საქართველოს დამოუკიდებლობა – სპირიდონ კედია

საქართველოს გუშაგი # 3 თებერვალი 1933 წ. პარიზი.

საქართველოს დამოუკიდებლობა, შეყრილი რუსეთის და დასავლეთ ევროპის ნება-სურვილის გარეშე, მაგრამ შეგნებულად მოსურვებული, თავის სამხედრო მიზნების სასარგებლოდ, გერმანია. ავსტრია-ოსმალეთის მიერ, საერთაშორისო სასწორს თავისი საკუთარი სიმძიმით აწვებოდა.

ა მ  მ ო მ ხ დ ა რ მ ა  ფ ა კ ტ მ ა  საერთაშორისო განწყობილებას თანდათან ძალა დაატანა და საქართველო, ასი წლის ჩამქრალი არსებობის შემდეგ. კვლავ ხალხთა მეხსიერებას მოუვლინა, როგორც დამოუკიდებელი ერი და იგი საერთაშორისო ოჯახის თანასწორუფლებიან წევრად გახადა.ს
პირველად დ ე ფ ა ქ ტ ო საქართველო გერმანიამ იცნო 1918 წელს, 18 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების მესამე წელს და შეუდგა, რუსეთთან შეთანხმების გზით მის დე იურე ცნობის მომზადებას.
1920 წელს იანვრის თერთმეტს, ორი წლის ფაქტიური დამოუკიდებელი არსებობის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა დ ე ფ ა ქ ტ ო იცნო. ვერსალის საზავო კონფერენციის უმაღლესმა საბჭომ, საფრანგეთმა, ინგლისმა, იაპონიამ, ბელგიამ და იტალიამ.
იმავ 1920 წელს მაისის შვიდს საქართველო იცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დე ი უ რ ე და მასთან ხელშეკრულება დასდო თვით რუსეთმა, მისმა გუშინდელმა ბატონმა და სულთამხუთავმა.
1921 წლის იანვრის ოცდა შვიდს, საქართველო უკვე დე ი უ რ ე იცნო იმავე უმაღლესმა საბჭომ. ასევე დე იურე იგი ცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმაც: გერმანიამ, პოლონეთმა, რუმინიამ, ლიუქსემბურგმა, ავსტრიამ, მექსიკამ, პანამა, ჰაიტიმ, ოსმალეთმა, სიამმა და ლიბერიამ.
ასეთი იყო თვით დამოუკიდებლობის ფაქტის ძალა.
ამ ფაქტმა მხოლოდ ოცდათორმეტი თვე იარსება.
უგუნური და კრიმინალური მმართველობა იყო ამ ეროვნული კატასტროფის მთავარი მიზეზი.
საქართველოში ჩადგა უცხო საოკუპაციო ხელისუფლება. მისი მაშინ “დემოკრატიული”, ხოლო შემდეგ ემიგრაციაში, “ეროვნული მთავრობა” ევროპაში გაიხიზნა.
სანამ ევროპის სახელმწიფოებს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ უდღეურ სახელმწიფოებრივ შენობად მიაჩნდათ და მასთან დაკავშირებას არ ჩქარობდნენ, საქართველოს მომხდარი იურიდიული ცნობა კანცელარიებში მაინც იყო დარჩენილი და თვლემდა.
რა წამს ეს ლოდინის პოლიტიკა დაირღვა და ევროპის სახელმწიფოთა შორის დოღი გაიმართა_თუ ვინ ვის გაასწრობდა საბჭოთა კავშირის ცნობაში და მასთან ურთიერთობის აღდგენაში, საქართველოს ეს დე ი უ რ ე ცნობა ხან ერთს ადგილას აფეთქდებოდა და ხან მეორესა. ქართველი ერის დათრგუნული უფლების აღსადგენათ, ამ წმიდა იდეალისტური სულისკვეთების დასაკმაყოფილებლად, აბა თავს ვინ, ან რომელი ქვეყანა აიტკიებდა? ერების პოლიტიკა მარტო მათი რესპეკტივული ინტერესი განაგებს.
პირველად მოგვშორდა ის, ვინც პირველად ჩვენთან მოვიდა და გვაცნო. ეს იყო გერმანია. ეს მოხდა 1922 წელს ნოემბრის ხუთს, როდესაც მასა და რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის შორის დამატებითი ხელშეკრულება იქმნა დადებული_რაპალოს ხელშეკრულების განსავრცობად მოკავშირე რესპუბლიკებზე. ამის გამო სამდურავი უადგილოა. ჩვენ მსაჯულად არ ვვარგივართ სხვისი ქვეყნის ეროვნული ინტერესის არც გასაგებათ და არც დასაფასებლათ. ცხადია, გერმანიას ეს უკარნახა მისმა ეროვნულმა ინტერესმა. ერთი დეტალი: ჩვენთან მოვიდა მონარქიული გერმანია და ჩვენზე ხელი აიღო დემოკრატიულ-რესპუბლიკანურმა გერმანიამ. მაგრამ ამ საკითხში ამ ორი გერმანიის სხვა და სხვაობას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა მიეცეს.
გერმანიის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა კანონიერ და უფლებრივ აკტად ინგლისმა აღიარა, ეს მოხდა 1924 წელს, თებერვლის რვას. ამ დროს ინგლისს სათავეში ედგა მუშათა პარტიის მთავრობა, ბ. რამზეი მაკდონალდის თავმჯდომარეობით. ინგლისის მაგალითზეც იგივე განმეორდა: გვიცნო ლიბერალურმა, ან უფრო კონსერვატიულმა ინგლისმა; გაგვიმეტა მუშურ-სოციალისტურმა ინგლისმა. და ეს იმის და მიუხედავათ, რომ ბ.ნ რამზეი მაკდონალდს, როდესაც იგი ოპოზიციაში იდკა, თურმე საქართველო ძალიან უყვარდა, “როგორც სულისა და ხორცის განსასვენებელი ადგილი* ამ პერიოდში იგი კონსერვატიულ მთავრობას საქართველოს გამო უსაყვედურებდა შემდეგს; “ჩვენი მთავრობა არ იჩენს ინტერესს კაცობრიული თავისუფლების დიდი ცდათა მიმართ, იმ ძველ ისტორიულ ერების მიმართ, რომელნიც
* იხ. სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო.
თავიანთ წარსულით ამაყობენ და თავის მხრივ თავგამოდებულნი არიან რომ ხელი შეუწყონ კაცობეიობის ბედნიერებას და პოლიტიკურ სიბრძნესო”* და სხვას. ეს თეთრზე შავად დაწერილი თავისი სიტყვები ბ.ნ რამზეი მაკდონალდმა დაივიწყა, როდესაც იგი პარტიის და მეორე ინტერნაციონალის ლიდერის სავარძლიდან დიდი ბრიტანიის მთავრობის სავარძელში ჩაეშვა და საბჭითა რუსეთის იურიდიული ცნობა მოახდინა. . . აქაც სამდურავი უადგილოა, ალბად ეს ძალადობა თავისავე ნათქვამის მიმართ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაგებამ ჩაადენინა.
იმავ 1924 წელს, ინგლისზე ერთი დღით ადრე თებერვლის შვიდს საბჭითა რუსეთი იცნო და მისი უფლება საქართველოზე აღიარა იტალიის ახაოლმა ბელადმა. ბ. ბენიცო მუსოლინმა, პოლიტიკურად მაკდონალდის ანტიპოდმა. ესეც თავისებური ასპეკტია საკუთარი ნაციონალური ინტერესის პრიორიტეტისა ყველა დანარჩენზე.
იყო ერთი გამონაკლისი. მოხდა საბჭოთა რუსეთის იურიდიული ცნობა ერთი დიდი სახელმწიფოს მიერ. ისე რომ საქართველოს უფლება არ გაწირულა. ამ დროს ამ ქვეყანას მემარცხენეთა დაჯგუფება განაგებდა. ეს სახელმწიფო იყო საფრანგეთი და მის ამ აკტს ადგილი ჰქონდა იმავ 1924 წელს, ოქტომბრის ოცდა რვას. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს საერთაშორისო უფლებრივი არსებობის ერთად ერთი თავშესაფარი საფრანგეთი იყო.
იყო და დღეს უკვე ესეც აღარ არის.
საფრანგეთის ელჩმა გრაფ დეჟანმა და ბ. კრესტისკიმ, დროებით საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა, მოსკოვში, ხუთმეტ ამა თებერვალს, 15 საათზე, ერთმანეთთ შორის გასცვალეს რატიფიკაციები თავდაუსხმელობისა და საფრანგეთ-საბჭოთა შორის მორიგების კონვენციის პაკტისა, რომელიც ხელმოწერილი იყო პარიზში, 1932 წელს 29 ნოემბერს, 29-ს*
17 თებერვლის “ჟურნალ ოფისელ”-ში გამოქვეყნებულია დეკრეტი, რომლის ძალით საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული თავდაუსხმელობის აკტი და კონვენცია მათი მორიგების პროცედურისა. სრულს აღსრულებაში შედიან.
ამგვარად, და ბოლოს საფრანგეთმაც, სხვების მსგავსად, იცნო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. აქაც სასაყვედურო არაფერია. საფრანგეთის ნაციონალურ ინტერესთა გაგებამ და გათვალისწინებამ ასე უკარნახა მის დღევანდელს მემარცხენეთა მთავრობას. . .
მოისპო ფაქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და მასთან ერთად მოისპო თვით ფაქტი და მნიშვნელობა მისი დე იურე
• ცნობა საფრანგეთის საგარეო სამინისტრის.
ცნობისა საზოგადოდ. ასეთია ულმობელი ობიეკტური კანონი ხალხთა ურთიერთობის ისტორიისა! ჩვენ ვუბრუნდებით ძველ მდგომარეობას, მაგრამ ერთის არსებითი განსხვავებით, საქართველოს ეროვნული სული დღეს უაღრესად გათვითცნობიერებულია და აკტიური. იგი ეძებს და იბრძვის ეროვნული თავისუფლების მოსაპოვებლად. მეორეს მხრით, საერთაშორისო შეგნებაში ჯერ კიდევ სცოცხლობს მოგონება გუშინდელი დამოუკიდებელი საქართველოსი და ქართველი ერისა.
საქართველოს აწ უკვე დაკარგულ ფაქტიურ და იურიდიულ დამოუკიდებლობასთან ერთად მოკვდა და დაიღუპა ის მმართველი თაობაც, რომელიც მას შინ და გარეთ გამოსახავდა, მაგრამ რომელსაც არასოდეს არ უმუშავნია დამოუკიდებლობის ფაკტის მისდა უნებურად მაინც დამყარდა, მას ყველაფერი გააკეთა, რომ იგი არარაობის სამყაროში გადაეკარგნა!
დღევანდელი ეროვნული თაობა, აღჭურვილი ზემოთ აღნიშნული უპირატესობით, მუშობს დამოუკიდებლობის ფაკტის ახალ დამყარებისათვის. როცა ეს ფაკტი ხორცს შეისხამს, კვლავ დაიწყება მისი დეიურე  ცნობის სერია ძველსა და ახალ მდგომარეობას შორის განსხვავება ის იქნება, რომ ახალ საქართველოს ახალ ბატონს ეყოფა ხასიათი და სული ეროვნული, ცოდნა და გამოცდილება, რომ იგი ჟამთა დენაში უვნებელი შეინახოს, სწორუფლებიანი წევრი კაცობრიობის დიდი ოჯახისა.

 

 

 

 

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress