მამუკა გიორგაძე: სააკაშვილმა სვეტიცხოვლობაზე მთელ ქართველობას შეაფურთხა! 2010 წ.

ასავალ–დასავალი   #42  18-24.  10    2010

გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან. ჩვენი საუბარი სააკაშვილის მიერ სვეტიცხოვლობა-დღეს მცხეთის სალობიეს საპატიო დიპლომით დაჯილდოებაზე მსჯელობით დაიწყო.

_ ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, სააკაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთის სალობიე რატომ დააჯილდოვა საპატიო სიგელით?
_ სააკაშვილმა ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს ქართველობისთვის ფესვები, სარწმუნოება, რელიგიური სიწმინდეები და საერთოდ, ქართული სახელმწიფოებრიობა! ისე, სხვას რას უნდა ველოდოთ ისეთი ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური ძალისგან, როგორიცაა `ნაცმოძრაობა~ და მისი ბელადი!
მე ძნელად თუ წარმომიდგენია ადამიანი, ვინც პატივს არ სცემდეს მცხეთის მართლაც ლეგენდარულ სალობიეს, მაგრამ, რაც უნდა კარგ ლობიოს აკეთებდნენ იქ, რა შუაშია ეს სვეტიცხოვლის 1700-ე წლისთავთან?!
თუ გახსოვთ, სააკაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის წინა დღეს ნატახტარში, ერთ-ერთ ხორცგადამამუშავებელ საწარმოში სტუმრობისას პირდაპირ შეურაცხყო ქართული სამზარეულო, როდესაც განაცხადა, ჩვენ ხორცის კერძების მომზადება არ ვიცითო! როგორც ჩანს, საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, სააკაშვილს ურჩიეს შეცდომის გამოსწორება და მანაც ასე `გამოასწორა შეცდომა~ _ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთის სალობიე დააჯილდოვა!
_ არადა, ხომ შეეძლო სუში-ბარი დაეჯილდოებინა? სააკაშვილი კი ადგა და ეროვნული სალობიე გამოარჩია!
_ მე არც ის გამიკვირდებოდა, სუში-ბარი რომ დაეჯილდოებინა! უბედურება ის არის, რომ ამ კაცს სვეტიცხოვლობაზე მცხეთის სალობიე გაახსენდა!
მაშინ, როდესაც სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში პატრიარქი ლოცვას აღავლენდა, სააკაშვილი მცხეთის სალობიეში მართავდა ცერემონიას! ეს, იცით, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილისთვის უცხოა სვეტიცხოვლის მადლი, მას სძულს და ეზიზღება ქართული სიწმინდეები! ამიტომაც ვამბობ, რომ სააკაშვილში ჩაბუდებულმა ანტიქართულმა და ანტიმართლმადიდებლურმა გენმა ასე იჩინა თავი და პატრიარქის წირვას კი არ დაესწრო სვეტიცხოველში, არამედ სალობიეში გაიქცა!
სააკაშვილს ქართველობა ლობიოს ჭამა ჰგონია! მისთვის წმინდა ქალაქი მცხეთა სალობიესთან ასოცირდება!
მე, მაგალითად, პატრიარქის წირვის შემდეგ მოვინახულე მარიკა ბაღდავაძე, რომელიც მძიმედ არის ავად და სახლიდან ვერ გამოდის. მე სვეტიცხოვლობა დავაკავშირე ამ ადამიანთან, რადგან ჩვენ _ მარიკა ბაღდავაძე, თამრიკო ჩხეიძე, ზვიად გამსახურდია და თქვენი მონამორჩილი 1981 წელს, სვეტიცხოვლობის აღნიშვნისას დაგვაპატიმრეს! სააკაშვილს კი არაფერი აკავშირებს სვეტიცხოველთან! ამიტომაც აღმოჩნდა პატრიარქის საზეიმო წირვის დროს სალობიეში!
_ ამ ყველაფრის შემხედვარე, კაცს, ძალაუნებურად, გაგახსენდება ჯაბა იოსელიანის ფრაზა, დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთო!
_ სააკაშვილს მართლა ლობიოობა ჰგონია დემოკრატია! სააკაშვილმა არ იცის, რომ ქართული სუფრა კუჭის ამოსავსები ადგილი არ არის! სააკაშვილმა არ იცის, რომ ქართულ სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელო ლოცვაა, როდესაც ქართველ კაცს ანთებული სანთლის ნაცვლად ქართული ღვინით სავსე სასმისი უკავია ხელში! სააკაშვილმა არ იცის, რომ ტრაპეზი არის ადგილი ტაძრის საკურთხეველში, სადაც უსისხლო მსხვერპლთშეწირვა ხდება და იმავდროულად, არის ცერემონია, სადაც ჩვენ, ქართველები, უფალს ვადიდებთ და ერთმანეთს ვადღეგრძელებთ! სააკაშვილმა არ იცის, რომ ქართული ღვინით ეკლესიაში უფალს ეზიარები, ქართულ სუფრასთან კი _ მოყვასს! რადგან სააკაშვილმა ეს ყველაფერი არ იცის, ამიტომაც იქცევა საქართველოში უცხოპლანეტელივით და ამიტომაც ვართ ამ დღეში მისი მმართველობისას! მისთვის სახელმწიფოს მართვა და ქართული მსოფლხედვა მართლაც ლობიოობაა!
