“ახალი თაობა” 05-10-2013 – თამარ ნინიძე
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ დვანსა და დიცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პირადად სოფელ-სოფელ ხომ არ ვივლი და თვითოეულ ადამიანს ხომ არ შევხვდებიო. როგორ აფასებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ პრობლემის მიმართ?
_ სოფელ-სოფელ სიარული საჭირო არ არის იმისათვის, რომ საქმე გააკეთო და როცა საქმე არ კეთდება, ამაზე უნდა ვისაუბროთ, აქცენტის გადატანა ივლის ვინმე დიცში თუ არა, ეს უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი საქმის კეთების. უმოქმედობის გამართლება იმით, სოფელ-სოფელ ხომ არ ვივლიო, ეს მიუღებელია და არ არის სწორი პოზიცია. პრემიერმა ვერ გაგვცა პასუხი თუ რა გააკეთა ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ვეთანხმებით, რომ სააკაშვილის გაფუჭებული საქმეა, ივანიშვილს იმიტომ დაუჭირა ხალხმა მხარი, რომ სააკაშვილის გაფუჭებული საქმე გამოესწორებინა, ასევე ხალხი მოითხოვს თანმიმდევრულობას ივანიშვილისგან როცა ის ამბობს, რომ ეს პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით უნდა გადაწყდეს, მაგრამ არის ეჭვები ვართ თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. თუ მასთან არ ვართ, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაგვეხმარება, თუ ვართ, ეს მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ დაგვეხმაროს და ხელი შეგვიწყოს. ჩასვლა იქ ძალიან კარგია პიარისთვის და სახელმწიფო მეთაური მიდის, მედიის მობილიზებას იწვევს და მსოფლიოს ყურადღებას იწვევს. თუმცა ჩასვლა იქ თვითმიზანი არ არის, ყველამ საქმე უნდა აკეთოს თავის სამუშაო ადგილას. როცა შატილი დაბომბა რუსეთმა, მოქკავშირი გაიქცა, რუსეთის საელჩოსთან სააკაშვილმა და სხვებმა ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს. მაშინაც ვეუბნებოდით, რა უნდა რუსეთის საელჩოსთან დეპუტატს, აგერ ხართ, აიღეთ პულტი უარი უთხარით რუსეთის სამშვიდობოებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩნენ.
_ მახსოვს მაშინ თქვენ შესთავაზეთ მოქკავშირლებს, ოფიციალურად დოკუმენტით დაედასტურებინათ, რომ რუსეთის სამშვიდობოები უნდა გავიდნენ საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან, მაგრამ მოქკავშირმა მხარი არ დაგიჭირათ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საკითხიც გადაწყდა და საქართველო დსთ-დანაც გავიდა. ახლა როგორ ფიქრობთ, ივანიშვილმა სააკაშვილის გაფუჭებული საქმე როგორ უნდა გამოასწოროს?
_ ეს არის საქმე, აზრი აღარ ჰქონდა უკვე სამშვიდობოების მანდატის გაუქმებას და რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ჰქონდა აღიარებული, მაშინ დსთ-ში საქართველოს დარჩენა თავად რუსეთისთვის აღარ იყო საინტერესო. მაშინ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, როცა ამის აუცილებლობაა. ჩასაფრებული არ ვარ ივანიშვილის მიმართ, მაგრამ არამცთუ მსოფლიომ აგერ თბილისში მე ვერ დავინახე, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება რომელსაც შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა. ეს ხელისუფლება არ არის მოწადინებული, რომ საქართველოს ინტერესები დაიცვას. ვერ დავინახე, რომ ამ ხელისუფლებას სურვილი მაინც აქვს რაღაც ქმედების. როგორ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ ის, რომ ქართველებმა ის სახლები დაანგრიონ, რომლებიც მათ ამ კონფლიქტურ ტერიტორიაზე აქვთ, საკუთარი ხელით დააშლევინეს სახლები, ეს ხომ პოლიტიკური და იდეოლოგიური საკითხია. უნდა ყოფილიყო მტკიცე პოზიცია, რომ ქართველი საკუთარი ხელით არ დაშლის სახლს. ისრაელიდან გაქცეული არაბების სახლები დღესაც იქ დგას, ბერძნების სახლები დღესაც არის თურქეთში და ხელშეუხებელია. თბილისში რომ ყველგან დააყენეს ვიდეოთვალი, დააყენონ დიცსა და დვანში პერიმეტრზე ეს ვიდეთვალები. მთელ მსოფლიოს აჩვენონ რა ხდება იმ ზონაში. რა გახდა, რომ პატრულირება დაიწყოს პოლიციის მიერ. რეიდები და პოსტები სად არის? დავიცვათ ეს ჩვენი საზღვარი იმ ტერიტორიაზე. როცა აცხადებენ ევრაზიულ კავშირში რატომაც არაო, ეუბნები დასავლეთს, რომ არ ხარ მისი პარტნიორი, უბრალოდ ახლა გჭირდება და ხარ მასთან. პრობლემა ის არის, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ქართველი წმინდანების მიერ სისხლით მორწყულ მიწაზე ზაქარეიშვილი ამბობს, რა მოხდა, მერე ორასი და სამასი მეტრით თუ გადასწევენ საზღვარსო. ვიღაცისთვის სალაპარაკო არ არის სამი კილომეტრი, ან ოცი კილომეტრი. ბოლშევიკებისთვის საერთოდ არ არსებობდა საქართველო. ამას უყურებს მტერიც და მოყვარეც მსოფლიოში და სამმა მოსახლემ საკუთარი სახლი დაანგრია იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების იმედი არა აქვს. ამიტომ ვერ იცავს საქართველოს ინტერესებს დასავლეთი ისე, როგორც საჭიროა, რომ უფრო მკაფიო და მკაცრი პოზიცია გამოხატოს ვიდრე გამოხატავს საქართველოს ხელისუფლება.
_ ივანიშვილი შევხვდა ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებს. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ შეხვედრებმა?
_ ასეთი შეხვედრები შესაძლებელია, როცა საკუთარ კანტორაში განიხილავ ხოლმე ამ ყოველივეს. ეტყობა პრემიერ ივანიშვილს ამ ექსპერტებზე და ჟურნალისტებზე გააჩნია გარკვეული მორალური უფლებები, რომ დაუძახოს და ასეთი ტონით ელაპარაკოს. ეს უკვე აღარც ჟურნალისტობაა და აღარც ექსპერტობაა. პრემიერი ხაზს უსვამს რაღაც ვალდებულებებს, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ მის მიმართ. ეს ვალდებულებები უნდა დამთავრდეს საქართველოში. უნდა შეწყდეს კლანური მართვის პრინციპები. როცა ვლაპარაკობთ დეოკუპაციაზე, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა დასრულდეს მართვის ბოლშევიკური სისტემები ქვეყანაში. საზოგადოების ერთ სუბიქტზე იდენტიფიკაცია ხდება. ასე იყო ბოლშევიკური სისტემა. მოქალაქეობრივი, ადამიანური თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს. კარგია როცა ჟურნალისტები ჩადიან დიცში აქციას მართავენ, მაგრამ ყოველდღიურად უნდა შეახსენონ საზოგადოებას, რა ხდება დიცსა და დვანში. ერთჯერადად ასრულებენ სამოქალაქო მოვალეობას, მერე ბრუნდებიან და საუბრობენ იმაზე, ვისი ცოლი ვის ქმართან დადის, და ამით დიცის მოვლენები გადადის მეშვიდე პლანზე, ეს არ შეიძლება. 27 სეექტემბერს, როცა სოხუმის დაცემის დღეს პირველი სიუჟეტები ამ თემაზე უნდა ყოფილიყო, ვიხილეთ საკრებულოში რა კონფლიქტები იყო ყოფილ და ახლანდელ მოქკავშირლებს შორის. ამ თემამ გადაფარა 27 სექტემბრის მოვლენები, სოხუმის დაკარგვა. აქ არის პრობლემა, ეს არ უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა. მერე როცა დაგიძახებს, მიხვალ პრემიერთან და დაგელაპარაკება იმიტომ რომ იქ არ დგახარ, სადაც უნდა იდგე. ყველამ თავისი საქმე თავის არეალში უნდა აკეთოს. პოლიტიკაშიც ასეა, საჩვენებლად ჩადიან დიცში და შემდეგ იმაზე ზრუნავენ სახელმწიფოს ხარჯზე როგორ მოიწყონ ცხოვრება. ასეთ ჩასვლას დიცში აზრი არა აქვს.
_ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარემ სოსო ცისკარიშვილმა ერთ ტელეეთერში ისაუბრა დახურულ ფორმატში ექსპერტებთან და ეკონომისტებთან შეხვედრის დროს რა დაძაბულობა იყო და ივანიშვილი ერთ წუთში ამ შეხვედრიდან წასვლასაც კი აპირებდა ისე არ მოეწონა. მაინც რას ითხოვს ივანიშვილი იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან?
_ მართვის პრობლემაა, წარმოდგენა არა გვაქვს რას ნიშნავს სახელმწიფო, ხელისუფლება, საზოგადოება, რა ფუნქცია აქვს მედიას, პარტიებს. სამწუხაროდ, ვერ გავთავისუფლდით მართვის საბჭოთა სისტემისგან. ერთ ადამიანზე იდენტიფიცირებული ხელისუფლება, საზოგადოება, მედია ვერ განთავისუფლდება მართვის საბჭოთა სისტემისგან. Eეს კი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ გარედან მოხდეს პროცესებში ჩარევა. ახლა გადავეწყვეთ ახალ პირველზე, სააკაშვილი თუ გვიან დგებოდა, და გვიან იძინებდა ახლა გადავწყვიტეთ ადრე ადგომა და ადრე დაწოლა. სანამ არ გამოვალთ ამ სისტემური კრიზისიდან, არაფერი გვეშველება. რა განსხვავებაა აქვს ნაცმოძრაობის ლიდერების ქმედებებს და ახლანდელი ხელისუფლების ქმედებებს შორის. ტელევიზიები შაყირობდნენ აქვს თუ არა ნაკლი მიხეილ სააკაშვილს და ვერც ერთი დეპუტატი ნამოძრაობიდან ვერ ბედავდა ამ ნაკლზე საუბარს, დღეს კი ქართული ოცნების დეპუტატები ვერ ბედავენ იმის თქმას, რა ნაკლი აქვს ივანიშვილს. ეს არის ბოლშევიზმი, კი არ მოვუწოდებ ვინმეს რომ ნაკლზე ისაუბრონ, მაგრამ ადამიანები დათრგუნული არიან. ვინმემ ეჭვი არ შეიტანოს ერთგულებაში და ნახეთ და შეადარეთ როგორ იქცევიან ოცნების წარმომადგენლები.
_ თქვენ ახსენეთ ეს ურთიერთობები, კობა დავითაშვილი ერთადერთი იყო რომელმაც გაბედა იმის კრიტიკა რაც არ მოსწონდა, ის ხალხი ვინც თვალებში შესციცინებს ივანიშვილს ალბათ რაღაც ფინანსური ინტერებით არის დაკავებული.
_ ეს თავიდანვე განსზაღვრული იყო აბა რისთვის მივიდნენ ოცნებაში. ვიღაცა რაღაცას ელოდება, ვიღაცისთვის ლოდინი დამთავრდა. აქ მთავარი არ არის იდელოგიური მოსაზრებები და პრინციპები. როცა იტყვიან ნებისმიერ შემთხვევაში ვდგავარ პიროვნების გვერდით და არ მაინტერესებს მისი პრინციპები, იქ მთავრდება ყველაფერი. გუდურასავით რომ შეიტანენ და დასვამენ პარლამენტში ვიღაცას და იქიდან გვმოძვრავს, თითქოს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იყოს, ეს არის ცუდი. პოლიტიკოსად თუ არ ვარგიხარ, ადამიანად ივარგე და დაუდექი მაშინ ბოლომდე იმას, ვინც გაგიყვანა პარლამენტში.
_ ადეიშვილის ქება მოვისმინეთ ივანიშვილისგან, რას ფიქრობთ ამაზე?
_ ჩვენ არ უნდა დაგვიჩლუნგდეს მოვლენების შეფასების უნარი. როცა პირველი განცხადება გაკეთდა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს პოლიტიკაში და ორი სუბიექტი უნდა დავრჩეთ მოედანზე, ეს იმის გზავნილი იყო, რომ ჩვენ და ნაციონალები გავარკვევთ ურთიერთობებს. ამას შედეგია ის რაც ხდება. ვარდების რევოლუციის იდეების გადარჩენაზეა საქმე. საპარლამენტო უმრავლესობაშიც რაღაც მოხდება, ვიღაცა ოპოზიციაში წავა, ვიღაცა უმრავლესობას გამოეყოფა, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრების არსი თუ არ გვესმის, არაფერი გვეშველება. რა აქვთ ამათ ერთმანეთთან გასაყოფი თუ პიროვნულ ურთიერთობებს მოაგვარებენ. თუ ათი წელი თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მომავალშიც ითანამშრომლებენ. ის ფაქტი, რომ ერთი წელია ადეიშვილი გადაცემული არ არის ძებნაზე, ეს საჭიროებდა განმარტებებს. ეს გააკეთა ივანიშვილმა აქ მოულოდნელი არაფერია.
_ ხალხი აღარ უნდა ელოდოს სამართლიანობის აღდგენის პროცესს?
_ ამ ტერმინში მნიშვნელოვანი კოდია ჩადებული. როდის იყო საქართველოში სამართლიანობა? როცა რუსთავი ორს ჰყავს ხუთი მეპატრონე, რომელი პერიოდიდან ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას ამ ტელევიზიისთვის? საუბარი უნდა იყოს არა სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ სამართლიანობის დამკვიდრებაზე. რას ნიშნავს სამართლიანობის დამკვიდრება, ესეც უნდა გავარკვიოთ. ამის პარამეტრებს თუ გავარკვევთ, ეს შეუზღუდავს ხელისუფლებას თვითნებობას. დავიწყოთ სამართლიანი არჩევნებიდან, ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები ახლა, ადგილობრივი არჩვნები, ასევე საპარლამენტო არჩევნები.