მამუკა გიორგაძე: სააკაშვილი არც ერთი კლანის გაძლიერებას არ დაუშვებს 2008 წ.

რას შეეწირა ირაკლი ოქრუაშვილი

შორენა კოწოწაშვილი – ახალი თაობა  4.08.2008
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, ბოლო პერიოდში სულ აქტიურად ისმის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ოპოზიციონერთა მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი. რამდენად იკვეთება ასეთი ფაქტი, თუნდაც ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან მიმართებაში?
_ ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნა. ორი აზრი არ შეიძლება იყოს, რომ მიმდინარეობს ანგარიშსწორება და მიმდინარეობს, სამხედრო ენით რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგე არმიების დაშლილი ნაწილების დევნა-განადგურება ბრძოლის მთელ ტერიტორიაზე. აშკარაა ეს არამარტო ლეიბორისტებთან მიმართებაში, არამედ იგივე ის ცემა, დაპატიმრება, შანტაჟი, სამსახურიდან გათავისუფლება და ა.შ., რომელიც ოპოზიციურად მოაზროვნე აქტივისტებმა განიცადეს, ბევრი კვალიფიკაცია ამას არ მიეცემა, მაგრამ, ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ მეორე თვალსაზრისით, ამის საშუალება თავის დროზე თვითონ ოპოზიციამ მისცა ხელისუფლებას, იმიტომ, რომ როცა ინიციატივა ოპოზიციის ხელში იყო, ეს ისე გაფლანგა, ისე გაანიავა სხვადასხვა მიზეზების გამო, რომ მთელი ინიციატივა ხელში ჩაუგდო სააკაშვილს. სააკაშვილი იმ ბრძოლიდან გაცილებით გამარჯვებული, გაცილებით გაძლიერებული გამოვიდა და ბუნებრივია, ის იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს. თუ ყურადღებას მიაქცევთ, სახალხო პარტია ყოველთვის საუბრობდა, რომ სააკაშვილი არის ადეკვატური. ის შეცდომებს არ უშვებს., ის სჩადის დანაშაულს, მაშინ, როდესაც ოპოზიცია უშვებს უდიდეს შეცდომებს და ამ შეცდომებმა განაპირობა, რომ ინიციატივა აიღო სააკაშვილმა და იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს. სხვანაირად სააკაშვილი ვერ მოიქცევა, უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ ის არ არის კონკურენტუნარიანი. საერთოდ, ნაცმოძრაობა არ არის კონკურენტუნარიანი. ელემენტარულად, ყველაფერი ეს ნათლად იკვეთებოდა, როდესაც ჩვენ წავიკითხეთ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია, სადაც ორი-სამი კაცი თუ მოიძებნება, რომელსაც შეუძლია სერიოზულ პროფესიონალურ დონეზე კამათი. დანარჩენი არის იმისთვის, რომ მოაწყოს ისტერიები, აჟიოტაჟი და ა.შ. იმ შემადგენლობით სააკაშვილი რომ არ აპირებდა პოლიტიკურ დებატებში შესვლას ვინმესთან, ან პოლიტიკურად ჯანსაღ ცხოვრებას რომ არ აპირებდა, ეს გასაგები იყო. ნაციონალების სიის პირველ ათეულს რომ შეხედავთ, როგორ შრიძლება საუბარი რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ დებატებზე? გასაგები იყო სააკაშვილის დამოკიდებულება. მან იცის, რომ ის არ არის კონკურენტუნარიანი, მან იცის, რომ მას არანაირი იურიდიული, მორალური, ეროვნული, საფუძველი არ გააჩნია ხელისუფლებაში ყოფნისა. ერთადერთი უხეში ძალა აქვს და ამას არ უშვებს ხელიდან. ბუნებრივია, რომ სადაც დაინახა სუსტი წერტილი, სადაც დაინახა დაშვებული შეცდომა, სწორედ ხდება ამ დაშვებული შეცდომების რეალიზაცია და სააკაშვილი ბუნებრივად იქცევა. არაბუნებრივად იქცეოდნენ ეს ნაწილები, არაბუნებრივად იქცეოდა იგივე შალვა ნათელაშვილი, რომელიც გარკვეულ გარიგებაში შედიოდა ხელისუფლებასთან. არაობიექტურად იქცეოდნენ ოპოზიციის სხვა ნაწილები, რომლებიც აქციაზე იდგნენ და და რომლებიც 7 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებას ელაპარაკებოდნენ; რომლებიც სხვადასხვა დროს ისხდნენ ბურჯანაძესთან და სააკაშვილთან და განიხილავდნენ იმ საკითხებს, რომ ინაუგურაციის დღეს რუსთაველზე გავიდეს მოსახლეობა თუ არ გავიდეს, შიმშილობის აქციას შემოუერთდეს საზოგადოება თუ არ შემოუერთდეს. შესაბამისად, ოპოზიცია დარჩა მარტო, ხალხის გარეშე. მარტო დარჩენილ ოპოზიციას, დეგრადირებულ ოპოზიციას სააკაშვილი ამ შეცდომებს არ აპატიებს.
_ ლეიბორისტების მსგავსად, სხვა პოლიტიკურ ძალებზეც იქნება ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება?
_ რა თქმა უნდა, ელემენტარულად შეეცდებიან, რომ ყველა პოლიტიკურ ძალაში თუ სადმე სუსტი წერტილია, მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. თუ ვინმეს ბიზნესი აქვს ოპოზიციიდან, აიძულებენ, თავი დაანებოს ოპოზიციონერობას, დაემუქრებიან, დაგიჭერთო. ნაწილს ეტყვიან, სამსახურში პრობლემებს შეგიქმნითო, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდებიან, ნაწილს სხვა საკითხებში დაუჭერენ სუსტ წერტილებს და ამას აკეთებენ კიდეც. ყველა ვხედავთ, რაც ხდება. ვხედავთ, რომ პარტიები, რომლებიც თავის თავს გაერთიანებულ ოპოზიციას უწოდებდნენ და ქართველი ხალხის და ერის ნების გამომხატველებს, მარტივ მამრავლებად იშლება არამარტო ეს გაერთიანება, არამედ მასში შემავალი ცალკეული პარტიებიც. პრაქტიკულად აღარ დარჩა არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია დღეს საქართველოში. ეს მოხდა სწორედ ამ ადამიანების მხრიდან დაშვებული შეცდომების გამო. მათ მონოპოლიზება გაუკეთეს ოპოზიციურ აზრს და გამოაცხადეს თავისი თავი ქართველი ხალხის ერთადერთი ნების გამომხატველად. აი, სწორედ აქ იქნა დაშვებული შეცდომა. შეცდომა იქნა დაშვებული იმაში, რომ დიდი იდეის გარეშე ბრძოლას ვერ მოიგებ. ხოლო ეს იდეა მათ არ წარმოაჩინეს, მათ ვერ შეძლეს ეს, რადგან თვითონაც არ გააჩნდათ. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ხომ მოქალაქეთა კავშირისა და ნაცმოძრაობის ბედკრული შვილები არიან.
_ თქვენ ახსენეთ, რომ შალვა ნათელაშვილი გარიგებაში შედიოდა ხელისუფლებასთან. თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი, რატომ მაინცდამაინც მსგავსი ფორმით უსწორდება ხელისუფლება. უნდა ეფიქრა ნათელაშვილს, რომ ასეთ სიტუაციაში მოხვდებოდა?
_ უნდა ეფიქრა. ეს ახლანდელი ამბავი არ არის და არც პირველი შემთხვევაა… მე გეტყვით მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც საზოგადოებამ იცის. 7%-იანი ბარიერის საკითხი. ერთ-ერთი აქტივისტი ამისა სწორედ ნათელაშვილი იყო. გაიხსენეთ 2002 წელს საკრებულოს თავმჯდომარის საკითხი. 1998 წელს ადგილობრივი არჩევნების დროს მოქალაქეთა კავშირთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ოპოზიციას საერთო ჯამში 30 რაიონში ხმების განაწილების პრინციპი დააკარგვინა. ბევრი სხვა საკითხი. ამ ხელისუფლებასთან თამაში არ შეიძლება და თუ გამოხვალ და ნაბიჭვარს უწოდებ ამ ხელისუფლებას, კეთილი უნდა ინებო და მეორე დღეს უნდა დადგე რუსთაველზე და საკუთარ თავს და საზოგადოებას უკომპრომისო ბრძოლისკენ მოუწოდო. როდესაც ასე არალოგიკურად იქცევი, ბუნებრივია, ასე მოხდება. როცა სხვადასხვა მექანიზმით ცდილობ იმას, რომ რაღაც სეგმენტი შეათანხმო ხელისუფლებასთან და გარანტირებული გახადო შენი მდგომარეობა, როდესაც ამ სეგმენტიდან გახვალ, ბუნებრივია, პასუხს მოგთხოვენ. თუ სეგმენტიდან გასვლას აპირებ, კეთილი ინებე და ბრძოლის შესაბამისი ფორმები აირჩიე. ეს არა მხოლოდ ნათელაშვილს ეხება, არამედ მთელ ამ ოპოზიციას, რომლებიც გარკვეულ სეგმენტში ცდილობენ, რომ ითანამშრომლონ და მეორე სეგმენტში ცდილობენ საზოგადოების გული მოიგონ და რეიტინგზე იზრუნონ. მათ უნდა იცოდნენ სააკაშვილი მათ ამის საშუალებას არ მისცემს. ან კეთილი ინებე, შეთანხმებით იყავი რეიტინგული და თავმოყვარეობაზე ნუღარ იზრუნებ, ან თუ თავმოყვარეობაზე ზრუნავ და რეიტინგზეც, მატერიალური საკითხებით დაინტერესებაც გინდა, ამის საშუალებას სააკაშვილი არ მოგცემს. სააკაშვილმა კარგად იცის ეს ყველაფერი. გამომდინარე აქედან, ამიტომ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს. ვიმეორებ, სააკაშვილი იშვიათად უშვებს შეცდომას, ის სჩადის დანაშაულს.
_ ბატონო მამუკა, თქვენ ახსენეთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მარტივ მამრავლებად დაიშალა. კოკო გამსახურდიას წასვლამ ეროვნული საბჭოდან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. რის გამო შეიძლება დამდგარიყო განზე პარტია `თავისუფლების~ ლიდერი?
_ ამ ხალხს არ ჰყოფნის პოლიტიკური ნება და შინაგანი ეროვნული მუხტი, რომ ხალხს უთხრას სიმართლე, რომ ყოველი მერკანტილური გაერთიანება კრახით მთავრდება. კი არ უნდა ითამაშოს მასის მდაბალ გრძნობებზე, რომ ხალხო, ჩვენ გავერთიანდით. ლიდერი იმისთვის არის, რომ სიმართლე უთხრას ხალხს და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. ერთმანეთთან დამდგარ სხვადასხვა შეგნების, პოლიტიკური წარმომავლობის და სხვადასხვა ჩამოყალიბებული თუ ჩამოუყალიბებელი ხედვის ადამიანებს, ერთმანეთთან საერთო ვერაფერი ექნებათ. ეს ბრძოლა არ მოიგებოდა იმიტომ, რომ ეს არ იყო, როგორც მიშა კოღუაშვილი ამბობს გულაგებში, როგორ მოვიგებდით, როცა ასეთ დიდ საქმეს _ საქართველოს დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, ასეთი პატარა ადამიანები ემსახურებოდნენ. როდესაც არ არის განსაზღვრული ჯერ დიდი საქმე _ ეროვნული მოტივაცია და საკითხი დადის სააკაშვილის გადადგომაზე, ისიც ორჭოფულად და მეორე დღეს მასთან გარიგებაზე მიდიან, ვერ იქნება ასეთი ტიპის ორგანიზაცია ერის ინტერესების გამომხატველი და წინამძღოლი. ოპოზიციის დაშლა თავიდანვე იყო ჩადებული ამ საქმეში და უკვე პიროვნული მოტივაცია წამოვიდა წინა პლანზე. რადგან არ ხერხდება ერთიანი იდეოლოგიის განსაზღვრა, ერთიანი პროგრამის შემუშავება, ამიტომ, პიროვნული მოტივაცია ერთვება საქმეში და მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო.
_ გამსახურდიას გასვლა ეროვნული საბჭოსთვის დანაკლისი იქნება?
_ აღარ არსებობს ეს საბჭო და გაერთიანებული ოპოზიცია, დამთავრდა. სამწუხარო ერთი რამ არის _ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ რელიგიური საკითხებით მანიპულირება საფრთხეს გვიქმნის. ეროვნული და რელიგიური მოტივებით სპეკულაცია არავის მისცემს საშუალებას, რომ დიდხანს იყოს მოვლენების ეპიცენტრში. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სააკაშვილზე. ანუ იმაზე, მისცემს თუ არა სააკაშვილი ეთერს გარკვეულ ძალას. თუ არ მისცემს ეთერს, ისეთივე მდგომარეობაში იქნებიან, როგორც არის არაერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც არ აქვს ტექნიკური საშუალება იმისა, რომ საზოგადოებას მიაწოდოს თავისი ხედვა. ისე, რომ იცოდეთ, სახალხო პარტია თითოეულ ამ პარტიაზე უკეთ არის ორგანიზებული. მას ძლიერი ბაზა და შესაბამისი იდეოლოგიური საფუძველიც გააჩნია. სააკაშვილმა იცოდა, რომ ასეთი უპრინციპო გაერთიანება მისთვის საშიში არ იყო. საკმარისი იყო პირველი ემოციური მუხტი პროტესტისა როგორმე გადაელახა, შემდეგ უკვე ყველაფერი მის ნება-სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული. ეს გააკეთებინა კიდეც ამ ოპოზიციამ. ეს მუხტი ნიჰილიზმში გადაიყვანა, ჩააქრობინა, არათანმიმდევრული და არაქმედითი ნაბიჯებით და დღეს უკვე ინიციატივა სააკაშვილის ხელშია. ამიტომ, როგორც უნდა, ისე მოიქცევა. შესაბამისად, ისეთ ცინიკურ საფუძველზე, როგორიც არის 15 ათასი დოლარის გათეთრება, შეუძლია დაიჭიროს შალვა ნათელაშვილი.
_ თქვენ თქვით, რომ დღეს სააკაშვილის ხელისუფლება საკმაოდ მომძლავრდა. რას უნდა ველოდოთ მისგან?
_ სააკაშვილი მძლავრად არის გამომდინარე იქიდან, რომ ოპონენტი არ ჰყავს. მას არ ეშინია არაიდეოლოგიური, არაეროვნული და ცნობიერებით არამართლმადიდებელი ძალებისა. შესაბამისად, ის მძლავრად გრძნობს თავს. საკმარისია, ჭეშმარიტად ეროვნული ძალა ჩამოყალიბდეს, რომ სააკაშვილის ძალა ნულამდე იქნება დასული. სააკაშვილი არ ეფუძნება პოლიტიკური ბრძოლისთვის დამახასიათებელ ფასეულობებს. ეროვნულ ენერგიას სჭირდება გარკვეული აკუმულირება და სწორი მიმართულების მიცემა. სააკაშვილმა იცის, ასეთი ძალა თუ შეიქმნა და ეროვნული მუხტის აკუმულირება მოხდა, მისი საკითხი დამთავრებულია. ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გასაქანი მიეცა იმ ძალებისთვის, რომლებიც საშიშროებას ვერ შეუქმნიან. ხალხმა, რომელსაც იდეოლოგია არ გააჩნია, სააკაშვილს საშიშროება როგორ უნდა შეუქმნას!
_ ვერც თავისი თანაგუნდელები, ანუ სახელისუფლო კლანები შეუქმნიან სააკაშვილს საფრთხეს?
_ ეს სისტემა კლანების ბალანსს ეფუძნება, ასე იყო შევარდნაძის დროსაც. უბრალოდ, ეს კლანები აღარ არის მიბმული ქართველ ხალხზე და ქართულ პოლიტიკაზე. ისინი მიბმული არიან საერთაშორისო მდგომარეობაზე. თუ ჩანაცვლების მექანიზმები დაიწყება, მაშინ უნდა გათამაშდეს იგივე სპექტაკლი, როგორც 2003 წელს. ამ სპექტაკლში ქართველი ხალხი იქნება მხოლოდ ანტურაჟი. რაც შეეხება კლანებს, ფაქტია, რომ დაპირისპირება არის და მათ შორის ინტენსიურად იქნება კორექტირება ძალთა გადანაწილების გამო. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს კლანები რაც შეიძლება დაქუცმაცდეს. ოქრუაშვილი ამ ბრძოლას შეეწირა. მან მოინდომა ყოფილიყო ერთადერთი კლანი, მაგრამ ამის საშუალებას ეს სისტემა არ მოგცემს. ეს კარგად იცის ვანო მერაბიშვილმა. თუ ის დააყენებს საკითხს, რომ ერთადერთ კლანად ჩამოყალიბდეს, მთელი სისტემა დაუპირისპირდება და სააკაშვილი მას გარიყავს ერთიანი სხეულიდან. Aმიტომ, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, უნდა იცოდეს, რომ ეს ძალიან საფრთხილო საკითხია. აქ ზომიერების დაცვა ყველაზე მთავარია. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, საერთაშორისო თანამეგობრობა, ამერიკა, რუსეთი, ევროპა როგორ გაანაწილებს ამ კლანების თანაფარდობას. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ არც ამერიკას და არც რუსეთს აწყობს, რომ საქართველოში არსებობდეს არაკონტროლირებადი კლანი.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress