ახალი თაობა #311 31.12.2011-1.1.2012
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ ყოფილ დეპუტატთან, “სახალხო პარტიის” ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. რა მინუსებს ხედავთ ივანიშვილის ნაბიჯებში?
_ ივანიშვილი, სამწუხაროდ, პირადად არ იცნობს პოლიტიკურ სპექტრს და ქართული საზოგადოების ფართო წარმომადგენლობას. მას დრო სჭირდება ამ დეფიციტის შესავსებად. ის, როგორც პოლიტიკის მიღმა მყოფი ადამიანი, მიმდინარე პროცესებს მედიის საშაულებით უყურებდა და ინფორმაციას ღებულობდა არა მრავალი წყაროდან. აქედან გამომდინარე მას ჩვენი შიდა სამზარეულოს ზუსტი აღქმა უჭირს. დროთა განმავლობაში ალბათ ეს დეფიციტი შეივსება და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ, რამდენად მოახერხებს ივანიშვილი ქართულ საზოგადოებაში ძალების სწორ ორგანიზებას. დღეს თუ აცხადებს, რომ ის ვართ, ვინც ვართ, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრი, ალბათ, როდესაც უფრო მეტად გაიცნობს ქართული საზოგადოების მრავლფეროვნებას, დარწმენდება, რომ რაც მედია სივრცეში ჩანს, სრულად არ ასახავს ქართულ რეალობას. ძალიან ბევრი ღირსეული, მომზადებული ადამიანი არის ქართულ საზოგადოებაში, რომლებთან ერთადაც შესაძლებელია დიდი წარმატებების მიღწევა. მეორეს მხრივ, ბუნებრივია, იგივე ახლების თუ სხვების მიერ გაკეთებული ეს განცხადება, მიკერძოებული ადამიანების ნათქვამია. შედარებები არ მინდა, მაგრამ ის ხალხი ჩამოყალიბდა ლიდერებად და ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩამოყალიბდა? მათი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება, ცოტა ღიმილისმომგვრელია. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სწორად შეძლებს ივანიშვილი ამ ნაბიჯების გადადგმას. მთავარია, მან გააცნობიეროს ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ავანსად დააკისრა საქართველოს მთელმა მოსახლეობამ. ეს ძალიან დიდი ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგრადობას, აგრეთვე პოლიტიკური საკითხების ღრმა ცოდნას მოითხოვს. ერთ-ორ თვეში გამოიკვეთება ყველაფერი. წინასწარ რაიმეს თქმა, ძალიან რთულია. როდესაც რაღაც ნაბიჯები იდგმება, ჩვენ არ ვიცით ამ ნაბიჯების გაგრძელება. ამიტომ შეიძლება არასწორი შეხედულება შეგვექმნას და დღეს პირადად მე ზოგიერთ გადადგმულ ნაბიჯს ცოტა უფრო სხვანაირად გადავდგამდი. მაგრამ შევაფასო მისი ქმედებები, ცოტა რთულია იმიტომ, რომ მეორე-მესამე ნაბიჯები ჩემთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, სანამ ტენდენცია არ გამოვლინდება, მანამდე ძალიან ძნელი შესაფასებელია მისი საქმიანობა. ისევე, როგორც, ალბათ, პარტიის ჩამოყალიბების დროს გაირკვევა ბოლომდე მისი იდეოლოგიური პრინციპები, ღირებულებათა სისტემა, რომლის დანერგვასაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აპირებს და შემდგომ უფრო მარტივი და იოლი იქნება შეფასებების გაკეთება.
_ მძიმე ბრძოლა მოუწევს ივანიშვილის კოალიციას სააკაშვილის გუნდთან?
_ აქ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ და ბრძოლა საქართველოსათვის. სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა რთული არ არის. სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლებელია ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯის გადადგმა და მისი იოლად ჩამოცილება ხელისუფლებისაგან. ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუკი სწორი ბრძოლის მექანიზმები იქნება ამუშავებული. გაცილებით მნიშვნელოვანია ბრძოლა საქართველოს ასაშენებლად. აქ უფრო მეტი ენერგია, უფრო მეტი ცოდნა, გამოცდილება, პოლიტიკური ალღო და სხვა თვისებებია საჭირო. უფრო მეტიც: გუნდი ამ საქმეშია საჭირო. მარტო აღებული სწორად მიმავალი ლიდერი და მასა სრულიად საკმარისია სააკაშვილის რეჟიმის გასასტუმრებლად, მაგრამ არ არის ის საკმარისი საქართველოში ნორმალური ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად. აქ უკვე გუნდია საჭირო. რამდენად სწორად იქნება ეს გუნდი შერჩეული, რამდენად სწორად იქნება პრიორიტეტები შერჩეული, რამდენად სწორად გაითავისებს მთელი ოპოზიციური მოძრაობა ამოცანას და ამ ამოცანის შესრულებაში საკუთარ ადგილს, იმაზე იქნება დამოკიდებული სწორედ შედეგი. სააკაშვილს დღეს თუ არა, ხვალ ვადა ეწურება და მისი გასტუმრება შეიძლება ისეთი პროცესების თანმდევი გახდეს, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო შეიძლება არც გამოდგეს. წასვლაში არ არის პრობლემა, პრობლემაა სახელმწიფოს აშენებაში. ამას შესაბამისი გუნდი სჭირდება და სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს ბიძინა ივანიშვილმა ლიდერის და ის თვისებები, რომელიც საჭიროა ამ ამოცანის შესასრულებლად.
_ პრეზიდენტ ობამას განცხადებამ ხელისუფლების ფორმალურ ჩანაცვლებაზე ბევრში უკმაყოფილება გააჩინა. რა ტიპის ცვლილებას უნდა ველოდეთ საპარლამენტო არჩევნები იმ ფონზე, როცა ფაქტია, რუსული მედია სერიოზულად აპიარებს ვანო მერაბიშვოლს თავისი რეფორმებით და სააკაშვილის სხვა რეფორმებს.…
_ ეს შემთხვევითი არ არის. დღეს ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ქართული პოლიტიკური სპექტრი, როდესაც მიიჩნევს, რომ დასავლეთია სააკაშვილის მფარველი. არანაირი ფაქტობრივი არგუმენტი ამის დასამტკიცებლად არ არსებობს თუ არა მხოლოდდამხოლოდ ე.წ. ვერბალური განცხადებები, მაშინ როდესაც რუსეთის მხრიდან არის ყოველდღიული პრაქტიკული დახმარება. ფაქტობრივად, რუსეთის სპეცსამსახურები უზრუნველყოფს სააკაშვილს ყოველდღიული საშუალებებით, რათა მან ხელისუფლება შეინარჩუნოს და იმ ჯგუფს გადასცეს, რომელიც ყველაზე უფრო მისაღები იქნება რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურებისათვის. პრაქტიკულად, რუსეთის უმაღლესი პირები ჩართული არიან სააკაშვილის პიარ-კამპანიაში. საქართველოში თემა რომ შემოაკლდებათ, ანდა რაიმე კრიტიკულ სიტუაციაში რომ მიაყენებენ სააკაშვილს, რუსეთი მაშინვე უზრუნველყოფს ისეთი თემებით, რომელიც სააკაშვილს, როგორც წყალწაღებულს, ამოიყვანს და ნაპირზე დააყენებს. შესაბამისად, სააკაშვილიც რუსეთს დავალებებს ყველანაირად უსრულებს. აღაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ მთელი ეკონომიკა, ენერგეტიკა, შიდა ქართული ცხოვრება ჩააყენა რუსეთის სამსახურში. პოლიტიკურადაც, პრაქტიკულად, უზრუნველყოფს რუსეთს საბაბით იმისათვის, რომ მან თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც გლობალური პოლიტიკური მოთამაშე. ეხმარება აგრეთვე რუსეთისთვის შიდა მოხმარებისთვის საჭირო პიარის განსახორციელებელი თემატიკის მიწოდებით და ა.შ. ასე რომ, ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა ინიღბება ისტერიკამდე მისული რიტორიკით, რაც ბუნებრივ ვითარებაში დაუშვებელია სახელმწიფოთა შორის არსებობდეს. ეს ლილიპუტინს დაუძახებს, ის _ ერთი ადგილით ჩამოკიდებას აპირებს. ისტერიკამდე მისული რიტორიკის ფონზე ხდება მჭიდრო თანამშრომობა რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს ინტერესების და ქარველი ხალხის ხარჯზე. ეს ცალსახაა. ე.წ. შემოდგებულ თემებს, როგორც წესი, ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ახმოვანებენ, ანდა პირდაპირ რუსული აგენტურა, რომ სააკაშვილი არის პროდასავლელი პოლიტიკოსი, ობამაზე მიბმული პოლიტიკოსი და ა.შ. ამ პიარის გამოა, რომ საზოგადოებას უჭირს გაარკვიოს სრულად სააკაშვილის ნაბიჯების დამღუპველობა.