებების მიღების დროს, მხედველობაში მაქვს თუნდაც იგივე თვითმმართველობის კანონი და ე.წ. რეგიონული გაერთიანებები, ნაცმოძრაობა და `ოცნება~ შეხმატკბილებულად ჭუკჭუკობს. ე.ი. არანაირი განსხვავება მათ პოზიციებს შორის არ არის, მხოლოდ დეტალებშია ოდნავი განსხვავება _ საზოგადოებრივი საბჭო უნდა იყოს თუ არა, მაგრამ ის, რომ რეგიონულ მოწყობაზე უნდა გადავიდეს საქართველო, ამაში ერთნი არიან. აი, ეს ამხელთ მათ. ე.ი. საფუძველი სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვთ ერთი, ხოლო ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ ადგილი დაიმკვიდრონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოება აიძულონ გადანაწილდეს ან ერთ, ან მეორე მხარეს და არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვანი აზრები იყოს წარმოდგენილი. აი, აქ იშიფრება ამ ადამიანების საქმიანობა. ის, რომ ვანო მერაბიშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულობები, ამაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ამის მრავალი მტკიცებულება მარტო პრესაშია გამოქვეყნებული ამ წლების განმავლობაში. მაგრამ ვანო მერაბიშვილს აპატიმრებდე მხოლოდ იმის გამო, რომ მან ყველაზე მცირე დანაშაული რაც ჩაიდინა მხოლოდდამხოლოდ ეს ამოუქექო, რომ სახელმწიფო სახსრები პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა, აი. ამაზე რომ გადაიტანო ყურადღება, ბუნებრივია, რომ ეს ქნის იმ განცდას არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაშიც, რომ აქ შერჩევითი სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ეს თამაში უნდა გაიშიფროს. ქართულმა საზოგადოებამ ამ თამაშს უარი უნდა უთხრას.
_ გამორიცხავთ, დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო ის, რაზეც მერაბიშვილი საუბრობს, რომ ის საკნიდან გამოიყვანეს, თავზე ქურთუკი დაახურეს და ღამის საათებში ასე გაიყვანეს ციხიდან. ამას შს ყოფილი მინისტრი ძველი თანამშროლების დახმარებით ვერ შეძლებდა? მისი ეს სკანდალური განცხადება ხომ საერთაშორისო პიარზეც იყო გათვლილი?
_ ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ. ბუნებრივია, შეიძლება ეს მომხდარიყო, მაგრამ აქ მთავარი პასუხისმგებლობა დღეს ხელისუფლებას ეკისრება. ჯერ ერთი, ამ პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგო, მეორე _ თუ მართალი ხარ, საზოგადოებას ეს უნდა დაუმტკიცო; და მესამე _ თუნდაც მოგივიდა შეცდომა, აღიარე ეს და საზოგადოება უფრო მეტად გაგიგებს, უფრო გენდობა. უბრალოდ, ამათ არ უნდათ შეცდომების აღიარება; ამათ არ უნდათ საზოგადოებასთან ღია დიალოგზე წასვლა; უნდათ, რომ ჩაკეტილ სივრცეში წყდებოდეს საქართველოს ბედი. ერთმანეთს ორი, ერთმანეთისგან თითქმის იდენტური პოლიტიკური ხედვების მქონე ჯგუფი დრამატულად ეწინააღმდეგება, სინამდვილეში ქართული სახელმწიფოებრივი საქმე ფუჭდება. აი, ეს უნდა გაანალიზოს საზოგადოებამ და დროზე, სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბებულა მონოპოლიზებული სისტემა, კორექტივები შეიტანოს ამ სისტემაში, თორემ რომ ჩამოყალიბდება, მერე ძალიან რთული იქნება ჩვენთვის სახელმწიფოებრივად ჯანსაღი ნაბიჯების გადადგმა. ამის მაგალითია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, როდესაც პირველი წლები თითქოსდა იმედით შეჰყურებდა ქართული საზოგადოება და ტაშს უკრავდა მოქკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის დაპატიმრებას, საბოლოო ჯამში კი, ციხეში ნახევარი საქართველო აღმოჩნდა.
_ ანუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებები საშიში ტენდენციაა?
_ ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. ამას თავიდანვე სჭირდება პასუხის გაცემა.
_ ჩვენ გვახსოვს წლები, როცა საკაშვილის გუნდმა სასამართლოზე პრესის დასწრება შეზღუდა, რადგან ინფორმაციის გასაჯაროება არ აწყობდათ. დღევანდელი ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ნაცმოძრაობის ლიდერებმა, აგრეთვე ბრალდებულმა და განსასჯელის სკამზე მჯდომმა პოლიტიკოსებმა იგივე უკრაინის მხარდასაჭერად ყელსახვევები აფრიალონ? ეს რომ სააკაშვილის დროს ვინმეს გაეკეთებინა, მოსამართლე არა მხოლოდ დარბაზიდან გააძევებდა, დააჯარიმებდა კიდეც. დღეს რატომ არ იყენებს მოსამართლე სამართლებრივ ბერკეტებს?
_ რა თქმა უნდა. სწორედ ამას ემსახურება, ემსახურება ნაცმოძრაობის პიარს, ემსახურება იმას, რომ ეს პროცესი გამართულად წარიმართოს და ყოველ დღე ახალ-ახალი ნიუსით დაიტვირთოს საზოგადოებრივი ცხოვრება. აი, ამას უწყობს ხელს, თორემ დავუშვათ ისეთი საკითხები, რომელიც საქართველოში სამართლებრივ ჯანსაღ ცხოვრებას განაპირობებს, ეს საკითხები დაბლოკილია. თუნდაც, ის, რომ მოწმის სასამართლოზე დაკითხვის გადავადებაზე მიდის საუბარი; გადაიდო კომისიის შექმნა, რომელის მართლმსაჯულების ხარვეზების დადგენის შესწავლის მიზნით უნდა შექმნილიყო და სამართლიანობის აღდგენა მომსახურებოდა. ბევრი სხვა თემა, რომელიც უფრო ღიად გახდიდა სასამართლო პროცესებს, პრაქტიკულად დაბლოკილია, მაშინ როცა ვანო მერაბიშვილს ეძლევა საშუალება საპატიმრო ღონისძიება გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, თუ უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო დარბაზიდან რეპორტაჟები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ მზად ვარ ციხეში ჩავჯდე. გარეთ ვარ და ამის საშუალებას არ იძლევიან და ჩვენს ხედვებს არ აშუქებენ და ციხიდან აშუქებენ ამ ადამიანების გამონათქვამებს; თან მიდის ერთიდაიგივე, გრძელდება ეს სპექტაკლი. ესეც მიზნად ისახავს, რომ მსოფლიოს თვალში ნაცმოძრაობა წარმოაჩინონ, როგორც ერთადერთ პოლიტიკურ ძალად. ხდება აპელირება, დამიჭირეთ მე მხარი, თორემ ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა დაბრუნდება. ნაცმოძრაობისთვის `ქართული ოცნების~ მსგავსი პოლიტიკა, არის გადარჩენა. ასევე ეს არის `ოცნების~ შერყეული ავტორიტეტისთვის ბიჯგების შეყენება. როგორც გადახრილ შენობას შეუყენებენ ხოლმე ბიჯგებს, ასევეა მათთვის ნაცმოძრაობა. თავის დროზე ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის უდიდესი ნაწილია დღეს `ოცნებაში~, იყო ასეთივე ბიჯგები შეყენებული სააკაშვილის გადახრილი რეჟიმისთვის. დღეს საპირისპირო ხდება. პრაქტიკულად, საზოგადოებას უტოვებენ ერთადერთ გზას _ ან ნიჰილიზმში ჩავარდნილებმა ხელი ჩაიქნიონ, მაინც არაფერი გვეშველება; ან გადანაწილდნენ არსებობისთვის ბრძოლაში რომელიმე ამ დაჯგუფების საფარს ქვეშ, იმიტომ, რომ ფინანსური უზრუნველყოფა გარანტირებულია, მედია უზრუნველყოფა გარანტირებულია, აქტიურობა გარანტირებულია. პრაქტიკულად მიმდინარეობს კვლავ ცხოვრების ჩასმა წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებშო.
_ მოდით, გიგი უგულავას მიმართ განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ. უგულავა თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩენს და აცხადებს, მისი და მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილზე გასვლა უნდოდათო.
_ ესეც პოლიტიკური სპექტაკლის შემადგენელი ნაწილია. არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც მერიის საქმიანობაში იყო ამ წლების განმავლობაში და სამართლებრივი საკითხები ხელშეხებული არ არის. სამაგიეროდ, ღამის 1 საათზე ხდება მოსამართლის მიერ მერის გადაყენება, რაც ერთის მხრივ, კიდევ ვიმეორებ, აძლევს უგულავას პოლიტიკური ინსინუაციების გაკეთების საშუალებას; და მეორეს მხრივ, როგორ მოვიქცეთ ჩვენ: ჩვეულებრივი ადამიანები, ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უგულავს ყოფნა თბილისის ხელისუფლებაში, პრაქტიკულად დანაშაულის ტოლფასია, არადა ასეთი ფორმით თვითმმართველობის არჩეული პირის გადაყებების დამკვიდრება, საერთოდ პრობლემას ქმნის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. აი, ამ დილემის წინაშე გვაყენებენ. არა ის, რომ საქმე უკეთესად როგორ წარვმართოთ, არამედ ასეთი დილემის წინაშე ვდგავართ. თუ ნაცმოძრაობის დეპუტატები მიგაჩნდა დამნაშავედ, კეთილი ინებე და დროულად იმოქმედე. იგივე იმ სკანდალთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომელიც ბარამიძესა და ჯაჭვლიანს შორის იყო. მაშინ უნდა მიეღოთ `ოცნების~ დეპუტატებს ის გადაწყვეტილება, რომ ბარამიძეს და მისნაირებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილება არ მიეცათ. კეთილი ენებათ და კენჭისყრის დროს არ მიეცათ სადეპუტატპო უფლებამოსილება. ეს უფლებამოსილება ცნეს და ახლა მიმდინარეობს მათი ლანძღვა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, სხვა დეპუტატების დაბარება პროკურატურაში და საგამოძიებო ორგანოებში. ბუნებრივია, ეს ნახევარზომები ქვეყნისთვის დამღუპველია. ისევე როგორც მერიასთან მიმართებაში: შე, კაი დედმამიშვილო, თუ მიგაჩნია, რომ თავის დროზე ჩატარებული არჩევნები, ეს არ იყო არჩვენები 2010-ში, მიიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება და საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყავი პოლიტიკური სივრცე, მანამდე ჩაატარე არჩევნები და ნებისმიერი სხვა ქმედება განახორციელე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. თუ ნაცმოძრაობის დანაშაულობები, როგორც სიტყვით ტელეეკრანიდან მეუბნები, მიგაჩნია სისტემურ დანაშაულად, მაშინ სისტემა უნდა შეაფასო; სისტემა უნდა გაასამართლო და შემდეგ სისტემის ელემენტების სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე გამართლებული იქნება. სამწუხაროდ, `ქართულმა ოცნებამ~ ნაცმოძრაობის ათწლიანი პერიოდი არ შეაფასა; სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება არ მისცა და ახლა უკვე სიტყვებით გადაძახილი მიმდინარეობს.
_ სწორედ ამით სარგებლობენ დღეს ნაციონალები?
_ რა თქმა უნდა. ეს შეგნებული ნაბიჯია. ისე არ არის, თითქოს `ოცნებამ~ არ იცის, როგორ მოიქცეს. ეს არის შეგნებული ნაბიჯი. ერთადერთი საშუალება ნაცმოძრაობისთვის შეინარჩუნოს სახე და ნაცმოძრაობის ფონზე `ოცნება~ უკეთეს პოლიტიკურ ძალად გამოჩნდეს. ძალიან მარტივი გათვლაა.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ დუმს სააკაშვილი უფულავას საქმესთან და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით? უგულავა ხომ იმ ხუთეულში სახელდებოდა, ვინც ნაცელიტიდან გადაწყვეტილებებს იღებდა. სააკაშვილმა თანაგუნდელები მიატოვა?
_ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ხალხს ცოტა ხნით თავი უნდა დაავიწყებინოს. შემდგომ ახალ ტალრაზე, როცა ამის აუცილებლობა დადგება, ის `ახალი~ იდეებით, ხედვებით, იმიჯით წარსდგეს საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ბუნებრივია, ამ ყოველდღიურ საკითხებში მისი ჩართვა ელემენტარულად მას დაიყვანს იმ დონეზე, რა დონემდეც დღეს ნაცმოძრაობის აქტივისტები არიან. აქედან გამომდინარე, სააკაშვილს ამის სურვილი არ აქვს. ამიტომ ცოტა ხნით გაერიდა ამ ყოველივეს და შემდგომ გამზადებულზე, მეტ-ნაკლებად როცა ხალხს გადაავიწყდება ის პრობლემები, რომელიც მან შექმნა, წინა პლანზე წამოვა პრობლემები, რომელიც `ოცნებამ~ შექმნა, აი ამ ფონზე უფრო მეტი არგუმენტაციით შეეცდება ის კვლავ დაბრუნდეს პოლიტიკურ სივრცეში. ახლა, უგულავას დონეზე დავიდეს და საამართლო პროცესებზე განცხადებები აკეთოს, ბუნებრივია, ეს მას პიროვნულად არც არაფერში არ სჭირდება. ვისთანაც ურთიერთობა სჭირდება, მას ექნება ასეთი ურთიერთობა. შესაბამისად, ის ეცდება, რომ ჩამოიცილოს ნაცმოძრაობის ყველაზე ოდიოზური ფიგურები და შემდგომ ძლიერ და საშუალო რგოლთან, ახალ ძალებთან ერთად ის აუცილებლად შეეცდება, რომ სხვა სახელის მატარებელი ახალი ძალები წამოჩიტოს და ეს პროცესი მიმდინარობს კიდეც ქვეყანაში. ალბათ ძველი და ახალი კოალიციის ლიდერად მოევლინება საქართველოს, თუ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაუშვა ასეთი სპექტაკლის გათამაშება. ამიტომ ვამბობ, მისი მოთმენა, ლოგიკურია.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress