ახალი თაობა 1.08. 2009
ოპოზიცია ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს
სააკაშვილი პარლამენტს არავის დაუთმობს
შორენა კოწოწაშვილი
მამუკა გიორგაძე სააკაშვილის გადადგომის მომხრეა. ამის მიუხედავად ის ვერაფრით ვერ დაუდგა ოპოზიციას გვერდით. აქციის ოპგანიზატორებს ის უაზრო ერთობას უწოდებს. და მიაჩნია, რომ ისინი ხელისუფლების საქმეს აკეთებენ.
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
_ ბატონო მამუკა, რა გამოიკვეთა უკრაინასა და საქართველოში გამართული შეხვედრებიდან, მისაღებია ბაიდენისთვის ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური კურსი?
_ გამოიკვეთა, რომ საქართველოში არ არსებობენ სერიოზული პოლიტიკური ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაიდენი ჯოგად არ მიიღებდა ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოების სპექტრს. ეს ნიშნავს, რომ აქ სერიოზული პოლიტიკური ჯგუფი არ არის. უკრაინაში ბაიდენი შეხვდა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას. იყო გამოკვეთილი ოთხი შეხვედრა. ეს არის იმის აღიარება, რომ უკრაინაში პოლიტიკური სპექტრი არსებობს. ბაიდენი უკრაინაში საქმიანი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, ჩვენთან კი _ დევნილ ბავშვებს. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მხოლოდ პატრონობა გვჭირდება. იმას არ ვამბობ, რომ ბავშვებთან ემოციური შეხვედრა ცუდი იყო, მაგრამ ამ ყველაფრით აშკარა გახდა, რომ საქართველოში არ არიან გამოკვეთილი პოლიტიკური ძალები, რაც არის გარანტი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების მდგრადობისა. ჩვენ არ გვინახავს ბაიდენისა და სააკაშვილის ოფიციალური შეხვედრა, რომლის შემდგომაც ჩატარდებოდა ოფიციალური პრესკონფერენცია, ანუ ამ შეხვედრის შემდეგ პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთებულა. ფაქტია, ბაიდენმა მიზანშეწონილად არ ცათვალა, სააკაშვილთან ეთად ერთობლივი პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ხელისუფლება ამაოდ ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ბაიდენი მხარს უჭერს ამ რეჟიმს. ბაიდენი კი იღიმებოდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ სააკაშვილი შესაფერის პარტნიორად არ მიიჩნია.
_ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით ბაიდენმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა ქვეყანას. შეიძლება აქაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს?
_ ის, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებშია, ფაქტია. ბაიდენი ამერიკის ინტერესებს იცავს. მან კარგად იცის, ვინ არის სააკაშვილი, მაგრამ ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებშია, მოეფეროს ქართველ ხალხს, რომელსაც გყავს არალეგიტიმური ლიდერი. ბაიდენმა იცის, რომ სააკაშვილი შეძლებს, მოახდინოს ისეთი თემების პროვოცირება, როგორიც იყო, მაგალითად, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, რის გამოც შემდეგ ჰილარი კლინტონს ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუხდა, საქმე ისე არ არის, როგორც სააკაშვილი ლაპარაკობსო. ბაიდენის ემოციური გამოსვლა მისი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვა იყო. თუ ჩვენ ამერიკის პარტნიორები არ გავხდებით, საქართველოს ინტერესები შეიძლება ბოლომდე არ იყოს რეალიზებული.
_ უნდა კვლავ ველოდოთ დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებს? ფაქტია, რუსეთი და ამერიკა საქართველოს საკითხში ვერ შეთანხმდნენ…
_ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. ბუნებრივია, ბაიდენის ვიზიტს რუსეთი რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდა. ამერიკის მოქმედება არის ადეკვატური, ისევე, როგორც რუსეთისა. უბრალოდ, ჩვენი მოქმედება არ არის ადეკვატური. ბაიდენმა მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: დამთავრდა მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი ტერიტორიის დათმობები, დამთავრდა მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური გავლენების გადანაწილება, დაიწყო ახალლი ერა და ეს გახლავთ პარტნიორული მსოფლიო. მან ძალიან მნიშვნელოვანი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ფრაზა წარმოთქვა. მსოფლიო ლიდერმა, ამერიკის ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა მსოფლიოს ახალი რეალობა _ მრავალპოლარული სამყაროს ნაცვლად მრავალპარტნიორული სამყარო. ბაიდენმა განაცხადა, რომ სახელმწიფოები გადანაწილდებიან არა რამდენიმე ძლიერი სახელმწიფოს გავლენის სფეროებად, არამედ პარტნიორები ჩამოყალიბდებიან ერთიანი ინტერესების შესაბამისად და შექმნიან ერთიან საკოორდინაციო სივრცეს. აქ მთავარი მესიჯი არა მარტო ის იყო, რომ ამერიკა რუსეთს საქართველოს არ დაუთმობს. ბაიდენმა გვითხრა, თუ გინდათ, როგორც სახელმწიფო, შედგეთ, ამისთვის საჭიროა გახდეთ ჩვენი პარტნიორიო, ანუ ბაიდენმა თქვა, ჩვენ არ ვაპირებთ, თქვენ მოიაზრებოდეთ კოლონიურ მმართველობაში მყოფ ქვეყანადო. თუ საქართველო არ გახდება ცივილიზებული დასავლეთის პარტნიორი, აქ შეუძლებელი იქნება წარმატებაზე ფიქრი. აღმოსავლური ტირანიისთვის დამახასიათებელი მიღებით რომ დახვდა სააკაშვილი ბაიდენს, პარლამენტში ტაში და ა.შ., ჟარგონით რომ ვთქვათ, ბაიდენმა თქვა: ამას ჩვენ არა ვჭამთო. მან გვითხრა, კეთილი ინებეთ, გახდით პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტი და მერე ვითანამშრომლოთო. მთავარი მესიჯი ეს იყო. დანარჩენი ყველაფერი რუსეთისკენ იყო მიმართული.
_ ანუ ბაიდენმა რეალურად მიანიშნა სააკაშვილს, რომ ის არალეგიტიმური ხელისუფალია?
_ არათუ რეალურად მიანიშნა, არამედ გვითხრა, რაც არ უნდა თავზე გადმოგვაყაროთ თქვენი ქვეყნის სიუხვეები, შეუძლებელია თქვენთან ურთიერთობა, თუ არ გახდებით პარტნიორებიო. კაცმა ვერ მოძებნა ქართულ პოლიტიკურ და საქმიან წრეებში ჯგუფი, რომ ცალკე შეხვედროდა და სერიოზული საუბარი გაემართა.
_ ჯგუფი, რომელიც ბაიდენს შეხვდა, ამერიკის საელჩოს მიერ იყო შერჩეული.
_ სწორედ ამას ვამბობ, რადგან ეს ჯგუფი შეირჩა, გამოდის, ჩვენთან არ არის სერიოზული პოლიტიკური ძალა. რადგან სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ოფიციალური განცხადებები არ გაკეთდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკულმა მხარემ ეს ვიზიტი ოფიციალურად არ მიიჩნია.
_ პრეზიდენტად არ აღიარა სააკაშვილი ბაიდენმა და იმიტომ არ გააკეთა მასთან ერთობლივი განცხადება?
_ მან, როგორც პარტნიორი, საქართველო არ აღიარა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სააკაშვილზე. ელემენტარულად, ოფიციალურ დონეზე ხელის ჩამორთმევა და სურათების გადაღებაც არ ყოფილა.
_ მედვედევის თქმით, სააკაშვილები მიდიან და მოდიან, ქართველი ხალხი რჩება და ჩვენ მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაში უნდა ვიყოთო. ეს არის თუ არა მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი და ამერიკა ფიქრობენ სააკაშვილის ჩანაცვლებაზე?
_ მე იმაზე ვსაუბრობ, რაც ღიად ბაიდენმა თქვა. თუ ვინცობაა საქართველო ვერ შეძლებს, თავის თავში მოძებნოს ძალა, რომელიც მოახერხებს, საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანოს ქართველი ერის ნებით არჩეული პოლიტიკური ძალა და პარტნიორობა გაუწიოს დასავლეთს, მაშინ ავტომატურად ძალაში შევა მეორე ვარიანტი და მოხდება სწორედ ეს გარიგება. ბაიდენმა თქვა, თუ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად ხელისუფლების შეცვლას, მაშინ ჩვენ თქვენს თავს არავის დავაჩაგვრინებთო. თუ ქართველი ხალხი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ცვლილებას, ბუნებრივია, ამერიკა შეეგუება იმ ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი მოიყვანს საქართველოს სამართავად, ოღონდ ერთი პირობით: მან არ უნდა ამოუკვეთოს ფეხი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ცივილიზებულ სამყაროს საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებაში. როგორც დღეს სააკაშვილი იქცევა _ ასრულებს რუსეთის დავალებას, მაგრამ ხელს არ უშლის საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოში ფუნქციონირებას.
_ როგორ ფიქრობთ, სრულად გააცნობიერა სააკაშვილის ხელისუფლებამ ბაიდენის მითითებები? დემოკრატიის კუთხით გამოთქმული შენიშვნებიდან გამომდინარეობს დახეული მანდატების აღდგენა?
_ სააკაშვილმა ყველაფერი ძალიან კარგად გააცნობიერა. მან მაქსიმალურად გამოიყენა ბაიდენის ვიზიტი და განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება სამხედრო სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობაზე და იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემდეგ ჰილარი კლინტონს მოუღწია ამის უარყოფა. ეს კი რუსეთის მხრიდან დემარშის შედეგი იყო. სააკაშვილის მრჩევლებმა ეს სპექტაკლი კარგად დადგეს, რათა ქართველ საზოგადოებას არ გასჩენოდა იმის განცდა, რომ ბაიდენმა სააკაშვილი არ შეაქო. თუმცა ბაიდენს ხელისუფლების მიმართ დადებითი შეფასება არ უხსენებია. სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრი მოუმზადებელი აღმოვჩნდით და ვერ გამოვიყენეთ ბაიდენის ვიზიტი. დღეს ბოლო გაბრძოლებასავით არის ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადება, ბაიდენმა სააკაშვილს მიუთითა დემოკრატიული პროცესების გაღრმავებაზეო და ა.შ. რაც შეეხება დეპუტატებისთვის ხელახლა მანდატების აღდგენას, ეს, ფაქტობრივად, არჩევნების შედეგების გადახედვა, კონსტიტუციისა და კანონების საკუთარ ტყავზე მორგებაა. ვეჭვობ, სააკაშვილს მიეღო ეს გადაწყვეტილება, დარწმუნებული რომ არ იყოს, ამას ვიღაც დათანხმდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილმა დანიშნა სამი დეპუტატის ადგილმონაცვლის არჩევნები, ეს ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ სააკაშვილი შესაძლებლად თვლიდეს არჩევნების ხელახლა ჩატარებას. ის დარწმუნებულია, რომ ვითარებას აკონტროლებს.
_ გამორიცხავთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, თუ ეს პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში არ შევლენ?
_ თუკი სააკაშვილს ძალიან არ გაუჭირდა, ის პარლამენტს არავის დაუთმობს და თავს აღარ აიტკივებს. ოპოზიციამ არაფერი გააკეთა რათა სააკაშვილი იძულებით წაეყვანა ამ ნაბიჯზე. ის ვირტუალური ბრძოლა, რომელიც 3 თვეს გაგრძელდა და კრახით დასრულდა, ამის ნათელი დადასტურებაა. ერთიც არის: ამ ოპოზიციის ნაწილი ძალიან ჰგავს სააკაშვილს. როგორც სააკაშვილი ამბობს, აგვისტოს ომი მოვიგეო, ასევე ურცხვად აცხადებს ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი, ჩვენ ეს დაპირისპირება მოვიგეთო. ორივეს ერთი და იგივე არგუმენტი აქვს. სააკაშვილი ამბობს, პუტინს ჩამოვხსენი ნიღაბიო, ეს ოპოზიცია კი ამბობს, სააკაშვილს ჩამოვხსენი ნიღაბი მთელი მსოფლიოს დასანახავადო. ოპოზიციის ამ ნაწილს უნდა, რომ განმეორდეს 2003 წლის სპექტაკლი, ოღონდ იმას ვერ ხვდებიან, რომ მაშინ ამერიკა, რუსეთი, შევარდნაძე და სხვადასხვა სტრუქტურები ერთად მონაწილეობდნენ ამ სპექტაკლში. ეს დღეს ვერ განმეორდება. მაგრამ თუ განმეორდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ამიტომ საჭიროა პოლიტიკური ძალების ეროვნული ინტერესების შესაბამისად გაერთიანება, რეალური პოლიტიკური ბრძოლა. ამის შემდეგ სააკაშვილი იძულებული იქნება, არათუ ადგილობრივი არჩევნები დანიშნოს, არამედ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსაც მოაწეროს ხელი იმ გარანტიით, რომ ჩაუშესკუს ბედს არ გაიზიზრებს. ეს არის ქართული პოლიტიკის დღევანდელი დღე. ბაიდენის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა ჩვენი უბედურება. ახლა მაინც გამოვფხიზლდეთ და ვთქვათ, რომ ეს არის შექმნილი მითი და მითის წინააღმდეგ ვირტუალური ბრძოლა არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ ვერ მოვიგებთ ვირტუალური ბრძოლით, ჩვენ უნდა მოვიგოთ რეალური ბრძოლით.
_ თქვენ ოპოზიციის ბრძოლას კრახი უწოდეთ. რა იყო ამ კრახის რეალური მიზეზი?
_ პირველი: რეალიბის არასწორი გაცნობიერება, მეორე _ ამ ხალხის უმეტესობა არ იბრძვის საქართველოსთვის. მათ უნდათ, ჩასხდნენ იმ სპექტაკლში, რომელიც 2003 წელს გათამაშდა. უნდათ, შეინარჩუნონ სააკაშვილის სისტემა, ოღონდ თვითონ იყვნენ ამ სისტემის თავში, ანუ ამ ხალხს უნდა, იგივე განახორციელოს, რისთვისაც იდგა 2003 წელს, ოღონდ მიშას გარეშე. ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, პრაქტიკულად, ეს უაზროდ შეკრებილი ვითომ ოპოზიციური ერთობა იღებს სააკაშვილისთვის საჭირო გადაწყვეტილებას. ასეთი ერთობები შედეგს ვერ მოიტანს. ვისაც ქართველი ერი და ქვეყანა უყვარს, იმან ენის მოჩლექით არ უნდა ილაპარაკოს. უნდა დავდგეთ ერთად და გავიდეთ პოლიტიკური ბრძოლის ველზე. სხვანაირად წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება.