”სახალხო პარტიის” განცხადება
დღეს, როდესაც ქვეყანა ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ტრიბუნიდან და არც ერთი მონაწილე კანდიდატისგან არ ისმის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მით უმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორისა.
_ დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროსაც კი, ძირითადად, საუბრობენ სოციალური, კომუნალური და მიმდინარე ერთჯერადი პრობლემების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, მაგრამ, რეალურად, თვითმმართველობისა და აღმასრულებელი სტრუქტურების მოსაგვარებელია,
_ დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროსაც კი, სრულებით მიჩქმალულია პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება-მოვალეობების ადექვატურად და ღირსეულად აღსრულების თემა. ზემოთ ნახსენებ არასტრატეგიულსა და თითქმის არასადავო თემებზე საპრეზიდენტო არჩევნების დროს აპელირება ეროვნული პოლიტიკური ნების პარალიზაციის, ხალხის შეცდომაში შეყვანის და მისი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დაქვეითების მცდელობაა.
ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაუშვებელი ხარვეზია, რომლის გამოსწორება პოლიტიკურ ძალთა მოვალეობაა. ამ მოვალეობიდან გამომდინარე, ვსარგებლობთ რა საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესით, რომელიც პოლიტიკური სპექტრისა და საერთაშორისო საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ გამოვხატოთ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მტკიცე ნება და ყველას ვაუწყოთ ჩვენი პოზიცია საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ.
ამ ქმედებით “სახალხო პარტია” თავის ნებას და ძალისხმევას უერთებს ქართველი ერის მტკიცე ნებას, რომ, განურჩევლად საქართველოს ამა თუ იმ პოლიტიკოსის არაადექვატური პოზიციისა, არასდროს არ შეურიგდეს რუსეთის მიერ საქართველოს მიწა-წყლის ხელყოფის აგრესიულ მცდელობას, არ შეურიგდეს დღევანდელ დამამცირებელ რეალობას და ყველა მისაწვდომი საშუალებით მკაფიოდ მოითხოვოს საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და წინა რეჟიმებისგან მემკვიდრეობით დატოვებული მართვის ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟი.
ოკუპანტმა და მსოფლიომ უნდა იცოდნენ შემდეგი:
I. საქართველო არის ერთიანი, განუყოფელი და სეკულარული სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე განმტკიცებულია საქართ_ ველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია და, იმავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.
II. საქართველოს და ქართველი ერის შეუვალი ორი ამოცანა _ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ თავისი იურისდიქციის პრაქტიკული განხორციელება და აფსუა (“აფხაზ”) ხალხთან ნორმალური მოყვრული ურთიერთობის აღდგენა _ სასიცოცხლოა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც, მაგრამ ერთის გადაჭრა ვერ იქნება დამოკიდებული მეორის გადაჭრაზე. საქართველოს რეალურად ერთგულ პოლიტიკურ ძალებს და ქართველ ერს, რომლის ნებასაც ეს ძალები ასახიერებენ, მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ თავისი იურისდიქციის პრაქტიკული განხორციელების უფლება უპირობოა; A აფხაზეთი არის ავტონომიური ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეული საქართველოს შემადგენლობაში; ასევე, უყალბო ნება გაგვაჩნია. აფხაზ ხალხთან გულწრფელი მოლაპარაკებისა, რადგან მხოლოდ საქართველოს შეუძლია (ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტებისგან განსხვავებით), რომ აფსუა (“აფხაზ”) ხალხს შეუქმნას სამარადისო ეროვნული გადარჩენის რეალური იურიდიული ბერკეტები და ფაქტობრივი პირობები.
III. ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ “ოსეთის” შექმნა დაუშვებელია. “სამხრეთ ოსეთი” არის რუსი დამპყრობლების მოგონილი სახელი და მათივე შექმნილი (რუსული ინსტანციების დადგენილებით ჯერ კიდევ 1920 წელს, საქართველოს დაპყრობამდე 1921 წელს) ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეული, რომლის არსებობას არანაირი არც ისტორიული, არც იურიდიული, არც ეკონომიკური, არც კულტურული, არც მორალური საფუძველი არ ჰქონდა და არა აქვს და რომელსაც არც ერთი საათი არ უარსებია იქ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების დგომის გარეშე. Oოსი ეროვნების მოსახლეობის სპეციფიკურ ინტერესთა რეალიზაციის Oოპტიმალურ ორგანიზაციულ ვარიანტად გვესახება ფუნქციური ავტონომია, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სისტემას, რომლის ამოცანაა ოსების ეროვნული (ეთნიკური) ინტერესების ლობირება და რომელსაც ის უპირატესობა აქვს, რომ იგი მოიცავს საქართველოს მთელ ოსურ მოსახლეობას და არა მის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კომპაქტურად ცხოვრობს.
IV. თავის ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობასთან ურთიერთობის რაგვარობისა და მიმართულების განსაზღვრაში საქართველოს სახელმწიფო არ საჭიროებს ჩარევას გარედან, მით უმეტეს – რუსეთის ფედერაციისაგან. საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა ამ ტერმინის საყოველთაოდ აღიარებული მნიშვნელობით არის მხოლოდ აფხაზი (‘აფსუა”) ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი კი არის დიასპორა. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს _ ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.
V. ქართულ-აფხაზურ-ოსური ”კონფედერაციის”, ანუ, ნებაყოფლობით ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი (როგორც კი მისი ერთ-ერთი მონაწილე განაცხადებს, რომ კონფედერაციაში ყოფნა აღარ სურს) გაერთიანების შექმნა დაუშვებელია.
ეს დებულებები უნდა იქცეს საერთო ეროვნული თანხმობის საფუძვლად.
იმედი გვაქვს, რომ აქტივობას ამ მიმართულებით გამოეხმაურება ყველა ის პოლიტიკური ორგანიზაცია თუ პიროვნება, რომლებიც აღჭურვილნი არიან ერისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის ჯეროვანი შეგნებით.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ჩამოყალიბებული იდეოლოგიური და პროგრამული ფასეულობების მატარებელ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, როცა მოქალაქეები ხმას აძლევდნენ არა სახელმწიფოს პოლიტიკური განვითარების ამა თუ იმ კონკრეტულ გზას, არამედ, შექმნილი კონიუნქტურის მიხედვით, კონკრეტულ პიროვნებას მისი პროგრამის უკითხავად.
თქმულიდან გამომდინარე, ”სახალხო პარტია” საპრეზიდენტო კანდიდატად წარმოგიდგენთ ღირსეულ პიროვნებას, რომელსაც ყველაზე მეტად გააჩნია ამ მიზნების რეალიზების შესაძლებლობები _ ეს გახლავთ სოხუმის მკვიდრი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ამჟამად აფხაზეთიდან არჩეული მეპუტატი _ ბატონი თეიმურაზ მჟავია.
”სახალხო პარტია” აუცილებლად მიიჩნევს, გამოყენებული იქნას საპრეზიდენტო არჩევნები, რათა მოხდეს იმ პოლიტიკური ძალებისა და პიროვნებების გაერთიანება საერთო იდეითა და პრინციპებით, რომლებიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მუდმივი ღირებულებებისა და მისი უმნიშვნელოვანესი საკითხების დაცვა-განვითარებისთვის იქნება მიმართული.
”სახალხო პარტია” მზად არის და მოუწოდებს ყველას, მოახდინოს თავიანთი რესურსების, პოლიტიკური გამოცდილებისა და მხარდამჭერების სრული მობილიზაცია და ბოლომდე დაიხარჯოს ქართული სახელმწიფოს საციცოცხლოდ აუცილებელი ამოცანების რეალიზებაში..
”სახალხო პარტიის” თავჯდომარე მამუკა გიორგაძე
30.08.2013