ახალი თაობა #293 10-11.12.2011
ხელისუფლებას მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე უნდა ჰქონდეს ვალდებულება და არა რუსეთის ან ამერიკის წინაშე. და ეს ვალდებულებები წინასწარვე უნდა იყოს გაცხადებული.
შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე ივანიშვილის და მისი გუნდის წარმატებას მხოლოდ კარგად დაგეგმილი, პოზიტიური და სტრუქტურირებული ნაბიჯებით ხედავს. გიორგაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ეს მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან ავანსად გაცემული მხარდაჭერაა და მან ეს სწორად უნდა გამოიყენოს.
არის თუ არა ქვეყანაში პროქართული ოპოზიციური ძალა და დასჭირდება თუ არა ივანიშვილს სააკაშვილის ხელისუფლების კლანებთან მოლაპარაკება? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, კეთდება შეფასებები, რომ სააკაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ დაშვებული და დაუშვებელი მეთოდებით იბრძვის. თქვენი შეფასებით, რეალურად რა სახის ბრძოლა წამოიწყო პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა?
_ ხელისუფლება წესიერად არასოდეს არ იბრძოდა და არ ცდილობდა, ცივილიზებული საზოგადოებისთვის დაშვებული მეთოდებით წარემართა თავისი პოლიტიკური საქმიანობა. ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე ის მუდამ იქცეოდა უკანონოდ, უზნეოდ, კადრულობდა ყველაფერს. ბუნებრივია, ასე ექცეოდა სხვასაც და ასე ექცევა ივანიშვილსაც. აქ ახალი არაფერია და ახალი სახით ხელისუფლება არ წარმდგარა საზოგადოების წინაშე. რაც იყო და რაც იცის, იმ მეთოდიკით იბრძვის.
_ კი, მაგრამ, ამ მეთოდმა გაამართლა შედარებით სუსტი ოპონენტების შემთხვევაში. ივანიშვილი ხომ სხვა წონის პოლიტიკური ოპონენტია, საკაშვლისთვის ისიც ხელწამოსაკრავი ფიგურაა?
_ ხელწამოსაკრაობის მომენტი აქ ნაკლებია. დაგეთანხმებით, რომ ეს მეთოდიკა ამართლებს და ყოველთვის გაამართლებს რაოდენ ხელწამოსაკრავი ფიგურაც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, თუკი არ იქნება ამ მეთოდიკის წინააღმდეგ სწორი ბრძოლა; თუ არ იქნება ის მექანიზმები ამუშავებული, რომელიც ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ამ მექანიკას წინ აღუდგება. ამიტომ, აქ იმდენად პიროვნების წონას არ აქვს მნიშვნელობა, რამდენიც სწორი ბრძოლოს მექანიზმების ამუშავებას.
_ ბრძოლოს სწორი ტაქტიკა აირჩია ივანიშვილის მხარემ?
_ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ტაქტიკა არ ჩანს. ამიტომ ამის თქმა გამიჭირდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, თუ არ იქნება გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც დაუპირისპირდება დღეს არსებულ რეჟიმს, მაშინ მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენთან რა ხდება ამ 20 წლის განმავლობაში. პრაქტიკულად ვებრძვით ამათუ იმ ხელისუფლების წარმომადგენელს. ეს ბრძოლა გადადის მისი პიროვნების წინააღმდეგ. გამოყენებულია, ასე ვთქვათ, არა საზოგადოებრივი პოზიტივი აღმშენებლობისკენ მიმართული, არამედ ამ ხელისუფლების მიუღებლობის ელემენტი. როგორც ადრე, დღესაც ოპოზიციის მხარდამჭერებს წარმოადგენს, არა უშუალოდ ის წრე ადამიანებისა, რომელსაც მოსწონს ესა თუ ის ოპოზიციური ძალა, არამედ წარმოადგენს ოპოზიციის მხარდამჭერებს იმიტომ, რომ ვერ იტანს სააკაშვილს. თუ არ მოხდება ამ მუხტის პოზიტივზე გადმოტანა, თუ არ მოხდება მომხრე საზოგადოების ბაზაზე სტრუქტურირებული გამართული ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ექნება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს ქვეყანა, თითქმის ყველა ძირითადი მიმართულებით, მაშინ ელემენტარულად ბრძოლა გადადის ერთი ადამიანის ხელისუფლებიდან განდევნის რეჟიმში. ის კაცი შეიძლება გავაგდოთ კიდევაც, მაგრამ რჩება სისტემა. მაშინ ამ საქმეში ოპონენტებს დასჭირდებათ ან გარე ძალებთან გარიგება, ან შიდა კლანებთან მოლაპარაკება. ეს კი საბოლოო ჯამში, იმას ნიშნავს, რომ ახალმოსული პიროვნება იღებს ძალიან დიდი ვალდებულებებს როგორც გარე სუბიექტებთან, ასევე რეჟიმის შემადგენელ შიდა კლანებთან, რაც, საბოლო ჯამში, აიძულებს მას ისეთ ნაბიჯებზე წავიდეს, რომელიც საზოგადოებას არ ესიამოვნება და სულ ცოტა ხანში თვითონვე აღმოჩნდება საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტი. პოლიტიკას ისტორიული და პოლიტიკური კანონზომიერებები ახასიათებს და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. დღეს თითქოს ყველა სააკაშვილს ვებრძვით. მაგრამ გვავიწყდება, რომ სააკაშვილი კი არ არის საბრძოლო ობიექტი, არამედ საბრძოლო ობიექტია სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა. ამას კი გუნდი სჭირდება. თუ ეს გუნდი მანამდე არ შეირჩა, სანამ ხელისუფლებაში მოსვლა მოხდება, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ პიროვნებამ მთელი თავისი ენერგია უნდა მიმართოს არა ქვეყნის აღმშენებლობისაკენ, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებისაკენ.
_ ასეთი გუნდი რომ იყოს, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნავს, მაშინ პროქართული ძალა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, ხომ ასეა?
_ რა თქმა უნდა.
_ პროქართული ძალა რომ არ იკვეთება და მსგავსი ძალის გაძლიერება არ ხდება?
_ ე.ი. ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ. ჩვენი ენერგია უფრო მეტად გადადის იქეთკენ, რომ დავარწმუნოთ ამერიკა, რუსეთი თუ ევროკავშირი, რომ სააკაშვილი მათ მოგვაცილონ. დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მიმართულება ეს არის. იგივე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი ვერ გაბედავს არჩევნების გაყალბებას იმიტომ, რომ მას ეტყვიან. მაგრამ ჩვენ არ ვაკვირდებით, ვინ ეტყვის ამას. და ის, ვინც ეტყვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, მის წინაშე რაღაც ვალდებულება უნდა ავიღოთ? ავტომატურად გვახსენდება, როგორ აუწია ყური სააკაშვილს პუტინმა ღია პრესკონფერენციაზე და უთხრა, შენ ვალდებულებები რომ გქონდა აღებული, რატომ არ ასრულებო. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა ვალდებულებებზეა საუბარი. რა ვალდებულებებით მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში და რა ვალდებულებები აიღო რუსეთის და უშუალოდ პუტინის მიმართ?!
_ ეს ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი? ფაქტია, სერიოზული ეკონომიკური ბერკეტები ჩაიგდო რუსეთმა ხელში.
_ ეს რომ გამოიკვეთა 8 წლის შემდეგ, უკვე ძალიან გვიან იყო. სახალხო პარტია თავიდანვე იძახდა, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში ვალდებულებებით მოსვლა. ხელისუფლებას მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე უნდა ჰქონდეს ვალდებულება და არა რუსეთის ან ამერიკის წინაშე. და ეს ვალდებულებები წინასწარვე უნდა იყოს გაცხადებული. ეს არ არის დასამალი და ხალხი არ უნდა მოვატყუოთ. იმიტომ არ საუბრობენ ამ თემაზე, რომ თვითონვე ეშინიათ ქართველი ხალხის რისხვისა. ერთი სერიოზული კონფერენცია არ ჩატარებულა თემაზე: `სად გადის რუსეთ-საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შეხების წერტილები~. ჩვენ რა გვგონია, რომ რუსეთს მოვატყუებთ, თუ ამ თემაზე დღეს არ ვიტყვით?! E
_ ივანიშვილს გაუჭირდება, შექმნას პროქართული ძალა, რადგან გვერდით ალასანია და რესპუბლიკელები, როგორც მათ უწოდებენ, ამერიკიდან მართული ძალები დაიყენა?
_ რატომ უწოდებენ ასე, სიმართლე რომ გითხრათ, ამის არანაირი არგუმენტი არ მაქვს, მით უმეტეს, როცა საქმე რესპუბლიკურ პარტიას ეხება. მაგრამ ამ შემთხვვაში ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, ვინ იქნება ივანიშვილთან იმიტომ, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა თავად ივანიშვილზეა. თავის დამოკიდებულებას ივანიშვილის მიმართ არ განსაზღვრავს იმით, თუ ვის ჩამოართმევს ხელს ივანიშვილი. მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ ივანიშვილს არ ჩამოუყალიბებია მთელი რიგი პრინციპული პოზიციები იმ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა გდაწყვიტოს ქვეყნის ბედი და რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ განვსაზღვროთ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა რა ფუნდამენტალურ ღირებულებებს ეფუძნება და ორიენტაცისაა. ამიტომ ამ ძალის შექმნისკენ უნდა გადაიდგას მთავარი ნაბიჯი. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ აღმოჩნდება მის გუნდში, არამედ, ივანიშვილმა უნდა გამოკვეთოს, რა უნდა მას. ამ ღირებულებების მატარებელი ვინ არის, ის ძალები უნდა იყვნენ მის გვერდით. როცა ივანიშვილის პოპულარობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პოპულარობა სააკაშვილის ზიზღზეა აგებული. ამიტომ საზოგადოების მხრიდან ივანიშვილზე გაცემული მხარდაჭერა_ ეს არის ავანსად გაცემული მხარდაჭერა. ივანიშვილმა ამ მხარდაჭერას სტრუქტურირება უნდა გაუკეთოს და პოზიტივში, პოზიტიურ ძალაში გადაიყვანოს, თუ შედეგის მიღწევა უნდა.