მიმართვა
მოგახსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში განსახილველად შემოტანილია საქართველოს ორგანული კანონის –“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – პროექტი. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ აყალიბებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისადმი სახელმწიფოებრივ მიდგომას, არამედ, პრაქტიკულად, თავისი დიფუზიური და არაკვალიფიციური ხასიათის გამო გაუგებარსა და შეუძლებელს ხდის საქართველოში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას. მიუხედავად ამისა, წინამდებარე მიმართვა მიზნად არ ისახავს კანონის ავკარგიანობის შეფასებას მასში მართვის ტექნოლოგიათა მოაზრების ხარისხის თვალსაზრისით, ჩვენ გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ საკითხზე, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის არა მხოლოდ განვითარებისთვის საფრთხის შემცველად მიგვაჩნია, არამედ მისი თვით არსებობისთვისაც. ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი კანონპროექტში არის ის, რომ კოდექსის VII კარის მიხედვით შემოდის “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების” ცნება, რომელსაც, ავტორთა განმარტებითაც კი, არაფერი აქვს საერთო თვითმმართველობასთან. ლოგიკურად ისმის კითხვა: რისთვის ჩაიდო მაშინ ეს კარი სახელმწიფოში თვითმმართველობის სფეროს დამარეგულირებელ კანონპროექტში?! ჩვენ მივისწრაფით მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციისკენ, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთი გამიჯვნისკენ, რომელიც უკეთ დაიცავს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, განავითარებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და მოქალაქეების ჩართულობას მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში, კოდექსის ავტორები კი გვთავაზობენ ამ ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის სახელით ქვეყნის დეცენტრალიზაციის განხორციელებას _ რეგიონული დემოკრატიის საფარქვეშ ქვეყნის დანაწევრებისა და პროვინციებად დაშლის პირველი ნაბიჯების დაკანონებას. ეს მცდელობა სხვაგვარად ვერ დაკვალიფიცირდება თუ არა როგორც შენიღბული დივერსია. ჩვენი აზრით, ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ მისთვის ხმის მიმცემი დეპუტატი ვერ “ისიმულიანტებს”, თითქოს იგი ვერ შენიშნა. მწარე ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ძნელი გამოსაცნობი არ არის, საქართველოს პროვინციებად დაშლის პროვოცირების დამღუპველი შედეგები უახლოეს მომავალში _კოდექსის VII კარის დაკანონება ერთი-ორი თაობის განმავლობაში გამოიწვევს ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების მოშლასაც. იმის გათვალისწინებაც გმართებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსში ადმინისტრაციულ–ტერიტორიული საკითხების „შემოპარების“ მცდელობა ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ (მუხლი 2). იმავდროულად, კონსტიტუციის ამ მუხლის იგნორირება პოლიტიკურად და, უპირველეს ყოვლისა, მორალურად ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს საკითხების გადაწყვეტას, ე.ი. ვაცხადებთ, რომ მათ გარეშე ვეჩვევით ცხოვრებას! ამ კოდექსით და კონსტიტუციის იგნორირებით კი, ფაქტობრივად, ყალიბდება ავტონომიური (სახელმწიფოებრივი) აშკარა ნიშნების მქონე რეგიონული ხელისუფლება, თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით. დაიწყება საქართველოში ეთნიკური ანკლავების, როგორც იურიდიულად და პოლიტიკურად ლეგალიზებული ტერიტორიული ერთეულების, შექმნის და, პერსპექტივაში, ამ გზით საქართველოს ახლო მომავალში დანაწევრება. პროექტითEდასაკანონებელი ერთეულები ენაცვლება არა აწ არსებულ რაიონს, როგორც მსხვილი ერთეულები, არამედ სახელმწიფოს: ეს უკანასკნელი, რეალურად, იშლება უფრო მცირე