ჟვანია გაბოროტებულია, კარგავს იმას, რასაც უზრუნველად მიაღწია! 1999

სახალხო სიტყვა. 26 მაისი- 1 ივნისი 1999 წელი კვირის ფიქსაჟი
ექსკლუზივი

პრეზიდენტზე მოსალოდნელ თავდასხმაზე ჯერ კიდევ 15 ნოემბერს არჩევნების წინ ჩურჩულებდნენ, მაგრამ მაშინ საქართველო ტერაქტების ციკლის მორიგ სერიალს გადაურჩა. 
ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტზე ტერაქტი იგეგმებოდა. შაბათს საღამოს ტერაქტის მცდელობა სააშკარაოზე გამოვიდა. სამართალდამცავებმა მათთვის საეჭვო პიროვნებები აიყვანეს. არსებობს ვარაუდი, რომ შეთქმულებაში ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანი პირებიც მონაწილეობდნენ. დააკავეს ჯაბა იოსელიანის დაცვის ყოფილი წევრები. “კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯია”-ს თანამშრომლები.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს “სახალხო პარტიის” ლიდერს, ბატონ მამუკა გიორგაძეს.
_ ბატონო მამუკა, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა გამომსვლელი ისევ სათავისოდ იყენებს ტრიბუნას და იმაზე არავინ ფიქრობს, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ტერაქტს. ამაში ალბათ თქვენც გიგულისხმათ. რითი ახსნით ჟვანიას ასეთ ემოციურ გამოსვლას?
_ გაჭირვებით. მისი მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია. “მოქალაქეთა კავშირის ავტორიტეტი ნულამდეა დაცემული. ამავე დროს, შიდა სახელისუფლო ინტრიგები უმაღლეს მწვერვალზეა ასული და ჟვანიას პოზიციები საკმაოდ შერყეულია. მისი მდგომარეობა რთულ ვითარებაშია და ეს სიტუაცია მას ასეთი გამოსავლისაკენ უბიძგებს. ამ ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, სასიკეთო ვერაფერი გაუკეთა მოსახლეობას. მათ მოსახლეობაზე სალაპარაკო არა აქვთ, მათ საკუთარ ერს გენოციდი მოუწყვეს, ხალხი შიმშილით ამოხოცეს (აღარაფერს ვამბობ დევნილების მდგომარეობზე, მასწავლებლებზე, ჯარზე), ვერცერთი მიმართულებით ვერ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები. სასამართლო რეფირმა, რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპროგრამო საშუალებაა, ლამისაა ჩიხში შევიდეს. ჟვანია გაბოროტებულია _ არაფრისაგან შევარდნაძემ მოიყვანა და დასვა ამხელა თანამდებობაზე. ახლა ამას კარგავს. დღეს ვერ ხერხდება მოქკავშირის “სისუფთავის” აღდგენა, ამიტომ საჭიროა ყველა გაისვაროს. მართალია ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ ჩვენზე უარესები არიან სხვები _ ამ პროპაგანდას ეწევიან დღეს სმკ-ელები.
ის მასალები, რომელიც საზოგადოებას აქვს მიწოდებული, კიდევ ერთხელ ამხელს ხელისუფლების შიგნით გარკვეული წრეების არც თუ ისე ჯანსაღ ინტერესს. სახელმწიფო გადატრიალება არ ხორციელდება პოლიციის ქვეგანყოფილებების დონეზე ან რომელიმე სამხედრო ნაწილის დონეზე. მასში ჩარეული უნდა იყოს საკმაოდ სერიოზული სახელმწიფო სტრუქტურები. სწორედ ამ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მიმდინარეობს ომი.
_ ასეთი მასშტაბური აჟიორტაჟი ხომ არ ჰგავს ქვაბიდან ორთქლის გამოშვებას, რომ არ მოხდეს სოციალური აფეთქება?
_ სოციალურ აფეთქებას სხვა საფუძვლები აქვს. Aამ შემთხვევაში მათ უნდოდათ, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული უნიათობა და საარჩევნო კამპანიის დაწყება გამაგრებული ყოფილიყო არგუმენტაციით: აი, შეხედეთ, ჩვენ რა კარგები ვართ, კიდეც გვებრძვიან, კიდეც გვაფეთქებენ. კეთილი ინებონ და სერიოზულად მოჰკიდონ ამ საქმის გახსნას ხელი. საიდან წამოვიდა ის იარაღი, რომლიც აჩვენეს. როგორ მოხვდა ეს იარაღი “კოკა-კოლასთან”. როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები “კოკა-კოლას” დაცვაში, რომლებიც დაკავებულები არიან. რა კავშირშია ეს იარაღი იმ ობიექტთან, საიდანაც იყიდეს (ამ შემთხვევაში, ყურაშვილი) და ვინ არიან ის პოლიტიკური წრეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ გადატრიალებაში, თუ ეს გადატრიალება იყო?! თუ ეს გადატრიალებაა, მაშინ ეს ხელისუფლების მხრიდან მოდის, აქ ოპოზიციურ პარტიას ტყუილად უკეთებენ დისკრიმინაციის მცდელობას.
_ რამდენად გაქვთ იმედი, რომ გამოძიების პროცესი სწორად წარიმართება: საერთოდ თქვენი აზრით, როგორია აქეთ გადადგმული პირველი ნაბიჯები?
_ წინა გახმაურებული ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ამის სერიოზული იმედი არ მაქვს.
_ბატონო მამუკა, დღეს ბრძანეთ, რომ ის, რაც ხდება ლოგიკური გაგრძელებაა მიმდინარე პროცესებისა და მალე შესაძლოა საკუთარი ხალხი დაუპირისპირდეს პრეზიდენტს. Aმის თქმის რეალური საფუძველი, რა თქმა უნდა, გაქვთ…
_ შევარდნაძე ვეღარ არის საკუთარი მომხრეების კეთილდღეობის გარანტი. მან ეს ადამიანები ისე გასვარა, რომ თითოეული მათგანი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების შიგნით სერიოზული პრობლემები იქნება. ახალ Fაზაში შედის ბრძოლა ადგილებისთვის.
_ პარლამენტის სხდომაზე რამდენჯერმე გაიჟღერა რუსეთმა, როგორ ფიქრობთ, აქვს კი რუსეთს ამის ინტერესი და თავი?D
_ რუსეთს შეიძლება ინტერესებიც ჰქონდეს და თავიც, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ დღეს რუსეთი გახდა იმ ხალხის თითის გასაშვერი, რომელიც მისი დღე და მოსწრება რუსეთს ემსახურება. ეს უკვე მათი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია. ვიღაცისაკენ ხომ უნდა მიიშვირონ თითი? სად არის ამ ხალხის პასუხისმგებლობა, ვინც კბილებით იცავდნენ გიორგაძეს, ხაჩიშვილსა და სხვებს?
_ აქედან გამომდინარე, ისინი განტევების ვაცის როლში აღმოჩნდნენ?
_რა თქმა უნდა. იმ პოლიტიკურ თამაშში ისინი მხოლოდ განტევების ვაცები აღმოჩნდნენ.
_ბატონო მამუკა, როდესაც დემაგოგებზე, გულგრილომასა და ა.შ. ლაპარაკობენ, აქცენტს თქვენს პარტიაზე აკეთებენ. ღატომ მაინცადამაინც “სახალხოზე”?
_ ეს შეგნებულად კეთდება. მათ სურთ შეგვიქმნან იმიჯი, თითქოს ჩვენ მხოლოდ ემოციებით შეგვიძლია საუბარი. მათ კარგად იციან, რომ ჩვეულებრივ პირობებში „სახალხოს“ კონკურენციას ვერ გაუწევენ. ამიტომაც არის ასეთი აგრესია ჩვენს წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ორგანიზაციის მიმართ მათ შიში არა აქვთ, ეს 15 ნოემბრის არჩევნებმაც დაგვანახა.
_ როდის შეიძლება ველოდოთ ტერაქტს?
_ ეს პროცესები გაგრძელდება და ალბათ არჩევნებამდე ასეთ აჟიორტაჟს ყოველდღე უნდა ველოდოთ.
პ. ს როგორც პარლამენტის სხდომაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ჯამლეთ ბაბილაშვილმა განაცხადა: თურმე „საწყალი“ პროკურორი პოლიტიკურ ბატალიებში ვერ ერკვევა. გოგუაძემ კი კომუნისტები ქრისტიანული მრწამსით (!) ახსენა. გუშინდელი პარლამენტის სხდომა დაეთმო . . . პარადოქსებს.
ეკა შევარდნაძე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress