პრაიმ-ტაიმი 5.03.2012 ხათუნა მგალობლიშვილი
ოპოზიცია ჯერჯერობით მხოლოდ ძირითად გასაკეთებელ თემებზე თანხმდება და კონსულტაციობს. როგორც ჩანს, ქმედებაზე ისინი კიდევ დიდხანს ვერ გადავლენ, რადგან კონტურები ჯერ დაუსრულებელია. პროცესების მონაწილედ კიდევ ერთი „ძველი“ პოლიტიკოსი დაფიქსირდა. მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ თანამშრომლობას მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალებთან „გააფორმებს“, რომლებიც ქართულ საქმეს მოემსახურებიან. დღეს გიორგაძე ივანიშვილთან არ არის… არც მის ხედვებს იცნობს, არც მის პროგრამას და შესაბამისად, ვერც მის ორიენტაციაზე საუბრობს თამამად, მანამ სანამ დოკუმენტები არ „დაიდება“. სამაგიეროდ დარწმუნებით აცხადებს, რომ ოპოზიცია პასიურ როლს წარმატებით ირგებს და შესაბამისად, წამგებიან გზას ადგას… ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი:
– მივესალმები ნებისმიერი ქართველის, ვისაც შეუძლია, რაიმე დადებითი გააკეთოს, პოლიტიკაში შემოსვლას… მით უფრო, რომ ყველა ქართველი, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც ჩართულია პოლიტიკაში და სჯობს ღიად და საჯაროდ იყოს ამ საქმეში. მეორე საკითხია, რას შეძლებს ივანიშვილი პოლიტიკაში და რას გააკეთებს. სამწუხაროდ, არც იმდენი დრო გასულა, რომ შეფასებების გაკეთების საშუალება მქონდეს. არც მათი კონკრეტული პროგრამა გვინახავს და არც მის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.
– მის გვერდით მყოფი ადამიანებით, მის მიერ არჩეული კოალიციით, პარტიის სავარაუდო წევრების მიხედვით არ შეიძლება დასკვნების გაკეთება?
– მისი საქმეა, ვინ ეყოლება კოალიციაში, ვისთან ითანამშრომლებს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ კოალიციის წევრების გამო უკმაყოფილოა საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მას მხარს უჭერს. მთელი პასუხისმგებლობა მის პიროვნებაზეა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მან უნდა გააცნობიეროს ის ავანსად მიღებული მხარდაჭერა, რომელიც ქართველმა ხალხმა მიანიჭა. ალბათ, გაცნობიერებულიც აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ ნდობასთან ერთად ხვალ-ზეგ რისხვაც წამოვიდეს ქართველი ხალხისგან. მიმაჩნია, რომ მას ეს უნდა ესმოდეს და ამ პასუხისმგებლობით უნდა აკეთოს საქმე.
– თუმცა ეს ხომ მარტო მასზე არ არის დამოკიდებული, მის გვერდით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ადრეც ბევრჯერ შეერთდნენ და დაიშალნენ…
– ამ მხრივ, ძალიან ცუდი სტატისტიკა არსებობს. სხვადასხვა კონფიგურაციებით ეს ადამიანები ხშირად იყვნენ ერთად. სამწუხაროდ, შედეგი არასდროს არ ჰქონია. ამ ადამიანების ნაწილი ჩემი მხრიდან იმსახურებს პატივისცემას, ნაწილი – არა. ამ შემთხვევაში ძირითადად წარმმართველია ბიძინა ივანიშვილი. შესაძლებელია, კარგი პატრონის ხელში კარგი საქმეები გაკეთდეს და ისიც შესაძლებელია, რომ ძაღლის კუდი არ გასწორდეს და კვლავ გარე-გარე დაიწყოს ყურება…
– რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ როლები გაიცვალოს?
– ინიციატივა უნდა აიღოს ოპოზიციამ სხვადასხვა თემებზე, სხვადასხვა საკითხებზე, სხვადასხვა მიმართულებით… ტექნიკური პრობლემა მათ არ აქვს, არც ფინანსური რესურსის ნაკლებობაა. სხვათა შორის, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ამ მხრივაც ძალიან საინტერესო იყო. პრეზიდენტმა ამ ყველაფრის შესახებ ძალიან ცინიკურად ისაუბრა. თავისთავად, მიდის თუ არა სააკაშვილი მისი ვადის ამოწურვის შემდეგ – ეს იმდენად აბსურდული საკითხია, რომ ამაზე როგორ შეიძლება ოპოზიციამ დრო დახარჯოს? გააკეთე ორგანიზაცია, შეებრძოლე და მიიღე რეზულტატი.
– არჩევნებს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა. ჩვენ უამრავ დროს ვხარჯავთ გარეშე ფაქტორებზე და მიღმა რჩება მთავარი – რას აკეთებენ თავად ოპოზიციის წევრები. არის ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ორგანიზება გაუკეთო და ინიციატივა ხელში აიღო. ამისთვის საჭიროა უფრო მეტი პოლიტიკური ალღო, მეტი იდეა, მეტი ენთუზიაზმი, მეტი ინიციატივა, გარკვეულწილად რისკიც – ამაში ვეთანხმები პრეზიდენტს. ორგანიზაციულ-პოლიტიკური საქმიანობის წარმართვა სააკაშვილმა კარგად იცის. მას სხვა სისუსტეები აქვს, ამიტომ ოპოზიციამ სწორედ ეს სისუსტეები უნდა გამოიყენოს, თუ უნდა, რომ რეზულტატი მიიღოს.
– გამოდის, ოპოზიციამ არ იცის ოპონენტის სისუსტეები?
– იმათ, ალბათ, თავიანთი ტაქტიკა აქვთ, რომელსაც მე არ ვიცნობ. თუმცა მე მათ ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი. სხვა რამეს გავაკეთებდი. როცა იცი, რომ სააკაშვილს აქვს ჩამოყალიბებული, კონცეპტუალური, თანმიმდევრული ხედვების დეფიციტი, ეცადე, რომ ამ ნაწილში გადაიყვანო შენი კამათი და არა იმაში, წავა თუ არა ის. აქ მას ვერ მოუგებ. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებენ, კარგი იქნება. სააკაშვილთან მოქმედებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არსებობს, უბრალოდ, ისინი უნდა გამოიყენონ და შედეგიც მიიღწევა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაჰყვნენ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. ოპოზიციამ ორი პარალელური პროცესი უნდა წარმართოს: სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს აღორძინებისთვის ბრძოლა. ეს სხვადასხვა რამეა და სააკაშვილის წასვლა არანაირად არ ნიშნავს ავტომატურად ქვეყნის აღმშენებლობას. ამ ორ პარალელურ პროცესს თანმიმდევრული განვითარება სჭირდება. პირველი პროცესი, ანუ სააკაშვილის წასვლა გაცილებით მარტივია. მეორე უფრო რთულია. თუ დაასწრო სააკაშვილის წასვლამ მეორე ნაწილის გარკვეულ კონდიციამდე მიყვანას, შეიძლება ბევრად უფრო რთული პროცესები განვითარდეს საქართველოში.
– ამ პარალელური პროცესების არსებობას აცნობიერებს ოპოზიცია დღეს?
– არ ვიცი, ვინ აცნობიერებს ამას, მე დღეს ამას მწარე გამოცდილება მალაპარაკებს.
– ალბათ, იცნობთ ივანიშვილის განცხადებებს საგარეო ურთიერთობებზე. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება რუსეთთან დალაგდეს ურთიერთობები დასავლური კურსის დათმობის გარეშე?
– ბიძინა ივანიშვილმა ჯერ უნდა დადოს პროგრამა, უნდა გავეცნოთ ამ პროგრამას და რომ დავრწმუნდეთ ივანიშვილის პოზიციის სიმყარეში, მისი ნაბიჯები აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს მის პროგრამის. ამაზე საუბარი ჯერ ძნელია, რადგან არ ვიცით მისი პროგრამა. რაც შეეხება რუსეთს, თუ რუსეთი ოკუპანტია, არ შეიძლება მასთან გარიგებებზე წასვლა. თუ ვინმე არასწორად იქცევა და ოკუპანტს ხვდება, ამისთვის საჭიროა შესაბამისი კანონი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომ მეორემ არ გაბედოს.
– თქვენ ახლა გულისხმობთ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთში ხშირად ჩადიან ვიზიტებით?
– რა თქმა უნდა. ასეთი კანონი არსებობს. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შეიძლება ჩაიწეროს და აიკრძალოს ნებისმიერი სახის კონტაქტები ოკუპანტთან.
– როგორ ფიქრობთ, ასეთ კანონს ის პოლიტიკოსები, ვისაც კავშირები აქვთ რუსეთთან, სათავისოდ არ გამოიყენებენ და ყვირილს არ დაიწყებენ, გვზღუდავენო?
– თუ თავად პრეზიდენტის მოქმედებებში ეჭვი არ იქნება შეტანილი, მაშინ, ბუნებრივია, მეც თუ ჩავიდენ ასეთ ქმედებას, დამსახურებული სასჯელის მიღებისას ხმის ამომღები არ ვიქნები. თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მიმართ უამრავი კითხვაა. ხელისუფლება დღეს ვერბალურად იღებს სერიოზულ, ემოციურ გადაწყვეტილებებს, რეალურად კი ყველაფერში დავუთმეთ რუსეთს. რუსეთის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ შიდა მოხმარების. ნატოში გაწევრიანების თემა მისთვის მხოლოდ პიარის საკითხია. ჩვენ ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ. მით უფრო, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხი არის გრძელვადიანი პროცესი. ჩვენ დავიწყოთ ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო პროცესები და ერთ დღესაც, ერთ-ერთ რომელიღაც სამიტზე აღმოჩნდება, რომ ჩვენ არა თუ მაპი, არამედ პირდაპირ წევრები გავხდით. რუსეთი ხელს ვერ შეგვიშლის. რუსეთის ხელისუფლება ამას იყენებს იმისთვის, რომ საკუთარ მოსახლეობას უთხრას: ნახეთ, იმპერიული დერჟავა ვართ და დაანახოს, რომ ის ნატოს საპირწონეა. სინამდვილეში თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არ არიან ნატოს საპირწონე. რუსეთმა მისი ყველაზე ერთგული მოკავშირე – სერბეთიც კი ჩააბარა დასავლეთს. როდესაც რუსეთი მართლაც იყო იმპერიული დერჟავა, ის რევოლუციებს აწყობდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.