მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
_ სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციათა ძალიან დიდი ნაწილი შეგნებულად ხუჭავს თვალს, ჩამოაყალიბოს ღირებულებათა სისტემა და ამის მიხედვით იქნეს თანმიმდევრულად შეფასებული თითოეული ინსტიტუტის საქმიანობა. ისინი ცდილობენ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოაჩინონ ამა თუ იმ ინსტიტუტის ნაბიჯები და შემდეგ დადონ დასკვნა. ეს ხდება შეგნებულად. აქ ვლინდება მათი, ერთის მხრივ ანტისახელმწიფოებრივი ბუნება, მეორეს მხრივ, ძირითადი ნაწილი ამ ე.წ. სამოქალაქო სექტორისა ავლენს დაინტერესებას. ისინი არიან მებრძოლი მხარე და როგორც წესი, პრაქტიკულად, ქართული სახელმწიფოს მოშლისკენ დგამენ ნაბიჯებს. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ პრაქტიკულად არ ხდება საზოგადოებისთვის განმარტება იმისა, რაც უნდა იყოს მთავარი ფუნქცია სამოქალაქო სექტორისა, რა არის თვითონ პოლიტიკა, როგორ განვსაზღვრავთ ჩვენ პოლიტიკას. თუ ეს დეფინიცია იქნება ჩამოყალიბებული, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. პოლიტიკის განმარტება ჩვენ მოგვცა იოანე ბატონიშვილმა თავის ნაშრომში ,,კალმასობა”, სადაც პირდაპირ წერია: პოლიტიკა ეს არის საზოგადოების, მოსახლეობის ცხოვრების წესის განსაზღვრა. თუ ჩვენ ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ არათუ ეკლესია, არამედ ნებისმიერი ინსტიტუტი თუ კერძო პირი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში იმიტომ, რომ ცხოვრების წესის განსაზღვრა ეხება ყველას. ყველა ვალდებულია შეიტანოს თავისი წვლილი, რათა უკეთ უზრუნველყოს ყველასთვის მისაღები საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა რას მიაწერდით არასამთავრობოთა ნაწილის გაღიზიანებას სასულიერო პირების გარკვეული განცხადებებისა და მათი მხრიდან პოლიტიკაში ირიბი ჩარევის გამო?
_ ეს იმიტომ ხდება, რომ მათ უნდათ ხელი შეუშალონ ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას, ქართული საზოგადოების შიგნით თანხობის მოპოვებას, მთელი მოსახლეობის ჩართვას საზოგადოებრივ საქმეებში და პოლიტიკას წარმოაჩენენ როგორც ბრძოლას ხელისუფლებისათვის. ხელისუფლებისთვის ბრძოლაში კი მონაწილეობს გარკვეული წრე ადამიანებისა. ეს არის მცირე ჯგუფი, რადგან ყველას არ აქვს სურვილი იყოს დეპუტატი, მინისტრი და ა.შ. ყველას არ უნდა ხშირად ჩნდებოდეს მედიის წინაშე. აქედან გამომდინარე დღეს პოლიტიკა წარმოაჩინეს ბრძოლად ხელისუფლებსიათვის. ამ კონტექსტში ხელოვნურად აპირებენ შეზღუდონ წრე; ცდილობენ ისეთი ადამიანები და ინსტიტუტები დაუშვან ხელისუფლებისთვის ბრძოლაში, რომლებიც მათთვის სასურველ შედეგს მოიტანს. აი, ამ შემთხვევაში ეკლესია მათ წინ ეღობება იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეკლესია ყველასთვის, არამხოლოდ პოლიტიკური წრეებისთვის, სახავს ცხოვრების ამაღლებულ სივრცეს, სახავს მიმართულებებს, რომელიც ხელს შეუწყობს იყოს ადამიანი ბედნიერი.
_ ანუ ხელისუფლებაში დასამკვიდრებლად სჭირდებათ გარკვეულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს ეკლესიასთან ბრძოლა?
_ რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეკლესია ხელს უშლის მდაბალი ადამიანური ემოციების ფრქვევას; მერკანტილური იდეების წინა პლანზე წამოწევას.
_ ვერ ხვდებიან პოლიტიკაში დამკვიდრების მოსურნენი, რომ ეკლესიას მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს და ისინი თავიანთი ქცევით ამ ადამიანებში უკმაყოფილებას იწვევენ?
_ სწორედ ამიტომაც. იმიტომ, რომ ამ უდიდესი ინსტიტუტის არსებობა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ხელს უშლის არასახელმწიფოებრივი ზრახვების განხორციელებაში, ხელს უშლის იმ ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც მათ მიზნად აქვთ. როგორც წესი, ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი თუ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, პრაქტიკულად, საქართველოს გარედან იმართება, ხოლო საქართველოს ეკლესიას გარედან ვერავინ წარმართავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ქრისტეს მისტიური სხეულია საქართველოში. აქედან გამომდინარე, შიდა და გარე ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. საქართველოს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი უწყვეტი და თანმიმდევრული ინსტიტუტი იყო სახელმწიფოებრიობის მატარებელი. თვით ბოლშევიკური ათეიზმის დროსაც კი არ შეწყვეტილა ეკლესის არამარტო სახელმწიფოებრივი ფუნქცია, რელიგიური და აღმსარებლობითი ფუნქციის რეალიზება, არამედ სახელმწიფოებრივი ფუნქციის რეალიზება. სწორედ ამიტომაც დღეს მათ იციან, რომ ეს უდიდესი ინსტიტუტი, რომელიც თავის ცოდნას, გამოცდილებას, სახელმწიფოებრივ შინაგან ბუნებას მისტიურად გადასცემს თაობიდან თაობას. ეკლესიას არანაირი ტალახი არ ეცხობა ამა თუ იმ უღირსი ადამიანის იქ ყოფნით იმიტომ, რომ ეკლესია თვითგანახლებადია. როგორც ქრისტე არის მუდმივი, ე.ი. თანამედროვე, ისე ეკლესიაა მუდმივი და თანამედროვე. ვინც ეკლესიას ებრძვიან, ისინი ამბობენ შუა საუკუნეების სიბნელესთან ასოცირდებაო. არადა ამით ეკლესიას კი არ ებრძვიან, ქრისტეს ებრძვიან. მათთვის მთავარია, რომ არ იყოს თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეკლესია გამომხატველი იმ უწყვეტობისა და იმ მისტიური კავშირისა ღმერთთან, რომ ის არ იყოს განახლების, წინსვლის და პროგრესის ავანგარდში.
_ ხელისუფლების შეცვლის შემდგომაც ჩანს, რომ ეკლესია კვლავ ერევა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში? გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს ნაციონალების სერიოზული შეტევები ეკლესიაზე.
_ რა თქმა უნდა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ხელოვნურად ხდება ეკლესიის შემოყვანა პოლიტიკურ სივრცეში. ეკლესია თვისი ბუნებიდან გამომდინარე, არ და ვერ შემოვა იმ სივრცეში, რასაც ხელისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია. მათ კი უნდათ, რომ ეკლესია გახადონ მხარე. ეკლესია თავის მხრივ ცდილობს მხარე არ გახდეს და მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. ამათ სჭირდებათ ეკლესია შეიტყუონ და როგორმე გახადონ თანამონაწილე ხელისუფლებისთვის ბრძოლისა, მაგრამ ჩვენი დედა ეკლესია, მისი უწმინდესობის სიბძნის და გამოცდილების წყალობით, ახერხებს, რომ აირიდოს შემოტევები როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან. როგორც ე.წ. ულტრალიბერალებიდან, ასევე ულტრაორთოდოქსებიდან, რომლებიც მიისწრაფვიან გახლიჩონ ეკლესია და ის ქმედუუნარო გახადონ. დღეს პრაქტიკულად ყველა, ვისაც ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობა არ უნდა, ავტომატურად ეჯახება საქართველოს ეკლესიას. თუ ეს წინა ხელისუფლების დროს ღიად ხდებოდა, დღეს შედარებით ფარულადაა. ფაქტი სახეზეა, თუნდაც კანონმა თვითმმართველობის შესახებ და მეშვიდე კარმა რეგიონალიზმთან დაკავშირებით, წარმოაჩინა ხელისუფლების ბუნება. პარლამენტში არ აღმოჩნდა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას და ოპოზიციას, რომელიც ღიად და ცალსახად განაცხადებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მადლობა მათ ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ ამ კანონში ცვლილებები შესულიყო, მაგრამ ერთხელ არ დასმულა კრიტიკულად საკითხი, რატომ გამოვიდა საქართველოს ეკლესია და მისი უწმიდესობა ასე პრინციპულად ასეთი პირდაპირი გამოსვლით; სამწუხაროდ, ამაზე არავინ დაფიქრებულა. ამის შემდგომ არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მაღალი ტრიბუნიდან იტყოდა, როგორ აკადრეს და გაუბედეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეურავხყოფა მცდელობისათვის, რომ საქართველო აეცდინა არასწორი გზიდან; მცდელობა, რომელიც განახორციელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამის საწინააღმდეგო შეფასებების გამო პრაქტიკულად პარლამენტში პროტესტი არ გამოთქმულა. ესაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მაღალ ავტორიტეტს კათალიკოს პატრიარქს ვერ უბედავენ, მაგრამ იძულებული არიან გაითვალისწინონ მისი შენიშვნები. სხვათა შორის, მანამდე იგივე ჩვენც, სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმაც რამდენიმე აქცია მოვაწყვეთ, სემინარი, კონფერენცია. Pოლიტიკურ სპექტრში ყური არავის შეუბერტყია საქართველოსთვის ამ საშიშ ტენდენციასთან დაკავშირებით. პატრიარქის ჩარევა გახდა საჭირო, რომ ეს ანტიქართული ტალღა შეჩერებულიყო. პატრიარქი, როგორც ძლიერი ძელქვა, ასე დახვდა ამ სტიქიას. მთელი ჭუჭყი, ტალახი თავის თავზე მიიღო, ხოლო პოლიტიკურ ჯგუფებში არ აღმოჩნდა ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც მკაფიოდ გამოხატავდა თავის სათქმელს, როგორ ბედავენ ეს ადამიანები და ასე ცინიკურად აფასებენ საქართველოს სულიერი წინამძოლის პოზიციას.
_ თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა დღეს სწორედ ის პოლიტიკური სპექტრია საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლებსაც ოპოზიციაში ყოფნისას არაერთხელ დასჭირდათ ეკლესიის დახმარება, პატრიარქის რჩევა. იგივე შიმშილობის აქციის დროს არაერთხელ მიმართეს პატრიარქს დღეს რა ხდება, ეკლესიით იმანიპულირეს?
_ რა თქმა უნდა, ეს აშკარად ჩანს. თუ ლოცვა-კურთხევას არ იღებ აქციის დაწყებაზე, შიმშილობა რომ გაგიჭირდება, მერე რატომ მიდიხარ თხოვნით? ეს ეკლესიისთვის არაფერია, ეს საერო, პოლიტიკაში ჩართული ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი პატრიარქის სიდიდე, რომ ამ ქცევას, ამ ტალახს ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს თავის ავტორიტეტს და სწორედაც, რომ ეს არის მისი ავტორიტეტის სიძლიერის საფუძველი. ამ ყველაფერს ვერ ხვდებიან ეს პოლიტიკური ჯგუფები და ეკლესიას უყურებენ გამოყენებითი თვალსაზრისით, რას მომცემს მე ეკლესიაო. ეს მათი ტრაგედიაა. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, როცა ასეთი ადამიანები არიან ხელისუფლების სათავეში.
_ მოდით ვისაუბროთ იმ პარაფირებულ დოკუმენტზე, რომელსაც ბოლო პერიოდში დიდი ხმაური მოყვა. გასაგებია, რომ საქართველომ ევროპული არჩევანი გააკეთა. როგორც ჩანს, ამ პარაფირების დოკუმენტში არის ისეთი საკითხებიც, რომლის მხარდაჭერის იმედიც ეკლესიის მხრიდან ხელისუფლებას აქვს. ყოველ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთერთ შეხვედრაზე პარაფირების დოკუმენტზე საუბრისას თქვა, რომ იმედი მაქვს ეკლესია გაგებით მოეკიდება ამ საკითხსო. თქვენი აზრით, ევროპული ღირებულებნების კუთხით შეიძლება საქართველოსთვის მტკივნეული თემები წამოვიდეს წინა პლანზე და ქართულ მხარეს თვალის დახუჭვა მოუწიოს იგივე რელიგიურ თემებზე, სექსუალურ უმცირესობებზე და ა.შ.
_ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი კითხვაა, მაგრამ მანამდე მინდა ერთი ჩანართი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ეკლესიის ჩარევას პოლიტიკურ საკითხებში. ამბროსი ხელაიას, წმინდა პატრიარქის წერილი გენუის კონფერენციაზე იყო თუ არ იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეკლესიის ჩარევა. ან მარაბდის ველზე ოთხი ეპისკოპოსის თავგანწირვა იყო თუ არა საერო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა. ჯერ გავაანალიზოთ და მერე დავასკვნათ, ეკლესია ერევა მხოლოდ იმ საქმეებში, რომელიც არის ქვეყნისთვუის მნიშვნელოვანი და რომლითაც განისაზღვრება ჩვენი ცხოვრების წესი, აწმყო და მომავალი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთ დოკუმენტში, როგორიცაა ევროკავშირთან ხელშეკრულება, საქართველოს ეკლესიის პოზიცია. მაგრამ, ამ ხელისუფლების უბედურება ის გახლავთ, რომ თავის დროზე არ განუმარტავს საზოგადოებისთვის, თუ რა დევს ამ დოკუმენტში. მეორეს მხრივ, არ მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს თანხმობა, თუ როგორ შეიძლება ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ დოკუმენტში ჩადებულ პუნქტებს. კიდევ უფრო მეტი, როგორ გამოვიყენოთ ჩვენთვის სასიკეთოდ ეს პუნქტები. როდესაც ევროსაბჭოში შევდიოდით იმიტომ, რომ სომხეთზე და აზერბაიჯანზე რამდენიმე თვით ადრე შევსულიყავით, საქართველომ თავის თავზე აიღო ვალდებულება ე.წ. თურქი მესხების საქართველოში ჩამოსახლების შესახებ, რაც დავუშვათ იგივე სომხეთს არ გაუკეთებია. ამით რისი თქმა მინდა: საქართველოს ხელისუფლება ქმნის პრობლემებს და შემდგომ ამ პრობლემებს სხვას აბრალებს ისევე, როგორც ეს პუნქტი გახდა თავის დროზე, მაშინ ჩვენ პარლამენტის წევრები ვიყავით, ან ამ მუხლით უნდა გაგვეკეთებინა ხელშეკრულების რატიფიცირება, ან საერთოდ უარი უნდა გვეთქვა ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე. იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეთქვა კავკასიაში პირველები ვართ, ვინც ევროსაბჭოში შევიდაო და ამით თავი მოეწონებინა, ასეთი მძიმე პუნქტი შეიტანა ქართულმა მხარემ ხელშეკრულებაში. არადა ქართულ მხარეს შეეძლო რამდენიმე თვე ემუშავა და ევროპული მხარე დაერწმუნებინა მთელ რიგ საკითხებში. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენთან კლანურ ინტერესებს ეწირება პოლიტიკური ინტერესები და ხელისუფლების მერკანტილურ ინტერესებს კი მთელი საქართველო. საინტერესოა, რატომ არ აუხსნა საზოგადოებას ხელისუფლებამ პარაფირებულ დოკუმენტში ის პუნქტები, რაც შეიძლება საკამათო გამხდარიყო. იცის ქართულმა საზოგადოებამ, რაზე მოაწერეს ხელი? თუ იცის იუსტიციის მინისტრმა, რომ რაღაც სადაო პუნქტებია, იქნებ მანამდე ქართულ საზოგადოებასთან გაევლო კონსულტაცია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ასე ეპყრობა ქვეყანას და ფაქტის წინაშე აყენებს მოსახლეობას. დღესაც, შესაძლებელია, რომ ინტენსიური კონსულტაციებით კონსენსუსი იქნეს მიღწეული. საუბარია იმაზე, რომ პრაქტიკულად მაშინ, როდესაც საერთოდ არ არის მოთხოვნა ევროპიდან, იგივე ევროსაბჭოს, ეუთოს დასხვა დოკუმენტებში პირდაპირ არის ნათქვამი რეკომენდაცია, რომ ყველა ეკლესიამ უნდა დაიკავოს ის ადგილი სახელმწიფოს ცხოვრებაში, რაც მას უკავია სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროს გაწეული შრომის შესაბამისად. არსად არ არის ევროპაში, რომ არ იყოს გამოკვეთილი დომინანტი ეკლესია. ჩვენი ე.წ. ნეოლიბერალები ცდილობენ, რომ აქ ყველაფერი იყოს თანაბარი ყველა ეკლესიისთვის. მთელი უბედურება ის არის, რომ ხელისუფლება ერთის მხრივ, ხელს უწყობს პროვოცირებას, მეორეს მხრივ, აგზავნის მოხსენებებს, თუ რაოდენ არატოლერანტულია ქართველი ერი.
_ რადგან არატოლერანტულობაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ევროკავშირის მოთხოვნებში იყოს ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება და ქართულმა მხარემ ამ კუთხით ვალდებულება აიღოს?
_ მსგავსი მოთხოვნები ევროპას ჩვენთვის არასოდეს დაუყენებია. ხელოვნურად ხდება საქართველოს ჩამოცილება ევროპული სივრცისაგან. გახსოვთ, კიევის მოვლენებისას, პრემიერი აზაროვი და თქვა: ხალხო, აქ წერია ერთსქესიანთა ქორწინების შესახებო. არავინ არ გვთხოვს ამას. ჩვენ გვთხოვენ იმას, რომ რელიგიური, სექსუალური თუკი სხვა მიზეზების გამო არ ხდებოდეს ქუჩაში ადამიანების ცემა, არ იყოს რეპრესიები და ა.შ. რაც, პრაქტიკულად, საქართველოში არც ხდება. ეს არის ხელოვნურად გაბუქებული პრობლემა. ეს არის შეფარვით თუ ღიად პრორუსული ძალების ქმედებები, რომ თითქოს დავუშვათ ერთსქესიანი ევროპა ისეთივე საშიშია ჩვენთვის, როგორც დამპყრობელი რუსეთი. ეს ერთმანეთის საპირწონე არ არის. ჩვენ არავინ გვაძალებს იმაზე, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინება დავუშვათ. არავინ გვაძალებს იმას, რომ ჩვენი უბიწოება არ დავიცვათ, ეს ჩვენი პირადი საქმეა.
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
February 4th, 2014 shalva chkhaidze