მამუკა გიორგაძე: “საქართველო აგენტებით არის სავსე”
რატომ არ იღებს ხმას საპარლამენტო უმრავლესობა
შორენა კოწოწაშვილი – ახალი თაობა# 223 20.09.2013
რას მალავს ხელისუფლება არჩევნების წინ, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება “წაკუზულ” მდგომარეობაში და რატომ დუმს “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის ქმედებებზე? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, რა ვითარება შეიქმნა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მართლაც პოლიტიკური კრიზისია, როგორც გარკვეული პოლიტიკოსები აფასებენ? რამდენად არის ამის გარკვეული მიზეზი პრემიერის განცხადება, ვადაზე ადრე თანამდებობიდან წასვლის თაობაზე? გაზაფხულზე მართლაც ქაოსს უნდა ველოდეთ?
_ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვეღირსეთ ჯანსაღ საზოგადოებრივ მდგრად ცხოვრებას. ძირითადად აქცენტები კეთდება მიმდინარე ერთჯერად საკითხებზე და არა სახელმწიფოებრივ ან ფუნდამენტალურ ღირებულებებზე, იმ საფუძვლებზე, რომელზეც უნდა დაეფუძნოს ქართული სახელმწიფო. სწორედ ამიტომაც არის, რომ მუდმივ ქაოსში ვიმყოფებით. ქაოსის სხვადასხვა ფაზა არსებობს. არის ცხელი ფაზა, მშვიდი ფაზა, კრიზისული ფაზა და განმუხტული ფაზა. ეს ფაზებია, თორემ ჩვენ მთლიანად ქაოსში ვართ, იმიტომ, რომ მდგრადი სისტემა ვერ მივიღეთ. როდესაც ერთი პიროვნების სადღაც გადასვლა ქვეყანაში ასეთ აჟიოტაჟს ქმნის, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯები არ იდგმევა. ის, რომ ერთი პიროვნების გარშემო იქმნება ხელისუფლება, ეს უკვე თავისთავად არასტაბილურობის განცდაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბუნებრივად რომ მოუვიდეს ამ ადამიანს რამე, მაშინ, რას ვშვრებით?! 25 წელია ამ პროცესებში ვართ. არის ბელადი, არის ადამიანი, რომელზეც იგება მთელი სახელმწიფო ვერტიკალი. იმ ადამიანის მდგომარეობის შეცვლა მთლიანად ცვლის ქვეყანაში სიტუაციას. ამიტომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ. აქ საუბარი არაა იმაზე, კარგი ადამიანია თუ არა; დიდი დიაპაზონის ადამიანია თუ არა. თუ ეს სახელმწიფოა, მაშინ უნდა არსებობდეს სტაბილური პოლიტიკური ელიტა, რომელიც პასუხისმგებლობით უდგება სახელმწიფო საქმეს და იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ელიტის გარკვეული ნაწილი ხელისუფლებაშია, გარკვეული _ ოპოზიციაში; და არის მეორე _ ბელადზე აგებული სისტემა, რომელიც არამდგრადია; რომელიც იმისდა მიხედვით იცვლება, რა განწყობაზე გაიღვიძა დილას ბელადმა. ბელადი და სახელმწიფო უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან და თუ სახელმწიფო გვინდა, მაშინ ის სისტემაზე უნდა დავაფუძნოთ და არა პიროვნებებზე. დიდი ხანია ბჟეზინსკი საერთოდ პოლიტიკურ თანამდებობაზე აღარ არის, მაგრამ მის აზრს ანგარიშსს უწევენ. დამისახელეთ ჩვენთან ერთი ადამიანი, რომელიც არ არის პირველ პირთან ყურში ჩაჩურჩულების სიშორეზე და მისი აზრი საინტერესო იყოს საზოგადოებისათვის. აი, ეს უნდა დავაფუძნოთ. ვინც იქნება გონიერი მმართველი, მან უნდა დააფუძნოს ასეთი სისტემა და არა იძახოს, რომ წინაზე უკეთესია და რომ ერთადერთია და მისით დაიწყო საქართველოში ისტორია და ა.შ. სწორედ ამიტომაც, რადგან საქართველოში ასეთი ვითარებაა, მუდმივი ქაოსია და ამ ქაოსში მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებში ჩართული ვართ თითოეული ჩვენგანი, ამაში იხარჯება ენერგია, შესაძლებლობები, დრო, სახსრები და საბოლოო ჯამში, გადის წლები და მერე ვამჩნევთ, რომ პრაქტიკულად ჩვენს ცხოვრებაში სიკეთისკენ ნაბიჯები არ გადადგმულა. აი, ეს არის პრობლემა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვისაც ოდნავ მაინც გააჩნია სახელმწიფოებრივი ნებელობა, ხედვა, აზროვნება, პიროვნულ ღირებულებათა სისტემა, რომ დავფიქრდეთ ამაზე. დადგა დრო, რომ შევქმნათ სახელმწიფო სისტემა და თითოეულმა ადამიანმა ამ სისტემაში სახელმწიფოს ამოცანის შესაბამისად, მოძებნოს თავისი ადგილი. და არა ისე, რომ არსებობს პიროვნება და სახლმწიფო მერე ამ პიროვნებაზე ეწყობა.
_ რა არის პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების მიზეზი, ის, რაც ზემოთ მიუთითეთ, თუ პრემიერის გადაწყვეტილება სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ისიც მალე გაყვეს უკან. საერთოდ, რით ხსნით ამ ნაბიჯს და რეალობასთან ახლოსაა ის პოზიცია, რაზეც დღეს არაერთი პოლიტიკოსისგან ისმის: ივანიშვილმა შეასრულა მის ხელისუფლებაში მომყვანთა ძირითადი დავალება და ამიტომ მიდის.
_ აქ ჩვენ კვლავ ისევ პირველ თემას ვუბრუნდებით იმიტომ, რომ ჩვვენ არა ვართ ჩამოყალიბებული სახელმწიფო ამოცანების გადაჭრასთან დაკავშირებით. მოსახლეობა არა ვართ შეთანხმებული, რა ამოცანა დგას ჩვენ წინაშე. Aამიტომ, აქედან გამომდინარე, ყველასთვის სუბიექტური განზომილების დიაპაზონი იშლება და ვისაც როგორ უნდა, იმისდა მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. კრიზისის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ. სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ. ჩვენ სისტემა უნდა შევქმნათ და სისტემის შიგნით შეიძლება იოლი გზებით მოვძებნოთ კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ მივდივართ სხვა მიმართულებით. უნდა ვიმსჯელოთ: სახელმწიფო ჩვენ არ გვაქვს, სისტემა ჩვენ არ გვაქვს, ეს ყველაფერი აგებულია ერთ ადამიანზე და მისი წასვლა, რას გამოიწვევს. შეიძლება ამ ერთი ადამიანის წასვლამ გამოიწვიოს წყობის შეცვლა. კონსტიტუციური წესრიგის მოშლა. შეიძლება პირიქით, უკეთესიც აღმოჩნდეს. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა.
_ პოლიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა წასვლის შემდეგ შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება მასზე უფრო პრორუს პოლიტიკოს ნინო ბურჯანაძძეს გადაულოცოს?
_ როგორი რაღაც არის, რადგან სახელმწიფოში სისტემა არ არის შექმნილი და რადგანაც პიროვნებებზეა აგებული ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, გამომდინარე აქედან პრაქტიკულად გარე ძალებს აქვთ ძალიან ბევრი საშუალება ასეთ ამღვრეულ წყალში, როგორც უნდა, ისე წარმართონ საქართველოს საზოგადოებრიობა. ამ წარმართვის ბერკეტები ყველაზე მეტად რუსეთს გააჩნია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამომდინარე იქედან, რომ ის ძველი 50 000 კგბ-ს აგენტი, დღეს ხომ ისევ საქართველოშია. კარგი, ზოგი დაბერდა, ზოგი _ გარდაიცვალა, მაგრამ ძირითადი მასა ხომ ისევ საქართველოშია. Mმე არ მინახავს, რომ ვინმეს ეღიარებინოს, აგენტი ვიყავი და დამოუკიდებელ საქართველოში თავს ვანებებო, ანდა პრაქტიკულად, ის ელიტა, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილი მაშინდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დღესაც აქტიურია და იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომ თავი დაენებებინოს საზოგადოებრივი აქტიურობისათვის არ გვინახავს. ფინანსური მომენტები, სხვა ათასი ბერკეტები. ე.ი. შიდა საკითხებში ბერკეტები გააჩნია მხოლოდდამხოლოდ რუსეთს. დასავლეთს გააჩნია სახელმწიფოზე ზემოქმედების ბერკეტები. დასავლეთს არ აქვს ქვეყნის შიგნით მუშაობის ბერკეტები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ 300 წლოვანი რუსული სივრცეა. სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში ელემენტარულად არ არსებობდა დასავლეთის ინტერესების გამომხატველი ჯგუფები, თუ არ ჩავთვლით, თითო-ოროლა დისიდენტს, რომლებიც მიისწრაფოდნენ საქართველოს დასავლეთის ინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, დასავლეთს გააჩნია სახელმწიფოზე ზემოქმედების ბერკეტები, რუსეთს გააჩნია შიდა მუშაობის მანიპულირების ბერკეტები. აქედან გამომდინარე ამ პროცესებში დიდია რუსული გავლენა. ბუნებრივია, ისიც, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ხდება მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით, რომ როგორმე ის განწყობა, რაც ეროვნული მოძრაობის დროს იყო დასავლეთისკენ მიმართული, შეცვლილიყო რუსეთის მიმართულებით. ამას წლები სჭირდება. ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე. შეცვალო მოსახლეობის განწყობა, ამას ძალიან დიდი შრომა და ენერგია დასჭირდა. მთელი ეს განვლილი პერიოდი, ეს პროცესები, სწორედ ამას ემსახურებოდა. დღეს მივედით ეტაპამდე, როდესაც ყოველივე, რაც საქართველოში ხორციელდება, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად.
_ რუსული პოლიტიკის ინტერესების კვალი დიდია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე?
_ მთლიანად, საქართველოს ცხოვრებაზეა ძალიან დიდი. იყო ფაზა, დავუშვათ, ისტერიული დაპირისპირებისა, და ეს ფაზა რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენა სააკაშვილის მეშვეობით. რაც წასაღები იყო საქართველოდან, პრაქტიკულად წაიღო. ახლა დადგა ფაზა წაღებულის სამართლებრივად გადაფორმების. სამართლებრივად გადაფორმება კი ვერ მოხდება ისტერიკული დაპირისპირების და ისტერიკული წინააღმდეგობის ფონზე. ეს უნდა მოხდეს ვითომ კონსესუსით, ვითომ მშვიდ გარემოში. აფხაზეთი კი მიითვისა რუსეთმა, მაგრამ სანამ საქართველოს ხელისუფლება ხელს არ მოაწერს მის აღიარებას, მანამდე აფხაზეთი ჩვენია. ჯერჯერობით აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენია. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს, როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილს. ახლა დადგა დრო, რომ რუსეთმა გადაიფორმოს. როგორ უნდა გადაიფორმოს _ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით. ახლა მიდის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომ ქართველ ხალხს დაავიწყებინონ აფხაზეთი და ცხინვალი; რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლის პროცესში ჩვენ არ გვახსოვდეს სახელმწიფო; რომ ნაბან წყალს, ბავშვიც გადავაყოლოთ. პრაქტიკულად, `სახალხო პარტიის~ მიერ წამოყენებული საპრეზიდენტო კანდიდატის გარდა, არცერთი არ ახსენებს აფხაზეთის და ცხივნალის თემას. ვსაუბრობთ გაზზე, ატამზე, ყურძენზე, ზოგად მშვიდობაზე, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე. არცერთი არ ახსენებს, რომ აფხაზეთის აღიარება არ შეიძლება; რომ ცხინვალის რეგიონში დღეს არსებობს ვინმე სანაკოევის პრეზიდენტობის სტრუქტურა _ დროებითი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რომელიც შექმნა სააკაშვილმა და დაფინანსება გაუზარდა ივანიშვილმა; რომ არ შეიძლება ეს დროებითი ადმინისტრაცია არსებობდეს საქართველოში; არავინ არ საუბრობს რუსეთის სურვილზე იმასთან დაკავშირებით, რომ კონფედერაცია განხორცილდეს და საქართველომ აღიაროს აფხაზეთი და შემდეგ დამოუკიდებელმა აფხაზეთმა და დამოუკიდებელმა საქართველომ გააფორმონ ერთმანეთთან ხელშეკრულება. ეს იქნება სამართლებრივად იოლად დაშლადი სახელმწიფო, რომლის გარანტი იქნება რუსეთი და ეს იქნება სწორედ ის, რისკენაც მიისწრაფვის რუსეთი. რაც პუტინმა განაცხადა, ერთის მხრივ, ის უკან არ წაიღებს აფხაზეთის აღიარებას, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს აფხაზეთი და პუტინი გამოვა ამ მდგომარეობიდან და მეორეს მხრივ, აფხაზეთის და საქართველოც იქნება რუსეთის მფარველობის ქვეშ შესული ევრაზიულ გაერთიანებაში. დღეს აი, ეს სქემა თამაშდება. ამ თემის გარშემო უნდა იყოს მთელი ყურადღება გამახვილებული. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, პეტრე რომ წავა, პავლე როგორ მოიქცევაო; კოალიცია როგორ დაიშლება, ნაცმოძრაობა რას იზამს და ა.შ. მთელი ეს პროცესი იქეთკენ არის მიმართული, რომ ქარული საზოგადოების ზურგს უკან ან ქართული საზოგადოების ხელოვნური `დაჩმორების~ ფონზე, ეს გადაფორმება მოხდეს. სწორედ ამას ემსახურება ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მოქმედებები იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ შეურაცხყოფა მიაყენეს, ოდნავ მაინც თავმოყვარე ხელისუფლებას, რაც დიცთან ხდება დღეს, პროტესტი უნდა გამოეთქვა. ამათ კი პროტესტიც კი არ გამოუთქვიათ. კარასინი-აბაშიძის ყოველი შეხვედრის წინ ყოველთვის ხდება დიცთან დაკავშირებით პრობლემის შექმნა, როგორც უთავმოყვარეო სახელმწიფო, უთავმოყვარეო ადამიანები ჩვენ მაინც მივდივართ კარასინთან შეხვედრაზე. ეს ხომ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, შეურაცხყოფას გვაყენებენ და ჩვენ მაინც, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, `წაკუზულ~ მდგომარეობაში ვეახლებით მას. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, სახელმწიფოებრივად არ შეიძლება ასე გაგრძელდეს.
_ იმაზე მიანიშნებთ საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც მართვის სადავეებს ფლობს, პოლიტიკური ელიტა უუნაროა?
_ რა თქმა უნდა, უუნაროა. საქართველოში პოლიტიკური ელიტა არ არსებობს. არსებობს ერთი პიროვნება, ლიდერი და მისი ხელზე მოსამსახურე გოგო-ბიჭები. ელიტა არის პრინციპებზე ჩამოყალიბებული საკუთარი ხედვების, ღირსების, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანთა ერთობა. ჩვენ ელიტაში გვთავაზობენ ადამიანებს, რომლებიც ხელზე მოსამსახურე გოგო-ბიჭები არიან. იტყვის ბიძინა ივანიშვილი, ვრჩები, გამოვა ყველა და იტყვის, რა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო პრემიერმა. იტყვის ივანიშვილი მივდივარ, იგივე ხალხი ამბობს, ამაზე ჭკვიანური და პროგრესული არაფერი გაგვიგია. ეს არ არის ელიტა, მთელი უბედურება ამაშია. ამ მდგომარეობამდე დაგვიყვანეს საქართველო. სახელმწიფო, რომელიც იქეთ აკეთებდა პიროვნებათა და ლიდერთა ექსპორტს მთელ მსოფლიოში, დღეს მათ გარეშე დარჩა. ხელისუფლებაში არ არიან წარმოდგენილი პიროვნებები, რომლებსაც გააჩნიათ ჩამოყალიბებული მრწამსი. კი, ინდივიდები არიან, საინტერესო ინდივიდები. ზოგს პატივს ვცემთ, ზოგს ვერ ვიტანთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.