ახალი თაობა 30.06.2022 „საზოგადოება არც „ბუნტარი“ ხუნდაძის შესახებ სპექტაკლს დაიჯერებს და და არც ნაცმოძრაობის გადემოკრატიულებას“

mamuka12
მამუკა გიორგაძე: „რუსეთის ორბიტაზე ყოფნა გამორიცხულია. დამაიმედებელია რუსეთის
დასუსტება და ჩვენი საზოგადოების გამოფხიზლება“
„ხელისუფლებაც და ე. წ. მთავარი ოპოზიციაც ერთ ანტიდასავლურ თამაშს თამაშობს“
მარიამ მჭედლიშვილი
საქართველოს პოლიტიკის პერიპეტიებსა და გეოპოლიტიკურ მომენტებზე „ახალი თაობა“
ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ თქვენი აზრით, რისი მომასწავებელია პარლამენტის უმრავლესობიდან სამი დეპუტატის (სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის) „ოცნებიდან“ გამოსვლა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება? ამიერიდან „ქართული ოცნება“ თავდაჭერილი, დიპლომატიური იქნება, „თავისუფალი მანდატის“ მქონე სამი დეპუტატი კი
რადიკალურები გახდებიან?
_ რომელ „თავისუფალ მანდატებზეა“ საუბარი! ვინ მისცა „ქართულ ოცნებას“ თავისუფალი სული?! ეს არის იმ სიყალბის გაგრძელება, რომელიც მრავლად გვაქვს ქართულ ვითომ პოლიტიკაში.
_ იქნებ გადაწყვეტილებების მიმღებებმა გადაწყვიტეს „ოცნების“ დიპლომატიურ და რადიკალურ ჯგუფებად დაყოფა?
_ ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია. ჩვენ ამაზე ლაპარაკში დროს არ უნდა ვკარგავდეთ. ასეთ მეასეხარისხოვან თემებზე რომ გადადის მუდმივად ყურადღება, ესაა ჩვენი უბედურება. ისევ ქმნიან ილუზიას, თითქოს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება
დუღს და ჩქეფს. სინამდვილეში, ამგვარი არაფერი ხდება და საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მკვდარია. ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება ნიშნავს აზრების, იდეების ჭიდილს, ხედვების დაპირისპირებას. ამ ჯანსაღ პროცესს შეიძლება ახლდეს ემოციები. დღევანდელ დროსაც ვხედავთ ემოციებს, მაგრამ ისინი არ გამომდინარეობს პოლიტიკური ცხოვრებიდან. პოლიტიკური ცხოვრების იმიტაცია საბჭოთა კავშირშიც
შეინიშნებოდა-ხრუშჩოვმა ამხილა სტალინი და მის მოქმედებებს დაარქვა სტალინის კულტი, შემდეგ-ბრეჟნევმა სძლია ხრუშჩოვს და გააძევა მმართველობიდან. არც ერთ შემთხვევაში არ შეცვლილა სისტემა. ესენიც ასე არ არიან?! სისტემა არ იცვლება. გავლენიანი
პირები, რომლებიც ვითომ პოლიტიკოსები არიან, ფულისა და ძალაუფლების გულისთვის ყველაფერს აკეთებენ.
_ იქნებ, დადგა სისტემის შეცვლის დრო? საქართველო იმსახურებს დასავლეთის ყურადღებას. ევროკომისიამ შემოგვთავაზა 12 პუნქტი, რომლების შესრულების შემდეგ
წლის ბოლოს შეიძლება მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არ მოაახლოებს სისტემის გარდაქმნას?
_ ჩვენ შემოგვთავაზეს რეკომენდაციები, მაგრამ ჩვენ ვერა და ვერ დავადექით სწორ გზას.
ეს სწორი გზა არის ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც მოჰყვება
ევროინტეგრაცია. ქვეყნის მშენებლობისათვის, მისი გადემოკრატიულობისათვის ნაბიჯების
გადადგმა ახლავე შეიძლება. ავიღოთ თვითმმართველობა. ნამდვილი თვითმმართველობის
დამკვიდრებას მაქსიმუმ წელიწადი სჭირდება. საქმე ისაა, რომ ქართული სახელმწიფოს
მშენებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის არც ხელისუფლება აკეთებს რამეს და არც ის
ოპოზიცია, რომელსაც „მთავარ ოპოზიციას“ უწოდებენ. ამ ძალებს საერთოდ არ უნდათ
განვითარებული ქართული სახელმწიფო და ევროინტეგრაცია. ამას პირდაპირ არ ამბობენ,
მაგრამ ვეღარც ფარავენ.
_ ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაა..
_ ჩვენთან არც ნამდვილი პოლიტიკური ცხოვრება არსებობს და არც ნამდვილი
პოლარიზაცია. ადრე იყვნენ ბოლშევიკები და მენშევიკები. ისინიც კინკლაობდნენ ერთმანეთში და თან კლავდნენ ილია ჭავჭავაძეს. ესენიც კამათობენ და კლავენ ქართულ
სახელმწიფოს. კამათი ხანდახან კონფლიქტში გადადის, იმიტომ რომ ძალაუფლებას ვერ იყოფენ. ძალაუფლება და ფულია ამათი ინტერესის საგანი და არა სახელმწიფოს
განითავრება, ქართული ოდეალები და ევროპული გზა.
_ ევროპულ გზას არ დავადგებით?
_ როგორც გითხარით, ეს იგივეა, რაც ქართული სახელმწიფოს განვითარება. პრობლემა ის კი
არ არის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დრო უნდა. ის კი არაა უბედურება, რომ ამისათვის 15-წლიანი ვადა სახელდება. ისაა სავალალო, რომ მშენებლობა არ იწყება.
თვითმმართველობა, სამართლიანი საარჩევნო გარემო, მართლმსაჯულება-ამაზე ხომ უნდა
მიდიოდეს მუშაობა!
_ ქუჩის აქციებს შევეხოთ. სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელიც გაერთიანდა „ერთიან სახალხო მოძრაობაში“ ხელისუფლებას 25 ივნისს ერთკვირიანი ვადა მისცა და ტექნიკური (ეროვნული თანხმობის) მთავრობის ფორმირება მოსთხოვა..
_ ეს ულტიმატუმი ძალიან წააგავს ბოლშევიკების, ასევე ფაშისტების ქმედებებს. ვისაც მათი პროპაგანდა შეუსწავლია, მსგავსებას მაშინვე იპოვის. გებელსი ამბობდა, რომ ხალხს დაუჯერებელი ტყუილი უნდა შესთავაზო. ბოლშევიკები და ფაშისტები ამ პრიპციპით
მოქმედებდნენ.
_ ტექნიკური (თანხმობის) მთავრობის მოთხოვნა არარეალურია, ანუ ტყუილია?
_ რასაკვირველია. სად გაგონილა ტექნიკური, იგივე თანხმობის მთავრობის შექმნა მაშინ,
როცა პარტიას ჰყავს უმრავლესობა? „ქართულ ოცნებას“ ჰყავს უმრავლესობა პარლამენტში.
სახელმწიფო საქმის კეთება რომ უნდოდეს გააკეთებდა. ტექნიკური მთავრობა ფორმირდება მაშინ, როცა არც ერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა და ვერავინ ქმნის
მთავრობას. ახლა რა გამოდის? შეგვიყვანე მთავრობაში, უჩვენოდ არაფერი გააკეთოო? ამას ეუბნება ე. წ. მთავარი ოპოზიცია მმართველ პარტიას. ისევ ძველი პოლიტიკური თამაშები გრძელდება.
_ გინდათ თქვათ, სამოქალაქო საზოგადოების ამ მოთხოვნის უკან ნაციონალური მოძრაობა
დგას?
_ რასაკვირველია. ამაზე მეტყველებს პოლიტიკური მოთხოვნა. საზოგადოება სხვადასხვა
ქვეყანაში ხშირად გამოდის მოთხოვნებით (უფრო ხშირად სოციალური). ეს სხვა პროცესებია. მაგალითად, საფრანგეთში იყო „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა.
საზოგადოება აწყობს საპროტესტო აქციებს თავისუფალ საზოგადოებაში-იქ სადაც ძლიერი პროფკავშირებია, სადაც საამისო ტრადიციები და ისტორიაა. ჩვენთან არის სხვა ვითარება, თუმცა ემოციები ბევრია. გვაქვს დიდი მიტინგების არასწორად წარმართვის მწარე
გამოცდილება. 2008 წელს ხალხმრავალი შეკრება გარკვეულმა პირებმა რაღაც გარიგებების
შემდეგ დაშალეს.
_ აქციები ნებისმიერ შემთხვევაში მოსალოდნელია?
_ ცხადია. იქნება ემოციები, დრამატული სპექტაკლები, მინიდადგმები. თამაშები ორ„მთავარ“ პოლიტიკურ სუბიექტს შორის. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ხალხი ბოლომდე არ გამოფხიზლდება და არ გააქტიურდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. ასევე ძალიან
გვესაჭიროება დასავლეთის რაციონალური დახმარება.
_ კერძოდ?
_ დასავლეთისგან გვჭირდება მკაფიო სათქმელი. შარლ მიშელმა თავის დროზე გასაგებად განაცხადა, რომ ორივე ძალა (ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა) ერთ თამაშს თამაშობენ. ისინი, მართლაც, ერთ ანტიდასავლურ თამაშს თამაშობენ და ერთი ცენტდიდან იმართებიან. ეს მკაფიოდ ითქვას. ამას ემატება სხვა ანტიდასავლური მოქმედებები. სამშაბათს ამგვარ თამაშში მონაწილეობდნენ მხარეები ლგბტ-თემატიკაზე. ერთი მხარე აწყობდა ღონისძიებას რომელიღაც დარბაზში, მეორე-აპროტესტებდა. ესენიც ერთი ცენტრიდან იმართებიან და პოლიტიკური პიკის დროს აქტიურდებიან. შეხლა-შემოხლის თუ კამათის შემდეგ კმაყოფილი რჩებიან. ადრე ბასილ მკალავიშვილი დაერეოდა ხოლმე
იეღოველებს. იეღოველების დასაცავად გამოდიოდნენ ბოკერია და სხვები. იყო გაწევ-გამოწევა და ჩხუბი. საბოლოოდ, ყველას დაფინანსება იზრდებოდა და ყველა კმაყოფილი რჩებოდა. ლგბტ-თემებზე მომუშავე ჯგუფებიც ( მომხრეები და მოწინააღმდეგეები) ასე
არიან.
_ ამ ყველაფრის მიუხედავად, იმედია, სახელმწიფო განვითარდება, გახდება დასავლეთის ნაწილი და არ აღმოჩნდება რუსეთის ორბიტაზე?
_ რუსეთის ორბიტაზე ყოფნა გამორიცხულია. გვაიმედებს ის, რომ რუსეთი საგრძნობლად სუსტდება, ექცევა იზოლაციაში. რუსეთისგან დისტანცირება არჩია ისეთმა პარტნიორმაც კი, როგორიც არის ჩინეთი. ასევე დამაიმედებელია ჩვენი საზოგადოების გამოფხიზლება და
გამოცოცხლება. ახლახან, რუსთაველზე საამაყო ახალგაზრდობა იდგა. თანდათან
საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს პოლიტიკურ თამაშებზე და ამაზე ექნება რეაქცია. ამას შედეგად მოჰყვება დამყაყებული, სპექტაკლებში ჩართული პოლიტიკური კლასის დამთავრება. ასე რომ, საზოგადოება არც „ბუნტარი“ ხუნდაძის შესახებ სპექტაკლს
დაიჯერებს და არც ნაცმოძრაობის გადემოკრატიულებას.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress