მამუკა გიორგაძე: “მავნე კოაბიტაცია უნდა დასრულდეს!”
თამარ ნინიძე
ეროვნულმა ძალებმა საპრეზიდენტო კანდიდატად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ მჟავია წარადგინეს. ამ და სხვა საკითხებზე `ახალ თაობას~ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა.
_ ბატონო მამუკა, რითი ხელმძღვანელობდით როცა თემურ მჟავია წარადგინეთ თქვენი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად?
_ როცა საქმე გვაქვს ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანასთან, საპრეზიდენტო არჩევნებს ეს უფრო ამძაფრებს. როცა სახელმწიფო ისე ცხოვრობს თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება, ისე ცხოვრობს, როცა 20% ოკუპირებულია, მოსახლეობა კი ოკუპანტთა უღლის ქვეშ არის და სახელმწიფოში ამის გაცნობიერება არ ხდება, ჩვენი გმირი წინაპრების საფლავების დაცვაც კი არ შეგვიძლია იმ სახელმწიფოს პერსპექტივა არ გააჩნია. საუბარია არა მარტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, არამედ იმაზე, შედგება თუ არა ქართული სახელმწიფო.
არც ერთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ისმის საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ფუნქციის შესახებ საუბარი. საუბარობენ, მხოლოდ, სოციალურ საკითხებზე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტია და არ არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი საკითხები. როცა სახელმწიფოებრივ საკითხებზე არ ვსაუბრობთ, ერთის მხრივ ქართული ნების პარალიზებასთან გვაქვს საქმე, მეორეს მხრივ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა მიდის და მისი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის დაქვეითების მცდელობა. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს ქვეყანაში. მიდის ჭიდილი, ვინ გავა პირველ, მეორე ან მესამე ადგილებზე, არ მიდის მსჯელობა იმაზე რა უნდა დაედოს საფუძვლად ქართულ ეროვნულ თვითშეგნებას. არჩევნები არის ხალხის შეთანხმება, ხუთი წლის ვადით როგორი პრეზიდენტი გვინდა ჩვენ ავირჩიოთ იმ უფლებამოვალეობების ფარგლებში რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. სახალხო პარტიის სურვილი განპირობებულია იმით, რომ ამის შესახებ ვუთხრათ როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც დაინტერესდება ამ არჩევნებით, მათ გასაგონად, ასევე ოკუპანტების გასაგონად საჭიროა განვუცხადოთ ყველას, რომ საქართველო არის ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რომ გამოკვეთილია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია, ასევე რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, საქართველოს აქვს ორი ამოცანა _ ტერიტორიების დაბრუნება და აფხაზი და ოსი ხალხების გულების დაბრუნება, მაგრამ ეს ორი ამოცანა მიბმული არ არის ერთმანეთზე, რადგან ერთის გადაწყვეტა არ ნიშნავს მეორის ავტომატურად გადაწყვეტას. დღეს ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ დავიბრუნოთ აფხაზთა გულები, ტერიტორია არ უნდა დავიბრუნოთ? ეს ტერიტორია ქართველთა ოფლით და სისხლით მუდმივად იყო საქართველოს შემადგენლობაში. მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ არ შეიძლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის შექმნა ცხინვალის ტერიტორიაზე. ეს იყო რუსი ბოლშევიკების ტოპონიმიც და ადმინისტრაციული ერთეულიც. იქაც ერთი წამით არ უარსებია საოკუპაციო ჯარების დგომის გარეშე ამ ავტონომიას. უნდა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ ერთადერთი ეროვნული უმცირესობა არის აფხაზი ხალხი, დანარჩენი კი არის დიასპორა, რომ მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია ამ ერების თვითმყოფადობის შენარჩუნება. დაუშვებელია კონფედერაცია, ნებაყოფლობით სამართლებრივად იოლად დაშლადი გაერთიანების შექმნა, ეს არის ისტორიული მასშტაბის სახელმწიფოებრივი ამოცანები. ბატონი თემურ მჟავია იყო ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი დევნილობაში, მსგავსი ბიოგრაფიის ხალხი ვართ ჩვენ და ვამბობთ, რომ ეროვნულმა მოძრაობამ უდიდესი მნიშვნელობა შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, დღეს კვლავ ფორმაში ვართ და აქტიურად ვიბრძვით იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ და გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო. ამ უდიდესი სამუშაოს სიმბოლოა ბატონი თემურ მჟავია, ადამიანი, რომელიც არის სოხუმის მკვიდრი.
_ მოგეხსენებათ ქარიზმა უნდა გააჩნდეს საპრეზიდენტო კანდიდატს და რეიტინგი ამომრჩეველში. თქვენ როგორ ფიქრობთ აქვს თქვენს კანდიდატს ქარიზმა და რეიტინგი?
_ მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ნაწილს იმ კრიტერიუმებისა, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობამ შექმნა. რა თქმა უნდა, სასურველია ყველა კანდიდატს ჰქონდეს ქარიზმა, რეიტინგის მაღალი დონე, მაგრამ ყველა სახელმწიფოს პატიოსანი ადამიანი იტყვის, რომ უმთავრესი რაც უნდა ჰქონდეს ეს არის პოზიცია, პრინციპები, სახელმწიფობრივი ხედვები, ჩვენ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მერე რა რომ ვიღაცა ტიკინა ყოველ დღე ტელევიზორში ჩანს, ყოველდღე ათას სისულელეს როშავს იმიტომ, რომ აქვს ყოველდღე ტელეეკრანზე გამოსვლის საშუალება, ამით უნდათ შექმნან ბრძოლის იმიტაცია, თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი, არა, ბატონო, იმისათვის რომ პიროვნებას ჰქონდეს ქარიზმა და რეიტინგი, უნდა იყოს პიროვნება, ჰქონდეს პოზიცია და პასუხისმგებლობა ამ პოზიციაზე. პლასტელინებს თუ ტიკინებს ამათ გააჩნიათ ჩამოყალიბებული პოზიციები და პრინციპები? მერე რა რომ ვიღაცამ შეიძლება ლამაზი ლაპარაკი იცის, ყვარყვარე ამბობს მეც ვისწავლი შენსავით საუბარსო. ისწავლეს ამ ადამიანებმა ეკრანის წინ პოზირება, ყელის მოღერება, მთავარში ვერ შედგნენ ეს ადამიანები, არ გააჩნიათ პოზიციები და პასუხისმგებლობები ამ პრინციპებზე და ნება რომ სახელმწიფო პრობლემები მოგვარდეს. აქ გვყავს ჩვენ ძლიერი კანდიდატი, ძლიერი პოზიციები და მიგვაჩნია, რომ როცა ეს უნარი იქნება წარმატებული, რომ პიროვნებას პატივი ვცეთ მისი პრინციპულობის გამო, მაშინ შედგება ქართული სახელმწიფო და ჯანსაღი კონკურენტული გარემო. მერე შეგვიძლია ვისაუბროთ ამა თუ იმ ადამიანის რეიტინგზე და ცნობადობაზე.
_ შემაშფოთებელი იყო საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტები საზოგადოებაში, რისი მომსწრენიც ვიყავით გასულ კვირას. როგორ ფიქრობთ მუსლიმანურ მოსახლეობას ვინმე ავიწროვებს?
_ ჩვენ საქართველოში ამ ადამიანებს ვუწოდებთ მაჰმადიანებს. ეს იყო დამკვიდრებული ტერმინი და ახლა რატომღაც სულ სხვა ტერმინებზე გადავდივართ. ეს იყო პროვოკაცია იმისათვის, რომ მომხდარიყო რელიგიურ თემაზე დაპირისპირება, კიდევ ერთხელ მომხდარიყო ამ თემის აქტუალიზაცია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩენილიყო როგორც არატოლერანტული ქვეყანა, აქ საბაბია მთავარი, რა საბაბით მოხსნი მინარეთს. როცა საბაჟოზე შემოტანილი არმატურა უნდა დავთვალოთო და ამ საბაბით ხსნი მინარეთს, ამ ადამიანების აბუჩად აგდებაა ეს, ნებისმიერი ქართველის მოვალეობაა ამ დაჩაგრულ ადამიანებს დაუდგეს გვერდით, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა, მე სოლიდარობას ვუცხადებ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველ მაჰმადიანებს, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან მიიღეს ეს შეურაცხყოფა. დააკვირდით განვითარებულ მოვლენებს. მოგვიანებით გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ მინარეთი იყო უკანონოდ აგებული, თუ ეს ასე იყო, მაშინ რატომ მოხსნა სახელმწიფომ ის არმატურის დათვლის საბაბით? ეს ადამიანები პროტესტის გამოსახატავად მიდიან ბათუმში და არა თბილისში, გვესმის სიტყვები დანარჩენ საქართველოში არ გვაქცევენ ყურადღებას და ისევ ჩვენი მხარე ბათუმია და იქ უნდა დავიცვათ ჩვენი სიმართლე, ეს არის პრაქტიკული სეპარატიზმის ხელშეწყობა. ამას ემატება ასევე ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადება აჭარის ხელისუფლება ეცდება შუამავლობას ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადიგენის მოსახლეობას შორის, რატომ ერევა ბათუმის ხელისუფლება ამაში, ეს არის კიდევ ერთი მოწოდება სეპარატიზმისკენ. მეორე მესამე დღეს ხდება ბათუმში მეჩეთის ტერიტორიის კურთხევა, ხომ არ არის ეს იმ ვალდებულების ნაწილი, რომელიც თურქეთის წინაშე აიღო საქართველოს ხელისუფლებამ, მეჩეთის აშენებაზე, მინარეთის მოხსნა ხდება 26 აგვისტოს, როცა რუსეთმა სცნო საქართველოს განუყოფელი ნაწილების დამოუკიდებლობა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. საეჭვოა საქართველოსადმი ერთგულების საკითხი იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს ხელისუფლების სათავეში არიან. მარტივად გათამაშებული პროვოკაციით გვაკეთებინებენ იმას, რაც მათ უნდათ და უკვე მერამდენედ. ეს ისევ აჩვენებს იმას, რომ ისეთივე მონები ვართ, როგორებიც ვიყავით საბჭოთა სისტემის დროს.
_ როგორც ჩანს ქართული ოცნების დაკვეტით იყო ის სოციოლოგიური კვლევები, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა და რომელშიც დავით ბაქრაძე მარგველაშვილის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. რამდენად რეალურია ეს კვლევები?
_ საქართველოში არ არის დამკვიდრებული ღრმა პოლიტიკრი საფუძვლები, ეს გამოკითხვები სურვილების გამოხატვაა როგორც უნდა დაინახოს ეს სურვილები დამკვეთმა. რომ პირველი უალტერნატივოა მარგველაშვილი, ჩემი საყვარელი პლასტელინი, მეორეზე კი ის ვინც ჭკვიანად მოიქცევა, ბაქრაძე და ბურჯანაძე, რომლებსაც ორივეს ხელშეწყობა აქვთ მოქმედი ხელისუფლებისგან. შედარებით ლოიალური ოპონენტია ბაქრაძე და რადიკალური კი ბურჯანაძე. სინამდვილეში ორივეს შეუძლიათ წაიღონ ივანიშვილის რეალურად მოწინააღმდეგეთა ხმები. ამ სპექტაკლში თავის როლს ასრულებენ და ამით თავადაც კმაყოფილი არიან. ცოტათი წაიწკმუტუნებენ, ისინი, ვინც მესამე ადგილზე გავლენ, ბევრის უფლებას მათ არავინ მისცემს.
_ კუკავას აზრით ქართული ოცნება და ნაციონალები გარიგებული არიან და ახლა ნაციონალების მიერ მიტაცემული ბიზნესების გადანაწილება ხდება მათ შორის.
_ ამას თავად ხელისუფლება არ მალავს ობიექტურად დადასტურებული ფაქტია, ამბობენ, რომ მავნე კოჰაბიტაცია უნდა დამთავრდეს. ვინ უნდა დაამთავროს ეს კოჰაბიტაცია, ვის მოუწოდებენ ამას? როგორც სააკაშვილი თანამშრომლობდა შევარდნაძის ნარჩენებთან, ისე ითანამშრომლებს ივანიშვილი სააკაშვილის ნარჩენებთან. ესენი ერთი ძალა იყვნენ 2003 წელს. ამიტომაც უფრო ისინი ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და არა სახალხო პარტიასთან და თემურ მჟავიასთან.
_ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არის უცხოურ პრესაში გადაძახილ-გადმოძახილი, ივანიშვილი ემუქრება სააკაშვილს დაჭერით, სააკაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილი პუტინის დაკვეთას ასრულებს და მხოლოდ პუტინს უნდა ნახოს სააკაშვილი დაჭერილი. ამაზე რას იტყვით? სააკაშვილის დაკავებას მოახერხებენ?
_ ეს არის თანამშრომლობის ფორმა. სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრება დასრულდება თუ მას ტელევიზორში არ გამოიყვან. ესენი ერთმანეთს აცოცხლებენ. ეს არის დახმარება და მეტი არაფერი. კოჰაბიტაცია ეს არის. ეჭვი მეპარება რომ სააკაშვილი დაიჭირონ. ოცნება კომფორტულად სარგებლობს ნაცმოძრაობის მემკვიდრეობით. სააკაშვილის დაჭერა კი ნიშნავს ამ კომფორტზე ხელს აღებას.