ახალი თაობა 14.12.1998
ცემა-ტყეპა პარლამენტში ნაპოლეონ სააკაშვილის და მედდების თანხლებით
თამარ ასლანიკაშვილი
კვირას პარლამენტის სხდომაზე შემოტანილი ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კინოში ცვლილებების შეტანა თუ ცემა-ტყეპის მიზეზი გახდებოდა, თავიდან ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ მოსახდენი მოხდა. ქართველმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ სცადეს ფიზიკური ძალის დემონსტრირება და ერთმანეთის მოსინჯვა.
თავიდან ყველაფერი მშვიდად დაიწყო. იუსტიციის საბჭოს მდივანი დავით მუმლაძემ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის შემოთავაზებული კანონპროექტი ახალი სასამართლო სისტემის ამოქმედების ვადის 1999 წელს 20 იანვრიდან 30 მარტამდე გადატანას და სასამართლოთა ორგანიზაციული მართვის სფეროში მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.
კანონპროექტით დაწესდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის ინსტიტუტი, რომელსაც გაივლის ყველა პირველი დანიშნული მოსამართლე, ხოლო საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა მიჩნეულია თანამდებობიდან მოსამართლის განთავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად. გარკვეულად ფართოვდებოდა ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებში ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების როლი.
სახალხო პარტია იუსტიციის საბჭოს მუშაობით დაინტერესდა.
_ საიდან გაჟონა ინფორმაციამ საგამოცდო ტესტების შესახებ, რას ნიშნავს კორუფუცია იუსტიციის საბჭოში? – იკითხა დავით ჭეიშვილმა.
_ იუსტიციის საბჭო ერთ-ერთ ყველაზე პატარა აპარატია სახელწიფოში, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ. კორფუცია აქ არ არსებობს. რაც შეეხება ინფორმაციის გაჟონვას, არც მსგავსი რამ მომხდარა. საქართველოში არც ერთი გამოცდა არ ყოფილა ისეთი გამჭირვალე, როგორც მოსამართლე საკვალიფიკაციო გამოცდები, – უპასუხა სააკაშვილმა.
_ მამუკა გიორგაძემ აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა საკადრო საკითხებამდე დავიდა, რომ მთლიანად სისტემის ძაგება ხდება იმის დასამტკიცებლად, რომ რეფორმა შეცვლის ყველაფერს.
_ არ ვართ დარწმუნებული, რომ რეფორმა განხორციელდება, – განაცხადა გიორგაძემ. ამან, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ლანა ღოღობერიძე გაანაწყენა.
_ რეფორმას ჩვენ გვატოვებთ ხელში, თავად პრორუსულ ძალებს უკავშირდებით, – თქვა ლანა ღოღობერიძემ და სახალხოელები ახმაურდნენ.
_ ღოღობერიძე სიტუაციის გასარჩევად სახალხოელთა ბანაკისაკენ დაიძრა. გზაში მიხეილ მაჭავარიანი და სააკაშვილი დაემგზავრნენ. ვიდრე ღოღობერიძე გიორგაძეს რაღაცეებს უმტკიცებდა, მაჭავარიანი და ხუხუნაიშვილი შელაპარაკდნენ და სხდომათა დარბაზი სამ ჯგუფად გაიყო: მებრძოლებად, გამშვებლებად და სეირის მაყურებლებად. ვიდრე ვითარება განსაკუთრებით ხუხუნაიშვილ-მაჭავარიანის ფლანგზე დაიძაბა.
_ ვინ გგონივართ, ვირიშვილო! – დაიყვირა მაჭავარიანმა და გერმანე ფაცაცია შუაში ჩადგა. ხუხუნაიშვილს კახა ჩიტაია აკავებდა. სააკაშვილი ნაპოლეონივით დაჰყურებდა ბრძოლის ველს. მდედრობითი სქესის დეპუტატები მედდების გამომეტყველებით ხან ერთ ბანაკთან მირბოდნენ, ხან მეორესთან.
_ კიდევ კარგი, ელჩად არ გაუშვეს ეს ქალი, – ღოღობერიძის მიმართულებით ჩაიაპარაკა ერთერთმა დეპუტატმა – ხომ დაგვაწყებინებდა ომს საფრანგეთთან.
_ ბოლოს ემოციები განიმუხტა და დეპუტატებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს, “მომეცი ერთი კევი”, გასძახა გიორგაძემ სააკაშვილს. “არ გაქვს?”, ჩაიქნია სახალხო ლიდერმა ხელი და ისეთი გამომეტყველებით გახედა, თითქოს ორი დღის წინ მასა და სააკაშვილს შორის იმ მდგომარეობის წინაპირობა არ შექმნილიყო, რომელიც მაჭავარიანსა და ხუხუნაიშვილს შორის შეიქმნა.
-