ახალი თაობა 23.10. 2006
ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის ხელისუფლებას პასუხი უნდა მოვთხოვოთ!
სააკაშვილი თავისივე სისტემის მსხვერპლი გახდება
შორენა კოწოწაშვილი
- ბატონო მამუკა, პრეზიდენთმა სააკაშვილმა თავის ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის ყველა ტრიბუნას გამოიყენებს, წავა დსთ-ს სამიტზეც წავა და პუტინსაც შეხვდება. რამდენად სწორია დღევანდელ ფონზე ამგვარი პოლიტიკა?
- ჩემთვის და ალბათ ყველა ნორმალური ადამიანისთვის ხელისუფლების ასეთი არათანმიმდევრულობა გაუგებარია. სააკაშვილის არაჯანსაღ ქმედებებს მისი ხასიათის გაუწონასწორებლობიდან გამომდინარე, მიჩვეულნი ვართ, მაგრამ როდესაც საგარეო ურთიერთობებშიც ასეთი მერყევი ხარ, უხერხულია. კაცს ქვეყნის მტრად აცხადებ, ქვეყანას ლამის ომს უცხადებ და მეორე დღეს აცხადებ, რომ დსთ-დან ვერ გამოვალთ, რადგან ეს ურთიერთობას უფრო გაგვირთულებსო, ამაზე მეტი გართულება რაღა შეიძლება იყოს?
- ანუ თქვენ თვლით, რომ დსთ-დან გამოსვლა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს?
- ლოგიკურია, თუ აცხადებ, რომ რუსეთი შენი მტერია და იმის ფიქრშია, როგორ გიმტროს შენ, არ შეიძლება საქართველოს რუსეთთან ისეთი პოზიცია ეკავოს, როგორიც დღეს აქ. აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებში შეუძლებელია, შენი მტერი იყოს შუამავალი.
- ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თუ საქართველოს დასჭირდა, პრეზიდენტი ვალდებულია, ყველანაირ ნაბიჯზე წავიდეს, ბოდიში მოიხადოს და პუტინსაც შეხვდესო…
- არ გახსოვთ, შევარდნაძის დროს რა ხდებოდა, ყოველი სამი წლის შემდეგ ატყდებოდა ანტირუსული ისტერია, ნაწილი აცხადებდა, შევარდნაძე აუცილებლად უნდა ჩავიდეს რუსეთში და შეხვდეს პრეზიდენტსო. ანალოგიური გაგრძელება დღესაც. სააკაშვილი, მისი წინამორბედების მსგავსად, მზად არის, ყველაფერი დაუთმოს რუსეთს, მაგრამ იმისთვის, რომ მიშამ ქარველთა თვალში არ დაკარგოს რეიტინგი, სამ-ექვს თვეში საჭიროა ასეთი არასერიოზული სპექტაკლების გამართვა. სამწუხაროდ, ამ სპექტაკლებს უკვე სამი ადამიანი შეეწირა. მათ დაღუპვაში მარტო რუსეთის მთავრობას ვერ დავდებთ ბრალს. თუ კი იცი, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მრავალი ტვინგახურებული ადამიანია, შენი მოქალაქეები საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენო. რუსეთი რომ დამნაშავეა ეს საუბრის ცალკე თემაა, მაგრამ შენ რა გააკეთე იმისთვის, რომ გახელებულ ვეშაპს არ მიუგდო შენივე მოქალაქეები საჯიჯგნად?! სააკაშვილი ძალიან კარგად გრძნობს თავს, სამი ადამიანი კი მიწას მიაბარეს, ათასობის ადამიანის ცხოვრება დაინგრა, ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც პატარა ბიჭებმა მიიღეს, მათ მდგომარეობაზე ვინ აგებს პასუხს. ამ ფონზე ქვეყნის პირველი პირი რომ აცხადებს, ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოო, სირცხვილია.
- როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ შეხვდა პუტინი სააკაშვილს?
- ყველას კარგად მოეხსენება ის შეხვედრები, როდესაც სააკაშვილი პუტინს დითირამებს უძღვნიდა. თუ სააკაშვილი ამ ფორმატს არ დაარღვევს, პუტინი სიამოვნებით შეხვდება. აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რუსეთს ჩვენ პიროვნებების დონეზე კი არა, მათი პოლიტიკის დონეზე უნდა ვებრძოლოთ. საქართველოსთვის მათი პოლიტიკაა მიუღებელი, მაგრამ ეს არ გვანიჭებს უფლებას, რომ პიროვნული შეურაწხყოფა მიაყენო ამა თუ იმ ადამიანს. დღეს საკაშვილმა ორ ქვეყნას შორის ურთიერთობა პიროვნული შეურაცხყოფის რანგში გადაიყვანა. ვერ გეტყვით, პიროვნულ შეურაცხყოფას რა ხარისხით განიცდის პუტინი. ეს მათი შეხვედრა არ შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება.
- რუსეთში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 40% საქართველოს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი. თვლით თუ არა, რომ პოლიტიკური უთანხმოება საზოგადოებრივ განწობაზე აშკარა ასახვას ჰპოვებს?
- ეს სავსებით ობიექტური შედეგია. ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლებაც რუსეთთან დაპირისპირებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. ორივე ქვეყნის ხელისუფლება გარკვეულ ზომბირებასაც უკეთებს მოსახლეობას და ფსიქოლოგიურ სტრესშიც ამყოფებს. იმ ტიპის მმართველობა, რომელიც დღეს რუსეთში და საქართველოშია, მტრის ხატის გარეშე ვერ ძლებს.
- საქართველოს პრეზიდენთი რუსეთში მცხოვრებ ქართველებს უკან დაბრუნებას სთხოვს. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის მოპატიჟებას მიიღებენ?
- აქ ვინც ვცხოვრობთ, ხომ ნეტარებას ვართ მიცემულნი… საქართველოდან წასული ქართველობა სიტყვებს კი არა, ქმედებებს აქცევს ყურადღებას. სოციალური პირობები და ადამიანის უფლებები დაუცველია და ვინ აიტკიებს აუტკივარ თავს. საქართველოში მხოლოდ ის ქართველები დაბრუნდებიან, ვისაც რუსეთში აღარ დაედგომება. დეპორტირებული ხალხი სწორედ ამის დადასტურებაა. საქართველოდან წასულებს ამ მთავრობის არ სჯერათ და ბუნებრივიცაა. აქ ვცხოვრობ და მე არ მჯერა მათი, ისინი დაიჯერებენ?!
- რუსეთიდან შემოსულ პროდუქტებზე ფასებმა კატასტროფულად მოიმატა. როგორ ფიქრობთ, სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი?
- პროდუქტებზე ფასების მატება კარგა ხანია დაიწყო, ბოლო დროს ეს უფრო გამოიკვეთა. ფასების მატების ბუნებრივი პროცესი ხელოვნურადაა გამოწვეული. ამას თავის მიზეზები აქვს, ბოლოს და ბოლოს, შადრევნები, ზეიმები, კონცერტები ხომ საფინანსებელია, ეს თანხა კი ხალხის ჯიბიდან უნდა ამოიღონ.
- ბატონო მამუკა, ახლაახან კონდოლიზა რაისი რუსეთში იმყოფებოდა, პუტინმა და კონდოლიზამ დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს. იქონიებს თუ არა ეს ვიზიტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე გავლენას ჩვენდა სასიკეთოდ?
- ურთიერთობები და ცხოვრება ჩვენივე წინაპრების შეხედულებებზე უნდა დავაფუძნოთ, თუ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს, აშკარაა, რომ ილია უცხო ძალას არ ემხრობოდა და არც აფეტიშებდა. ის, რომ ვიღაცა გვიხსნის, გადაგვარჩენს და მოგვხედავს, ეს თავიდან უნდა ამოვიგდოთ. ამის ნათელი მაგალითია გაეროს ბოლო რეზოლუცია. ის რომ, ვიღაცა ვიღაცას სადღაც შეხვდება და საქართველოს ინტერესებს დაიცავს, აბსურდია, მეორე საკითხია პარტნიორული ურთიერთობები. Mე მგონი, არც ამერიკასთან და არც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები არ გვაქვს.
- არ მგონია, ამერიკას მოსწონდეს ჩვენი მთავრობის გაუთავებელი და უთავბოლო ქმედებები. თუ გვინდა, რომ ვიღაცა დაგვეხმაროს, უპირველეს ყოვლისა, მის თვალში ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ და ღირსეულ პარტნიორებად უნდა აღგვითვამდნენ. კონდოლიზა რაისიც და სხვაც ჩვენს ინტერესებს დაიცავს იმდენად, რამდენადაც ეს მის ქვეყანას აწყობს.
- პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად 2008 წელს ჩატარდებაო. როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე მიიღო ქვეყნის პირველმა პირმა ამგვარი გადაწყვეტილება?
- მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით ტალახს და შემდეგ გვიკვირს, რატომ ვართ ჭუჭყიანები. ბოლო პერიოდში ფაქტები სწორედ ამას უკავშირდება. დაწყებული კობა დავითაშვილის ფარული ჩანაწერებიდან, დამთავრებული სააკაშვილის გამოსვლით. დავითაშვილის დამცველი არ ვარ, მაგრამ ასეთ ჩანაწერებზე მსჯელობა არ შეიძლება, მასზე მსჯელობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ პროვოცირებას ვუკეთებთ, სხვამ კიდევ გამოიყენოს მსგავსი ქმედება.
- აბა, ასეთი ფაქტს იგნორირება უნდა გაუკეთო?
- დიახ, იგნორირება უნდა გაუკეთოთ იმიტომ, რომ ასეთმა ფარულმა ჩანაწერებმა აზრი დაკარგოს. თუ ჩვენ ამგვარ ჩანაწერებს მსჯელობის საგნად გავხდით, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების ჩანაფიქრი მიღწეუელია. პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას ვინც ამგვარ ჩანაწერებს ხელი შეუწყო. ანალოგიური სიტუაციაა არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც არჩევნებს ვირგებთ ჩვენს თავზე. ეს ავტომატურად ნერგავს სახელმწიფოს უკანონობას. არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი მოიგებს თუ წააგებს, ის ქმნის ისეთ სისტემას, რომლის მსხვერპლიც თავადვე გახდება. ისევე როგორც თავის დროზე ბერია, იაგოდა, ეჟოვი, საბჭოთა სისტემის შემქმნელები თავადვე გახდნენ შექმნის მსხვერპლნი. დღეს ასეთ სისტემას ქმნის სააკაშვილი, ხვალ მასზე გაჩნდება ფარული ჩანაწერები, თავის დროზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილზე გავრცელდა ფარული ჩანაწერები, მე მაშინაც წინააღმდეგ ვიყავი მისი გავრცელების.
- ასლან აბაშიძის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გულისხმობთ?
- დიახ… სააკაშვილს მისგან შექმნილი სისტემა შეჭამს, რადგან მოვა სხვა, კანონმდებლობას თავის ტყავზე მოირგებს და პასუხსაც აგებინებს მას, რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დანიშვნის თარიღს, აქ რამდენიმე ფაქტორია. პირველი, მათ დაინახეს, რომ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო არჩევნებში გაყვანის ასეთივე დიდძალი ფული დასჭირდება, როგორც მიხრწნილი მოხუცი პატარძლის გათხოვებას სჭირდება დიდი მზითვი. შევარდნაძის სისტემაში სააკაშვილი ჭანჭიკი იყო, ედუარდი კი კომუნისტურ სისტემაში გახლდათ ჭანჭიკი. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები გახლდათ მიხეილ სააკაშვილის ჭანჭიკები. სისტემის თანახმად არ უნდა არსებობდეს მეორე ლიდერი. შევარდნაძე იმდენს ვერ ბედავდა, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთმანეთისთვის დაემთხვია. სააკაშვილს ამის თავხედობა ჰყოფნის და სჯერა, რომ ქართველი ხალხი ამას ჩაყლაპავს.
- თქვენ თვლით, რომ ამ ცვლილებას პროტესტი არ მოჰყვება?
- საქართველოში არჩევნებს არჩევნებამდე იგებენ. თუ ქართველმა ერმა არჩევნებამდე ვერ მოახერხა პროტესტის გამოთქმა, შეიძლება ჩათვალოთ, რომ არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც მათ აწყობთ. გასათვალისწინებელია ის, როგორც მათ აწყობთ. გასათვალისწინებელია ის, რომ საქართველოში არჩევნები ბუშის არჩევნებს ემთხვევა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი მისი ოპონენტი დემოკრატა ბანაკში იმყოფება, ბუნებრივია, სურვილი, რომ არჩევნები შტატების პრეზიდენტის ვადაში ჩატარდეს, სრულებით გასაგებია, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილს არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს. საქართველოს პრეზიდენტმა გათვალა, რომ მისი შემქმნელი ბუში მის წინააღმდეგ ღიად არ გამოვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ემთხვევა, შეიძლება ორ კვირაში იყოს სხვაობა. ამ შემთხვევაში ორი ქვეყნის პირველ პირებს აწობთ საარჩევნოდ სერიოზული კონფრონტაციული გარემოს შექმნა. ამგვარ ნაბიჯებში ნათლად ჩანს ხელისუფლების დაკარგვის შიში და აშკარაა, რომ მათი ძალაუფლება არანაირ ობიექტურ, რეალურ საფუძველს არ ეფუძნება. დღევანდელ ხელისუფლებას ესმის, რომ ერთ მხრივ ქართველ ხალხს და მეორე მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათი აღარ სჯერათ, ასე რომ არ იყოს, ამგვარ გადაწყვეტილებებს არაფრის დიდებით არ მიიღებენ.