_ თუმცა, სააკაშვილმა საგანგებოდ დაწერილი ტექსტი წაიკითხა სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე…
_ ნეტავ, არაფერი ეთქვაო, ამაზეა ნათქვამი! სვეტიცხოვლის 1700-ე წლისთავზე სააკაშვილმა თავისი გამოსვლისას არაფერი ილაპარაკა ქართული ეკლესიის დამსახურებაზე ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე, სამაგიეროდ, ვრცლად იმსჯელა, როგორ უნდა გადააქციოს ქართველი ბავშვი მსოფლიო მოქალაქედ! სააკაშვილმა ამით კიდევ ერთხელ შეურაცხყო ქართველი ხალხი და ქართული ეკლესია! მან პირდაპირ სულში ჩააფურთხა ქართველობას მცხეთაში! მაპატიეთ და, ეს იმას ჰგავდა, ვიღაცამ სუფრაზე ნეხვი რომ დაგიდოს!..
მთელი მართლმადიდებლური სამყარო სვეტიცხოვლის 1700-ე წლისთავს ზეიმობს, ეს ვაჟბატონი კი ამ დროს ბედავს და პირდაპირ აცხადებს, მე ქართველი კი არა, უჯიშო, უგენო, ურწმუნო მუტანტები უნდა გავზარდოო!
ეს ქართველი საზოგადოების გამოწვევაა! ამის იქით სააკაშვილს ისღა დარჩენია, ოჯახებში შემოგვივარდეს და წაგვიბილწოს ყველაფერი!
_ სააკაშვილის ასეთი თავნებობა ოპოზიციის ბრალიც ხომ არ არის?
_ სააკაშვილმა რომ იცოდეს, შეურაცხყოფაზე ოპოზიცია პასუხს მომთხოვსო, ასე არ მოიქცეოდა!
სააკაშვილი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე დგას! გამოაცალეთ ეს ვაიოპოზიცია სააკაშვილს და ის მეორე დღესვე დაემხობა!
ამიტომაც არის, რომ სააკაშვილი ხელოვნურად აცოცხლება ამ ოპოზიციას, აფინანსებს, პრივილეგირებული თუ კვალიფიციური ოპოზიციის სტატუსს აძლევს… რა სინდისით იღებს ეს ხალხი კვალიფიციური ოპოზიციის სტატუსს სააკაშვილის ხელიდან, როდესაც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჰყვირიან, სააკაშვილმა არჩევნები გააყალბაო?! გამოდის, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიიღეს კვალიფიციური პარტიების წოდება?!
ქართველმა საზოგადოებამ, ჯანსაღმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს ყველაფერი და საკუთარ თავში მონახოს ძალა, რომ დაუპირისპირდეს როგორც სააკაშვილის რეჟიმს, ასევე მის სამსახურში ჩამდგარ ვითომ ოპოზიციას!
ციხეში არიან პატიმრებიც და არიან `ნასედკებიც~_ ანუ შენ თუ ციხეში ზიხარ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხარ კეთილსინდისიერი პატიმარი და არა ხარ `ნასედკა~! ჩვენს ოპოზიციაში საგრძნობლად მომრავლდნენ `ნასედკები~, რომლებიც რეჟიმისგან ტანჯულ პატიმრებს თამაშობენ! ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს, `გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება~ მაინც არ უნახავთ?! შტირლიცი იყო საბჭოთა აგენტი, რომელიც `სლავა კპსს~-ო კი არ გაჰყვიროდა, არამედ `ჰაილ ჰიტლერ!~ _ გაიძახოდა! თუ სააკაშვილს საჯაროდ გააკრიტიკებ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მისი აგენტი არ ხარ!
დღეს 15 ოქტომბერია და მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით სრულიად საქართველოს მივულოცო მოწამეთობა _ არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანტინეს ხსენების დღე! სააკაშვილის რეჟიმი ღირსეული მემკვიდრეა იმ ბოლშევიკური რეჟიმისა, რომელმაც დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები საფლავებიდან ამოთხარა და ქუთაისში სასამართლო მოუწყო! მაშინ არსებობდა `მებრძოლ ათეისტთა კავშირი~. მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები სწორედ ამ ბოლშევიკური `კავშირის~ წევრები არიან!
ესაუბრა გიორგი გიგაური

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress