1988 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს (ამჟამინდელი პარლამენტის) შენობასთან ეროვნული მოძრაობის ინიციატივით დაიწყო უპრეცედენტო მოვლენა – შიმშილობის აქცია, პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია მთელ საბჭოთა სივრცეში. მაშინდელი საბჭოთა კავშირის კანონმდებლობაში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო შესატანი ცვლილებების გასაპროტესტებლად. მოსახლეობის აქტიურობამ უმაღლესი საბჭოს სესია იძულებული გახადა ქართული საზოგადოების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. მაშინ ჩვენ შევძელით საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს იყო ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის, მთელი ქართველი ხალხის პირველი სერიოზული გამარჯვება და საქართველოს მოქალაქეთა ერთობის დღე.მას მერე 25 წელი გავიდა და ჩვენ ისევ გვიწევს საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენისთვის ქუჩაში გამოსვლა და, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პროტესტის ადრესატი დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაა.საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების იდეა წარმოადგენს, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების პირდაპირ მცდელობას, რაც ნიშნავს არა მარტო საქართველოს პროვინციებად დაშლის პროვოცირებასა და რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, არამედ, ერთი-ორი თაობის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების მოშლასაც.თვითმმართველობის კოდექსში ადმინისტრაციულ–ტერიტორიული საკითხების „შემოპარების“ მცდელობა არა მარტო ამხელს ავტორთა არასახელმწიფოებრივ ზრახვებს, არამედ, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ჯერ არავის გაუუქმებია და სადაც შავით–თეთრზე წერია, რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გული შესტკივა საქართველოს სახელმწიფოს ბედ–იღბალზე, ისევ დავდგეთ ერთად, როგორც ეს შევძელით 1988 წლის 22–29 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს და დღესაც უარი ვუთხრათ საქართველოს დაშლის მორიგ მცდელობას.ადგილი უცვლელია _ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, დრო – 25 წლის შემდეგ, ისევ 22 ნოემბერი, 2013 წელი, 16.00 საათი.
სახალხო პარტიის სახელით მამუკა გიორგაძე