სადაც მოქკავშირმა გაიარა, იქ ბალახმა არ იხარა 1999

მამუკა გიორგაძის საპარლამენტო გამოსვლა
პარლამენტიდან

ამ დარბაზში სხედან ადამიანები, რომელთაც ახსოვთ ის “ბედნიერი” დრო, როცა ასე იმართებოდა სამეურნეო-პარტიული აქტივის კრებები. სწორედ ასეთ სტილში იმართებოდა აქტივის კრება. შემდეგ გამოვიდოდა ხელმძღვანელი და შეაჯერებდა კრების შედეგებს. ჩვენ შემოგთავაზეთ ჯანსაღი ფორმა: გამოვიდეს პარლამენტის თავჯდომარე გააკეთოს პოლიტიკური მოხსენება, ჩვენც მაშინვე გავუკეთოთ ოპონირება. ვიმსჯელოთ თემატიკაზე, ვიმსჯელოთ საკითხებზე. შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ეს მაინც წაადგება საქმეს… მაგრამ, სამწხუროდ, თქვენ აირჩიეთ ასეთი ფორმა_ იქნება გამოსვლები. ვუპატაკებთ პარტიას და სამშობლოს: “რა კარგად ვცხოვრობთ ანუ არის, რა თქმა უნდა პრობლემები, 1-2 ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა კიდეც, ვიღაცამ 12 თვე პენსია ვერ აიღო, ვიღაცა ჯარიდან შიმშილისა და ტილიანობის გამო გამოიქცა, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ რა რიხით მივდივართ წინ”……ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ ასეთი “შემაჯამებელი” ჩვენს ქვეყანაში ერთი კაცია და ნუ გაიმეორებთ ამ სტილს, მოძებნეთ ის ფორმა, რომელიც უფრო მისაღები იქნება თქვენთვის.
მეორე მხრივ, შემდაეგ პარლამენტში ალბათ უკვე თქვენ იქნებით ოპონენტები ასე რომ, ბატონ ზურაბს შესაძლებლობა ექნება, ამ ტრიბუნიდან უფრო თავისუფლად ისაუბროს.
ნამდვილად არ ვფიქრობდი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ გადაწყვიტა საქართველოს ბედი. რა დაგიმალოთ და იმას მაინც დავიჯერებდი, რომ 1992 წელში პრეზიდენტი ჩამოვიდა და რაღაც ძვრები დაიწყო, ეს კიდევ შეიძლებოდა დაგვეჯერებინა, მაგრამ ახლა თუ ბატონი მიშას გადასაწყვეტი იყო ყველა ეს პრობლემა, ნამდვილად არ მეგონა. განცვიფრებული ვართ მისი სიტყვებით, რომ თურმე ჩვენ ბოსნიას, ტაჯიკეთს გავუსწარით და თურმე სომალიც ჩაშვებულა ამ ბოლო დროს, მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ, მართალია, პინგვინების რაოდენობით ანტარქტიდას ჩამოვრჩებით, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ყველის მოხმარების თვალსაზრისით, ჩვენთან უკეთესი მდგომარეობაა. თუ ბატონი მიხეილი ილიას ციტატებით გვესაუბრება, ჩვენც შეგვიძლია გავიხსენოთ მისი “ბედნიერი ერი”…. სად გვინახავს ამაზე კმაყოფილი ბედნიერი ერი? ომალოს ბომბავენ …. კმაყოფილები ვართ. აფხაზეთში არჩევნების საბაბით სამშვიდობო ჯარებს ვუგრძელებთ უფლებამოსილებას_კმაყოფილები ვართ. დაიჭერენ ჩვენს მოქალაქეს საზღვარგარეთ –კმაყოფილები ვართ. აქ დაარღვევს ჩვენს უფლებებს უცხოეთის მოქალაქე –მაინც კმაყოფილები ვართ, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან მე ვერ დავინახე პროტესტის გამოხატვის სურვილიც კი. შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს იმასთან დაკავშირებითაც, რომ მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელობამ თავისი ფრაქციის ბევრ წარმომადგენელს “ბალასტი” უწოდა და შეგვპირდა, რომ ამ “ბალასტებისაგან” განთავისუფლდებოდა, დაიწყებოდა წმენდა მოქალაქეთა კავშირში. სანამ ეს წმენდა არ მოხდება, სანამ მოქალაქეთა კავშირის სიები არ იქნება საზოგადოებისათვის ცნობილი, უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ მოქ. კავშირის ფრაქციის თითოეული წევრი პოტენციური ბალასტია. მე ახლა მესმის, თუ რატომ გსურთ სხდომების ტრანსილაციის შეწყვეტა, გეშინიათ, რომ შესაძლებელია ამ ‘ბალასტმა” მხარი დაუჭიროს ოპოზიციის ნებისმიერ კანონ-პროექტს. ეს არის ბოლშევიზმი –მეტი არაფერი. Mმიზნის მისაღწევად თუნდაც ის ადამიანები უნდა გაწიროთ, რომლებიც 4 წლის განმავლობაში მონურად გემსახურებოდნენ. დღეს კი დადგა მათი გაწირვის დრო. ესაა ჩვენთვის მიუღებელი. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვა დამატებითი მექანიზმების დახმარებით თქვენ შეძლებთ მიზნების განხორციელებას იმის მიუხედავად, გენდობით თუ არა მოსახლეობა.
