ახალი თაობა #311 31.12.2011-1.1.2012
შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილს რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მსგავსად, ეროვნული მოძრაობის პარტიებისთვისაც უნდა მოესმინა.
_ ბიძინა ივანიშვილს თავის თავში აქვს გადასაწყვეტი ერთი უმთავრესი საკითხი: რამდენად ჰყოფნის მისი დიაპაზონი საერთო ეროვნულ ლიდერობას. რამდენად შეესაბამება მისი შესაძლებლობები იმ ამოცანებს, რომლებიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე. ამიტომ, თუ ის მოიაზრებს საკუთარ თავს საერთო ეროვნულ ლიდერად, ბუნებრივია, მან პირველი პირისგან უნდა გაიგოს იმ ადამიანების შეხედულებები და ხედვები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არიან წარმოდგენილი. ზოგიერთს ივანიშვილთან მიმართებაში შეიძლება მტრული დამოკიდებულებაც კი ჰქონდეს, ზოგი სანდოც კი არ შეიძლება იყოს, ზოგი ჭკვიანურს ეტყვის, მაგრამ ის, როგორც ეროვნული ლიდერი, ვალდებულია, რომ როგორც პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს (თუ ამის სურვილი აქვს), თუ მოუწევს ამ საზოგადოებასთან ურთიერთობა, დღესვე დაიწყოს ეს ურთიერთობა, არ ჯობია?! შეხვედრა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც გაიზიარონ ერთმანეთის აზრები. მაგრამ, ივანიშვილს თუ თავის თავი ესახება, როგორც ეროვნული ლიდერი, მან ყველა იმ ჯგუფის აზრი უნდა მოისმონოს, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებაშია, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე.
ვის ინტერესებშია მესამე ძალის შექმნა და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასწრაფოდ ივანიშვილმა პოლიტიკურ სვლებთან დაკავშირებით? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, პოლიტიკოსთა ნაწილი მესამე ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს. ვის ინტერესებშია მესამე ძალის შექმნა?
_ ძალიან საინტერესოა მესამე ძალის არსებობის შექმნის ისტორია და გამოცდილება, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა. როგორც წესი, ორი სუბიექტი იქმნებოდა და რა განსხვავება იყო მათ შორის პოლიტიკურ ხედვებში, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს გეტყოდა ყბადაღებული თეორიის _ პრორუსულის და ანტირუსულის გარდა. ესეც სასაცილო იყო, რადგან ორივე ეს ძალა ძალიან კარგად თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან ფინანსურადაც, პოლიტიკურადაც, არჩევნების დროსაც და ხელისუფლების მოპოვების დროსაც. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია პასუხი გავცეთ მთავარ შეკითხვას: რა არის ეს ყბადაღებული 2003 წლის ღირებულებები, რომელსაც ასე ეფერება როგორც ნაცმოძრაობა, ისე ივანიშვილის გარშემო შეკრებილი პარტიები, რომლებიც 2003 წლის პროცესების დროს ერთ გუნდში იყვნენ. რა არის ეს ღირებულებები? ეს ერთი და მეორე: რამ განაპირობა მათ შორის დაპირისპირების წარმოქმნა: მხოლოდ იმან, რომ ქუჩაში ადამიანები გაილახნენ ან არჩევნები გაყალბდა? იმან, რომ ხელისუფლების შიგნით ფინანსური გადანაწილებები ძალიან უხეშ ფორმებს ღებულობს? თუ მხოლოდ ამ კუთხით გადავიტანთ საკითხს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დღეს ორი დაპირისპირებული მხარე არსებობს. მაგრამ თუ იმ კუთხით გადავიტანთ, რა არის ან ერთის ან მეორის პრინციპები, რა არის ის ღირებულებები, რომელიც ან ერთ ძალას გააჩნია, ან მეორეს _ ეს არ მოგვისმენია არც ხელისუფლებისგან და არც იმ პარტიებისაგან, ივანიშვილის გარშემო არიან შემოკრებილი. უშუალოდ ივანიშვილზე დღეს არ ვსაუბრობ, რადგან ორი თვეა აქტიურ პოლიტიკურ ფლანგზეა და გარკვეულწილად ჩამოყალიბების პროცესშია. ამიტომ არ ვეხები. მაგრამ მის გარშემო არსებული პოლიტიკური ჯგუფების შესახებ ყველაფერი ვიცით. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვნახეთ განსხვავება. ორივეს მოსწონს განათლების რეფორმის კახა ლამაიასეული ვარიანტი. რესპუბლიკელებიც აქებენ ამას და ნაცმოძრაობაც. ალასანიაც დადებითად თვლის პოლიციის შიგნით განხორციელებულ რეფორმას და ნაცმოძრაობაც. Mმაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, გარეგნულად პოლიციას ჩააცვეს თუ არა. ვინმემ აგვიხსნას, რა არის ამ რეფორმის იდეოლოგია. რა არის განათლების სისტემის იდეოლოგია, გარეგნული ფორმები? სკოლებში რომ მანდატურები შევიდნენ, ან კომპიუტერები რომ შეიტანეს? თუ იდეოლოგიური საფუძველია, როგორი ტიპის მოქალაქე უნდა გაიზარდოს საქართველოში. ეს უნდა იყოს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადამიანი, თუ ეს უნდა იყოს ეროვნებამოწყვეტილი, უჯიშო, უწარსულო და გაურკვეველი მომავლის მქონე მსოფლიო მოქალაქე. ეს არის მთავარი განათლების რეფორმაში და არა ის, მანდატური იქნება თუ არა და ა.შ. ეს ტექნიკური საკითხებია. ამ საკითხში არ განხსვავდება ივანიშლის გვერდით მდგომი რესპუბლიკელების და ნაცმოძრაობის აზრი. ძალიან კარგია ჩაცმული პოლიციელი, მაგრამ მთავარია, რას ემსახურება ეს რეფორმა, მოქალაქის ტოტალურ კონტროლს?! კარგია, როცა ცნობის აღება იოლდება, მაგრამ არის თუ არა ეს შემადგენელი ნაწილი იმ იდეოლოგიისა, რასაც მოქალაქის მართვა, კონტროლი, და ფსიქოლოგურ სტრესში ჩაგდება ჰქვია?! თუ მუდამ გარეგნულ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, ასეთი პრინციით, რა თქმა უნდა, არსებობს ორი დაპირისპირებული ძალა. მაგრამ თუ იდეოლოგიაზე გავამახვილებთ ყურადღებას, სამწუხაროდ, ჩვენ მნიშვნელოვან განსხვავებებს ამ სუბიექტებს შორის ვერ ვხედავთ.
_ ანუ რეალურად მესამე ძალა საჭიროა და ის გამოკვეთილად ქართული ძალა უნდა იყოს?
_ ჯერ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ამ ადამიანებმა თავისი რეალური სახე აჩვენონ. ელემენტარულად, რას გვეუბნება ან პირველი ან მეორე ძალა და რაზე უნდა ვიკამათოთ. რუსეთში ნაშოვნ ივანიშვილის ფულს უფრო კარგი სუნი აქვს, თუ ბენდუქიძის რუსეთში ნაშოვნ ფულს? რაზე ვიკამათოთ: ივანიშვილი პრორუსულია და სააკაშვილი, რომელმაც მთელი ქართული ეკონომიკა, პოლიტიკა და ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა, ეს არ არის რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი?! ეს ხომ ხელოვნური დაყოფაა პრორუსული და პროდასავლური დროშების ქვეშ. ხალხმა თუ არ გაარკვია, რა არის ამ დაპირისპირების იდეოლოგიური მომენტი, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ მესამე ძალა იქნება იმ ხალხის ნაკრები, რომელიც ვერ მოხვდა ვერც ხელისუფლებასთან და ვერც ივანიშვილთან. ეს ხალხი უნდა იყოს არა `დაბრაკულები~ ივანიშვილის- სააკაშვილის კარზე, არამედ ის ხალხი, რომელსაც თავიანთი იდეოლოგიური სისტემა და პრინციპები გააჩნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ `დაბრაკულების~ მესამე ნაკრებს. რატომღაც ჩვენ ბრძოლის გარეგნულ მხარეს ვუყურებთ. მეორეს მხრივ, ივანიშვილს ვთხოვთ: სწრაფად ჩამოაყალიბოს თავისი ხედვები, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. მხოლოდ იმედი იმისა, რომ ივანიშვილი სააკაშვილს გადააგდებს, არ კმარა იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დავიწყოთ.
_ ხელისუფლების ინტერესებშია მესამე ძალის ჩამოყალიბება? ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა გარკვეული შეცდომები დაუშვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში?
_ როცა ვსაუბრობ `დაბრაკულების~ მესამე ძალაში გაერთიანებაზე, ბუნებრივია, ამ ძალის კონტროლი ხელისუფლებას ყოველთვის უკეთესად შეუძლია. მას უფრო მეტი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ ეს ხალხი აკონტროლოს. თან აკონტროლოს როგორც სტრუქტრებში ჩასმით, ასევე სხვა პროვილეგიების მინიჭებითაც. აქ ფინანსურ უზრუნველყოფასაც ვგულისხმობ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილზე ნაკლები ფული აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძალიან ცდებიან. მეორე: მათ ხელშია ბიუჯეტი, რომელსაც, როგორც უნდა, ისე განკარგავენ. ამიტომ პრინციპების და იდეოლოგიის გარეშე თუ მესამე პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, ეს იქნება ხელისუფლებისგან მართული ძალა, ანდა ეს იქნება ძალა, რომელიც დაუწყებს ვაჭრობას სააკაშვილს ან ივანიშვილს იმისათვის, რომ საკუთარი მდგომარეობა გაიმყაროს. ამით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფერი შეიცვლება. ხოლო რაც შეეხება ივანიშვილს, რომელსაც გააჩნია დიდი ავანსი ქართული საზოგადოებისა, აქვს უდიდესი რესურსი, რომ ეს ავანსი და ხალხის განწყობა აქციოს რეალურ პოლიტიკურ ძალად. Eელემენტარულად, მას აქვს შესაძლებლობა სტრუქტურირება გაუკეთოს ამ ადამიანებს და მათი ენერგია მიმართოს არა სააკაშვილის ზიზღისკენ, არამედ საქართველოს აშენებისთვის საჭირო პოზიტიური ფუნდამენტალური ღირებულებების დამკვიდრებისკენ. თუ ივანიშვილი ამ მიმართულებით წავა, შეიძლება ითქვას, გამარჯვება უკვე ტექნიკის საქმეა. ივანიშვილი სააკაშვილს თამაშში არ უნდა აყვეს და მის მოედანზე არ უნდა შევიდეს. ის ფორმატი, რომელიც სააკაშვილმა ივანიშვილს შესთავაზა და პოლიტიკურ საკითხებზე რეაგირების ფორმატია, რომ ინიციატივა თავიდან ბოლომდე არის სააკაშვილის ხელშია და ივანიშვილს უწევს მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე რეაგირება. აი, ამ ფორმატიდან თუ არ გამოვიდა და თავისი თამაშის წესი თუ არ შესთავაზა სააკაშვილს, საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება. სხვამ თუ არა, კახი კალაძემ მაინც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, როცა მოწინააღმდეგე თავის სასურველ თამაშს რომ მოგახვევს. თუ წარმატება გინდა, შენი უნდა შესთავაზო და აჩვენო ის ფორმატი, რომელშიც ძლიერი ხარ. როცა ივანიშვილი თავის ძლიერ თამაშს დაიწყებს, ყველა იძულებული გახდება, სააკაშვილის თამაში აღარ ითამაშოს. თუ მისცემს ივანიშვილი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, რომ თავი გაიმართლონ. ან სააკაშვილის თამაში ითამაშონ და ხელი შეუწყონ ქვეყნის დანგრევას. სამწუხაროდ, ჯერ ივანიშვილის ქმედებები არ ჩანს და ინიციატივა მთლიანდ სააკაშვილის და ხელისუფლების ხელშია.
_ სამაგიეროდ, ჩანს, რომ ივანიშვილმა მრჩევლები დაითხოვა, ალასანიას და რესპუბლიკელების მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვს იგივე გაბერილ ფინანსებთან დაკავშირებით. ბოლომდე შეძლებენ ამ ერთობის შენარჩუნებას?
_ აშკარად ეტყობა, რომ ივანიშვილი თავისი სათამაშო სტილის ფორმირების პროცესშია. ჩანს, რომ ამ თემებზე მას თავის დროზე არ უმუშავია და ახლა ეძებს თავის სათამაშო სტილს. როცა პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბების პროცესშია, არ შეიძლება ძალიან კრიტიკულები ვიყოთ მის მიმართ. მაგრამ, თუ უახლოეს მომავალში, ივანიშვილმა ვერ შეძლო საკუთარი პოლიტიკური გუნდის და თავის სათამაშო სტილის ჩამოყალიბება, ეს სააკაშვილს ძალიან სერიოზულ კოზირს მისცემს. ის, რაც ხდება მრჩეველთა საბჭოსთან და ამათუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში, ნათლად აჩენს კიდევ ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას, რომ ივანიშვილი, რომელიც არ იყო საჯარო ფიგურა, მას არ ჰქონდა უშუალო შეხება პოლიტიკურ სპექტრთან თუ ამ ექსპერტებთან. ის თავის შთაბეჭდილებებს იხდიდა ტელევიზიისა და პრესის საშუალებით, სხვების რეკომენდაციით. ბუნებრივია, როცა ახლა ეს ხალხი ნახა, რა თქმა უნდა, მას შეეცვლება დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ. ეს ჩვენ გაცილებით უკეთ ვიცით, ვინც წლების განმავლობაში ამ ხალხთან ერთად ყოველდღიურ ქმედებებში ვიყავით ჩართული. ამიტომ ჩვენთვის ამა თუ იმ პიროვნების შეფასება უფრო იოლია. მაგრამ ივანიშვილს, რომელიც პირველწყაროდან არ იღებდა ინფორმაციებს, მას ეს რა თქმა უნდა უჭირს. აი, ეს ე.წ. პერეტრუბაციები, ამ დეფიციტის შევსებას სჭირდება. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ივანიშვილის მრჩევლების სახით სულ სხვა შემადგენლობა ვიხილოთ და სულ სხვა პარტიები.