ასავალ–დასავალ #9 26.02-4.03 2007
წარსულში დისიდენტად, არაფორმალად და პოლიტიკოსად მონათლულ მამუკა გიორგაძეს წილად ხვდა ორგზის პარლამენტარობა. მუდმივი ოპოზიციონერი, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან თავისი მწვავე, ხშირად არაკორექტული გამონათქვამების გამო საზოგადოებას თავს კარგად ამახსოვრებდა. ერთ დროს სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს, ეკლესიამ მოანიჭა უფლებამოსილება ქვეყნის სამსახურში ჩასადგომად. მართალია, უკვე 8 წელია, რაც იგი ექსპარლამენტარია, მაგრამ შინაგანი მუხტი აძლევს იმის ძალას, რომ უფლის ნებით იზრუნოს ეროვნული ცნობიერების დაცვასა და საქართველოს პრობლემებისგან გათავისუფლებაზე.
_ თავდაპირველად მე და ჩემი პარტიის წარმომადგენლები სიონის საპატრიარქო ტაძრის იპოდიაკვნები ვიყავით, ეკლესიაში ვმსახურობდით. შემდეგ, ერთხელ, ორჯერ და სამჯერ რომ დაგვიჭირეს, ხალხმა დისიდენტები დაგვარქვა, მერე არაფორმალები, პოლიტიკოსები და ა.შ. ჩვენ მაშინაც და დღესაც ვფიქრობთ, რომ ერთი ჩვეულებრივი ქართველები ვართ და ეკლესიისგან შთაგონებული ღირებულებებით და პრინციპებით უნდა ვიცხოვროთ. ჩვენი თვითმიზანი პოლიტიკაში მოსვლა არ ყოფილა, 70-იანი წლების ბოლოს ვერც ვიფიქრებდით, თუ ამომრჩევლების წინაშე წარვსდგებოდით. ეს ჩვენი ცხოვრებაა თავისი შეცდომებით, ტკივილით, წარმატებით და დღესაც იმავეს ვაგრძელებთ.
_ ბატონო მამუკა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასე უბრალოდ, თავისთავად, არაფერი ხდება, მითუმეტეს პოლიტიკაში მოსვლა…
_ დღევანდელი შეხედულებით თუ ვიმსჯელებთ, რაც დღეს ხდება, პოლიტიკას ვერ ვუწოდებ, შესაბამისად, ვერც პოლიტიკოსებს ვხედავ. ისევე, როგორც პოლიტიკოსად ვერ ჩავთვლი მაშინდელ კომკავშირელ აქტივისტებს ან ცეკას ნომენკლატურას. დღეს პოლიტიკა ბიზნესის წარმოების საშუალებაა, თვითდამკვიდრების, გავლენის სფეროს მოპოვებისა და კარგი ცხოვრების გარანტია. ასეთი პოლიტიკით არასოდეს გვიცხოვრია, ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. მინდა გავიხსენო გურამ დოჩანაშვილის სიტყვები _ სამშობლოს სიყვარული მარტივია, მას რომ ახსენებ, უნდა დაგბურძგლოსო, _ თუ არ დაგბურძგლავს, ე.ი. არ გიყვარს.
_ თქვენ კარიერა ედპ-დან დაიწყეთ, მოგვიანებით მას გაემიჯნეთ და სახალხო პარტიის თავმჯდომარე გახდით, თუმცა, თქვენმა პარტიამ მაღალი რეიტინგის მოპოვება მაინც ვერ შეძლო, რით ხსნით ამ ფაქტს?
_ ამ საზოგადოებაში რეიტინგული პარტია ვერ იქნები. რაც შეეხება ედპ-ს გაყოფას, ერთი რამე მინდა ვთქვა, სადაც ედპ-ს სული და ღირებულებებია, ჩემი ადგილიც იქაა. ამ პარტიის იდეოლოგიური, თეორიული ბაზის მომზადება და სტრუქტურული გაერთიანება სწორედ ორმა ადამიანმა ვიტვირთეთ, გია ამ გზას შეეწირა. შემდგომ ყველამ აჩვენა თავისი თავი, ზოგი თავისი ბინძური წარსულის გამო ვიღაცის ხელზე მოსამსახურე და შეკვეთების შემსრულებელი გახდა.
_ მაინც ვის გულისხმობთ, იქნებ დააკონკრეტოთ?
_ ნებისმიერს, ვინც ედპ-ს სახელის ქვეშ დარჩა, ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა. რაც შეეხება რეიტინგს, მას ძალაუფლება, მისი ბერკეტები ქმნის. ძალიან ძნელია ღირსეული დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა რეიტინგული იყოს. რეიტინგებს დღეს იმის მიხედვით ადგენენ, ვინც კარგად თამაშობს სპექტაკლში. თუ ტელევიზიით გამოსვლის საშუალებას არ მოგცემენ, ცნობადობის ხარისხი დაიკლებს. ჩემთვის მთავარია, მართალი ვიყო ღმერთთან, ხალხს შეიძლება მოატყუო, მაგრამ ღმერთს ხომ ვერ მოატყუებ?
_ ბატონო მამუკა, თქვენ ყველა ხელისუფლებას ოპოზიციაში უდგახართ, რაც მეტად მომგებიანია. კრიტიკა გაცილებით იოლია, ვიდრე პასუხისმგებლობა…
_ ოპოზიციონერობა მომგებიანი არაა, საკმარისია გადავხედოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა ეკონომიური შესაძლებლობები მოკლე ხანში ერთიორად უმჯობესდება, მერე კი ოპოზიციონერთა ფინანსური მდგომარეობაც გავითვალისწინოთ. თუ ასე მძიმეა ხელისუფლებაში ყოფნა, რატომ იბრძვიან იქ მოსვლისთვის? სააკაშვილმა, ნოღაიდელმა, ჟვანიამ, ბარამიძემ _ ეს რთული გზა რატომ აირჩიეს?
_ ესენიც ხომ იყვნენ ოპოზიციაში?
_ როდის? მხოლოდ ერთი თვის მანძილზე, ისიც გათამაშებული სპექტაკლით. სააკაშვილი (თავის თანამოაზრეებთან ერთად) არის შევარდნაძის შვილი შვილთაგანი, სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. ამ მამა-შვილს შორის ასაკობრივი სხვაობაა, სხვა არაფერი. მე არ მახსოვს, ამ ხალხს ერთი დღე მაინც გაეტარებინოს ოპოზიციაში და რაღაც ზემოქმედება მოეხდინოს ხელისუფლებაზე. ამიტომ ოპოზიციაში ყოფნა ადვილი არ არის, მითუმეტეს, როცა შენ არ თამაშობ, უყურებ ამდენ გაუბედურებულ ხალხს, დაკარგულ ტერიტორიებს და და არ ძალგიძს სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლა. დღეს ხელისუფლებაში მოსვლაზეა თავ-პირის მტვრევა, თორემ, ოპოზიციაში დარჩენაზე არავინ ჩხუბობს. ვისაც იქ ყოფნა უნდა, დაგვითმის ადგილი და ეს არის.
_ თუ მოვლენების მიმდინარეობას გადავხედავთ, ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა საეჭვოა, შესაბამისად, სათუოა თქვენი ხელისუფლებაში მოსვლაც…
_ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, თუ ქართველ ხალხს გადარჩენა უწერია, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პოლიტიკური მომავალი აქვს. ქართველი ერი თავის სიტყვას იტყვის. ჩვენ პოლიტიკაში საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის არ ჩავრეულვართ. მაშინ ვთქვით უარი ამაზე, როცა ახალგაზრდები ვიყავით და ფული მეტად გვჭირდებოდა, დღეს _ მითუმეტეს. რაც უფრო მეტი დრო გადის, პარლამენტში ყოფნა აზრს კარგავს. როცა მე პარლამენტში ვიყავი, ჩემსა და მოქკავშირელებს შორის იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობდა, დღეს იდეოლოგიაზე აღარ არის საუბარი, რადგან მათ შორის მხოლოდ პიროვნული განსხვავებაა. დღეს უმრავლესობაში ხალხი სახელისა და გვარის გარეშე მიდის, ტიკინასავით მიიყვანენ, დასვამენ, მერე კი აღმოჩნდება, რომ სხვადასხვა გვარ-სახელი აქვთ. მათგან ზოგი რესტორანში, ზოგი მატარებელში და ზოგიც თვითმფრინავში გაიცნეს. ასეთი სიტუაცია იყო მოქკავშირშიც. არჩევნებამდე 6 თვით ადრე იქაურობა `ბალასტად~ იქცეოდა, ვინც ინტრიგებს თავს ვერ გაართმევდა, გარეთ დარჩებოდა. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს თავისი ნებით ხელისუფლება ჯერ არ მოუყვანია, ყველა გარე ძალების მიერ იყო ხელდასხმული.
_ იგივე შეგიძლიათ თქვათ გამსახურდიას ხელისუფლებაზეც, რომელიც ეროვნული ინტერესების გამტარებელი იყო?
_ რა თქმა უნდა, ის ხელისუფლებაც გარედან მოიყვანეს. ჰკითხეთ იმ პერიოდის კომუნისტურ ლიდერებს, რა მითითება ჰქონდათ ცენტრიდან. ამ შეკითხვაზე მარტივად გიპასუხებთ: ეს იყო ირიბი მხარდაჭერა, ხოლო შევარდნაძისა და სააკაშვილის შემთხვევაში _ პირდაპირი. ჩვენ შემოთავაზება გვქონდა ხელისუფლებისგან, რომ მსგავს სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. სააკაშვილის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მან 2 წელიწადში მოახერხა ის, რასაც ბევრი ვერ მოახერხებდა. პრეზიდენტმა ხალხს დაანახვა, რომ რა გზითაც ის მიდის, დამღუპველია. მან თავისი ანტიქრისტიანული მოქმედებებით ხელი შეუწყო მორწმუნეთა მომრავლებას. ფსალმუნში ასეთი სიტყვები წერია: მადლობა, უფალო, რომ მაჩვენე მტერი ჩემიო. მან დაანახვა ხალხს, რომ ის ფსევდოლიბერალიზმით ქვეყანას დაღუპვას უპირებს. ჩვენი მიზანია, მართლმადიდებელი ღირებულებების, ეროვნული ცნობიერების დაცვით გარდავიქმნათ ძლიერ ძალად, რომელიც ამ პრობლემებისგან საქართველოს გათავისუფლებას შეძლებს.
ესაუბრა ნათია ლებანიძე