დღეს განსხვავებული კუთხით წარსდგა ჩვენს წინაშე “მოქალაქეთა კავშირი”, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუმცა სადაც გაიარეთ, იქ ბალახმა არ გაიხარა. ეს ნამდვილად ასეა. Gგულწრფელად მაინტერესებს და გეკითხებით: ომალოში დაგვბომბეს და ნუთუ პარლამენტი არ უნდა შეკრებილიყო? ამაზე მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? მერწმუნეთ, თქვენი პიროვნული მტერი არ ვარ და არც ბოღმა და შურისძიების გრძნობა გამაჩნია თქვენს მიმართ. მე, ჩემს პარტიასთან ერთად, უარესი პერიოდი გამივლია, მაგრამ ამ შავ-ბნელ პერიოდს შურისმაძიებლად არ ვუქცევივარ. რევანშიზმი ჩვენთვის უცხოა, მაგრამ განა საკითხავი არ არის: ქვეყანა დაგვიბომბეს და პრეზიდენტი შვებულებიდან არ ბრუნდება, პარლამენტი არ იკრიბება, ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს… ნუთუ ეს გამართლებული საქციელია? ეტყობა, ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ჩვენი ერთ პარლამენტში ყოფნა მიუღებელია. თუ თქვენ პარლამენტში ყოფნა იმისათვის გინდათ, რომ ბახმაროში მარულა მოაწყოთ და რუსეთის საელჩოს წინ ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვათ, დამიჯერეთ, ამისათვის პარლამენტში ყოფნა გაუმართლებელია. გაუმართლებელია იმიტომ, რომ როცა პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო დგება, რატომღაც არ ჩანს თქვენი შემართება, როცა კლინტონის ცოლისძმებზე განაწყენებულნი ანტიამერიკულ ისტერიას იწყებთ, ეს პოლიტიკოსობა გგონიათ. ეს არ არის პოლიტიკოსობა. ეს არ არის პოლიტიკა.
როდესაც საქართველოში ივანოვია ჩამოსული, რუსეთის ბაზები რომ საქართველოში არ უნდა იდგეს, მას უნდა უთხრათ, და არა მე. უთხარით და მიიღეთ გადაწყვეტილება, ჩემთვის გაუგებარია ის, რომ ივანოვის სიტყვებზე _ ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საქართველოსა და რუსეთის ინტერესებში შედისო_ პარლამენტი დუმს. ეს არის პრობლემა და როდესაც, რუსეთის სამშვიდობო ძალებს ვადას ვუგრძელებთ იმ არგუმენტით, რომ არჩევნებია მოახლოებული, ცოტა გაუგებარია. გინდათ თუ არ გინდათ, საქართველოში ყოველ წელიწადს არჩევნებია. ამიტომ, ეს არგუმენტი არ არის ბატონებო, და ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას ნუ აყრით თვალში ნაცარს. მოდით, ამ პრობლემებზე სერიოზულად ვისაუბროთ და ჩვენ შევძლებთ ვითარების განმუხტვას, დამიჯერეთ, ნამდვილად შევძლებთ.
