ახალი თაობა 29.01.2008
შორენა კოწოწაშვილი
`სახალხო პარტიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძე საერთო სახალხო მოძრაობას ხელისუფლებასთან საეჭვო გარიგებებში ამხელს და აინტერესებს, თუ არა გარიგება, რას უნდა მივაწეროთ ის პროცესი, რომელსაც ახლა ოპოზიცია წარმართავს.
`სახალხო პარტიის~ ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს ღია მიმართვით მიმართავს და ელის, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
`სახალხო პარტიის~ ლიდერმა მამუკა გიორგაძემ გუშინ პრესკონფერენცია გამართა და იმ ეჭვებზე ისაუბრა, რომელიც მას და მის პარტიას ეროვნული საბჭოს მიმართ გააჩნია.
_ დღეს უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ ყოველგვარი ლაპარაკი და ბაქი-ბუქი ხმების დაცვის გარანტიებზე, დაპირისპირებულ სასამართლო პროცესებსა და საპრეზიდენტო არჩევნებში უეჭველ გამარჯვებაზე მიინავლა და ხდება არსებული უდიდესი სახალხო პროტესტის სულ სხვა მიმართულებით ეტაპობრივი გადამისამართება, _ განაცხადა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, სახეზეა სააკაშვილის საწინააღმდეგო ლოზუნგებით და მოწოდებებით დაძაბულობის ხელოვნური შენარჩუნება, რეალურად კი მიმდინარეობს დანაშაულებრივ რეჟიმთან ღია თუ ფარული გარიგება მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებისთვის საჭირო ბერკეტებისა და საშუალებების გადანაწილებაზე შეთანხმების მიღწევა.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ეროვნულ საბჭოში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის ქმედებები არ შეესაბამება ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესსა და მოთხოვნებს, რომლის ხორცშესხმის პირობა ხალხს გაჩეჩილაძემ მისცა. ასიათასობით ადამიანმა აქტიურად გამოხატა მის მიმართ მხარდაჭერა, მათ შორის სახალხო პარტიამ, რითაც ხმა მისცა სააკაშვილის რეჟიმის დასასრულს და არა ხელისუფლების ფარულ გაყოფაზე ვაჭრობას, მომავალ პარლამენტში პარტიის მოხვედრის გარიგებაზე შეთანხმების მიღწევას და ა.შ.
_ ხდება საპროტესტო მუხტის არასწორი მიმართულებით გადამისამართება სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გაკეთებული ლოზუნგებით და დეკლარაციებით. ამით ხდება სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირების ხელოვნური შენარჩუნება. რეალურად კი მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნებისთვის საჭირო მექანიზმების და საშუალებების გადანაწილებაზე ფარული გარიგებები. 2 ნოემბერს ზოგიერთი პარტიის მოთხოვნა იყო, ხელისუფლებას დაენიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გაჩნდა მოთხივნა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით. ახლა კვლავ ხდება ხალხის ამ მოთხოვნიდან გადახვევა და პირვანდელ ვარიანტზე დაბრუნება, რომ მთავარია არა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სააკაშვილმა გარანტირებული გახადოს ამა თუ იმ პარტიის გასვლა პარლამენტში, _ განაცხადა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, ასეთი მიმართულება ქართველ ხალხს არ მიუცია არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ოპოზიციის მხრიდან იყო საუბრები იმაზე, რომ სააკაშვილს უკანონობებზე პასუხი მოვთხოვოთ 2 ნოემბერს. 2 ნოემბერს კი პარლამენტის წინ მისულ ხალხს სხვა მოთხოვნა დახვდა. ბუნებრივია, საზოგადოება უკან გაღიზიანებული დაბრუნდა. 7 ნოემბრის დარბევაზე პასუხი 5 იანვარს მოვთხოვოთო. აუცილებლად გავიმარჯვებთ, ხმებს აუცილებლად დავიცავთო _ იყო ეს განცხადებები. მერე მეორე ტური ვერ ჩავატარებინეთ. ახლა აღმოჩნდა, რომ მეორე ტური საპარლამენტო არჩევნები იქნება.
_ პრაქტიკულად მაგისტრალური ხაზი ჩანს: გეგმაზომიერად მიდიან თავიანთი პირველი მოთხოვნის შესრულების მიმართულებით, რაც ამ ხალხისთვის ქართველ ერს არ დაუვალებია. პირიქით, ეს არის ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედება. კონკრეტულ შემთხვევაში, არც ერთი რეალური, ქმედითი, დროული და ადეკვატური ღონისძიება არ შეუთავაზებია სახელმწიფო საბჭოში შემავალ პარტიებს საზოგადოებისთვის. ხოლო დღეს პრაქტიკულად ჩვენ ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე. აი, ასეთი ქმედებებით, ასეთი ფარული გარიგებებით ქართველი საზოგადოება შეიძლება ნიჰილიზმში ჩავარდეს. ან მეორე უკიდურესობაა: შეიძლება ეს აგორებული ტალღა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და მივიღოთ სამოქალაქო დაპირისპირება, _ განაცხადა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების ასეთი განვითარების კონტურები უკვე გამოკვეთილი იყო, `სახალხო პარტიას~ ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია იმიტომ, რომ ერთი საპროტესტო ხმაც კი არ დაკარგულიყო.
_ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ გვერდში დავდგომოდით საერთო სახალხო მოძრაობას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ დავინახეთ რა, რომ ეს ხალხი არ იბრძვის სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ სულ სხვა, კერძო მიზნების გამო ხდება ამ ყალბი საპროტესტო ტალღის გადამისამართება, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებას ღიად გამოვთქვამდით, _ განაცხადა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნდობა ლევან გაჩეჩილაძეს გამოუცხადა და მას მისცა ხმა და არა რესპუბლიკურ პარტიას.
_ რესპუბლიკურ პარტიას აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე მოიქცეს; შევა ფარულ გარიგებაში თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც ქართველმა საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნებში ნდობა გამოუცხადა. ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება. 7 ნოემბრის შემდეგ ეს ხალხი დაჯდა სააკაშვილის რეჟიმთან სალაპარაკოდ. თითქოსდა შეიტანეს ცვლილებები საარჩევნო კანონში, მაგრამ შედეგი ვნახეთ, _ აღნიშნა გიორგაძემ და კიდევ ერთხელ მოუწოდა ლევან გაჩეჩილაძეს, არსებულ ვითარებაში თავის პოზიცია ღიად დააფიქსიროს.
_ ბატონო მამუკა, ფიქრობთ, რომ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან გარიგებაში შევიდა?
_ როგორც ჩვენთვის მედიით არის ცნობილი, მოლაპარაკებებში მონაწილეობას ღებულობს რესპუბლიკური პარტია, ოპოზიციის ნაწილი. ამავე დროს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, მაგალითად, პარტია `თავისუფლება~, აცხადებს, რომ მხოლოდ რესპუბლიკური პარტია ღებულობს მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა დავაფიქსიროთ არსებულ სიტუაციაში ჩვენი პოზიცია. ჩვენი მიზანია ერთი: არავის არ მივცეთ ოპოზიციური აზრის მონოპოლიზების საშუალება. დღეს დავინახეთ, რომ ეს ჯგუფი და ხელისუფლება, ვერც ერთი ვერ იტანს განსხვავებულ აზრს. ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობს რაღაც გარკვეული საფრთხე, რომ ქართველი საზოგადოებრიობა ამ არაბრძოლის გამო ჩავარდეს ან ნიჰილიზმში, ან უახლოეს პერიოდში დაიწყოს სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირება. რადგანაც ორივე მიმართულებით ვხედავთ საფრთხეს, სწორედ ამიტომაც გვინდა, ქართველმა საზოგადოებამ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს.
_ გაჩეჩილაძისგან საჯარო განცხადებას მოითხოვთ?
_ არა. ეს მისი ნებაა. სიტყვას ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ქმედებაა. თუ საპარლამენტო არჩევნების ახალი ეტაპი დაიწყო, მაშინ სიტუაცია იცვლება. თუ ბრძოლა გრძელდება რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ საჭიროა დროული და ადეკვატური ქმედებების განხორციელება. აი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება.
_ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ ახალ სამთავრობო გუნდს როგორ აფასებთ?
_ განსხვავებით მთელი რიგი ოპოზიციური პარტიებისაგან, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სააკაშვილი ძალიან ადეკვატურია. შექმნილ სიტუაციაში ოპოზიციის უგერგილობის გამო ჩააცხრო რა ქართველი საზოგადოების პოლიტიკური პროტესტის მუხტი, ელემენტარულად შიდა სამზარეულოსაც მიხედა და ამ ტიპის მთავრობა წარმოადგინა. ვინც ოდნავ მაინც საპრობლემო იყო შიდა მთავრობაში, მოიშორა; ვინც თავიდან ბოლომდე მისი იყო, პოზიციები გაუმაგრა. ხალხს გარკვეული სატყუარა გადაუგდო. საერთაშორისო ორგანიზაციებსაც თავისი წილი ყურადღება მიაგო. პრაქტიკულად, სიტუაცია თავის სასარგებლოდ დაალაგა. ის დღეს მზად არის ახალ ეტაპზე გადავიდეს. ძველი ცოდვები ჩამოწერა. ამდენი უბედურება, გაჭირვება, ხალხის კვლა, 7 ნოემბერი, 5 იანვარი ჩამოწერა და ახლა გვეუბნება: ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ საპარლამენტო არჩევნებშიო.
_ თქვენი აზრით, ამ უარყოფითი ნაბიჯების ჩამოწერაში სააკაშვილს ოპოზიციაც დაეხმარა?
_ რა თქმა უნდა. სწორედ ამაში დაეხმარა ოპოზიცია. დღეს ქართველი საზოგადოებაც გადაფარვის მეთოდით მსჯელობს, ესა თუ ის მინისტრი კარგია თუ ცუდი. საბოლოო ჯამში, ეროვნული ენერგია არასწორი მიმართულებით მიდის. სააკაშვილის მიერ რომ ხელისუფლება არის უზურპირებული, ეს ფაქტია და ქართველმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ჩვენ ხელისუფლებას ადეკვატური მეთოდებით შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. როცა ადეკვატურ და ქმედით პასუხს დროულად არ ვცემთ, ეს არის ირიბად ხელშეწყობა სააკაშვილის რეჟიმის გასამყარებლად. შესაბამისად, სააკაშვილს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ექნება იმის თქმის უფლება, რომ ძველი დამთავრდა, იწყება ახალი ეტაპი. აი, მოქმედების ასეთი ფორმა შესთავაზა სააკაშვილმა ქართველ საზოგადოებას. ყოველივე ამაში, რა თქმა უნდა, მთელმა რიგმა პარტიებმა შეუწყვეს ხელი.