პრაიმ-ტაიმი 16.09.2013 – მარიამ ნადირაძე
უკვე ნაკლებად, თუ ვინმეს ახსოვს ის საზეიმო განცდა, რაც მას ერთი წლის წინათ ჰქონდა, როდესაც სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა დამარცხება…
ხშირად გაიგონებთ კითხვას და კამათს იმის შესახებ, რა შეიცვალა და შეიცვალა თუ არა საერთოდ რამე…
თუმცა, უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში ხალხის კმაყოფილებას ხელისუფლების მისამართით ყოველთვის ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა და ამ ფრაგმენტს ყოველთვის მოჰყვებოდა დაბეჯითებით გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ახალი ხელისუფალი წინამორბედის მემკვიდრეა. ასე იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილს შევარდნაძის პირმშოს ვეძახდით და ახლაც, როდესაც კოჰაბიტირებულ ლიდერებს შორის ძველ და ურყევ მეგობრობას ვიხსენებთ, რომელიც რეალურად ჯერაც არ შერყეულა…
ხელისუფლებაში მოსული, ან დარჩენილი ძალებისთვის ეს ვერსიები განაწყენებული და დამარცხებული ადამიანების მოყოლილი ზღაპრებია.
მაგრამ მოცემულობა ერთია: წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, ეს კი სულაც არ იგრძნობა პოლიტიკურ სცენაზე. ერთადერთი, რაც ტემპერატურას მაღლა წევს, მოსალოდნელი ახალი საპროტესტო მოძრაობაა, რომელიც ისევ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით იწყება, ისე როგორც ეს ერთი წლის წინათ ხდებოდა.
რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში?
ვინ ვისი მემკვიდრე და მეგობარია?
და რას უნდა ველოდეთ კოჰაბიტირებული ლიდერებისგან?
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრება:
– ორი სუბიექტი, რომლის შესახებაც უნდა ვისაუბროთ, ძალიან ჰგავს ერთმანეთს და, ფაქტობრივად, ერთ საქმეს ემსახურება…
– „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა. მათ არ სჭირდებათ რაიმე ხელშეკრულება ერთმანეთთან, ისედაც კარგად იციან, რომ ერთ მიზანს ემსახურებიან. ეს ყველაფერი კი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ხდება. „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ აწყობს ის ვითარება, რაშიც ქვეყანა იმყოფება. აწყობთ, რომ მათ შორის მიმდინარეობდეს ხელოვნური დაპირისპირება, არ გადავიდეს საკითხი ორივესთვის მიუღებელ პლანში, როგორიც არის იდეოლოგიური დაპირისპირება. აწყობთ, ისაუბრონ ძირითადად მიმდინარე საკითხებზე, ვთქვათ, მაშინ უფრო ირღვეოდა ადამიანის უფლებები, თუ ახლა უფრო ირღვევა, მაშინ უფრო გარანტირებული იყო ეს უფლება. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“ დღეს ერთმანეთს აცოცხლებენ. ქმნიან პოლიტიკური ბრძოლის იმიტაციის სურათს. სინამდვილეში, ერთმანეთის გარეშე ისინი საზოგადოების თვალში გაშიფრულნი იქნებოდნენ. დღეს მათ დაყვეს საზოგადოება მომხრე-მოწინააღმდეგეებად. მაგრამ რაში ეწინააღმდეგებიან ისინი ერთმანეთს, ადამიანისთვის გაუგებარია. თუ, ვთქვათ, ორივე ემხრობა იმას, რომ უნდა არსებობდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური წარმონაქმნი, რაში ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს? თუკი თანხმდებიან იმაში, რომ დახურული პოლიტიკური სივრცე იყო ადრეც და ახლაც, რა კამათი აქვთ ერთმანეთთან? არც მაშინ იყო ღია საჯარო განხილვები ამა თუ იმ თემის და არც ახლაა. პარლამენტი მაშინაც დახურული ორგანო იყო და დღესაც ასეა. მაშინაც დაჯდებოდნენ „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციაში მყოფი იმ სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, მოისვამდნენ ერთ-ორ არასამთავრობო ორგანიზაციას და ამ დახურულ შეხვედრას გააფორმებდნენ, როგორც საერთო ეროვნულ კონსენსუსს, ან საერთო ეროვნულ დაპირისპირებას. დღესაც იგივეა – იგივე ხალხი, იგივე არასამთავრობოები… რაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, იგივეა დღესაც. ფულს ისევ მათ აძლევენ, ვისაც ადრე აძლევდნენ. იქაც ერთი პიროვნება იყო პოლიტიკის განმსაზღვრელი და ახლაც ასეა. ეს პიროვნებები მაშინაც და დღესაც აცხადებენ, რომ ამ თუ იმ საკითხს გუნდს შეუთანხმებენ. არადა, გუნდს რომ არაფერს უთანხმებენ, ხომ ყველამ კარგად ვიცით? პრაქტიკულად სისტემა დარჩა იგივე. შეიცვალა მხოლოდ სისტემის გარეგნული გამოხატულება. სახლში ისევ მომდის გადასახადების ქვითარი შუქზე, გაზზე და წყალზე და ისევ გამითიშავენ შუქს, თუ არ გადავიხდი ნაგვის გადასახადს. სისტემა დარჩა იგივე, სისტემის შიგნით კი მცირედად შემცირდა ტარიფი. ეს არის კოსმეტიკური ცვლილება, შესაძლებელია, ზოგისთვის ეს შესამჩნევი ცვლილებაც იყოს, მაგრამ ეს არ არის არსობრივი ცვლილება. ცვლილებები მხოლოდ გარეგნულად ხდება. ჩვენ ისევ მონოპოლიურ გარემოში ვცხოვრობთ. მაშინაც და დღესაც პრაქტიკულად იგივე სისტემაა, რომელიც არ იძლევა თავისუფალი მეწარმეობის განვითარების საშუალებას. თუ ძველი ბიზნესმენი აღარ ჩანს და ვიღაც ახალი გამოჩნდა, ეს მხოლოდ სისტემის შიგნით ცვლილებებია. დღეს ჩვენ ვკამათობთ იმაზე, როდის უფრო მეტად არღვევდა პოლიციელი კანონს – მაშინ თუ დღეს? თუკი არღვევს ამ კანონს მაშინაც და ახლაც, გამოდის, რომ სისტემა არ იცვლება და მხოლოდ მის შიგნით მიმდინარეობს რესურსების გადალაგების პროცესი და ესეც მარტო იმიტომ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ვინმემ ხომ უნდა ნახოს, რომ რაღაც შეიცვალა? ასე რომ, „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ ჩვენ დღეს შეგვიძლია ერთ გუნდად განვიხილოთ, როგორც კოჰაბიტური ხელისუფლება. ეს მინუსია „ოცნებისთვის“, პლუსი კი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან კოჰაბიტირებულმა ხელისუფლებამ ყოფილი მმართველი ძალა გახადა უკეთესი, ახალი მმართველი ძალა კი – უარესი.
– თავის დროზე სააკაშვილის პოლიტიკურ მოძრაობას შევარდნაძის ხელისუფლებასთან გარიგებაშიც ადანაშაულებდნენ და ერთს მეორეს მემკვიდრედ ასახელებდნენ. ასეთი ეჭვები ჩვევად ხომ არ გვექცა?
– არც ის იყო უსაფუძვლო ეჭვები. მაშინაც სისტემა იგივე რჩებოდა, მაგრამ მნიშვნელოვნად იცვლებოდა მხოლოდ გარეგნული ეფექტები. აქ იცით, რა არის მთავარი? თავის დროზე იყო ასეთი ანეკდოტი: ბრეჟნევი ამბობდა, კომუნიზმისკენ მიმავალ გზაზე ხალხს საჭმელს არ შევპირებივართ, ამას კომუნიზმში შევპირდითო. ზუსტად ასეთი სიტუაციაა დღესაც. ყოველი მომდევნო ხელისუფლება საუბრობს, რომ წინას სჯობს. ჩვენ კი გვაინტერესებს არა ის, წინას სჯობიხარ თუ არა, არამედ, კარგი ხარ თუ არა შენ თავად, აკმაყოფილებ თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც ხალხმა წამოგიყენა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ერთ მინისტრს რომ მეორე შეცვლის სავარძელში?
– თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმება გაცილებით ადრე დაიწყო პოლიტიკურ თანაცხოვრებაზე, ვიდრე ეს საზოგადოებას განუცხადეს…
– ნამდვილად ვერ დავადასტურებ ერთმანეთთან ასეთი ხელშეკრულება გააფორმეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ საერთო ინტერესები გაუჩნდათ. თავის დროზე ლენინს ჰქონდა წერილი დაპირისპირებულთა ერთიანობის შესახებ, რაც მარქსიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატი იყო. ეს ხალხი დაპირისპირებულია ერთმანეთთან მხოლოდ კონკრეტული ადგილებისთვის, ფულისთვის, მაგრამ ერთიანნი არიან იმაში, რომ არც ერთს არ აწყობს შეიცვალოს არსებული ვითარება. „ოცნებას“ არ აწყობს „ნაცმოძრაობას“ სხვა ძალა ჩაენაცვლოს, ვინაიდან ის ვეღარ შეძლებს იმის თქმას, რომ მასზე უკეთესია. ვეღარ შეძლებს წამოძახებას, რომ, თუ დღეს ციხეში მოკვდა სამი ადამიანი, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში კვდებოდა ათი. მე კი ვითხოვ, მიპასუხონ, რატომ კვდება ციხეში ადამიანი საერთოდ? იგივე შეიძლება ითქვას სოციალურ დახმარებაზე, რომელიც დღესაც სტიმულირებულია სიღატაკისკენ და ისევ არ არის ჩვენი ეკონომიკა მიმართული იმისკენ, რომ ხალხი გამდიდრდეს. როგორც მაშინ, დღესაც ისევ ისე ვდაობთ, როგორ უნდა დავითვალოთ ქულები, რაც სოციალურად დაუცველის სტატუსს განსაზღვრავს. ამაზე ვდაობთ და არ ვცვლით სისტემას იმისთვის, რომ საქართველოში შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ. გვაყვედრიან იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მაცივარი უკვე აღარ ითვლება ქონებად და ამით გაიოლდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მოპოვება. მაგრამ საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს ეს სტატუსი? რატომ უნდა ფიქრობდეს ადამიანი, სახლში მაცივარი და ტელევიზორი დამალოს? ისევ ისე სხვისი ხელის შემყურეა დაუსაქმებელი ადამიანი. მოდი, შევცვალოთ სისტემა, შემუშავდეს დაუსაქმებელთა აღრიცხვის მექანიზმი და ხუთწლიანი დასაქმების პროგრამა…
– ასეთი პროგრამები მრავლად გვახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში…
– სწორედ ესაა საქმე, რომ მათაც ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე ჰქონდათ და რეალურად მივექანებოდით საერთო სიღატაკისკენ. ასე რომ, ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებელი დავა იმის შესახებ, ვინ ვის სჯობია, თორემ თუ სიმართლეს ვიტყვით, ნაციონალების პოზიცია სჯობს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას, თუნდაც აფხაზეთის საკითხში… ასე რომ, ეს ორსუბიექტობა ხელოვნურად არის შექმნილი. პრაქტიკულად ჩვენ დღეს გვყავს ერთიანი კოჰაბიტაციური ხელისუფლება. ის ლოზუნგი, რომელსაც წინასაარჩევნოდ იყენებს „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომ 27 ოქტომბერს დასრულდება კოჰაბიტაცია, რას ნიშნავს? ვინმემ ძალით მოახვია ეს თავს? თუ არ უნდოდა რატომ შედიოდა ასეთ გარიგებაში?
– თქვენი აზრით, მართლა დამთავრდება ეს ყველაფერი 27 ოქტომბერს?
– რა თქმა უნდა, არა. იმაზე, რაც ხდება გასული წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, ორივე სუბიექტი ერთად არის პასუხისმგებელი. თანაც, 27 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, თორემ პარლამენტში ხალხი ხომ რჩება? ამ ხალხს აქვს კანონიერად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება მინიჭებული. ეს სტატუსი მათ „ოცნებამ“ მიანიჭა. შესაბამისად, სანამ ეს პარლამენტი იარსებებს, ეს კოჰაბიტაციაც გაგრძელდება. ამ პარლამენტის დაშლა კი არ აწყობს არც ერთ და არც მეორე სუბიექტს, მით უმეტეს იქ მყოფ დეპუტატებს, ვინაიდან ამ პარლამენტის 80 პროცენტი იქ რომ ვეღარ მოხვდება, კარგად იციან. ასე რომ, კოჰაბიტაცია „ოცნების“ არჩევანია და გაგრძელდება მანამ, სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება საქართველოში.
– როგორ ფიქრობთ, ეს შეთანხმება ამ ორ სუბიექტს შორის რა ეტაპზე შედგა – მანამ სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკაში, თუ მას შემდეგ, რაც ის გახდა ხელისუფალი?
– ივანიშვილი უკვე კოჰაბიტურ სივრცეში შემოვიდა პოლიტიკაში. ამას მისი პირველი განცხადებაც მოწმობდა, როცა თქვა, რომ შუა ძალა უნდა გაიკრიფოს და ერთიერთზე უნდა დარჩენილიყო „ნაცმოძრაობასთან“. რატომ უნდა დარჩენილიყო სააკაშვილთან ერთიერთზე? 2012 წლის არჩევნების მთავარი მამოძრავებელი ძალაც ეს იყო, რომ ორნი დარჩენილიყვნენ მოედანზე.
– სააკაშვილი ინფორმირებული იყო ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო გამოჩენის შესახებ?
– რა თქმა უნდა. სააკაშვილმა კი არა, პოლიტიკაში ოდნავ ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცოდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა გამოჩენილიყო. მით უმეტეს, რომ ის პოლიტიკას მანამდეც მართავდა. როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც მინისტრის მოხსნა-დანიშვნაში ერეოდა, აფინანსებდა მთავრობას, მონაწილეობას იღებდა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებში და ამ ყველაფერს თავად აღიარებს, არ მონაწილეობდა პოლიტიკაში? აბა, პოლიტიკა რა არის? თუ ის დეპუტატები აკეთებენ პოლიტიკას, რომელიც დღეს ნებისმიერ შეკვეთაზე წევენ ხელს პარლამენტში? ვანიშვილი როცა ღიად შემოვიდა ამ სივრცეში, თავადვე შესთავაზა სააკაშვილს, რომ ორნი დარჩენილიყვნენ მოედანზე.
– ეს რა თამაშია და ვისი სცენარით?
– სცენარის ავტორებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობს და ამიტომ ახლა ეს არ არის მთავარი…
– 2003 წლის პროექტის ავტორები დრომ გამოაჩინა. ახლა რა ხდება?
– დანამდვილებით გეტყვით, რომ დღესდღეობით მხოლოდ რუსეთს აქვს საქართველოს შიგნით პროცესების წარმართვის ბერკეტები. დასავლეთს მხოლოდ სახელმწიფოზე ზემოქმედება შეუძლია და არა შიდა პროცესების მიმდინარეობაზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, ჩვენ როგორ აღვიქვამთ მიმდინარე პოლიტიკას. ის, ვინც ხელოვნურად ქმნის პოლიტიკურ მოედანს, ის ქვეყნის განვითარებისკენ არ მიილტვის. ეს არის აქსიომა. ყველა ქვეყანას გადავხედოთ, როგორ განვითარდა. განვითარდა კონკურენციით, მრავალპარტიულობით, მრავალსუბიექტიანობით. ჩემი ბელადი სჯობია შენს ბელადს და ჩემი ყოჩი – შენსას, – ამას ვერ გასცდა ქართული პოლიტიკა. ეს არის უბედურება. შედეგად კი ვიღებთ პოლიტიკაში მონოპოლიას, რომელიც ქვეყნის განვითარებას ნამდვილად არ წაადგება და ამის ნათელი მაგალითი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებია.
– რომლის შემდეგაც პოლიტიკას ჩამოშორდებიან ეს „ყოჩები“…
– ვერც ერთი წავა პოლიტიკიდან და ვერც მეორე, უბრალოდ, სხვა ფაზაში გადადიან. ვერ წავა ივანიშვილი პოლიტიკიდან. ის, უბრალოდ, ისევ იმ პოზიციაში გადაინაცვლებს, როგორც 2011 წლამდე იყო. პოლიტიკა თავისი სპეციფიკაციით ხასიათდება. ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ჩამოყალიბებულიყო ჯანსაღი პოლიტიკური ელიტა, ამიტომაც არის, რომ 6-7 თვეში ერთხელ ხდება ეს პერტრუბაციები. ახლაც არავისთვის არის საინტერესო ე.წ. მთავარი პოლიტიკური მოვლენა, საპრეზიდენტო არჩევნები, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ ძალიან მალე ახალი კონფიგურაციით უნდა გამოიკვეთოს ხელისუფლება. შესაბამისად, ახლა მოძრაობები მხოლოდ ამისკენ არის მიმართული. მთავარი მოვლენები არჩევნების შემდეგ განვითარდება. ერთადერთი, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნები აინტერესებს, ნინო ბურჯანაძეა, რომ როგორმე შემადგენლობაში მოხვდეს. სხვას ყველას გარკვეული აქვს თავისი მდგომარეობა. ახლა რეალურად ყველასთვის არა არჩევნებისთვის, არამედ მის შემდგომი ყოფისთვის მოსამზადებელი პერიოდია.