ჩვენთვის მისაღებია ევროსაბჭოსაკენ გადადებული ნაბიჯები, სამოქალაქო კოდექსის მიღება. სიკვდილით დასჯის გაუქმება. სხვა ბევრი საკითხიც, რომელზეც ერთად ვიმუშავეთ და დიდი სიამოვნებაც განვიცადეეთ ამ მუშაობაში. ამას არავინ უარყოფს, მაგრამ, ამავე დროს, არის საკითხები, სადაც წინსვლის ნაცვლად უკუსვლა მოხდა: 5 წლით გაიზარდა საპენსიო ასაკი, 7 თეთრით, მოიმატა ელექტროენერგიის გადასახადმაც, შესაბამისად, კომუნალური თუ მეტროს გადასახადი რამდენჯერმე გაიზარდა, სამუშაო ადგილების შექმნის მაგივრად, ხალხი საზღვარგარეთ მონურ სამუშაოზე წავიდა. შეგვპირდით, რომ მინიმალური ხელფასი 200 ლარი იქნებოდა და საერთოდ არ გვაძლევთ, სამსახურიდან გათავისუფლდა ათასობით მაღალკვალიფიციური ექიმი, მშენებელი, პედაგოგი… ეს ხომ ყველა თქვენგანმა იცის, ამ მძიმე მდგომარეობაში ასეთი რიხით საუბარი არ შეგვეფერება.
საქართველოში სიკვდილიანობა გაიზარდა, ქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი კლებულობს, ვალმა 5 მილიარდს მიაღწია … ეს ყველაფერი უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მოხდა –თქვენი მმართველობის პერიოდში, ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ საშუალება, საკუთარ საკუთარ თავში მოძებნეთ ძალა და გააკეთეთ საქმე, ნუ მოგვცემთ სალაპარაკოს. თქვენ საქმე გააკეთეთ და ჩვენ გავჩერდებით, რადგან, ელემენტალურად, სათქმელიც აღარაფერი გვექნება. თუ ამ პრობლემების ფონზე, რომელიც აქ ითქვა. პარლამენტს საქმე არა აქვს, ნამდვოილად არ ღირს ამ დარბაზში გაჩერება.
… …სანამ ასეთი სახელმწიფო გვექნება ნუ მოგვაქვს თავი, რომ ჩვენ სომალსა თუ სხვა ქვეყნებს ვჯობივართ.
აქ საუბარი იყო ჯავახეთთან დაკავშირებით. თავი დავანებოთ ჯავახეთს და აქ ვნახოთ რა ხდება. თურმე 4 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად კანონის დარღვევით იმყოფება დეპუტატი …რად გინდათ იმის თქმა , რომ ეს მისი პირველი გამოსვლაა? დეპუტატი, რომელიც 4 წლის მანძილზე ერთხელ გამოვა სიტყვით და იმასაც ბოლო სესიაზე, შეიძლება სრულფასოვან დეპუტატად ჩაითვალოს? არ მითხრათ ახლა კომიტეტებში მუშაობით იკლავდა თავს და სხდომებზე იმიტომ ვერ გამოდიოდა.
ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ ახალქალაქში პროკურორის კლანის წარმომადგენელმა 1941-45 წლების ობელისკი გვერდზე გადაწიეს და ბენზინგასამართი სადგური ააშენეს. ენას ძვალი არა აქვს. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს კერძო ბიზნესის განვითარებისათვის კეთდება, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამაზე არ არის არავითარი რეაგირება, რადგან ადგილობრივი კლანები სწორედ მოქალაქეთა კავშირს ეყრდნობა. ძალიან ბევრ რეგიონში იქნება ამ თვალსაზრისით პრობლემა.
დღეს მე არაფერს ვამბობ ბიუჯეტზე, კორუფციაზე არ ვსაუბრობ იმ გახმაურებულ 200 მილიონზე, 202 მილიარდზე, ბევრ სხვა კრედიტზე და ა.შ. ეს უკვე მოყირჭებული თემაა. მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ ამ თემაზე მოსახლეობა ისედაც ყველაფერს ხედავს.
აქ, ამ დარბაზში პატეთიკურად დაისვა შეკითხვა –ვისი იმედი უნდა ჰქონდეს გაჭირვებულ ხალხს? მე გეუბნებით, ყოველ შემთხვევაში, არა თქვენი იმედი, ხელისუფლებაში თქვენ უკვე იყავით 4 წელიწადი. თქვენ იმედი ვერ გაამართლეთ და არც გაქვთ უფლება პრეტენზია განაცხადოთ მომავალ პარლამენტშიუმრავლესობაში მოსვლაზე.
მოამზადა მაკა სულაშვილმა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress