პირობები იცვლება, ბრძოლა გრძელდება – სამშობლო #11 04 1932 პარიზი

ალ. ასათიანი

საქართველოს ბრძოლა გრძელდება. წელი-წელს მისდევს და მსხვერპლი _ მსხვერპლს ემატება. ამ ახალი ბრძოლის ათის წლის თავი უკვე გავიარეთ და ამ ბრძოლაში გაწეულ მსხვერპლის რაოდენობა კვლავ აღვრიცხეთ და გადავითვალეთ. ის ფრიად დიდია. ხოლო ბრძოლა კვლავ გრძელდება და მისი დასასრულის მიჯნა კვლავ არ სჩანს. ადამიანის ცხოვრების მანძილი მოკლეა, და ბუნებრივია, რომ ათეულ წლის გამუდმებულ და მკაცრი ბრძოლის შემდეგ გადავხედოთ განვლილ ბრძოლის გზას და შევაფასოთ მისი მიმართულება, მიზანი და მიღწეული შედეგები. მაგრამ არა ნაკლებ ბუნებრივია, რომ ასეთი გადასინჯვის შემდეგ საქართველოს ბრძოლა კვლავ გრძელდება ძველი სიმტკიცითა და ახალი გადაწყეტილებით.
გახანგრძლივებული ბრძოლა ხშირად იწვევს უკან დახევას და დათმობას. მაგრამ მებრძოლ საქართველოს უკვე განვლილი აქვს ეს გზები. საბჭოთა რუსეთის საქართველოში გაბატონების პირველ ორს წელს გამოცდილი იყო ის დათმობისა და შექმნილ მდგომარეობასთან შეგუების პოლიტიკა. თითქოს იყო იმ ხანად ზოგიერთი ისეთი პირობები, რომელთა მიხედვით ქართველ ერს მცირე რამ დადებითი შედეგებისათვის უნდა მიეღწია ამ მიმართულებით. ლენინი ბრძანებას აძლევდა თავის ქართველ ამხანაგებს _ საქართველოში ზომიერი და მშვიდობიანი პოლიტიკა აწარმოეთო და თვით ეს მისი ამხანაგებიც, რომელნიც შემოუძღვენ საქართველოში წითელ რუსულ ჯარებს, პირველ თვეებში თითქოს მართლა ცდილობდენ ამ თავის უდიდესი ეროვნული დანაშაულობის შემსუბუქებას ხალხის თვალში და ლენინის დარიგებას ანგარიშს უწევდენ. მაგრამ მალე გამოირკვა, რომ ასეთს დაპირებებსა და განზრახვებს არ ჰქონდა მაგარი ფესვები. მან ვერ შესცვალა კომუნისტრური პოლიტიკის არსებითი ბუნება, მან ვერ შეატრიალა საბჭოთა სისტემის ხასიათი. ამის გამო საქართველოშიც დამყარდა ყოველივე ის, რაც საბჭოთა რუსეთის სხვა ნაწილებში არსებობდა. საქართველოში შემოჭრილი უცხო ძალა გულმოდგინეთა და დაჟინებით შეუდგა ჩვენი ეროვნული ცხოვრების ყველა ელემენტების ნგრევასა და დაუძლურებას. და ის კვლავ ამ გზით მიდის. საქართველოს ბრძოლაც სწორედ ამ ეროვნული არსებობის უმთავრეს საფუძვლების დაცვისთვის სწარმოებს. ეს არის ბრძოლა ეროვნული და პიროვნული თავისუფლების ელემენტარული უფლებისათვის, ეს არის ბრძოლა ერისა და მოქალაქის ფიზიკური არსებობისა და და მისი განვითარების უმთავრესი ძარღვების დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ერი ცოცხალი არსია და თავის არსებობისათვის ბრძოლა და თავდაცვის ინსტიქტი მასში ისევე ძლიერია, როგორც ყოველს ცოცხალს არსებაში.
ათი წელია, რაც ჩვენი თაობა აწარმოებს ამ ბრძოლას, მაგრამ ის ათეულ საუკუნეთა მანძილზედ უწარმოებია ჩვენს წინაპრებს საქართველოს ხანგრძლივ მატიანის გზაზედ. ქართველი ერი ვერ გადაიქცევა ცხვრის ფარად, ის ვერ შეურიგდება საშინელ უცხო უღელს, რომელიც მას ყოველივე უფლება აყრილ, გაღატაკებულ მონად გახდის. ეს მთელი ჩვენი ისტორიის კარნახია, ეს ერის ყველა ცოცხალი ინტერესების გამოძახილია.
ამის გამო არ დგება ერის წინაშე ბრძოლის მიზნისა, მისი გეზისა და მიმართულების შეცვლის საკითხი. ამ ჟამად ერისა და მის ხელმძღვანელ წრეების წინაშე დგას მხოლოდ ისეთი საკითხები, რომელნიც ყოველი ბრძოლის მუდმივსა და მიუცილებელ ამოცანებს შეადგენს. ეს არის ბრძოლის მეთოდის, ორგანიზაციის და პირობების საკითხი. ამ კითხვათა მუდმივ მხედველობაში ქონა, მათი ჯეროვანი ანგარიში და გონივრული გადაჭრა შეადგენს მებრძოლ ერის ხელმძღვანელთა უმთავრეს მოვალეობას და მით უფრო მძიმეა და საპასუხისმგებლო ეს მოვალეობა, რამდენად უფრო მძიმეა და სახიფათო თვით ეს ბრძოლა.
საქართველომ სამი დიდი აჯანყება გადაიხადა ამ ათი წლის მანძილზედ, მაგრამ ჩვენი ერის განმათავისუფლებელი ბრძოლა ამით არ ამოწურულა. ის მუდმივ ბრძოლას აწარმოებს თავის მიწა-წყალზედ და სხვა და სხვა დროს ამ ბრძოლას სხვა და სხვა ხასიათი ეძლევა. ხშირად ეს ჩვეულებრივი პროტესტია და გაფიცვები, ხშირად ეს გლეხების გამოსვლაა, იშვიათად სადმე ხილული ძალთა მასსიური დემონსტრაციები და კომუნისტებზე თავდასხმაა. მაგრამ ხშირად ამ ბრძოლას შეიარაღებული გამოსვლების ხასიათი ეძლევა, საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში გასული რაზმები შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ საბჭოთა ძალების წინააღმდეგ. ასეთ გამოსვლები ხშირად ფრიად ფართე ხასიათს ღებულობდა. ამ ათი წლის მანძილზედ. ასეა მაგალიტად ამ ჟამადაც. რამოდენიმე ასე შეიარაღებული მებრძოლი მოქმედებს სვანეთში, ასევე ხევსურეთში, ბორჩალოში, კახეთში და სხვაგან. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ასეთს გამოსვლებს ფრიად მძიმე მსხვერპლი მოსდევს. ათის ტყეში გაჭრას ასის და ორასის დატყვევება, ჩრდილო ქვეყნებში გადასახლება და ხშირად მრავალი დახვრეტებიც მოსდევს. ამავე დროს ასეთს გამოსვლებს რასაკვირველია არ შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში ჩვენი ბრძოლის საბოლოვო მიზნისათვის. ის მას ვერც მოაახლოვებს და მით უმეტეს ვერ გადასჭრის. ძალთა დაზოგვისა და ძალთა მარაგის მოთხოვნილება სავალდებულო ამოცანაა ყოველს ბრძოლაში, მაგრამ მას განსაკუთრებული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბრძოლისათვის, როდესაც ერთს მხარეზეა ბუმბერაზი მსოფლიო ძალა და მეორეზე ჩვენი ერი, მუდმივი ბრძოლით ამ ზომად ნაწამები და დანასუსტები.
ამით აიხსნება რომ პოლიტიკური პარტიები, რომელნიც გრძნობენ თავის პასუხის მგებლობას ერის წინაშე, ამ სიფრთხილის და ძალთა დაზოგვისაკენ მოუწოდებენ ქართველ ერს. მაგრამ პარტიების ასეთს დარიგებებს რომ დიდი შედეგი არ აქვს და სტიქიური შეიარაღებული გამოსვლები კიდევ უფრო მრავლდება, ეს არავის უნდა აკვირვებდეს. ვისაც უმუშავნია საქართველოში აჯანყებების ხანაში, მისთვის ეს სავსებით გასაგები იქნება. ამ ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ერის სულისკვეთებას, მის სულიერ განწყობილებას. კომუნისტური რეჟიმის სიმძიმე და სიმკაცრე, მისი დაუზოგავი და უხეში ძალდატანება ერის ეკონომიკურ ცხოვრებაზე და მის სინდისზე სტიქიურ რეაქციას იწვევდა ერში და ეს ხშირად შეიარაღებულ ბრძოლის ხასიათს ღებულობდა. ასეთი მძიმე რეჟიმის ხანაში ქართველს ერში მუდმივად მოიპოვება ფრიად მრავალრიცხოვანი წრეები, რომელნიც ყოველ წუთში მოელიან საბჭოთა აპარატისგან მკაცრ რეპრესიებს, ციხეს, გადასახლებას, დახვრეტებს. ბევრი ამათგან თავის ხვედრს ურიგდება და მოთმინებით უცდის მწარე განკითხვის ჟამს, მაგრამ ბევრი არჩევს იარაღის აღებას და ამ გზით თავდაცვის წარმოებას. ძნელია ასეთს პირობებში სიტყვიერი დარიგებებით მათი შეჩერება. მით უმეტეს, როდესაც საბჭოთა საქართველოში ფრიად გაძნელებულია არა კომუნისტურ წრეებთან მუდმივი კავშირისა და ურთი-ერთობის დამყარება.
ამ რიგად სტიქიურ გამოსცლათა მთავარი მასაზრდოებელი ძალა არის დაუზოგავი რეპრესიების სისტემა. ამის გამო ამ სტიქიონის მნიშვნელოვნად შესუსტება თუ შეჩერება ვინმეს რჩევითა და დარიგებითა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჯოჯოხეთური რეჟიმის შეცვლით.
მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ პირობათა გამო კიდევ უფრო გაძლიერდა ერთა და სახელმწიფოთა ერთმანეთისაგან დამოკიდებულება, უდიდესი სახელმწიფოებიც ვერ აგვარებენ თავისი საკუთარი ძალებით არამც თუ რთულ საგარეო საკითხებს, არამედ მნიშვნელოვან თავის შინაურ ფინანსურსა და ეკონომიურს საქმეებსაც. მით უმეტეს დიდია საქართველოს განმათავისუფლებელი ბრძოლის დამოკიდებულება ამ დიდ საერთაშორისო კომბინაციებისაგან. ასეთი ვითარება კიდევ უფრო განმტკიცებულია იმ გარემოებით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის წამქცევი ძალა, საბჭოთა რუსეთი, შეურიგებლად არის დატაკებული და დაპირდაპირებული მთელს კულტურულს კაცობრიობასთან.
ორი უმთავრესი საფუძველი აქვს ამ მსოფლიო დავას. ერთია საბჭოთა რუსეთის იმპერიალიზმი. ამ მხრივ მან დიდათ გადააჭარბა მეფის რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას. მან არამცთუ დაიპყრო და შეუერთა რუსეთს რევოლუციის ხანაში დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოწყობილი განაპირა ქვეყნები, არამედ ახდილად შეიჭრა აზიის ყველა ქვეყნებში _ მცირე აზიაში, ავღანისტანში, ინდოეთში, ინდო-ჩინეთში და იქ ევროპის სახელმწიფოთა პოლიტიკურ და ეკონომიურ გავლენის დამხობა განიზრახა. ევროპაც შეუდგა ამ ახალი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ძალთა დარაზმვას და ამ ჟამად რომ იაპონია გამოდის ასპარეზზე, ეს ამის გამოძახილია.
მეორე ნიადაგი, სადაც კომუნისტურმა რუსეთმა ბრძოლა გამოუცხადა მთელს კულტურულ კაცობრიობას, ეს არის ბრძოლა კაპიტალისტური სისტემის დანგრევისათვის მთელს მსოფლიოში. კომუნისტური რუსეთი შეიჭრა ევროპის კაპიტალისტურ ქვეყნებში სოციალისტური რევოლუციის ქადაგით და ბოლოს კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიურად დაუძლურების განზრახვებით დენპინგის საშვალებით. ევროპის ქვეყნებმა სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს კომუნისტურ რუსეთის ასეთს აგრესივობას. მაგრამ დღემდე ეს ხდებოდა ცალ-ცალკე და განკერძოებულად. არის ნიშნები, რომ მომავალში მას უფრო შეთანხმებული და გაერთიანებული ხასიათი მიეცემა. საფრანგეთის დიდმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ტარდიემ ჯერ ორი წლის წინეთ გამოსთქვა აზრი, რომ კომუნისტური საფრთხე მსოფლიო მოვლენაა და ის მხოლოდ საერთო საშვალებით გადაწყდებაო. ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებს უთუოდ გათვალისწინებული ექნებათ ასეთი გეგმები. ამ მიმართულებით ფრიად მნიშვნელოვანი შედეგი ექნება საფრანგეთის გეგმას, რომ ნაციათა ლიგას საკუთარი შეიარაღებული ძალა გაუჩინონ. უკეთუ ეს პროექტი განხორციელდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ტარდიეს გეგმის განაღდება შესახებ დანიუბის ხუთი სახელმწიფოს ერთს ეკონომიურ კონფედერაციაში გაერთიანებისა. ამ გეგმით ავსტრია და უნგრეთი, რომელნიც ასე დაახლოვებული იყვნენ საბჭოთა რუსეთის ფაქტიურ მოკავშირე გერმანიასთან, მის განსაკუთრებული გავლენისაგან თავისუფლდებიან და საბჭოთა რუსეთის მოპირდაპირე ბანაკში ემწყვდევიან. მაგრამ ამ გეგმაში არ არის გერმანიის გარიყვის ცდა. ამ გეგმის განაღდებისათვის საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და იტალიის შეთანხმებაა განზრახული და თუ ეს განხორციელდა, ეს იქნება გერმანია-რუსეთის მეგობრობის დასასრული. ტარდიემ განაცხადა ლონდონში, რომ მისი პროექტი ფართედ ეხება ევროპის მდგომარეობას და კიდევ უფრო შორს, მსოფლიო საქმეებს…
ჩვენ ვერ ვიკისრებთ წინასწარმეტყველობას იმის შესახებ თუ როგორ გადაწყდება საბოლოვოდ ამ ორი, დაპირისპირებული მსოფლიო ძალია ბრძოლა: იარაღით, ხანგრძლივ ეკონომიური ბრძოლით თუ საბჭოთა რუსეთის უკან დახევით და მით კაპიტალისტურ მსოფლიოსთან ზავის დამყარებით. ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ შესაძლებლობათა შერჩევა. ქართულ პოლიტიკას ნავარაუდევი უნდა ჰქონდეს ყველა ეს შესაძლებლობანი და იმან ყოველს გარემოებაში უნდა ეძიოს თავის მიზნების მაქსიმალურად განაღდება.
ამ უდიდეს მსოფლიო საკითხებში ჩვენი საქმე მცირე რამ არის და მისი განაღდება არც ერთს ზემოდ მოყვანილ შემთხვევაში რა არის შეუძლებელი. საქართველოს თავისი ადგილი აქვს ამ მსოფლიო დაპირისპირებაში და ის გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს შეეფერება ჩვენი მიწა-წყლის სივრცეს და მცხოვრებთა რიცხვს. ასეთი ვითარების ჯეროვანად გამოყენება, და ყველა შესაძლებლობისათვის მზადყოფნა საჭიროებს პოლიტიკურ მუშაობას უფრო დალაგებულსა და მოაზრებულს, ვიდრე ეს იყო აქამომდე. გვითქვამს და კვლავ გავიმეორებთ ნაპოლეონის ბრძნულ სიტყვებს, რომ მსოფლიოს ორი ძალა ჰმართავს _ მახვილი და აზრი, მაგრამ დროთა სივრცის მანძილზე აზრია, რომელიც პირველობს. ჩვენს პოლიტიკას სწორედ ეს მეტი აზრი სჭირია, მეტი გონებრივი შემოქმედება, ბრძოლის პირობათა მეტი შესწავლა და ანგარიში. ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას აქ დიდი ასპარეზი აქვს და არა მარტო მიმდინარე ბრძოლის საქმისათვის; რამდენი მომავლისათვის საჭირო და სასარგებლო კავშირისა და ურთიერთობის დამყარება შეიძლება, თუ ამის უნარს გამოვიჩენთ! რამდენი სასარგებლო კულტურული მუშაობის გაწევა შეიძლება და კერძოთ პოლიტიკაშიც დიდათ გვაკლია ჩვენ ეს პოლიტიკური კულტურა და დიდათ გამოგვადგება დაწინაურებულ ხალხთა პოლიტიკური ცხოვრების დაკვირვება, შეგნება და შეთვისება. რამდენი ახალი საკითხია აღძრული და დამუშავებული სხვათა მიერ, რამდენი პრობლემა გვაქვს გასარჩევი და გადასაჭრელი თვით ჩვენ, ჩვენი ქვეყნის შესახებ! საქართველოში ჩაკლულია პოლიტიკური აზრი, ემიგრაციაში მაინც უნდა ცოცხლობდეს ის.
როგორც აქტიური ბრძოლის საქმე მოითხოვს ძალთა ერთობასა და თანხმობას, ისე ამასვე საჭიროებს ეს მეორე სფეროც. დაშლილად, დაქსაქსულად და უგეგმოთ აქაც ვერაფერს გავხდებით.
განსაკუთრებულად სახიფათოა ამ ახალს პირობებში დატოვება იმ ფრიად გამწვავებული დამოკიდებულებისა, რომელიც არსებობს ქართულ პოლიტიკურ წრეებში. შინაური ბრძოლა მეტად შორს მიდის. მას უკვე საზღვრები აღარ უჩანს. ერთმანეთის დაშლა-დაუძლურებისათვის მუშაობა, ერთმანეთის ზნეობრივად შელახვა და სახელის გატეხა ფრიად დიდს ადგილს იჭერს ემიგრანტულს საქართველოში. ამ გზით-სრული დაქსაქსვა და პოლარიზაცია გვდარაჯობს და დროა გონზე მოსვლა და შეჩერება. ჩვენი მიზანი_ისეთი ერთობის შექმნა, რომ ჩვენი პოლიტიკური ემიგრაცია რკინის სალტებით იყოს შეკრული ერთს სურვილსა და ერთს მოქმედებაში არ არის ადვილად მისაღწევი. მისთვის ხანგრძლივი მარაგი და მზადება არის საჭირო. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მაინც უნდა მოვახერხოთ ამ მიმართულებით. პოლიტიკური მოქმედების სრულიად ელემენტარული წესებისა და ნორმების მიღება და სავალდებულოდ გახდენა მაინც უნდა შევძლოთ აქედანვე.. ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიყუჩდეს და მინელდეს ჩვენს ემიგრანტულს ცხოვრებაში აშლილი პირადული და ჯგუფური ღვარძლი, და სხვა მდაბალი გრძნობები, რაც მასში პოლიტიკურ საქმედ და მოღვაწეობად საღდება.
ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება გაზრდა და გაფართოვება შეთანხმებული აზრისა, საქმისა და ორგანიზაციისა.
ეს კითხვები ჩვენ ფართედ დავაყენეთ გასული წლის ზეფხულს და ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ კმაყოფილი ვიყოთ მის შედეგებით. ეს კიდევ იმას მოწმობს, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება მძიმედ არის დასნეულებული და არა მხოლოდ გარეშე პირობების მიხედვით. ყველა ჩვენი ძალა და შესაძლებლობა უნდა ავამოქმედოთ ამ ჯადოსნური წრის გადალახვისათვის. ჩვენი პოლიტიკური საქმე ამ ჟამად ისეთს ყოფაშია, რომ მისი აღდგენა და გაცხოველება ხორციელადა და სულიერად შესაძლოა მხოლოდ განსაკუთრებული საშუალებებით_და მათ შორის მთავარია პოლიტიკურ წრეთა გონებრივად გამოფხიზლება და მათი აზრისა და ნებისყოფის ეხლანდელ მიდუნებულ ყოფისაგან გამოყვანა. ის რომ ამ ჟამად წვრილმანებზე თავს იტეხს, ხოლო მთავარსა და რეალურად გასაკეთებელ საქმეებს ივიწყებს, ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ის ასეთს დეპრესიას განიცდის. საჭიროა ამის გადალახვა. ეს სავსებით შესაძლებელია. საქართველოს ბრძოლა. ათასთა თავგანწირვა და წმინდა მსხვერპლი დაუშრეტელი წყაროა იმ სულიერი სიმტკიცისა, რომელიც შეუსუსტდა ემიგრაციას. საერთო ძალით, ერთმანეთის სულიერად გამაგრებით, გაწეულ მსხვერპლის მოგონებით, და ჩვენი ერის ეხლანდელი მწარე ხვედრის მუდამ ხსოვნითა კვლავ გაცხოველდება ის რაც მიდუნდა დროებით, ქართული ემიგრაცია კვლავ აღიჭურვება მტკიცე აზრითა და ნებისყოფით. და ამას მოითხოვს გარდაუვალი მისი მოვალეობა ერის წინაშე.
ალ. ასათიანი.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress