ნაცმოძრაობაში გაზრდილ ადამიანს ჯიგარი არ ექნება 2010 წ.

ახალი თაობა  13.08.2010

ნათია ხურცილავა
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ შიდაპოლიტიკურ პროცესებს?
_ სამწუხაროდ, საქართველოში დამოუკიდებელი შიდაპროცესები არ მიმდინარეობს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება არ არის. უფრო მეტად ეს არის გარე პროცესების ასახვა. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალები ნაკლებად არის წარმოდგენილი პოლიტიკურ სპექტრში. ის დუღილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არ არის შიდა დუღილის პროცესი. ეს არის გარედან თავსმოხვეული პოლიტიკური თამაში, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური შემსრულებლები ქვეყნის შიგნით. მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ეს შიდა დუღილის პროცესია. სააკაშვილი ხელისუფლებაში დამოუკიდებლად არ მოსულა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების შედეგად მოვიდა. ის ძირითადად რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგად მოვიდა. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, შიდა პროცესები გარე პროცესების გარეშე განვიხილოთ. ამიტომ ოპოზიციური სპექტრიც და ხელისუფლებაც, პრაქტიკულად, გარე ძალებიდან იმართება.
_ ვის გულისხმობთ, ვის მიერ იმართება, ზესახელმწიფოებს გულისხმობთ?
_ დიახ, ზესახელმწიფოებას ვგულისხმობ, მაგრამ ზემოქმედების მექანიზმი რუსეთს გააჩნია, თუნდაც ისეთი, როგორიც არის ბიზნესი, როდესაც საქართველოს ეკონომიკის ძირითადი ნაწილი რუსეთის ხელშია. დიდი ბიზნესი, ეს სეგმენტი, პრაქტიკულად, რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ექვემდებარება. სამოქალაქო სივრცის დიდი ნაწილი _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გუშინ კგბ-სთან თანამშრომლობდნენ, რუსეთის სხვადასხვა ინსტანციებთან. ერთ დღეში ადამიანი ხომ ვერ შეიცვლება. საზოგადოების ძირითადი აქტიური მასა მენტალურად ფსიქოლოგიურად მუდმივად პატრონის ძიებაში მყოფია მთელი ცხოვრება. რა გასაკვირია, რომ ეს ადამიანები პატრონს რუსეთში, ამერიკასა და ევროპაში ეძებენ. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სივრცე ძალიან გაჯერებულია სხვა ქვეყნის მომსახურე ან ფსიქოლოგიურად პატრონის ძიებაში მყოფი პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსებისგან. შეუძლებელია, შიდა პროცესები სტერილურად, განცალკევებით განვიხილოთ და განვაცხადოთ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ქცევა დამოუკიდებელი ნაბიჯებით არის ნაკარნახევი. სხვათა შორის, რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა ვალდებულებებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა აიღო ხელისუფლებაში მოსვლის დროს. პუტინმა სააკაშვილს საჯარო პრესკონფერენციაზე უთხრა აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. იმის მერე საერთო პრესკონფერენცია პუტინსა და სააკაშვილს არ ჰქონიათ. გარკვეული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები დადიან მოსკოვში, კვლავ პატრონის ძიებაში არიან და იღებენ რაღაც ველდებულებებს.
_ ხშირად ექსპერტები აცხადებენ, რომ ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, მისი გეოსტრატეგიული ფუნქციის, მდებარეობის გამო რუსეთი, თუნდაც ამერიკა, ასე ადვილად არ დათმობს. სწორედ ასეთია პატარა სახელმწიფოს ხვედრი. რამდენად არის ეს თქვენთვის არგუმენტი?
_ ეს ექსპერტებიც ხომ ამ სპექტრის ნაწილი არიან, ეს ექსპერტებიც ხომ ამ დავალებას ასრულებენ. მათი დავალებაც სწორედ ეს არის, ისე, როგორც პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილის, რომ ჩვენ, ქართველებს არაფერი შეგვიძლია, რომ პატარა ერი ვართ, რომ ვიღაცას უნდა შევეკედლოთ, ვიღაცის სამადლოდ და სამათხოვროდ უნდა ვიყოთ. ასე არ იყო ისტორიულად. ეს არის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური დავალება, რომელიც უნდა შეასრულონ. მეორე მსოფლიო ომის დროს ორი გიგანტი _ გერმანია-რუსეთი _ ებრძოდა ერთმანეთს, მაგრამ შვეიცარიის ხელისუფლებამ მოახერხა, რომ მის ტერიტორიაზე ერთი ნაღმი არ გავარდნილიყო. ეს არა მხოლოდ ობიექტური ვითარების, არამედ კონკრეტული პიროვნებების დამსახურებაც იყო. ჩვენზე პატარა სახელმწიფოა ესტონეთი, მაგრამ ისინი არ მოხვედრილან გიგანტებს შორის ჭყლეტაში. იყო პერიოდი, როდესაც მოხვდნენ, მაგრამ გამოვიდნენ. თავისთავად ის, რომ სხვის იმედად უნდა ვიყოთ, ეს ე.წ. ექსპერტების დავალებაც გახლავთ.
_ ბატონო მამუკა, ფიქრობთ, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც ამ დავალებით მოქმედებენ?
_ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ყოფილი ხელისუფლებაა. ისინი 2003 წელს ერთად იღებდნენ ვალდებულებას, უფრო ადრე, 1999 წელს `მოქალაქეთა კავშირის~ სახელით ერთად აყალბებდნენ არჩევნებს. ამ გაყალბებაში ხომ ერთად იღებდნენ ვალდებულებას. ესენი ხომ ის ხალხია, რომლებიც ძირითადად შევარდნაძის ფესვიდან არიან. დღესაც შევარდნაძის პოლიტიკა გრძელდება. `ნაცმოძრაობაში~ თუ ხარ, მაპატიეთ, მაგრამ `ჩმორი~ ხარ, თუ `ნაცმოძრაობიდან~ გამოხვალ, რა, ვაჟკაცი ხდები? არა, ბატონო, რა `ჩმორიც~ იყავი, ის დარჩები. `მოქკავშირსა~ და `ნაცმოძრაობაში~ გაზრდილ ადამიანს რომ ჯიგარი ქართული ვერ ექნება, ეს ხომ არ არის საკამათო. მენტალურად ეს ადამიანები ერთი და იგივე არიან. ისინი ძალიან პრაგმატულად ქვეყნის ხარჯზე ცდილობენ საკუთარი კეთილდღეობის მოპოვებას. ესენი არიან ადამიანები, რა თქმა უნდა, უმეტესი მათგანი, რომლებიც საკუთარ ქართულ გვარებს ყიდიან არაქართული პროექტების ხელმოსაწერად. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, მაგალითად, ნოღაიდელი, რომელიც ხელების დამტვრევით ემუქრებოდა ხელისუფლებას და ლამის 24 საათი იჯდა კრემლში. მას თმის ღერიც არ ჩამოვარდნია და, სულ რომ არაფერი გაუკეთებიათ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ პოზიციას გამოხატავდნენ: მაია თოფურია, თემურ ჟორჟოლიანი, დავითაია, ტალახაძე, ციხეში არიან. ეს ნიშნავს, რომ ეს თამაში სააკაშვილს აწყობს. ის ქმედებები სააკაშვილს არ აწყობდა და დაიჭირა.
_ ოპოზიციაში ჯანსაღი ძალა არ გეგულებათ?
_ როგორ არა. ჯანსაღი რომ არ იყოს, აქამდე განადგურებული ვიქნებოდით. არიან პიროვნებები, ჯგუფები, რომლებიც ჯანსაღი ოპოზიციაა. მე შემიძლია, თვალდახუჭული ვენდო იმ ხალხს, რომლებიც ეროვნული მოძრაობიდან მოდიან, რომლებსაც თავიანთი ქვეყნისთვის მინიმუმ ტკივილი აქვთ მიყენებული, მაქსიმუმ _ ცხოვრება გაწირული, მაგრამ მთელი პრობლემა ის არის, რომ ჯერჯერობით გადამწყვეტი გავლენის მოხდენას ვერ ახერხებენ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ისინი, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ გაერთიანებას, ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნას. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების წინაშე არის ობიექტური პრობლემები, ისეთი, როგორიც ტელევიზიაა. მათ არ აძლევენ საშუალებას. სააკაშვილს ურჩევნია ნინო ბურჯანაძის მკვეთრი გამონათქვამები, ნოღაიდელის ლანძღვა-გინებები, დანარჩენების ლამაზი, მაგრამ ანტისააკაშვილის გამოსვლები. შესაბამისად, ეს ადამიანები ამ სისტემას ემსახურებიან. რა თქმა უნდა, მათ შორის დიდი დაპირისპირებაა, მაგალითად, ბურჯანაძე-სააკაშვილს, მაგრამ ეს არ არის იდეოლოგიური. ეს ადამიანები ადვილად მოძებნიან საერთოსაც, თუ მათ კეთილდღეობას საფრთხე არ დაემუქრება.
_ ანუ მათი დაპირისპირების მიზეზი კეთილდღეობაა?
_ რა თქმა უნდა, მენტალურად ერთიანნი არიან, მაგრამ დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს არის. სხვათა შორის, ეს ხალხი თვითონ ყიდის საკუთარ თავს. თუ იცოდნენ, რომ ასეთი ცუდები იყვნენ, რატომ იყვნენ მათთან? თუ იცოდა, რომ სააკაშვილი დაბომბვას აპირებდა, როგორ გაჩერდნენ მასთან?! ჩემთვის თვალნათელია მათი ერთიანობა. ამაზე თვითონ ყვებიან, მე ხომ არ ვყვები. რასაც სხვებს უკეთებდნენ, ახლა იმას სააკაშვილი მათ რომ უკეთებს, უკვირთ. ეს ხომ ის ხალხია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააკაშვილის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სააკაშვილის უფლებამოსილების გაზრდას. ეს ხალხი მხარს უჭერდა ხელისუფლების უზურპაციას ერთი ადამიანის ხელში, მაგრამ მაშინ ეს ადამიანი მათი კეთილდღეობის გარანტად ითვლებოდა, ამიტომ უჭერდნენ მხარს. ბევრი მათგანი ოპოზიციაში იყო. უპრეცედენტო რამ მოხდა მსოფლიო პარლამენტის ისტორიაში _ ოპოზიციამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას, უზურპაციას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ქვენა გრძნობებით იყო ნაკარნახევი.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress