სახალხო პარტია სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს თავისუფლების, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის მებრძოლ, მოძმე უკრაინელ ხალხს. ეს ბრძოლა და მისი შედეგები ასახვას ჰპოვებს, არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის, მათ შორის საქართველოს, მიმართ უახლოეს მომავალში განსავითარებელ მოვლენებზეც. ჩვენს შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს იმპერიულ-რევანშისტული ტენდენციების ზრდა რუსეთში. რუსეთის ფედერაციის მიერ ევრაზიული იმპერიის ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური სიდუხჭირის გამოყენებით, პოლიტიკური შანტაჟისა და ძალისმიერი მეთოდებით შეკოწიწების მცდელობები, ძაბავს ვითარებას მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში. გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინელი ხალხი გაუძლებს ამ განსაცდელსაც და ამაყად გააგრძელებს თავისუფლებისკენ მიმავალ ურთულეს გზას. ჩვენ მოვუწოდებთ დასავლეთის ქვეყნებს, უწინარეს ყოვლისა, ევროკავშირს, გააძლიეროს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა _ ხალხისა, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ევროპის განუყოფელი ნაწილია და, რომელიც, მიუხედავად ზეწოლისა და შანტაჟისა, განაგრძობს სვლას ევროპისკენ. სახალხო პარტია სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს სომხეთის “ეროვნული თვითგამორკვევის გაერთიანებასა” და მის ლიდერს, ცნობილ დისიდენტს, ბატონ პარუირ აირიკიანს, რომელიც მართავს საპროტესტო აქციას სომხეთის “საბაჟო კავშირში” გაწევრიანებისა და იმის გამო, რომ სომხეთის ხელისუფლების ვილნიუსის სამიტში არ მონაწილეობს. გამოვთქვამთ იმედს, რომ სომეხი ხალხი გააგრძელებს თავისუფლებისა და რეალური სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ, ანუ, ევროპისკენ სვლას. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გააანალიზოს შექმნილი პოლიტიკური ვითარება, რეალური და მკაფიო ნაბიჯები გადადგას ეროვნული ძალების კონსოლიდაციისთვის და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების გასანეიტრალებლად. მოვუწოდებთ დასავლეთის ქვეყნებს, გააძლიერონ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ძალებისადმი მხარდაჭერა, იმავდროულად, განახორციელონ რუსეთზე სამხედრო, ეკონომიური თუ პოლიტიკური ზეწოლა, რაც დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლებისა და სახელმწიფოთა სტაბილური განვითარების შენარჩუნების უმთავრესი გარანტიაა.
სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე 26.11.2013