სახელმწიფოებად. უეჭველია, რომ თუ ეს ანტისახელმწიფოებრივი პროექტი მიღებული იქნება, მაშინ დროთა განმავლობაში, “დემოკრატიასა და ხალხზე ზრუნვის” საბაბით, ეს ორგანოები გახდება არჩევითი, გამოჩნდება “კუთხური პატრიოტი” ლიდერები, რომლებიც მოითხოვენ რეგიონებისთვის უფრო მეტი რეალური სახელმწიფოებრივი უფლებების გადაცემას და განვითარდება შეუქცევადი პროცესი, რომლის შეჩერება სულ უფრო რთული გახდება. რეგიონული სტრუქტურების შემოღება გამოიწვევს რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას და წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ მოთხოვნის რეალიზებაში ევროპა თავის დიდ წვლილს შეიტანს, რაც ანტიდასავლური განწყობების პროვოცირებას გამოიწვევს საქართველოში. ჩვენი ქვეყნის ურთულესი მდგომარეობა: ოკუპირებული ტერიტორიები, გეოპოლიტიკური დაპირისპირებები, ეკონომიკური სიდუხჭირე და ეთნიკური სიჭრელე, გვაიძულებს სერიოზულად დავფიქრდეთ, როგორ გამოიყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები შენიღბულ ფედერალიზაციას სეპარატიზმის წასახალისებლად. აღსანიშნავია, რომ კოდექსის VII კარი არ არის ჩვენი “კარი” ევროპაში და, ევროპა არ გვთხოვს ამას! პირიქით, ევროპა ჩვენგან ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ითხოვს, იგი წინააღმდეგია მხოლოდ იმისა, რომ რეგიონულმა თუ ცენტრალურმა ადმინისტრაციამ მართოს თვითმმართველობა (როგორც ეს კანონპროექტშია წარმოდგენილი). პროექტით განსაზღვრული რეგიონული გაერთიანებისა (მუხლი 168) და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუხლი 16) უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები თანხვედრილია, რაც, საკუთრების გაუმიჯნაობისა და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის დღევანდელ პირობებში, პრაქტიკულად, გამოიწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდვას და მოახდენს პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებას. კოდექსის VII კარი დააკანონებს გუბერნატორის არაკონსტიტუციურ ინსტიტუტს და შესუსტებული და წვრილ ერთეულებად დაშლილი მუნიციპალიტების პირობებში ადგილებზე გამოიწვევს მისი შეუზღუდავი ძალაუფლების გამყარებას. ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის VII კარით გათვალისწინებული “მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება”, წარმოადგენს საქართველოს ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების ირიბსა და უსუსურად შენიღბულ მცდელობას. თუ ხელისუფლებას და მათ შორის თქვენც მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოდ გადაქცევა დადებითი მოვლენაა, მაშინ ეს უნდა გაცხადდეს ღიად, პირდაპირ და პატიოსნად, უნდა გაიხსნას საჯარო სივრცე და დაიწყოს დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მისაღწევად. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ჩვენი კეთილი რჩევაა, რომ ყველა თქვენგანმა დღეს იპოვოს თავისთვის პასუხი შეკითხვაზე: რატომ უნდა შეიქმნას საქართველოში ახალი, ხელოვნური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები რეგიონული გაერთიანებების სახით? თუ თქვენ პასუხი არ გაგაჩნიათ და მაინც მოქმედებთ აღნიშნული მიმართულებით, მაშინ თქვენ დანაშაულის თანამონაწილე ხდებით. ხვალ კი, როცა შთამომავლობა დასვამს ამ შეკითხვას, პასუხი უკვე დაგვიანებული იქნება. მოგიწოდებთ ყველა თქვენგანს, წინ აღუდგეთ ანტისახელმწიფოებრივ ზრახვებს, მოითხოვოთ რეალური თვითმმართველობა და წარმოდგენილი კოდექსის პროექტიდან VII კარის ამოღება! თქვენი დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, უფრო დეტალურად მოგაწოდოთ ჩვენი შეხედულებები აღნიშნულ საკითხზე და მთლიანი კანონპროექტის შესახებ.
პატივისცემით, 2013 წლის 22 ნოემბერს, ქ.თბილისში საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი აქციის მონაწილეთა სახელით, მამუკა გიორგაძე