სახალხო სიტყვა. 25-31 აგვისტო 1999 წ.
საქართველოს სახალხო პარტიასა და მის ლიდერს მამუკა გიორგაძეს მედროვეობის ფარისევლობის და პოპულიზმის სინდრომი არ შეჰყრია ისინი დარჩნენ ისეთებად როგორებიც ამ ოცი წლის წინ იყვნენ _ მიზანი არ შეცვლილა: თავისუფალი დემოკრატიული საქართველო. სახალხოს ძალუძს ამ მიზნის ბოლომდე მიყვანა _ აცხადებს მამუკა გიორგაძე.
_ ბატონო მამუკა, ხშირად ამბობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება პროდასავლურ კურსს არ ადგას, თუმცა ამაში ძალიან ცოტა მხარდამჭერი გყავთ. გარეგნულად ხელისუფლება მართლაც ადგას დასავლეთის გზას. რით ახსნით თქვენს მოსაზრებას?
_ ფაქტებით. მხოლოდ ფაქტებითა და მოვლენებით. იმას, რომ ბევრი პარტია არ გვეთანხმება მათი პრობლემაა. მე ვერ ვნახე ვერც ერთი დოკუმენტი, რომელშიც რუსეთი ცალმხრივად მაინც იქნება დადანაშაულებული იმ უბედურებაში, რომელიც მოგვახვია თავს. ასეთ დოკუმენტს არც საზოგადოება იცნობს. აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთი, როგორც მტერი, როგორც აგრესორი არსად ფიქსირდება. პირიქით ყოველნაირად ცდილობენ, რუსეთს ეს ლაქა ჩამორეცხონ და წარმოაჩინონ, როგორც სტაბილურობის ერთადერთი გარანტი.
_ ომალოს დაბომბვის ფაქტზე ხელისუფლების რეაგირებას ამ პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევთ?
_ რა თქმა უნდა რუსთმა დაბომბა და მათ განცხადებაც კი ვერ გააკეთეს. ახლა კი უნდათ ეს რაღაც შეცდომად მონათლონ. ნუთუ ეს შეცდომაა?! როცა გბომბავენ ეს დანაშაულია. შეცდომის ნაყოფი ქუჩაში შემთხვევით მომხდარი ავარია შეიძლება იყოს და ისიც მაშინ, თუ ერთ ერთი მანქანა მცირედ ზიანდება.
_ ბატონო მამუკა ხელისუფლებასა და რა თქმა უნდა მოქალაქეთა კავშირსაც „ევროპელობის“ ძირითად არგუმენტად ევროსაბჭოში გაწევრიანება მოჰყავთ…
_ ევროსაბჭოს წევრი რუსეთიც არის. ის იქ ჩვენზე გაცილებით ადრე გაწევრიანდა. საქართველოს პროდასავლურობა არ შეიძლება მტკიცდებოდეს იმით, რომ ჩვენ ევროსაბჭოში სომხეთზე ადრე მიგვიღეს. ამ პროცესებში მთელი მსოფლიოა ჩართული. რა, რუსეთი არა? რუსეთი თვითონაა „შვიდეულს პლუს ერთი“ წარმონაქმნის მონაწილე. ამიტომ თქმა იმისა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რუსეთს გავუსწარით, არ შეიძლება. ფაქტი ფაქტად რჩება _ ჩვენი ხელისუფლება ძლიერი მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებშია, რომელსაც რუსეთ უშვებს.
_ აბა რით ხსნით ნავთობსადენის ამუშავებას, კრედიტების მუდმივად შემოდინებას? ესეც რუსეთის “დაშვების” შედეგია?
_ ეს ამერიკის ინტერესებშია. ამერიკა ამ ინტერესებს ანხორციელებს და მადლობა მათ, რომ ითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს. მაგრამ ეს რა შეღავათია საქართველოსათვის, უკვე მეორე საკითხია – დასავლეთმა კრედიტები მოგვცა, შენ კი შეჭამე… რაც მათზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ჩვენ რაც გვევალებოდა, ის თუ გავაკეთეთ? ბელორუსიაც იყო ევროსაბჭოს წევრი, მაგრამ პანღურით გამოაგდეს მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
_ სახალხო პარტია აქტიურად იბრძოდა ლუსტრაციის კანონის დასაკანონებლად, მაგრამ ამ პარლამენტს, ჩანს, ამ მისიის შესრულება არ ეწერა. რით ხსნით ლუსტრაციის კანონის უგულვებელყოფას ხელისუფლების მხრიდან?
_ თუ ასეთი პროდასავლელები არიან, თუ ასეთი კარგი ბიჭები არიან, რატომ ეშინიათ ლუსტრაციის? რადგან ხელისუფლება ამას არ აკეთებს, აშკარაა, რომ მას რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები მრავლადHჰყავს, მე არ მეშინია ლუსტრაციის, მაგრამ ეშინია მოქალაქეთა კავშირს. აგენტურა სწორედ იქ არის. აგენტურა, რომელიც ანგრევდა და ანგრევს საქართველოს. ეს ის ხალხია, რომელნიც საბჭოეთის მზის ქვეშ თავისი კეთილდღეობის მოსაპოვებლად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიდიოდა, ანგრევდა ეკლესიებს, იჭერდა დისიდენტებს…
_ და მაინც ბატონო მამუკა, ყველაფერში დამნაშავე მოქალაქეთა კავშირი ხომ არ არის. თქვენ რას მიიჩნევთ მათ ღირსებად.
_ ისინი ძლიერები არიან როდესაც მარულას აწყობენ გალში. მოგეხსენებათ, რომ ამ მარულას 30 ათასი კაცის უსახლკაროდ დატოვება მოჰყვა. ისინი ძალიან ძლიერები არიან ლარსის აქციაზე… საინტერესოა იმ დეპუტატის ფსიქოლოგია, რომელიც მიდის რუსეთის საელჩოსთან და ქაღალდის თვითმფრინავებს უშვებს. რა უნდათ აქციაზე, მივიდნენ და პულტს დააჭირონ ხელი, პულტით აიძულონ რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტილების შეცვლა. ეს ხალხი არ იყო, რომ ნადიბაიძეს ლამის საქართველოს გადარჩენის მინისტრად ასახელებდა და იგორ გიორგაძეს ორდენებს აძლევდა გია ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ? როდემდე შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს, როდემდე? _ არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა. სახალხო პარტიას კონსულტაციები აქვს „მოძრაობა ქართული სახელმწიფოსათვის“. რა ეტაპზეა თქვენი დიალოგები?
_ სახალხო პარტიას კონსულტაციები ბევრ ორგანიზაციასთან აქვს. ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს პარლამენტში მოხვედრა. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები თვისობრივად განსხვავებული, ახალი უმრავლესობის შესაქმნელად. თუ ეს ურთიერთობები გარანტირებული არ იქნება, დამოუკიდებლად გავალთ არჩევნებში, რაც, ვიმეორებ ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
_ უმრავლესობა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, პირველ და მეორე ცენტრებისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი სუბიექტი იქნება?
_ ეს იქნება თვისობრივად განსხვავებული უმრავლესობა. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ მოქალაქეთა კავშირი შეიძლება იყოს ამ უმრავლესობაში, მე ვერ დაგეთანხმებით. თეორიულადაც გამოვრიცხავ მათთან უმრავლესობის შექმნას იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ისეთივე უმრავლესობა, როგორიც დღეს არის და როგორიც არის, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ გვინდა შევქმნათ კარგი უმრავლესობა, გვინდა ქვეყანას ვუშველოთ.
_ ბატონო მამუკა, ამასწინათ სააკაშვილმა გია ჭანტურიას იდეების ღალატში დაგადანაშაულათ. თქვენი კომენტარი?
_ კომენტარი არ შეიძლება გაუკეთდეს არაკაცურ განცხადებას. უბედურება ის არის, რომ ედპ-მ ასეთ ადამიანებს საშუალება მისცა გია ჭანტურიაზე ილაპარაკონ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გიას სახელი, იდეები და წარსული გაფერმკრთალებულიყო. უფრო მეტი მათ ამ ხელისუფლებას ჩამოაცილა ლაქა, რომელიც გიას მკვლელობით გაჩნდა. ჩემთვის მთავარია რეალიზებული იყოს ის, რაც პატარა ბიჭებმა ერთად ჩავიფიქრეთ. “სახალხოს” ძალუძს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ამ გზაზე ჭია-ღუები ხელს ვერ შეგვიშლიან. სიმართლე გაიმარჯვებს, სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს.
_ ბატონო მამუკა, თქვენ როგორ თვლით _ აქტივში ხართ თუ პასივში, რა როლს ასრუ-ლებთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში?
_ . . .
სამწუხაროდ, ბატონი მამუკა ძალიან დაკავებული იყო. ეს იყო მისი პასუხიც.
მაკა სულხანიშვილი.