რა ფაქტორები მიანიშნებს, რომ უკრაინაში ომი აფხაზეთში ომის სცენარით მიმდინარეობს

mamuka 333

ეჭვი მაქვს, რომ ბოლომდე ვერც ვერასდროს გავიგებთ, რა მოხდა და ხდება „აზოვსტალში“, თუმცა, ფაქტია, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები უკრაინის ხელისუფლებასთან მთლად შეხმატკბილებულები ვერ არიან. მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. აზოვის დამცველთა ისტორია კი მახსენებს 1992-1993 წლების ომს აფხაზეთში, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი მასალა მაქვს დაწერილი და მის ძალიან ბევრ მონაწილეს შევხვედრივარ, რომელთა ნაწილი დღეს ცოცხალი აღარც არის. ჩემი შთაბეჭდილებით, „აზოველების“ ბრძოლა ძალიან ჰგავს აფხაზეთში ომის სცენარს, ვინაიდან ომებში იხოცებიან ნამდვილი მებრძოლები, შემდეგ ისინი რჩებიან ლეგენდებად (სასახელო ან სამარცხვინო იარლიყებით), მათი მონაპოვრით ხეირობენ ან მათ ხელს ახოცავენ პოლიტიკოსები (რომლებიც მათ იმთავითვე იყენებდნენ). მე მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ასოციაცია აღმოჩნდება არასწორი და გავმტყუნდები, მანამდე კი ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავ.

– როგორც კი ალყაში მოხვდა „აზოვი“, მაშინვე გამახსენდა თამაზ მეფარიშვილის განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი, რომელიც გაგრაში ჩარჩა, ერთ-ერთ შენობაში, ბოლო წუთამდე აიმედებდნენ, ვერტმფრენით გამოგიყვანთო, მაგრამ, როდესაც უკვე სახურავზე იყვნენ, მთელ გაგრასა და იმ შენობაშიც მოწინააღმდეგე შევიდა, მეთაურს უთხრეს, იმოქმედე საკუთარი შეხედულებისამებრო. ჩემი პარალელები მცდარია?

– ეს პარალელები სწორადაა დანახული და კიდევ ერთხელ შემიძლია, აღვნიშნო, რომ ჟურნალისტური გამოცდილება, ცოდნა, კლასი საკმაოდ მაღალია და მსიამოვნებს ასეთ ჟურნალისტთან ურთიერთობა. რაც თქვენ ბრძანეთ, ეს ყოველივე ახასიათებს პოლიტიკურ თუ სამხედრო პროცესებს, მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა სინამდვილეში: არიან გულწრფელად გულანთებული, თავდადებული მებრძოლები, რომლებიც მზად არიან, თავი შესწირონ ქვეყანას და მხოლოდ იარაღით ხელში მებრძოლებს არ ვგულისხმობ, საზოგადოების, პოლიტიკური, სამხედრო წრეების წარმომადგენლებსაც; არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დივიდენდები მოიპოვონ ბრძოლაში ვირტუალური მონაწილეობით; არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და პოლიტიკაშიც არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ერთს ამბობენ და სულ სხვა ინტერესები აქვთ. ჩვენ ეს ყველაფერი აფხაზეთში გავიარეთ: როგორ გულწრფელად იბრძოდნენ ბიჭები და ამ დროს როგორ ყიდდნენ საქართველოს ინტერესებს საქართველოს პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები. ჩვენ ვნახეთ, როგორ ახევინებდნენ ჩვენს მებრძოლებს უკან აღებული სიმაღლეებიდან. ჩემი მეგობრები დაიხოცნენ ასეთ სამხედრო ოპერაციებში და ხშირად ჩვენ, და მაშინ არც თუ მცირე გავლენის პოლიტიკური ჯგუფი ვიყავით, ამ პროცესებზე ზემოქმედებას ვერ ვახდენდით, იმიტომ რომ ჩვენზე უფრო ძლიერი ძალები არეგულირებდნენ მოვლენებს და ჩვენზე უფრო ძლიერი ძალები მაშინ იყო რუსეთის სპეცსამსახურები.

– მებრძოლები მეუბნებოდნენ, ყველაზე მძიმე გადასატანია, როდესაც აღებულ პოზიციებს გათმობინებენ, იმიტომ რომ დაგეღუპა და დაგეჭრა მეგობრები; შემდეგ ისევ გიბრძანებენ, ხელმეორედ აიღო იგივე პოზიცია, ისევ იღუპებიან და იჭრებიან შენი თანამებრძოლები და ისევ უკან გახევინებენ. ეს ძალიან მოქმედებს საომარ მოტივაციაზე, ფაქტობრივად, ანულებსო.

– რა თქმა უნდა. იკარგება არა მარტო განწყობა და ბრძოლის ტემპი, არამედ იკარგება სამხედრო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა, ბრძოლის დინამიკა, მოტივაცია. ამას ჩვენ ვხედავდით აფხაზეთში და ხედავდნენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელებიც, გრაჩოვიც იქ იყო და შოიგუც, რუსეთის დღევანდელი თავდაცვის მინისტრი და ბევრი ის პოლიტიკური ფიგურა, რომლებიც დღეს რუსეთში პოლიტიკურ ცხოვრებას წარმართავენ. რაც მთავარია: ჩვენი მებრძოლები ფრონტის ხაზზე უძლებდნენ მტრის შემოტევას, მაგრამ პოლიტიკოსები კაბინეტებში ვერ უძლებდნენ რუსეთის სპეცსამსახურებიდან წამოსულ მითითებებს და ხშირად იღებდნენ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს. გაგრა ახსენეთ: როგორ ჩაბარდა გაგრა?! ეს არანაირი აუცილებლობით არ იყო გამოწვეული, იმას გარდა, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მხედველობაში მყავს ედუარდ შევარდნაძე, ვერ გარისკა, საფრთხე შეექმნა საკუთარი სკამისთვის. ასევე, გვახსოვს, როდესაც საუბარი იყო დსთ-ში შესვლასა და სოხუმის გადარჩენაზე, შევარდნაძემ არ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მოსალაპარაკებლად სხვები გააგზავნა.

– 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი პასუხისმგებლობით და განაიარაღა ჩვენი შეიარაღებული ძალები.

– რა თქმა უნდა, ხან გოგუაძე გააგზავნა მოლაპრაკებაზე, ხან – იოსელიანი და ჩვენ გვაქვს ეს მწარე გამოცდილება, მათ შორის, 2008 წლის გამოცდილება, როდესაც ბიჭებმა იომეს და საქართველოს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გაყიდა ბიჭებიც და საქართველოც. ჩემს შეფასებას შეიძლება, ვინმე დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს, იმიტომ რომ პოლიტიკური შეფასებაა, მაგრამ ის ხომ ცალსახაა, რომ 2008 წელს საბრძოლო მოქმედებებს სამოქალაქო პირები, უგულავა და ლომაია, ხელმძღვანელობდნენ გორიდან?! ეს კი ომის ყველანაირი წესის დარღვევაა. ეს და სხვა მწარე გამოცდილება რომ გაქვს და უყურებ უკრაინის მოვლენებს, ხვდები, რომ არიან გულანთებული მებრძოლები, რომლებიც მზად არიან, თავი გაწირონ; მოსახლეობა, რომელიც მზად არის თვითშეწირვისთვის, დიდება და პატივი მათ, მაგრამ იმავდროულად, პოლიტიკური კლასის წარმომადგენელთა მხრიდან ვხედავთ გადამეტებულ კეკლუცობას, არასაჭირო თავის წარმოჩენას, უაზრო რადიკალიზმს. მე არ ვარ რადიკალიზმის წინააღმდეგი, მაგრამ უადგილო და ზედმეტი ეჭვს აღძრავს.

- შეიძლება, დეტალია, მაგრამ არესტოვიჩს ყოველთვის დაყენებული აქვს ვარცხნილობა და ძალიან მიკვირს, სიმართლე გითხრათ, ან ამის ხალისი რომ აქვს, ან დრო.

- ძალიან შთამბეჭდავი დეტალია… მართალია, ჩვენ ბევრი დეტალი არ ვიცით, მაგრამ ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ სამხედრო ოპერაციებში პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის ჩართული. არესტოვიჩს სხვა საქმე არ აქვს, პიარზე მუშაობს, ესაა მისი ფუნქცია, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა როგორ მოიცალა, რომ ორი დღე დახურულ მოლაპარაკებებში მიეღო მონაწილეობა?! ეს შეიძლება, გააკეთოს არესტოვიჩმა, პრეზიდენტმა, სხვამ, მაგრამ, ასევე, ვხედავ, რომ უკრაინაში სამხედრო საქმიანობას წარმართავენ სამხედროები და ასე რომ ყოფილიყო აფხაზეთში, ჩვენ არ დავმარცხდებოდით. ცხინვალში ომი, ფაქტობრივად, მოვიგეთ, ბიჭებმა ომი მოიგეს, როდესაც რუსის ჯარი გააქციეს და სარდლები დაჭრეს, მაგრამ პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა ჩვენი გამარჯვება ხელიდან წაგვართვა. ამდენად, ვხედავ, რომ ძალთა მსგავსი განლაგება შეინიშნება უკრაინის პროცესშიც და აი, ეს ერთგვარი, რბილად რომ ვთქვა, დაპირისპირება მარიუპოლის თემაზე ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ჩვენ ხომ გვახსოვს გაგრა – თითოეული ჩვენგანის მაშინდელი ტკივილი?! არ გამოდიოდნენ ბიჭები გაგრიდან, სანამ უბედურება არ დაატრიალეს და მერე პიარსვლები დასჭირდათ, შევარდნაძის ვოიაჟები და ასე შემდეგ, რომ სიტუაცია გაენეიტრალებინათ.

– განთიადში ჩავიდა ხალხის დასაშოშმინებლად.

– ძალიან ბევრი ვიცი, რომლებიც გაგრიდან არ გამოდიოდნენ, ჩვენთვის გაგრა იყო ის, რაც დღეს უკრაინისთვის მარიუპოლია, ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის წარმატების მიზეზია ის, რომ სამხედრო მოქმედებებს სამხედროები ხელმძღვანელობენ, რომლებიც არ ჩნდებიან ტელეეკრანებზე, არ აკეთებენ საკუთარი თავის პიარს და დასავლური, ცივილიზებული სამყარო, სხვათა შორის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, აქცენტს ამ ხალხზე აკეთებს და მაქსიმალურად უდგას გვერდით. ჩვენ გვაქვს ფუფუნება, ვისაუბროთ პოლიტიკურ ფიგურებზე, მაგრამ დასავლეთი ამის უფლებას თავს ვერ მისცემს, არ მისცემს და არც უნდა მისცეს. ეს სწორიცაა და ჩვენც, თუ ვსაუბრობთ, შერბილებულ აქცენტებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობა უკრაინასა და მისი მებრძოლებისადმი.

– მე ძალიან მეუცნაურა, რომ უკრაინიდან ხორბლის გასატანად მუშაობენ აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომ დიდმა ბრიტანეთმა უნდა უზრუნველყოს შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის შექმნა და ამ დროს „აზოველების“ მხოლოდ ტყვედ ჩაბარება მოიფიქრეს.

– ხორბლის თემა სხვა რაკურსია პრობლემის. მარიუპოლის მცველთა დახმარება სუფთა სამხედრო ოპერაციაა, მაგრამ ხორბლის გამოტანა პოლიტიკურთან ერთად უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული საკითხია. ის ხალხიც კი, რომელთათვისაც ომი შეიძლება, არაფრის მთქმელია, დაინტერესებულია პროდუქტების ხელმისაწვდომობით. ამდენად, უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანა, მორალურად, ჰუმანიტარული აქტი უფროა, ვიდრე სამხედრო ოპერაცია. აქედან გამომდინარე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას. ეს რუსეთშია განწყობა, მშიერი მოვკვდები, ოღონდ მაგარი „დერჟავა“ მქონდეს.

– და ბევრი მიწა.

– დიახ, მაგრამ ცივილიზებულ საზოგადოებაში ადამიანს სახელმწიფო სჭირდება იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი კეთილდღეობა, უსაფრთხოება. ცივილიზებული სამყაროს ხელისუფლებები ბრძანებით ვერავის ვერსად გაუშვებენ და ვერც ერთ სტრუქტურას, თუნდაც, კომერციულს, ვერ აიძულებენ, რომ დაექვემდებარონ პირდაპირ მითითებებს. იქ, ბუნებრივია, შეშფოთებულები არიან მოსალოდნელი სოციალური პრობლემებით. საფრანგეთში მარინ ლე პენმა ხმების 43 პროცენტი აიღო და ამის უმთავრესი საფუძველი იყო ფასების გაძვირება, რაც ომმა გამოიწვია. ასევე, ირლანდიაში იყო ძალიან საინტერესო არჩევნები; პაკისტანშიც საკმაოდ საინტერესო პროცესებია: ავღანეთშიც… ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია მთელ მსოფლიოში და ამ ფონზე პროდუქტების გაძვირებას გამოიყენებენ პოპულისტური ძალები ჯანსაღი პროცესების წინააღმდეგ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლება ფიქრობს, როგორმე ამ რყევებს აარიდოს თავი. აქედან გამომდინარე, ამ საკითხისადმი უფრო მეტი თანხმობაა მსოფლიოში, ვიდრე, თუნდაც, მარიუპოლში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისადმი.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress