ახალი თაობა 7.06.2022 „რუსეთი ამტკიცებს, რომ ტირანია, ევროპას აშანტაჟებს“ მამუკა გიორგაძე: „აქტიური პოლიტიკური სპექტრი არ არის დაინტერსებული ევროინტეგრაციით“

mamuka4441
„ღიად პრორუსულ ძალებზე მეტად მაშფოთებენ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც
წლებია, გამოდიან პროდასავლური დროშით“
მარიამ მჭედლიშვილი
ევროინტეგრაციის პერსექტივებსა და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო
პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დესიდენტსა და დეპუტატს მამუკა გიორგაძეს
_ ივნისში გაირკვევა, ვხდებით თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. შესაძლებელია
თუ არა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ მიიღონ შუალედური
გადაწყვეტილება, შემოგვთავაზონ მოსამზადებელი პერიოდი კანდიდატობისთვის?
_ როგორც ვხედავთ, ევროპა უფრო დაინერესებულია იმით, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი. ამ სპექტრში ვგულისხმობ
მმართველ პარტიასა და იმ ოპოზიციას, რომელიც აფიშირებულია და ყოველდღე ეკრანებზე
ჩანს. უფრო მეტსაც ვიტყვი-აქტიური პოლიტიკური სპექტრი საერთოდ არ არის
დაინტერესებული ევროინტეგრაციით.
_ მათ შორის ამ საკითხზე ერთიანობა არ იკვეთება?
_ მეორდება 2 007 წლის ისტორია. მაშინ იდგა მაპის მონიჭების საკითხი. ყველაფერი
გაკეთდა იმისათვის, რომ პროცესი შეფერხებულიყო. სწორედ მაშინ მოხდა ტელევიზიების,
მიტინგების დარბევა, ადამიანების დახოცვა, მხუთავი აირის გამოყენება. ამის არსი
ანტიდასავლური იყო. ამის მომწყობებმა მისცეს სალაპარაკო ევროპის იმ სახელმწიფოებს,
რომლებიც მაპის მოცემას მხარს არ უჭერდნენ. მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ უარისთვის
საბაბი არ ჰქონდათ. საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ეს საბაბი გააჩინა. მაშინ აშშ
იყო ჩვენთვის მაპის მოცემის აქტიური მხარდამჭერი. ახლა იგივე ხდება ევროინტეგრაციის
მიმართ. ევროდეპუტატებს, ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შორის საქართველოს ჰყავს
მხარდამჭერები, ლობისტები. ამავე დროს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც
დაწინაურებული და აქტიურია, აფერხებს ამ პროცესს. „ქართული ოცნება“ და ნაციონალური
მოძრაობა აგრძელებენ გაუთავებელ დავიდარაბას ერთმანეთში და ერთმანეთზე ამბობენ,
შენ იქნები დამნაშავე, თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცესო. არადა, ევროპულ ოჯახში
ყოფნა ქართველი ხალხის სურვილია.
_ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ამ მიმართულებით პოზიტიურად აქტიურობს,
თითქმის მთელი ხალხის სურვილს ამჟღავნებს?
_ რასაკვირველია. ეს ბუნებრივი სურვილია. ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა, იცხოვროს
სტაბილურ, სამართლიან, დაცულ გარემოში, სადაც არის კეთილდღეობა. ჩვენ ხომ
მენტალობა ერთი გვაქვს! განვითარების ერთნაირი გზა გავიარეთ. ქართული ხელოვნება და
ლიტერატურა ყოველთვის ძალიან ახლოს იყო ევროპულთან. ევროკავშირი არის ის
ორგანიზაცია, რომელიც ევროპულ ოჯახს წარმოადგენს.
_ თუ შუალედური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ანუ თუ კანდიდატობის მოცემა
გადავადდა, საპროტესტო აქციები ხომ არ არის მოსალოდნელი?
_ თუ საპროტესტო აქციებზეა საუბარი, ისინი უნდა მოეწყოს იმის გამო, რომ არ გვაქვს
ნორმალური სასამართლო, ნამდვილი თვითმმართველობა, ეკონომიკაში და სხვა
სფეროებში კონკურენტული გარემო, ვერ ვატარებთ ნორმალურ არჩევნებს, თავი ვერ
დავაღწიეთ მონოპოლიებს. ასევე ვერ გამოვედით ბელადების სისტემიდან.
_ ევროპა პოლიტიკური ბელადების არსებობას გამორიცხავს?
_ რა დროს ბელადებია 21-ე საუკენეში! კარგია რომელიმე ბელადი თუ ცუდი, ეს სხვა
საკითხია. თავისთავად, ბელადებზე დამყარებული პოლიტიკური სისტემა თანამედროვე
ცივილიზებულ მსოფლიოში მოისპო. ევროინტეგრაციის სურვლითან ერთად ჩვენ
ევროპისკენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ევროკავშირის წევრობა ვალის
მოსახდელი ჩათვლა არ არის. ეს ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი შვილებისთვის გვინდა.
_ გადავიდეთ რუსეთზე, რომელიც აგრძელებს სასტიკ ომს უკრაინაში. რუსეთის
სახელმწიფო დუმა აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც დააკანონებს სტრასბურგის
სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას რუსეთში. საით მიდის რუსეთი?
_ რუსეთი ამტკიცებს, რომ ტირანია. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთი ევროპას
აშანტაჟებს.
_ კრემლი დათმობების მიღებას ცდილობს?
_ რუსეთს უნდა, ევროპას ცრემლი ადინოს საკუთარი დაჩაგრული მოქალაქეების გამო.
კრემლის პოზიცია დაახლოებით ასეთია-თუ სანქციებს არ მომიხსნით, ხალხს ვაწამებ და
დავხოცავო. ამითაც იკვეთება დესპოტური ვერტიკალი, რომელზეც რუსეთის მართვის
სისტემაა აგებული. ამ სახელმწიფოს ზუსტად ახასიათებს მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც
ამბობს, რომ რუსეთმა ცხრა მეზობელი უკვე შეჭამა და მეათე მეზობლის შესაჭმელად
ემზადება. ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ რუსეთთან შეთანხმება შეუძლებელია.
ამას რუსეთთან თანხმობის მიღწევის მსურველები ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდნენ.
_ რუსეთთან დიალოგისა და საერთო ენის გამონახვის მოსურნეები საქართველოში ძალიან
გააქტიურდნენ..
_ ამაშია საქმე. რუსეთიდან არსებობს ინტერესი საქართველოს მიმართ და ფული. ამიტომ
გააქტიურდნენ. მახსოვს, საბჭოთა კავშირს დითირამბებს უძღვნიდნენ ის ადამიანები,
რომლებსაც საბჭოთა რეჟიმმა ოჯახის წევრები დაუხვრიტა. საბჭოთა ხელისუფლება
ცდილობდა, ამ ადამიანებს მომხდარი საშინელება დაევიწყებინათ და მათ მიმართ
დამსახურებებს არ იშურებდა.
_ ალბათ, დახვრეტილი ადამიანების დაწინაურებული ახლობლები რაოდენობრივად
გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ახლა საქართველოში კრემლის მხარდამჭერები არიან?
_ დიახ. კრემლის მომხრეები ბევრნი არ არიან. რუსეთის ყურადღება შენელებულია. არის
შეფერხება ფულის გადმოგზავნასა და ტექნოლოგიებში. ასე რომ, აგენტურა და ლობისტები
ლაღად ვერ იქნებიან. რუსეთის კორუფციულმა სისტემამ უკრაინაში კრახი განიცადა.
კრემლს ეგონა, უკრაინაში დალაგებული ჰქონდა სიტუაცია, მაგრამ მოტყუვდა.
საქართველოშიც მეტს ვეღარ ქაჩავს რუსეთი. რასაც ვხედავთ, ეგ არის. ღიად პრორუსულ
ძალებზე მეტად მაშფოთებენ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც წლებია, გამოდიან
პროდასავლური დროშით. სწორედ ამათი მოქმედებები განაპირობებს, რომ ევროკავშირში
ინტერგრაციაზე პრობლემები გვაქვს. თუმცა, დასავლეთი ინფორმირებულია და
მშვენივრად უწყის, რომ არიან ფსევდოდასავლური ძალები. დროთა განმავლობაში ისინი
დასუსტდებიან.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress