ყველა სიახლე 3-9..07.2008
`სახალხო პარტიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანი იყო. ბატონი მამუკა მიიჩნევს, რომ სწორედ იმ წლებში გაკეთებულმა არჩევანმა განსაზღვრა მთელი მისი შემდგომი ცხოვრება:
_ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მან უნდა იპოვოს საკუთარი თავი. მე და ჩემი მეგობრები 14-15 წლისანი ვიყავით, ეს მომენტი რომ დაგვიდგა. დავფიქრდით იმაზე, რა უნდა გვეკეთებინა მომავალში. მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი და საკმაოდ კარგი მოწაფეც ვიყავი, მაგრამ ჩემი ბუნება უკვე ვეღარ ეგუებოდა იმ რეალობას, რომელიც მაშინ იყო გამეფებული ჩვენს ქვეყანაში. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაწუხებდა. მაგალითად, გაუგებარი იყო, რატომ იყო კომპარტია ჩვენი მესაჭე. რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას, ვგრძნობდი, რომ რაღაც იყო მასში ისეთი, რაც გაუცნობიერებლად მიზიდავდა. ჩემი ოჯახი მაინცდამაინც მორწმუნე არ იყო, მაგრამ მამაჩემის მამიდა იყო მორწმუნე და ბავშვობიდან დავყავდი ქაშუეთის ეკლესიაში. დედაჩემი მიყვებოდა: ხატები და სანთები ჰქონია კარადაში, გამოაღებდა თურმე ამ კარადას, გამოაწყობდა ხატებს, ილოცებდა და ისევ კარადაში ინახავდა, რომ არავის დაენახა. ასეთმა გაუცნობიერებელმა ცნობისმოყვარეობამ მიმიყვანა ეკლესიაში. ჩემნაირი მაშინ ბევრი იყო: გია ჭანტურია, სოსო წერეთელი, ზურაბ ჭავჭავაძე, მერაბ კისტავა, ზვიად გამსახურდია, თემურ ჩიხლაძე, რომელიც თვითმფრინავის გატაცების ორგანიზებაში დაადანაშაულეს და დახვრიტეს. სწორედ ამ პერიოდში მოხდა მისი უწმინდესობის ილია მეორის აღსაყდრებაც და, შესაბამისად, ეკლესიაში მისული ბიჭები ახალგაზრდა პატრიარქის ფრთის ქვეშ დავმკვიდრდით. ბევრი წავიდა, ბევრიც დარჩა, მაგრამ მე დღესაც ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ორიენტირი, რომელიც დღემდე მომყვება.
_ თქვენი თაობიდან თითქმის ყველა პოლიტიკაში წავიდა.
_ ყველა არა, ბევრი ჩემი მეგობარი, ვისთანაც სიჭაბუკე გავატარე, დღეს სასულიერო პირია, ეპისკოპოსი ან ბერი. გარკვეული ნაწილი ბუნებრივად აღმოჩნდა პოლიტიკაში ჩართული. ჩვენ ეკლესიამ მოგვცა ის თავისუფლების ხარისხი, რომელიც ვერ შეეგუებოდა იმდროინდელი საზოგადოების ჩარჩოებს. მაშინ ჩვენთვის დაუშვებელი იყო არჩევნებში მონაწილეობა, პიარტექნოლოგიებზე ხომ წარმოდგენაც არ გვქონდა (იცინის). დღეს უკვე ვიცით, რომ საარჩევნო ბუკლეტზე ან კლიპში უწმინდესის გვერდით გადაღებული სურათების გამოყენება ქულებს შეგვმატებს, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, თუნდაც იმიტომ, რომ დღესაც მისი უწმინდესობის სტიქაროსნებად მიგვაჩნია თავი და ადამიანებს მარტო ამომრჩევლებად ვერ აღვიქვამთ. მაშინ არავინ ფიქრობდა თანამდებობაზე, ჩვენი თანამდებობა ციხეში ჯდომა იყო. ეროვნულ მოძრაობაშიც “უნებლიეთ” აღმოვჩნდით, რადგან რწმენა და სამშობლო ჩვენთვის ერთი იყო.
_ დღეს რელიგიურ საკითხებზე ბევრი პარტია ამახვილებს ყურადღებას და თავისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს.
_ მე შეიძლება მოგატყუოთ ან ვეცადო თქვენს მოტყუებას. თქვენ, შესაძლოა, პასუხი არ მომთხოვოთ, მაგრამ იქ, ზემოთ რომ მომთხოვენ პასუხს? იქ რა უნდა ვქნა? დადგება მომენტი და ასეთი თემით სპეკულირებისთვის ყველას პასუხი მოეთხოვება.
_ დღევანდელ პოლიტიკაში თქვენ თითქმის აღარ ჩანხართ, რატომ?
_ დღევანდელ ვითარებაში აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა სატელევიზიო ეთერში ხშირ გამოჩენას ნიშნავს. ამ მხრივ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა კი მთლიანად არის დამოკიდებული ხელისუფლების სურვილზე. აშუქებენ მას, ვინც სჭირდებათ, აშუქებენ იმას, ვისაც მთავარ ოპოზიციურ ძალად თვითონვე წარმოაჩენენ. მაგრამ მას, ვინც რეალურად არის ოპოზიცია, ამის საშუალებას არ აძლევენ. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ხელისუფლებას სწორედ ასეთი ოპოზიცია აძლევდა ხელს. დიდი ნაწილი თავიდანვე ხელისუფლებისგან იმართებოდა, ზოგმა ცდუნებას ვერ გაუძლო, ზოგიც პატარა კაცი აღმოჩნდა და დეპუტატობა ცხოვრების უმაღლეს მწვერვალად მიიჩნია. ხელისუფლებაც სწორედ ასეთ ოპოზიციას უწევდა პროპაგანდას.
_ რატომ ფიქრობთ ასე?
_ როდესაც ერთსა და იმავე საკითხებზე ჩვენ და ეს ადამიანები ვატარებდით პრესკონფერენციას, მათ აშუქებდნენ, ჩვენ კი _ არა. 26 მაისს მაინც ხომ უნდა გაახსენდეთ თამრიკო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე, გია ჭანტურია?! შეიძლება მოგწონდეს ისინი, ან არ მოგწონდეს, მაგრამ ეს თაობაც ხომ საქართველოს ისტორიის ნაწილია. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ჩვენმა თაობამ დაიწყო ერთ-ერთი მთავარი ეტაპი ამ ქვეყნის გათავისუფლების საქმეში. ამ კუთხით ხომ მაინც უნდა გაგახსენდეს? ამჟამად კი მიმდინარეობს შეგნებული იდეოლოგიური ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის რელიგიური, ინტელექტუალური და სულიერი ანექსია და მოსახლეობის ფიზიკური გენოციდი. ის ხალხი, ვინც დღეს თავისი ცნობიერებით თუ სულიერებით ქართველია, არც ხელისუფლებას სჭირდება და არც ოპოზიციას. დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში მართლმადიდებლური, ეროვნული ცნობიერება ჩაკვდეს, რომ მივიღოთ სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ეკონომიკური პრობლემები მოაგვაროს, მაგრამ დაგვრჩეს სულიერად გამოშიგნული ხალხი. ამ ქვეყანაში შეიძლება კარგად ჩაიცვან ან ჭამონ კიდეც, მაგრამ ეს აღარ იქნება ქართული სახელმწიფო. ვინც ამ ქვეყნის მშენებლობისთვის გამოდგება და ამის სურვილი აქვს, გაყვანილია პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი არენიდან.
_ რას იტყოდით დღევანდელ საპარლამენტო სპექტრზე?
_ ეს არის კომკავშირულ-ბოლშევიკური ფსევდოლიბერალური ნარევი, რომელშიც არიან ადამიანები, რომლებიც გუდურასავით მიიტანეს და დასვეს პარლამენტში. მარტო ამ სიით შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რა პოლიტიკა აირჩია სააკაშვილმა. ხელისუფლებას არ წარმოუჩენია საზოგადოებისთვის ოდნავ მაინც პატივსაცემი პიროვნებები, ვისაც შეუძლია იდეოლოგიურ პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობა ან სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა. შეიძლება ვინმემ შტანგა აწია, ვინმემ როლი კარგად ითამაშა, სახლი ააშენა, მაგრამ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. სააკაშვილმა ამ გზით ასეთი სცენარი შესთავაზა ხალხს _ ვიდრე ვიქნები, რასაც მოვისურვებ, იმას გავაკეთებ. ესენი არიან აგრესიული ადამიანები, რომლებიც თავიანთი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.
_ გამოსავალს ხედავთ?
_ ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ პარტიების ასეთი გაერთიანების, ასეთი სპექტაკლების გზა არ ამართლებს. არ ამართლებენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც სამ თვეში ექვს პარტიას გამოიცვლიან. ამართლებენ მხოლოდ იდეოლოგიურად შეკრული და თავდადებული ადამიანები, რომელთა ცხოვრება ეროვნულ ცნობიერებაზეა დაფუძნებული. ამ სულისკვეთების მატარებლებმა უნდა მოძებნონ ერთმანეთი და შექმნან ის ძალა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს ერის ინტერესების დაცვას. მათ უნდა ჰქონდეთ ამის გამოცდილება და სურვილი. წარმოუდგენელია გამარჯვება, როდესაც 7 ნოემბერს გარბევენ და მერე ამ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად ჯდები, ან როცა 200 ათასი კაცი გთხოვს, წავიდეთ რუსთაველზე, ამ ხელისუფლებას პასუხი მოვთხოვოთო, შენ კი უარს ეუბნები. თავგანწირვის, ცოდნის, ჩამოყალიბებული იდეოლოგიისა და წინაპრების მსგავსი სულისკვეთების გარეშე ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებ. და კიდევ, ვერასდროს იბრძოლებ სწორად, თუ ერთგვარი მისტიკური კავშირი არ გაქვს წინაპრებთან. როდესაც დასახვრეტად მიჰყავდათ კოტე აფხაზი და მისი მეგობრები, ჰკითხეს, რას ისურვებდითო? _ აგერ დუქანია გზაზე და ერთი იქ გვაქეიფეთო. დუქანში რომ შეიყვანესეს თხუთმეტი კაცი, ბადრაგი და მედუქნეები ტიროდნენ მათ სიმღერასა და ნადიმზე. თუ მათი იმ ბოლო ნადიმისა და ჭიქა ღვინის მადლი არ გაქვს გაცნობიერებული, საქართველოსთვის თავს ვერ დადებ და ვერ იბრძოლებ.
ესაუბრა ლიკა კერატიშვილი