მამუკა გიორგაძე: “დღეს საქართველოს პოლიტიკა რუსეთისკენ არის მიმართული”
შორენა კოწოწაშვილი
არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი და კოალიციური მმართველობა რუსული პროექტი და რატომ დუმს შეგნებულად ხელისუფლება რუსეთის მცოცავ აგრესიაზე? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ივანიშვილის მთავრობის ნაბიჯებს ოკუპანტ რუსეთთან მიმართებაში, რა აჩვენა ერთწლიანმა პოლიტიკამ, ტენდენცია რაზე მიანიშნებს?
_ საქართველოს აქვს მინიმუმ ოთხასწლოვანი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი, რუსეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის. ამ პერიოდის განმავლობაში კი უნდა დავფიქრებულიყავით იმ სტილზე, ფორმაზე, არსზე რუსეთის სახელმწიფოს მოქმედებებისა და ინტერესებისა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვსაუბრობთ რუსეთის ამ ინტერესებზე. დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არის არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის და ხალხს, ხელისუფლებას მისცემს სწორი გადაწყვეტილების ანალიზის შესაძლებლობას. ეს ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენ ამ საკითხს სახელმწიფოებრივად არ ვუდგებით და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ვაბამთ ჩვენს პირად ინტერესებზე. სააკაშვილს ჰქონდა თავისი პირადი ინტერესი, ივანიშვილს გააჩნია თავისი პირადი ინტერესი და შემდეგ უკვე ვმსჯელობთ ჩვენ, რა არის ჩვენთვის კარგი, რა _ ცუდი და ა.შ. სხვადასხვა დემაგოგიური განცხადებები და არგუმენტაცია ისმის. საფუძველი არა გვაქვს, არ შეგვიმუშავებია და მთელი უბედურება ის არის, რომ არცერთ ხელისუფლებას არ უნდა ამ საფუძვლის შემუშავება.
_ ანუ რუსეთში პრემიერის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის დანიშვნა, არაფერს ნიშნავს?
_ ჩვენ გავარკვიოთ სახელმწიფოებრივად რუსეთის ინტერესები, ჩამოვყალიბდეთ, გავარკვიოთ სტრატეგიულად საქართველოს ინტერესები და ამის შემდეგ ღიად გამოჩნდება, სად იკვეთება ეს ორი ინტერესი ერთმანეთთან. როდესაც ჩვენ ვარიდებთ ასეთ სერიოზული, არგუმენტირებულ პოლიტიკურ თუ სამეცნიერო დისკუსიას თავს, ე.ი. ვინც თავს არიდებს, იმან იცის ის შედეგი, რომ არსად არ იკვეთება რუსეთის და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთთან, სამწუხაროდ, მთელი ამ ოთხასი წლის განმავლობაში. დანარჩენი დემაგოგიაა. დემაგოგიაა, დავუშვათ, ის გარემოება, რომ ერთმორწმუნეები ვართ. სრულებითაც არაფერს ნიშნავს ხალხის ძირითადი ნაწილი რა აღმსარებლობისაა. მთავარია, სახელმწიფო რა ფასეულობებზე დგას, რა ღირებულებათა სისტემას დაამკვიდრებს თავის ტერიტორიაზე და რამდენად ასახავს ამ სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგია ამ იდეოლოგიის, თუნდაც ამ აღმსარებლობის ძირითად ინტერესებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ასეთ თემებზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ მმართველობით ფორმაში, დავუშვათ, საქართველო, რომელიც მუდმივად დემოკრატიულ გარემოში ვითარდებოდა და განვითარებული დემოკრატიული ფეოდალური წყობა გვქონდა, ისე როგორც ეს იყო დასავლეთ ევროპაში, ხოლო რუსეთში მუდმივად იყო აღმოსავლური ტირანია. არის კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ საკითხებზე არ ვსაუბრობთ, ისევე როგორც დეოკუპაციაზე. პირად ინტერესებს ვაბამთ ამ ყველაფერს. სანამ სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსასვლელად რუსეთი სჭირდებოდა, მაქსიმალურად იყენებდა მას; შემდეგ ხელისუფლების შესანარჩუნებლად სანამ სჭირდებოდა, მტრის იარლიყის მქონე, რომელიღაც სახელმწიფო, მაქსიმალურად იყენებდა მას; და მთელი უბედურება ის არის, რომ ერთშიც და მეორეშიც რუსეთი ხელს უწყობდა როგორც ხელისუფლებაში მოსვლაში, ასევე ხელისუფლების შენარჩუნებაში. სააკაშვილის რიტორიკის მიუხედავად, ვერ ნახავთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც რუსეთისთვის სასარგებლო არ იყო.
_ რუსეთისთვის სასარგებლოდ აღიქმება ოლიმპიადის თემა, რომელმაც საზოგადოებაში ასეთი ხმაური გამოიწვია?
_ რა თქმა უნდა. ნახეთ, რა ხდება: დამთავრდა წართმევების პერიოდი, სააკაშვილმა მაქსიმალურად უზრუნველყო რუსეთის ხელისუფლება საბაბით, რომ გაელახა საქართველო; სააკაშვილიკი არ გაულახავს, საქართველო გალახა. მაქსიმალურად წაართვა წასართმევი, რისი საშუალებაც ჰქონდა. სააკაშვილმა ამის საბაბი მისცა. ახლა დადგა დრო ამ წართმეულის გადაფორმების. ახლა მშვიდობიანი რიტორიკაა საჭირო, რადგან გადაფორმება მტრული ისტერიკის ფონზე, ვერ მოხდება. გადაფორმება უნდა მოხდეს მშვიდობიანი თანამშრომლობის და რაღაც გარკვეული პერსპექტივის ფონზე.
_ კოალიციის დუმილი თანხმობაა, რუსეთმა სამართლებრივად გაიფორმოს იგივე აგვისტოს ომით წართმეული ტერიტორიები?
_ რა თქმა უნდა. ჩვენ ეს ხომ ერთხელ უკვე გავიარეთ. იყო მომენტი, როდესაც იგივე აფხაზეთის ომის დროს, ძალადობით მოახერხა რუსეთმა ჩამოეცილებინა ეს კუთხე საქართველოსთვის. შემდეგ დადგა ამის გადაფორმების მომენტი და შევარდნაძე დითირამბებს უძღვნიდა რუსეთს და დსთ-ში შესვლის გამო, რა ამბავი დაატრიალა მაშინ ყველას ახსოვს. სწორედ ასე ეუბნებოდნენ საზოგადოებას, რუსეთის აფხაზეთს დაგვიბრუნებს, ლამის რძის და თაფლის მდინარეები წამოვა რუსეთიდან საქართველოშიო. მაგრამ მაგრამ მოხდა საქართველოს შესვლა დსთ-ში და შემდეგ არც თაფლის მდინარეები გვინახავს და რუსეთმაც მას მერე ბევრჯერ გაგვლახა. ეს არის რუსეთის ტაქტიკა _ შექმნას პრობლემა ქვეყანაში და შემდეგ ამ პრობლემის მოგვარების საბაბით, ამ ქვეყანაზე გავლენა მოიპოვოს. დღევანდელი ხელისუფლება, თავისი ყოველდღიული ცხოვრებით, პრაქტიკულად დღეს იმ მოტივაციით, რომ თითქოს ეკონომიურად ეს იქნება საქართველოსთვის განსაკუთრებულად მისაღები; იმ მოტივაციით, რომ სააკაშვილის პოლიტიკამ არ გაამართლა და რომ ნებისმიერ ადამიანში მშვიდობის ფასი ძალიან დიდია და ა.შ., ამ დემაგოგიური რიტორიკით ცდილობს ახლა რუსეთს ის გადაუფორმოს, რაც სააკაშვილმა თავისი ისტერიკული რიტორიკით, რუსეთს გადააბარა.
_ ანუ სოჭის ოლიმპიადას საქართველომ ბოიკოტი უნდა გამოიუცხადოს?
_ მე ვსაუბრობ მარტივ თემაზე. ჩვენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე რომ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ დიცში და დვანში განვითარებულ მოვლენებზე, პრაქტიკულად რატომ არ ვსაუბრობთ თბილისში,. თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის საკრებულოს უკან მდებარე ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციზე, რომლის ხელმძღვანელიც არის ვინმე სანაკოევი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფინანსებს. აგვიხსნან, ეს სტრუქტურა რაში სჭირდება საქართველოს; რომელიც ყოველგვარი ქართული კანონებიდან არის ამოვარდნილი. მაგრამ სააკაშვილის და ივანიშვილის თავგამოდებით იცავენ ამ სტრუქტურას და ის რამდენიმე მლნ ლარით არის დაფინანსებული. რატომ? ამ თემაზე არავინ საუბრობს. მაგრამ აქტუიურად გამოდიან ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები და დიცში და დვანში გადიან. რა უნდათ ამ სოფლებში, როცა აგერ თავისუფლების მოედანზეა ის სტრუქტურა, რომელსაც პასუხი უნდა მოვთხოვოთ?! ერთი განცხადება არ გაუკეთებია ამ სტრუქტურას ისე მიყურსული, რომ ვინმეს თვალში არ მოხვდეს. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების თვალში საქართველო აღიარებს, რომ არსებობს `სამხრეთ ოსეთის~ ადმინისტრაცია და არსებობს `სამხრეთ ოსეთის~ პრეზიდენტი, ვინმე დიმიტრი სანაკოევი. ვის ვედავებით, რას ვედავებით, რას ვთამაშობთ?! აი, ეს არის მთავარი. შესაბამისად, სხვა დანარჩენი არის ამის კომუფლაჟი; კომუფლაჟი იმისა, წავალთ თუ არა სოჭში. არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ერთის მხრივ ვამბობთ, მივდივართ ნატოსკენ, მეორეს მხრივ _ თუ კარგი იქნება ევრაზიულ კავშირში რუსეთთან ერთად, რატომაც არა. თუ არა ხარ დარწმუნებული, რომ ნატო არის ერთადერთი სწორი გზა, მაშინ რატომ მიდიხარ ნატოში?! თუ დარწმებული ხარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რატომ იხედები მაშინ აღმოსავლეთის მიმართილებით, ის გზა ხომ უკვე მეცნიერულ და პოლიტიკურ, ექსპერტულ დონეზე დამუშავებულ ხომ უნდა გქონდეს?! ამ ოთხასი წლის განმავლობაში ხომ უნდა იცოდე, ეს გზა რა არის. აქედან გამომდინარე არის საერთაშორისო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს ვითომ გულუბრყვილო თამაშები მაღალფარდოვანი სიტყვებისა, არის გადაფარვა იმ ძირითადი ტენდენციისა, რაც არის, რომ საქართველოს ხალხის მოტყუებით, მისი გვერდის ავლით ჩვენ შეგვიყვანონ საქართველოსთვის წამგებიან კავშირში და უარი გვათქმევინონ საქართველოს ბუნებრივ ადგილზე _ ევროპულ სივრცეში. Aმის გარდა, ხელისუფლება არ ერიდება მისდაუნებურად თავის სახიდან ბიღაბის ჩამოხსნას. როდესაც რეინტეგრაციის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ან რომელიმე სხვა მინისტრი იტყვის, რომ შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს აზრი, აქვს მას ამის უფლება, მაგრამ მთავრობა მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. რას ნიშნავს ეს? ეს ხომ ღია ბოლშევიზმია. თუ საზოგადოებას არ უნდა, შენ ძალით რატომ მიდიხარ იქ? Pპრაქტულულად, პაატა ზაქარეიშვილმა ხალხს უთხრა: თქვენ შეიძლება გქონდეთ თქვენი აზრი, მაგრამ თქვენ ხართ ჩურჩუტები, დეგენერატები, ჩვენ უფრო მეტი ვიცით და გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ. ბოლშევიკები სხვას რას ამბობდნენ, რატომ ვებრძოდით მათ… იმიტომ, რომ ისინი ხალხის ნების საპირისპიროდ მოქმედებდნენ _ სადაც საჭირო იყო სიტყვით, სადაც არა და, ძალადობრივად იღებდნენ გადაწყვეტილებას. ეს არის სრული ბოლშევიზმი. ხელისუფლებამ და ამ მინისტრებმა თავისი თავი წარმოაჩინა, როგორც ბოლშევიკები. აქ დგას პრობლემა. საზოგადოებამ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. შესაბამისად, პრაქტიკულად მიდის გეგმაზომიერი მუშაობა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიები იქნეს სამართლებრივად გადაფორმებული.
_ მოქმედმა ხელისუფლებამ თავისი ქმედებით ღიად აჩვენა რომ პუტინის ინტერესების დამყოლია და რომ რუსეთთან მიმართებაში საგარეო ნაბიჯები გათვლილი არ აქვს?
_ ეს არის გეგმაზომიერი, გათვლილი უმოქმედობით, უნიათობით საქართველოს გაყიდვა. ეს უკვე აღარ არის შეცდომები, ეს ხდება გეგმაზომიერად. შეიძლება პირველ-მეორე შემთხვევაში ვიღაცას ეთქვა, რომ ეს უცოდინრობის, გამოუცდელობის ბრალია. მაგრამ ახლა გეგმაზომიერად კეთდება ყველაფერი. მაგალითად, ის თემები, რომელიც არის აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა; როგორიც არის ოლიმპიადის თემა და მრავალი სხვა, პრაქტიკულად ევრაზიულ კავშირში შეესვლის საკითხის განხილვა და ა.შ., ყველაფერი ეს გეგმაზომიერად მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველო პრაქტიკულად გადაბარდეს რუსეთის გავლენის ქვეშ სამართლებრივადაც. რასაც ვერ მიაღწია რუსეთმა 1801 წელს, რასაც ვერ მიაღწია რუსეთმა 1921 წელს, აი, იმის მესამედ განხორციელების მცდელობასთან გვაქვს ახლა საქმე. ამაზე ქართული საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს.
_ თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია და დღეს ამაზე კითხვის ნიშნები უკვე არარ არსებობს…
_ პრაქტიკულად, დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიდან ბოლომდე საქართველოს პოლიტიკა რუსეთისკენ არის მიმართული, უბრალოდ, ქართულ საზოგადოებას ამას ღიად ვერ ეუბნებიან. ამიტომ ფარულად ცდილობენ საზოგადოენა იმისთვის მოამზადოდნ, რომ ამ მიმართულებით წაიყვანონ. ჩვენ გვახსოვს შევარდნაძის ცნობილი ფრაზა, როცა კითხეს: დსთ-ში რატომ არ შეხვედი სოხუმის გადასარჩენად და ახლა რატომ შედიხარ შენი ხელისუფლების გადასარჩენადო, მან თქვა უნიკალური ფრაზა _ ხალხი არ იყო მაშინ მზადო. ე.ი. ახლა მიმდინარეობს ხალხის მომზადება იმისთვის, რომ სხვადასხვა მიზეზებში, სხვადასხვა პრობლემებში ჩაძირულმა საზოგადოებამ, ეკონომიკური გაჭირვების ფონზე და ა.შ., თავის თავის დათრგუნოს ეროვნული ცნობიერება და ნებისმიერ რამეზე მოაწეროს ხელი.